ზუკა ხუციშვილი: ბევრმა არ იცის, რომ გიო მხოლოდ მომღერალი არ იყო
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 13.07, 2021 წელი

ზუკა ხუციშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა შემოქმედებითი თვალსაზრისით, თუმცა ეს საქმიანობა მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია და პარალელურად, არაერთი ინტერესი აქვს.
ზუკა ხუციშვილი: ახალი სიმღერები გვაქვს და სტუდიაში აქტიურად ვმუშაობთ ბენდთან ერთად. იმედი გვაქვს, ზაფხულში რეგულაციები მოგვცემს ლამაზი საღამოების ჩატარების საშუალებას.
– ახლა მთლიანად ამით ხართ დაკავებული თუ პარალელურად სხვა საქმეებიც არის?
– სამწუხაროდ, საქართველოში ვერ იქნები მხოლოდ ერთი საქმით დაკავებული. განათლებით დიპლომატი ვარ, ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ახლახან წამოვედი. ახლა მეგობრებთან ერთად პატარ-პატარა საინტერესო საქმეებს ვაკეთებ. სიმღერა არ არის ჩემი საქმიანობა. ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, სიმღერა ჩემი სულის ნაწილად იქცა, თორემ მას საქმიანობას, ჰობს ან გართობას ვერ ვუწოდებ. ეს არის ის, რაც მიყვარს, მსიამოვნებს და გამომდის. ჩემი არჩევანია, ერთ ჩარჩოში არ მოვექცე და სხვადასხვა საქმით ვიყო დაკავებული.
– ძირითადად, ბიზნესის სფეროში?
– კი, ცოტა ბიზნესი, ცოტა ჩემი განათლებით ვმუშაობ და გულწრფელად ვამბობ, ყოველდღე სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, რუტინული არ არის.
– ჩვენს ქვეყანაში კარგი სამსახური ძალიან დეფიციტურია და საგარეო საქმეთა სამინისტროდან რატომ წამოხვედით?
– იქ დიდი დრო გავატარე და ბევრი ვისწავლე. ბოლომდე დავიხარჯე, მაგრამ მამაჩემის წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, დადგა პერიოდი, როცა ოჯახისთვის სხვანაირად უნდა მიმეხედა. როცა მისნაირი მამა გყავს, რომელიც ცივ ნიავს არ გაკარებს, მერე ხვდები, რამდენი რამ დაკარგე მისი წასვლით. აქ მამობაზე არ მაქვს საუბარი, როცა იცი, რომ მისი სახით კედელია, რომელიც ყოველთვის გვერდით გიდგას, არაფრის გეშინია. თუ დღეს მე არაფრის მეშინია, ესეც მისი დამსახურებაა, რადგან ბევრი რამ მასწავლა – ხალხთან ურთიერთობით დაწყებული, საქმის კეთებით დამთავრებული. ყველაფერი, რაც კარგი ვიცი, ჩემი მშობლებისგან ვიცი. გიო მხოლოდ მომღერალი არ იყო. მან ბევრ ადგილას იმუშავა და გულწრფელად ვიტყვი, შვიდი სიცოცხლე სჭირდება იმას, რაც გიომ მოასწრო, დაწყებული ომის ვეტერანობიდან, დასრულებული სპორტის სასახლის დირექტორობით, რა პოზიციაც ბოლოს ეკავა. ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, მაგრამ პოლიტიკაში შეგნებულად არ მიდიოდა. მას სიმღერა, როგორც საქმიანობა, მეათეხარისხოვნად მიაჩნდა, მაგრამ მისი გული და სული ნამდვილად იყო. მგონია, რომ ამით ცოტათი მეც ვგავარ. მუდმივად ერთ ადგილას ყოფნა და მხოლოდ ერთი საქმის კეთება ბევრისთვის კარგია და ძალიან მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევენ, მაგრამ მგონია, რომ მე უფრო მეტად სხვადასხვა საქმეების კეთება მომწონს. თუმცა ისეთ რამეს არასდროს შევეჭიდები, რაც ჩემგან ძალიან შორს არის.
– გიოს ჰქონდა დამრიგებლური საუბარი – მე რომ აღარ ვიქნები...
– არასოდეს. ბოლო ერთი წელი ყველასთვის ძალიან რთული იყო. ძალიან იწვალა, ბევრი იბრძოლა. გიო იმ დროსაც კი არ ყოფილა ჭკუის დამრიგებელი. ძალიან მკაცრი მამაც იყო და ძალიან მეგობრულიც. ადამიანი იყო, რაც ყველანაირ თვისებას მოიაზრებს, მაგრამ მისთვის უცხო იყო, დაესვი და თითის ქნევით ესწავლებინა რაღაც. თავისი ცხოვრებისეული მაგალითებით გასწავლიდა. ცუდს დასძლევდა, კარგს შეირგებდა. გამორიცხული იყო, ყოველდღე მეგობრებისთვის არ დაერეკა, არ მოეკითხა.
– ემოციურად რომ ძალიან რთულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამას დაემატა პრაქტიკული პასუხისმგებლობების გადმობარებაც. რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აგეღოთ?
– თვითონ გიო 17 წლის იყო, როცა მამა აღარ ჰყავდა. იხსენებდა ხოლმე, პირველად რომ სახლში ნათურა გადაიწვა, მივხვდი, რომ სხვანაირი ცხოვრება დაიწყოო. გიომ ნულიდან დაიწყო ცხოვრება ძალიან რთულ პერიოდში, დიდი გაჭირვების დროს. მე ასეთი რეალობა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ გიოს განვლილი გზის მაგალითით, ბევრად მეტი მინდა გავაკეთო, მინდა, იქ იამაყოს ჩემით. ტკივილი არ ნელდება, ზოგჯერ ყველაფრის დავიწყება და ფარ-ხმლის დაყრა გინდა, მაგრამ არ გაქვს ამის გაკეთების უფლება, რადგან გყავდა ადამიანი, რომელმაც მართლა ძალიან ბევრს გაუძლო და ამის გამო მამაჩემის მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.
– როგორი მეოჯახე აღმოჩნდა ზუკა?
– გულწრფელად ვცდილობ, ყველანაირად კარგი ვიყო. შესაძლოა, რთული ხასიათიც მქონდეს, ყველაფერს კარგად ვერ ვაკეთებდე, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ ყველა ჩემი ახლობლისთვის კარგი ვიყო – კარგი მეოჯახე, ერთგული მეგობარი და მგონი, ჯერჯერობით გამომდის. თუმცა, ეს, ალბათ, უფრო სხვამ უნდა თქვას.
– რაც შეეხება მეუღლის ამპლუას?
– მესამე წელია, ოჯახი გვაქვს. იდეალური ურთიერთობა არ არსებობს, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ეს ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს და ერთმანეთისთვის ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ურთიერთობაც, ალბათ, ეგ არის და ვცდილობ, ყოველდღე ერთი კარგი რამ მაინც გავაკეთო. დილით რომ იღვიძებ და ფიქრობ, როგორ გაახარო საყვარელი ადამიანი, ალბათ, ეგ არის სიყვარული. დროსთან ერთად ყველაფერი უკეთესად მიდის. პრობლემებიც არის, დიდი თუ პატარა, მაგრამ როცა სიყვარულია, არ არსებობს, ვერ დაძლიო.
– გიო საკმაოდ რომანტიკული იყო და ზუკასაც იგივეს ასწავლიდაო – ქალბატონი მაიასგან მომისმენია...
– ალბათ, მშობლების ქება ამპარტავნობაში არ ჩამომერთმევა და ვიტყვი, რომ მათი ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია იყო და დღემდე არის. მე ასეთი ურთიერთგაგება და გატანა, არ მინახავს. ბევრჯერ გადაარჩინა მაიამ გიო ცხოვრების განმავლობაში, ურთულეს პერიოდებში, ბოლოსაც საოცრად ედგა გვერდით. გიო კიდევ, რამე დღესასწაულზე კი არა, ნებისმიერ დღეს საჩუქარს მოუტანდა, საოცრად სიამოვნებდა თავისი მეუღლის გახარება. შენი მეორე ნახევრის თვალებში რომ ბედნიერების დანახვა გიხარია, ეგ მგონია სიყვარული. მეც სულ ვცდილობ, ყოველდღე თუ არა, ძალიან ხშირად გავაკეთო რამე ისეთი, რომ ჩემმა მეუღლემ იცოდეს, რომ მიყვარს, რომ ვაფასებ, რომ ყველაფერი კარგი მას უკავშირდება.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი გეკითხებათ გარშემო და მეც მივცემ თავს უფლებას, გკითხოთ...
– გიოს ისე უნდოდა, სულ გულში მაქვს... ჩვენც ძალიან გვინდა, ყველაფერი კარგად არის და მალე, ალბათ, ყველაფერი იქნება. ბიჭი თუ გაჩნდება, აუცილებლად გიოს დავარქმევთ.
– გენდერული თანასწორობა – ამაზე რას ფიქრობთ?
– გენდერული თანასწორობაზე საუბარს ისევ გიოთი დავიწყებ: ძალიან პროგრესული იყო და მეც ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი ძალიან ცუდია, იქნება ეს ტრადიციებთან თუ პროგრესთან მიმართებაში. სიმართლე ყოველთვის შუაშია. არასდროს დავიჯერებ, რომ ქალის საქმე მხოლოდ სამზარეულოა და არც იმის მჯერა, რომ ქალი მხოლოდ საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული და ოჯახს არ უნდა მიხედოს. შუალედი ყველაფერში კარგია და ყველამ ისე იცხოვროს, როგორც უნდა. თუ ქალს უნდა, ჩაიცვას შარვალი და იმუშაოს კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე – ძალიან გამიხარდება. ბევრს შეიძლება, დიასახლისობა უნდა – თუ ინდივიდს არ აიღებ და მის სურვილებს არ შეხედავ, ყველას სახელით ლაპარაკი ჩემთვის მიუღებელია. ვისაც რა უნდა, ის აკეთოს კანონის ფარგლებში და მთავარია, ერთმანეთს არ ვავნოთ. ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ, მხოლოდ ერთადერთი რამ მინდა, ყველამ გაითავისოს – როცა რაღაც არ მოგწონს, მაგრამ ეს შენ არ გეხება, ძალიან მარტივია, „გაატარო“ და საკუთარი აზრი სხვას არ მოახვიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან