შოუბიზნესი

ზეინაბ დვალიშვილი: სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:10

ზინაბ დვალიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობმა ზეინაბ დვალიშვილმა დიდი ხნის სურვილი აისრულა და წონაში 20 კილოგრამი დაიკლო. როგორ მოახერხა ეს, ამაზე თავად მოგვიყვება.

ზეინაბ დვალიშვილი: დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ჩემი წონა. როცა მსახიობი ვიყავი და სცენაზე ვიდექი, მაშინ ნამდვილად არა და არც უფრო ადრე. საერთოდ, ძალიან უჭმელი ბავშვი ვიყავი. მერე უკვე სამი შვილის დედა რომ გავხდი, ძალიან მივუშვი კვება და შესაბამისი შედეგიც გამოიღო. შიგადაშიგ გარკვეულ დიეტებს მივმართავდი, თუმცა, მალე ისევ ვარღვევდი და ასე – არაერთხელ. მაშინ კიდევ ასაკი და ჯანმრთელობა მიწყობდა ხელს, მაგრამ როცა 95 კილოგრამი გავხდი და ამასობაში ასაკიც მომემატა, იქ მუხლებმა დამიწყო ტკივილი, იქ სხვა რამემაც შემაწუხა და საერთო ჯამში, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ჩემი სუსტი წერტილია ნამცხვარი და შოკოლადი. ძალიან მიყვარს ტკბილეული და მასზე უარს ვერ ვამბობდი.

ჩემი ერთი შვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, მეორე – სან-ფრანცისკოში. შარშან ამერიკაში ვიყავი მათთან წასული. ერთი კვირა დავრჩი ნიუ-იორკში და ჩემი ამბავი რომ იცოდნენ, დამახვედრეს ტკბილეული, შოკოლადები. დილით, სამსახურში რომ წავიდოდნენ, რა უნდა მეკეთებინა, ყველაფერი გამზადებული იყო. მანებივრებდა რძალი, დედი, შენ არ გაინძრე, მხოლოდ ყავა დალიე და გემრიელად მიირთვიო. ძალიან დიდი ცდუნების წინაშე ვიყავი. თან, ის ტკბილეული დამახვედრეს, რომელიც ძალიან მიყვარდა და სიამოვნებით მივირთმევდი... არ ვამბობდი, მაგრამ არ ვიყავი კარგად. განსაკუთრებით ღამით, თითქოს გულთან მიჭერდა, მერე გავიგე, რომ სინამდვილეში კუჭი მაწუხებდა. ასევე, მუხლებიც... არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, მაგრამ გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა. მაინც ამერიკაა და შვილები არ დავაფეთო, აქ რამე არ მომივიდეს-მეთქი, ვიფიქრე. 70 წლის ვარ, ცოტა კრიტიკული ასაკია და შემეშინდა (იცინის). არ დამავიწყდება, 20 ნოემბერი იყო, როცა რეალური ნაბიჯი გადავდგი. მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრნაირი დიეტის შესახებ არის ინფორმაცია. ბევრ რამეს გავეცანი და გადავწყვიტე, სამ საათში ერთხელ მეჭამა. ჭკბილეული საერთოდ ამოვიღე ჩემი რაციონიდან. პირველ რიგში, შაქარზე ვთქვი უარი. თუ მანამდე უშაქრო ყავის დალევა ვერც წარმომედგინა და ხსენებაც არ მინდოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე, ძალიან გემრიელი ყოფილა. ახლა ერთი ბეწო შაქარი რომ ჩამიყაროს ვინმემ, ვეღარაფრით დავლევ. უარი ვთქვი ხორცპროდუქტებზე, როგორიც არის სოსისი, შაშხი, ძეხვეული და მსგავსი. ხილსაც დაბალკალორიულს ვარჩევ. ვაკვირდები, როდის რისი მიღებაა კარგი. რომ ამბობენ ხოლმე, საღამოს ტელევიზორთან დაჯექი და ჯანსაღი ხილი მიირთვიო, ესეც ძალიან არასწორი ყოფილა. თურმე, ხილში ძალიან ბევრი კალორიაა და საღამოს მისი მირთმევა არ არის სასურველი.

მე, იცით, კიდევ რამ შემიწყო ხელი? ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, კილომეტრებს გავდივარ. მეტრო ნაძალადევთან ვცხოვრობ და კინო საქართველომდე, კიკვიძის პარკთან ყოველ საღამოს ფეხით მივდივარ და უკან ვბრუნდები.

ხშირად მახსენდება მარლენ დიტრიხის პასუხი კითხვაზე, ასეთ ფორმას როგორ ინარჩუნებთო: „მე მაქვს სამსართულიანი სახლი, რომელსაც თვითონ ვალაგებ“. მეც ასე ვარ, სახლში ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, ეზო მაქვს და იქაც ვმუშაობ. დილით 7 საათზე ფეხზე ვარ, არ მიყვარს საწოლში ნებივრობა, ვიღვიძებ თუ არა, ვდგები და საქმეში ვერთვები.

რაც შეეხება ჩემს სიყვარულს ტკბილისადმი, ახლა, ჩემი ახალგაზრდობისგან განსხვავებით, უამრავი საშუალებაა მის ჩასანაცვლებლად. მაგალითად, შეგიძლია შვრიით გამოაცხო უშაქრო ნამცხვარი. ვაშლით, დაბალკალორიული ხაჭოთი და ასე შემდეგ. თუ ძალიან მომინდება, ვაცხობ და დღის პირველ ნახევარში ვჭამ. საერთოდ, 7 საათის შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ვჭამ.

– ახლა რას მიირთმევთ?

– ჩემი რაციონი ძირითადად ბოსტნეულისგან შედგება. ხორცეულიდან, ძირითადად, ქათმის ფილეს და მისგან მომზადებულ კერძებს ვჭამ. სუფრაზე რომ მოვხვდები, იქაც ბოსტნეულით შემოვიფარგლები და შეიძლება, მცირე ულუფებით რამე სხვაც მივირთვა. აღარც მიჭირს, შევეჩვიე.

– და როგორ გრძნობთ თავს, რამდენი კილოგრამი დაიკელით?

– შარშან, 20 ნოემბრიდან მოყოლებული, ზუსტად ოცი კილოგრამი დავიკელი. ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს, რომ ყველაზე დიდი სტიმული ეს არის. საბედნიეროდ, ჩემი ორგანიზმი დამემორჩილა და როგორც კი კვება შევცვალე, მარტივად დავიწყე კლება. მიხარია, რომ თავისუფლად ვმოძრაობ. რა სჯობია, როცა მუხლები აღარ გაწუხებს. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. რაც მომწონდა და მიყვარდა, ვეღარ ვიცვამდი. ბოლო პერიოდში სულ დიდი მოსაცმელები მეცვა, რაც ახლა უკვე აღარ მჭირდება. ცხიმები დაიწვა და უკვე ჩემი საყვარელი ტანსაცმელი მაცვია, რაც ძალიან მომწონს და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს, მინდა, მათ დიდხანს ვუყურო და ამიტომ ხელი უნდა შევუწყო თავს. გვიანი არასდროს არაფერია. მსახიობობას ჯერ კიდევ 1984 წელს დავანებე თავი. მერე პედაგოგიურ საქმიანობას მივყავი ხელი. სცენაზე დგომა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ სრულიად შემთხვევით, 65 წლის ვიყავი, როცა „ჩემი ცოლის დაქალებში“ დამიძახეს. შარშან თეატრალურ უნივერსიტეტში ვითამაშე, ახლაც მაქვს მიწვევა სოხუმის თეატრის ახალ სპექტაკლში. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ვერც ვიფიქრებდი, რომ სცენას დავუბრუნდებოდი, მაგრამ თურმე, ყველაფერი ხდება.

ადამიანმა თავი არ უნდა დაიბერო. რომ ამბობენ, გული არ ბერდებაო, მოდი, გარეგნობითაც შეუწყვე ხელი, ჯანმრთელობაზე იზრუნე. გადატკეცილი არ გექნება სახე, მაგრამ რაღაც ხომ შეგვიძლია. რომ იტყვიან ხოლმე, ვაიმე, არასოდეს არაფერი წამისვამს სახეზეო, ნერვები მეშლება (იცინის). რატომ არ წაგისვამს, რატომ არ ცდილობ, შენს თავს ხელი შეუწყო და ნაკლები ნაოჭი გქონდეს!? ძალიან მიყვარს, რომ ამბობენ, როგორი მოვლილი ქალიაო. ეს ქალისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. არც შვილს სიამოვნებს მოუვლელი დედა. მე ძალიან ვუვლი თავს, ეს მსიამოვნებს. მგონია, რომ სხვებსაც სიამოვნებს ჩემ გარშემო. სანამ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი გიხდება, ამიტომ ასაკში უფრო მეტად გჭირდება თავის მოვლა. თავს ხელი უნდა შეუწყო და რისი შესაძლებლობაც გაქვს, ყველაფერი უნდა გაიკეთო.

– თქვენი ნებისყოფით, ალბათ, გააოცეთ ყველა – შვილები, სიძე რძლები...

– პირველად რომ ჩავედი ამერიკაში, დონატებზე გავგიჟდი და ყოველდღე ვჭამდი. რადგან ასე მომეწონა ჩემს გოგოს მოჰქონდა. ერთხელ ზაზამ (ფაჩულია) ძალიან მორიდებით მითხრა, ქალბატონო ზეინაბ, გიყვართ, მაგრამ იცით, ეს დონატები რა არის ორგანიზმისთვის? საშინელებააო. მართლა, პირველად რომ ჩამოვედი ამერიკიდან, დასიებული ვიყავი ამდენი ტკბილეულისგან. ახლა ყველას ძალიან გაუხარდა ჩემი გადაწყვეტილება. რძლებსა და ჩემს გოგოს ვუთხარი, საბჭოთა კავშირის დევიზით ვმოქმედებ – უნდა დაგეწიოთ და გაგასწროთ-მეთქი. ტოლს არ ვუდებ (იცინის). ზაზა როგორ ჯანსაღად იკვებება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა, საკუთარ ჯანმრთელობას რომ ვვნებდი, არ არის კარგი ზედმეტი კილოგრამებიო, მეუბნებოდა, მაგრამ მაშინ ასე იყო. მეც არ ვიცი, რატომ მივუშვი ასე წონა. მისი დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების მიმართ ჩემთვის კარგი სტიმული აღმოჩნდა.

– ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, როგორი სიდედრი და დედამთილი ბრძანდებით?

– ერთადერთ სიდედრს მეძახის ზაზა (იცინის). საოცარი იუმორი აქვს. მე არ შემიძლია ადამიანთან ურთიერთობა, თუ მას იუმორი არ აქვს. მადლობა ღმერთს, რძლებიც და სიძეც ასეთი შემხვდა. ზაზას ყველა იცნობს და რძლებიც არაჩვეულებრივი გოგონები არიან. ახლა სხვანაირი თაობაა. ახალგაზრდებმა დღეს იმდენი რამ იციან, აქეთ გასწავლიან და მე ჩემი რძლებისგან სიამოვნებით ვიღებ რჩევებს, ჩაცმა იქნება თუ სხვა საკითხი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მთავარია თვითონ იყვნენ ერთმანეთში კარგად, მე ნაკლებად ვერევი ჩემი შვილების ოჯახურ ურთიერთობებში. არც სჭირდებათ ჩემი ჩარევა, არაჩვეულებრივად მიჰყავთ ცხოვრება და არაჩვეულებრივ შვილიშვილებს მიზრდიან – მეტი რა უნდა მინდოდეს?! მადლობა ღმერთს, ბედნიერი ადამიანი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა