ვლად არამოვი: ჩემს საკუთარ ბინაში ვცხოვრობ ამერიკაში, რაც აქ განსაკუთრებული ამბავია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
იუმორისტი ვლად არამოვი საკმაოდ პატარა იყო, როდესაც მუშაობა დაიწყო, საკუთარი შემოსავალი ჰქონდა და ოჯახს ეხმარებოდა. როგორია მისი გამოცდილება ფულთან ურთიერთობაში, რა ასწავლა ცხოვრებამ და რაში არ უყვარს დიდი თანხის გადახდა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვლად არამოვი: 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამოვიმუშავე თანხა. მაშინ თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ვსწავლობდი. მანამდე რუსთავში ვთამაშობდი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბში“. გუნდიდან რამდენიმე ბიჭი კარგად ვმღეროდით, პლუს, მე კლავიშებიან ინსტრუმენტზეც ვუკრავდი და გადავწყვიტეთ, ეგრეთ წოდებული, სინთეზატორი გვეყიდა და ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებზე გვემუშავა. ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს.
პირველი სამუშაო ჩვენი ახლობლების ქორწილი იყო სოფელ გამარჯვებაში. დიდი რეპერტუარი არ გვქონდა, მაგრამ ქართული ცეკვების დაკვრა ვიცოდი და სადღეგრძელოების შესაფერისი სიმღერებიც ვისწავლეთ. ბევრი სიმღერა არ გვქონდა და როგორ გავუმკლავდებით-მეთქი, ძალიან ვნერვიულობდი. მეგობრებმა დამარწმუნეს – ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდესო.
წავედით ნათხოვარი აპარატურით და ნახევარი ქორწილი სულ შალახოს ვუკრავდი, ითხოვდნენ და თან, ფულს გვაძლევდნენ. იმ დროისთვის კარგი თანხა გამოვიმუშავეთ. ხუთმა კაცმა 200-200 ლარი ვიშოვეთ. ეს ის პერიოდია, როცა ლარის კურსი თითქმის დოლარის დონეზე იყო და ეს ფული კარგ შემოსავლად ითვლებოდა. სახლში ძალიან გახარებული მოვედი და თანხა მაგიდაზე დავდე – მშობლებს მივეცი. ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, ახალი „ზმანები“ მჭირდებოდა და რაღაც თანხა ჩემთვისაც დავიტოვე (იცინის).
შემდეგი ქორწილებიდან რასაც ვშოულობდით, ნაწილით უკვე ინსტრუმენტებს ვყიდულობდით, რომ ჩვენი საქმე წინ წასულიყო. მერე რუსთავში ერთ-ერთ კაფეში დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ იქ იმდენი ნაცნობი მოდიოდა, ყველას შეკვეთას უფასოდ ვასრულებდით და მივხვდით, რომ იქ ვერ ვიმუშავებდით.
იმ პერიოდში ყველა მუსიკოსი ქობულეთში მიდიოდა სამუშაოდ, სადაც სეზონური სამსახური იყო. იქ უკვე ხელფასიც გვქონდა და საკვებითა და საცხოვრებლითაც უზრუნველყოფილები ვიყავით. მარტივი სამუშაო არ გვქონდა, რადგან არეული დრო იყო – რესტორანში ბევრი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა ხდებოდა, ანუ, თანხას ადვილად ვერ გამოვიმუშავებდით, მაგრამ მაინც კარგი შემოსავალი გვქონდა.
ამის შემდეგ თბილისში, რესტორანში დავიწყეთ მუშაობა. სანამ დიდ სცენაზე აღმოვჩნდებოდი, ანუ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სხვადასხვა რესტორანში ვმუშაობდი.
– ეს ის ასაკია, როცა ძალიან მარტივად შეიძლება ფულის დახარჯვა, დაუფიქრებლად, მით უმეტეს, რომ კარგი შემოსავალი გქონდათ...
– ვერ ვიტყვი, რომ დიდი მხარჯველი ვიყავი. მანქანა არ მყავდა, მგონი, 25 წლის ვიყავი, პირველად რომ დავჯექი საჭესთან. არც მქონდა სურვილი, მყოლოდა. ჩემი შემოსავლის 90 პროცენტს მშობლებს ვაძლევდი. მაშინ ძალიან მცირე ხელფასები იყო. მე რომ დავიწყე მუშაობა და შემოსავალი გამიჩნდა, ბუნებრივი იყო, რომ პირველ რიგში, ოჯახის დახმარება გადავწყვიტე. ამის გარდა, ტანსაცმელში და მეგობრებთან ერთად რესტორანში ან გოგონებთან ერთად კაფეში ვხარჯავდით. გართობაც იყო, მაგრამ მეტი წილი მუშაობას ეთმობოდა. შეიძლება ითქვას, ნაადრევად გავიზარდე (იცინის).
– საკმაოდ პატარა ასაკში გამხდარხართ ფინანსურად დამოუკიდებელი, როგორ იმოქმედა ამან თვითშეფასებაზე?
– რა თქმა უნდა, თვითშეფასებაც იზრდება. აცნობიერებ, რომ შენ უკვე დიდი ხარ და შეგიძლია, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები აიღო. უკვე სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. დღეს ჩემი ბიჭი 18 წლის არის. ჯერ ჩემთან ცხოვრობს. უკვე ეძებს სამსახურს, უნდა, მუშაობა დაიწყოს და დამოუკიდებელი ახალგაზრდა გახდეს. როცა ამ ნაბიჯს გადადგამს, ვფიქრობ, სხვანაირად შეხედავს ცხოვრებას, მიხვდება, რომ ფულის შოვნა არ არის მარტივი. მუშაობა რომ დავიწყე, მეც მერე გავიგე, როგორ უჭირდათ მამაჩემსა და დედაჩემს, მით უმეტეს, 90-იან წლებში, ოჯახის უზრუნველყოფა. მაშინ სამუშაოც კი არ იშოვებოდა და მე წარმოდგენაც არ მქონდა, საიდან შოულობდა მამაჩემი ფულს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ფული?
– არ ვარ ადამიანი, რომელიც მილიონებს შოულობს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ფული არის კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა. შენ რომ საკუთარ სახლში ცხოვრობ, გყავს მანქანა, რომელზეც შეიძლება, ათი წლის წინ ოცნებობდი, ოჯახის წევრები კარგად გყავს და შეგიძლია, ნათესავებსაც გაუმართო ხელი, ეს საკმარისია. არ ვფიქრობ იმაზე, რომ მალდივებზე ვილა უნდა ვიყიდო, წარმოუდგენელი სურვილები არ მაქვს. როცა ხვალინდელი დღის იმედი გაქვს, ეს საკმარისია.
– დღეს როგორი მხარჯველი ხართ?
– რომ ვთქვა, ძალიან ვზოგავ ფულს-მეთქი, მართალი არ იქნება. თუ დასასვენებლად გვინდა წასვლა, ვიღებთ ბილეთებს და მივდივართ. არ ვართ ძალიან შეზღუდულები, მაგრამ უაზრო რამეებში ფულს ნამდვილად არ ვხარჯავ. მაგალითად, ბრენდულ საათში 20 000 დოლარს არ გადავიხდი. გაპიარებული ბრენდის კოსტიუმს 5 000 დოლარად არ ვიყიდი. ნაკლებ ფასადაც შემიძლია, არანაკლები ხარისხის ნივთი შევიძინო.
– დღეს როგორი დამოკიდებულება გაქვთ ავტომობილების მიმართ – ეს ხომ მამაკაცების სისუსტე არის?!
– კი, სისუსტე არის, მაგრამ მე რომ ვიცი ოჯახი მაქვს, ორკაციან „ლამბორჯინს“ ვერ ვიყიდი, რომც მქონდეს ამის საშუალება, რადგან ოჯახში ოთხი ვართ (იცინის). ბოლო ორი წელია, ცოტა ძვირიან მანქანაზე გადავჯექი, თორემ მანამდე უბრალო მანქანები მყავდა. ეს, მგონი, ფუფუნების ამბავი არ არის, ამერიკაში, მით უმეტეს, აუცილებლობაა გადაადგილებისთვის, რადგან სამსახურიდან გამომდინარე, გზაში დიდ დროს ვატარებ, სხვადასხვა შტატებში მიწევს სიარული.
– თუ დაგიკარგავთ რამე ღირებული ან თუ მოუპარავთ?
– ერთხელ, ისიც 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა მობილური ტელეფონი ახალი გამოსული იყო, მასში 400 ლარამდე გადავიხადე, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო და „მარშუტკაში“ მომპარეს. ცოტა ვიდარდე, ბუნებრივია, მაგრამ წავედი და მეორე დღეს ახალი ვიყიდე.
– ფულთან დაკავშირებული ცრურწმენები გაქვთ?
– მშობლებისგან ვიცი, რომ საღამოს საათებში თუ ვინმე ფულს გთხოვს, ჯობს, არ გასცე. თითქოს, ეს ცუდის ნიშანია. დავუშვათ, ისე მოხდა, რომ მეგობარს საღამოს დასჭირდა ფული და ხომ არ ეტყვი, მოიცა რა, დილით მოგცემო?! როგორ არ უნდა დაეხმარო, იქნებ დრო წყვეტს ბევრ რამეს?! ასე რომ, არ მჯერა ასეთი რამეების.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე კარგ დაბანდებად და რაზე გიფიქრიათ, ამაში ფული რამ გადამაყრევინაო?
– ალბათ, ყველაზე კარგი ბინის შეძენაა. საერთოდ, უძრავ ქონებაში თანხის ჩადება კარგი აზრია, რადგან მისი ფასი ყოველთვის მზარდია. უკვე ხუთი წელია, ამერიკაში, ჩემს საკუთარ ბინაში ვცხოვრობ, რაც აქ განსაკუთრებული ამბავია, რადგან ბევრი 15-20 წელი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ჩემი ყველაზე კარგი შენაძენია.
რაც შეეხება თანხის დაკარგვას, ახალგაჩენილ პარტნიორებთან ერთად, სადღაც 10 000 დოლარი ჩავდე ბიზნესში, მაგრამ რასაც ველოდით, არ გამოვიდა. როგორც ამბობენ ხოლმე, ის თანხა „ჭირს წაუღია“. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, პოზიტიური განწყობა არ დაკარგო.
– თქვენი დაკვირვებით, ფული ადამიანს პიროვნულად ცვლის?
– მე მქონდა შესაბამისი მაგალითები. როცა ღარიბმა ადამიანმა დიდ თანხებთან დაიწყო ურთიერთობა, მართლა შეიცვალა. ლაპარაკის მანერაც კი შეეცვალა. ახლობლებთან და ოჯახთანაც კი იგრძნობოდა ცვლილება, რაც ნამდვილად არ არის ლამაზი და სასიამოვნო. მე ვფიქრობ, რომ ფულმა არ უნდა შეგცვალოს. ადამიანი შინაგანად როგორიც ხარ, ისეთი უნდა დარჩე. იგივე შემიძლია ვთქვა პოპულარობაზეც, ამან ცხვირი არ უნდა აგაწევინოს მაღლა და ვინც მანამდე გვერდში გყავდა, ზემოდან არ უნდა დახედო. პირადად მე ვფიქრობ, რომ ისევ ისეთი ვარ, როგორიც 20 წლის წინ ვიყავი და აწი, ალბათ, აღარ შევიცვლები.
– რა გასწავლათ ცხოვრებამ ფულთან დაკავშირებით?
– დაკარგვის არ უნდა გეშინოდეს. როცა ფულს საქმეში დებ, ძალიან დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს, მცირეც რომ გამოვიდეს, უნდა გიხაროდეს. თუ რამე დაკარგე, ამაზე არ უნდა იდარდო. თუ გინდა, ადამიანი დაკარგო, მაშინ ფული ვალად უნდა მისცე. მე არ ვამბობ ახლობლებზე, ძმებზე და ძმაკაცებზე, რომლებთანაც წლები გაკავშირებს, მაგრამ არსებობენ ნაცნობები, რომლებსაც ფულს ასესხებ და ქრებიან შენი ცხოვრებიდან.
და ბოლოს, ფული კომფორტულ ცხოვრებას ნიშნავს, მაგრამ ეს არ არის ბედნიერება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





