ვის ზარს ელოდება ვლად არამოვი ტელეფონზე გამუდმებით და რატომ იტირა მან ფილარმონიის კულისებში
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 06.03

მიუხედავად იმისა, რომ ვლად არამოვი უკვე დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, საკმაოდ დაკავებულია და წარმატებულად მოღვაწეობს, მაინც ახერხებს თავის საყვარელ ქვეყანაში, საქართველოში ჩამოსვლას და მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების მოსიყვარულებას. წლევანდელ, „იუმორინას“ 25 წლის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, ვლად არამოვი კვლავ წარსდგა დიდ სცენაზე, თავისი საყვარელი მაყურებლისა და მსმენელის წინაშე და მის გამოსვლას ემოციისა და ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია.
ვლად არამოვი: საქართველოში წინა წლის ოქტომბერში ვიყავი ჩამოსული. გია ბაღაშვილის გადაცემა „ჩვენ შოუში“ მიმიწვიეს და ზუსტად მაშინ, მითხრა გიამ, დეკემბერში, „იუმორინას“ საიუბილეო 25 წლისთავზე, კონცერტების გამართვას ვაპირებთ და თუ მოახერხებ ჩამოსვლასო. 21 წელია, „იუმორინას“ გუნდში ვარ, ბოლოს 2013 წელს გამოვედი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი. სულ მინდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან ამერიკაში დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს. როცა დაგეგმიალია რამე და უკვე თანხმობა მიეცი, ვერ შეცვლი, რადგან ამერიკაში ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია და მას უნდა გაუფრთხილდე. მოკლედ, დეკემბერში ისე დავგეგმე ჩემი საქმეები, რომ ერთი კვირა ჩამოვსულიყავი, თუმცა კონცერტები გადაიდო და თებერვლის თვეში ისევ მომიხდა საქმეების გადალაგება. ყველა საკითხი მოვაგვარე და ჩამოვედი. ჩემი გამოსვლები იყო მუსიკალური პაროდიები ან მამუკა ონაშვილთან ერთად დუეტები, ასევე, პაროდიის თეატრში მუსიკალური ნომრები მქონდა. ანუ, ტექსტუალური დატვირთვა არასდროს მქონდა. წელს კი 20-წუთიანი მონოლოგით უნდა გამოვსულიყავი და ცოტა ვნერვიულობდი, როგორ გამომივიდოდა. მე დიდი მონოლოგისტი და მოლაპარაკე არ ვარ და ჩემთვის ცოტა ძნელი იყო. თუმცა, დრო მქონდა, მესწავლა და მიხარია, რომ მაყურებელს მოეწონა. მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვედი ჩემი ხალხის წინაშე, მოვისმინე მათი ტაში, სიცილი და ისეთი დადებითი მუხტით, სითბოთი, ემოციითა და სიყვარულით დავიმუხტე, რომ დიდხანს გამყვება. სხვათა შორის, ადრე საქართველოდან ამერიკაში სულ მიმქონდა სულგუნი და ტყემალი, ახლა კი მხოლოდ უდიდესი სიყვარული მიმაქვს, ეს გრძნობა რომელ საჭმელს შეედრება (იცინის). ზუსტად ვიცი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დავდგე დიდ სცენაზე, ისეთ სიყვარულსა და ემოციას ვერ მივიღებ, რასაც საქართველოში ვგრძნობ. საქართველოში სხვანაირად ვსუნთქავ, თბილისის ქუჩებში სხვანაირი სუნთქვა მეხსნება და გემოც კი მეცვლება. აქ პურსა და წყალს სხვა გემო აქვს, ჰაერს სხვა დოზით ვსუნთქავ.
– რა იგრძენი ამდენი წლის მერე, რომ ისევ ფილარმონიის დიდ სცენაზე დადექი საყვარელი მაყურებლისა და მსმენელის წინაშე, რა განცდა იყო?
– ეს იყო ყველაზე ნოსტალგიური გრძნობა. ხალხის ის ოვაცია, ტაშის ხმა და სითბო, რომელიც ამდენი წლის შემდეგ დიდ სცენაზე ვიგრძენი, დიდხანს გამყვება. თან, ბოლოს თბილისური პოპური შევასრულე, სადაც პირველი კუპლეტი ვიმღერე მე, მეორე კუპლეტი კი შეასრულა ჩემმა უსაყვარლესმა, მეგობარმა, მამუკა ონაშვილმა ეკრანიდან. გენერალური რეპეტიცია არ მქონდა გავლილი და ეს კადრი ჩემთვის ძალიან ემოციური და სენტიმენტალური აღმოჩნდა. ცრემლები ვერ შევიკავე, გამახსენდა ჩემი და მამუკას ყველა გამოსვლა და კულისებში რომ გავედი, ტირილი ამიტყდა. იქ იდგა ბესო ბერულაშვილი, დათო როსტომაშვილი და სამივე, ამხელა კაცები, ბავშვებივით ვტიროდით.
– „იუმორინას“ კონცერტებზე შენი გამოსვლა, მართლაც, ასოცირდებოდა მამუკა ონაშვილთან, არაჩვეულებრივი დუეტი იყავით.
– წარმოიდგინეთ, მამუკა ძალიან მაკლდა, ეს გორა კაცი, ჩემი ფუნჩულა მეგობარი, როცა გვერდით მყავდა, განუზომელ ძალას ვგრძნობდი. თვითონაც იმავეს ამბობდა: გვერდით რომ მყავხარ, არ მეშინია ან ტექსტი დამავიწყდეს, ან რამე ისე ვერ გავაკეთო, ვიცი, შენ გამომაძვრენ ამ სიტუაციიდანო. სცენაზეც და ცხოვრებაშიც ერთმანეთის იმედი ვიყავით, ერთმანეთის ძალა და მარჯვენა ხელი. ახლა კი მის გარეშე სცენაზე, თითქოს, ცალფრთამოტეხილი ვიდექი. მაგრამ, მაინც არ მიმატოვა, ეკრანიდან გამაგონა თავისი განუმეორებელი ხმა. მე, მამუკა ონაშვილს და დოიჯას – ზურა დოიჯაშვილს, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გვქონდა გამოსვლები, უამრავი საინტერესო და სახალისო მოგონება დამრჩა მათგან. მათ გარეშე დღემდე ვერ წარმომედგინა ვერც ჩემი თავი და ვერც – თბილისი. ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. გული მწყდება, რომ ჩვენი გუნდის ბევრი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი წევრი ამქვეყნად აღარ არის – მზია კვირიკაშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურა ბერიკაშვილი, ალეკო თეთრაშვილი... სამწუხაროდ, წელს ამ ბუმბერაზი ხალხის სახეები და ხმა არა სცენიდან, არამედ ეკრანიდან ისმოდა. როცა ადამიანი გარკვეულ ასაკშია და იმქვეყნად მიდის, განვიცდით, მაგრამ ლოგიკურად ვიღებთ, თუმცა ახალგაზრდა ასაკში რომ გვტოვებენ, დღემდე ვერ ვიჯერებ მათ გარდაცვალებას. პირველად ვამბობ ამას: ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვერ დავესწარი მათ დაკრძალვას, რადგან სულ მგონია, ისევ ცოცხლები არიან და სადღაც არიან წასული. ჯერ არ ვყოფილვარ მამუკას საფლავზე, არ მინდოდა იქ მისვლა, გამიჭირდება გაგება და დაჯერება მისი ამქვეყნად არ არსებობის, თუმცა, სანამ ამერიკაში გავფრინდები, აუცილებლად წავალ, დავჯდები და ბევრ რამეს მოვუყვები. ტელეფონზე სულ მის ზარს ველოდები, ბოლო მესიჯებიც არ მაქვს წაშლილი. ჩემი ბოლო მესიჯი იყო: შენთან მოვდივარ, სად ხარ? არ უპასუხია და მეორე დღეს გავიგე, რომ ავარია მოხდა.
– ვლად, რამდენი წელი გავიდა, რაც ამერიკაში გადახვედი საცხოვრებლად?
– წელს გახდა 14 წელი. სხვათა შორის, არასოდეს მინანია იქ წასვლა. ეგოისტი რომ ვყოფილიყავი და მარტო ჩემს თავზე მეფიქრა, დავრჩებოდი ჩემს საქართველოში, გავაგრძლებდი ჩემს კარიერას და მივხედავდი მარტო ჩემს თავს. მაგრამ, ვფიქრობდი ბავშვების მომავალზე, მინდოდა, უფრო სტაბილურ ქვეყანაში ეცხოვრათ. ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს რომ ვესაუბრები, ხვალინდელი დღის იმედი არ აქვთ. არ იციან, რა გააკეთონ და ყველა უცხოეთში გაქცევაზე ფიქრობს. ხშირად მეკითხებიან: საელჩოში რომ შევიდე, თუ გამომიშვებენო. მაშინ, როცა მე წავედი ამერიკაში, ასე მასობრივად არ გადიოდა ხალხი ემიგრაციაში. მეც არ ვფიქრობდი ამდენ ხანს დარჩენას. ვამბობდი: თუ მომეწონა, დავრჩები, თუ არა – დავბრუნდები-მეთქი. აქ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბედნიერად მეცხოვრა, სახლიც ვიყიდე, რემონტიც გავაკეთე, მაგრამ ალბათ, ჯერ ვერ დავბრუნდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან