ვის მოუტანა ბედნიერება ქეთი ხუციშვილის სიმღერებმა და როგორ იმოქმედა მის შემოქმედებაზე ოჯახის წევრების გარდაცვალებამ
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 19.03

არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორის, მომღერილსა და კომპოზიტორ-შემსრულებლის, ქეთი ხუციშვილის ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი და ადვილი გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს, არიდებდნენ პრობლემებს, ბარიერებსა და წინაღობებს, მაინც არაერთი რთული დღის გამოვლა მოუწია.
– ქეთი, როდის გააანალიზე, რომ ცხოვრება არც ისე ადვილია, როგორც ეს ბავშვობის წლების გადმოსახედიდან ჩანს?
– ძალიან ლამაზი და ლაღი ბავშვობა მქონდა. ორივე მშობლისა და ნათესავების მხრიდან, განებივრებული ბავშვი ვიყავი. ის, რომ ცხოვრება ძალიან რთულია, საკმაოდ გვიან ასაკში გავაანალიზე. სამწუხაროდ, 16 წლის ასაკში და გარდამეცვალა. მის დარდს გადაჰყვა მამა. მაშინ 19 წლის ვიყავი. 13 წლის წინ კი, 38 წლის რომ ვიყავი, გარდამეცვალა ძმა, 33 წლის, ბერ-მონაზონი, რომელიც ჩემთვის იყო მეგობარიც, მშობელიც, საყრდენიც და მაშინ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება არ არის ვარდებით მოფენილი გზა და ძალიან დიდ სირთულესთან აღმოვჩნდი პირისპირ. ამ სამი ადამიანის გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ სამყარო ძალიან მკაცრად მომექცა. დედა, მიუხედავად რთული ყოფისა, ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის მამის, დისა და ძმის გარდაცვალების ტკივილი შეემსუბუქებინდა.
– ამ ტრაგედიებმა რა შეცვალა შენში?
– ამ ტრაგედიების შემდგომ გამიმძაფრდა შთაგონება, მეტი და მეტი შემექმნა, მეწერა სიმღერები. ცრემლი მომდიოდა, სიმღერას ვწერდი და დარდს ამაში ვკლავდი. ზოგადად, რეალისტი ვარ და იმ დროსაც კი, როცა ლაღი და ფერადი ბავშვობა მქონდა, ფანტაზიორი არ ვყოფილვარ, ყოველთვის მყარად ვიდექი დედამიწაზე, ყველაფერს აღვიქვამდი და არასოდეს მოვწყვეტივარ რეალობას. არ მემღერებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, ეს ჩემი შემოსავლის წყარო იყო და თან, მადლობა ღმერთს, შვილი მეზრდებოდა და არ მქონდა უფლება, უიმედობას მივცემოდი. ყველა მეუბნებოდა: არ იმჩნევ, მაგრამ როცა მღერი უდიდესი სევდა ჩანს შენს თვალებშიო.ზოგადად, ფანტაზიორი არ ვარ, მაგრამ ოცნება მიყვარს. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი მშობლები კაპელაში მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ორივე ძალიან წარმატებული ხელოვანი იყო. ბებიები და ბაბუებიც საკმაოდ მუსიკალურები გახლდნენ. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მუსიკის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ჩემი ოცნება მომღერლობა არ იყო, მინდოდა, პროკურორი გამოვსულიყავი. ახლა კი ვნანობ, რომ ეს არჩევანი არ გავაკეთე, რადგან მუსიკა მაინც იქნებოდა სულ ჩემი თანმდევი, ის გენეტიკურად მერგო, თანდაყოლილია, ორგანულია, დიპლომატია კი – უფრო ჩემია. მოკლედ, კარგი პროკურორი ვიქნებოდი, სამართლიანი, თუმცა, მშობლებმა მთხოვეს, ხელოვნების კუთხით წავსულიყავი და გადაწყვიტეს, მუსიკოსი გამოვსულიყავი. სკოლის დამთავრების მერე, ჯერ მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში, საგუნდო-სადირიჟორო. ბავშვობიდან სულ ვწერდი ლექსებს, მუსიკას და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაწერილ სიმღერებს ცნობილი შემსრულებლები იმღერებდნენ და ამდენი ადამიანის გულს დაათბობდა. სხვათა შორის, ჩემს სიმღერებთან დაკავშირებით დღესაც ეგოისტურად ვარ დამოკიდებული. თავიდანვე ასე ვქმნიდი ჩემს სიმღერებს, რომ ის ჩემი იყო და ვერ გავასხვისებდი. თუმცა, იმდენად კარგად ასრულებენ საკმაოდ წარმატებული მომღერლები, მათ მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვუთხრა. ძალიან ბევრი წლის წინ ვიმღერე ნანა ცინცაძის ტექსტზე შექმნილი სიმღერა „კიდევ ერთხელ შეგიყვარებ“. სხვის არანჟირებაზე შევქმენი ჩემი ვერსია და ისე აიტაცა ხალხმა, დღემდე, პოპულარული ჰიტია. მღეროდა ყველა და არავინ იცოდა, ვისი ვერსია იყო. ჩემს სიმღერებს ასრულებენ ნინო ჩხეიძე, ლოლა წერეთელი, გია სურამელაშვილი, შორენა იმნაძე, „ქსოვრელები“, გიორგი შოშიტაიშვილი, ინგა ხელაშვილი, პაატა გულიაშვილი და კიდევ ბევრი, რომლებსაც თავიანთი მსმენელი და აუდიტორია ჰყავთ. მე კი, როცა ჩემს სიმღერებს ვასრულებ, დღემდე მეუბნებიან, თვალებში სევდა ჩანსო. როგორ შეიძლება, ამხელა ტრაგედიები ჰქონდეს გავლილი ადამიანს და სევდა თვალებში არ ჩანდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია?! გულში დარდი არ ნელდება და არ შუშდება. დღეს ყველაზე დიდ იმედს და სტიმულს ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილები მაძლევენ. ბევრს უკვრის, სამი შვილიშვილის ბებია რომ ვარ (იცინის). სასწაული განცდაა ადრეულ ასაკში ბებიობა. თამამად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს, რომელიც 30 წლისაა და გადასარევი რძალი, რომელიც პირველ რიგში, ჩემი საყრდენი და მეგობარია, ვინც არასოდეს მომცემს წაქცევისა და მოწყენის საშუალებას. როცა ცუდ განწყობაზე ვარ, ყველაფერს თამუნასთან ჩახუტება მავიწყებს. მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი, რაც ცხოვრებამ ბედნიერება მომანიჭა, არის ის, რომ გენეტიკურად გადმომეცა მუსიკალური ნიჭი, მყავს არაჩვეულებრივი დედა, შვილი, რძალი და შვილიშვილები. ეს ყველაზე დიდი სიმდიდრე და შეუფასებელი განძია.
– ვიცი, არ გიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ უზომოდ ქველმოქმედი ადამიანი ხარ. ბევრი ადამიანი გემადლიერება, ბევრს უდგახარ გვერდში და ისეთებს ეხმარები, რომლის სახელი და გვარიც კი არ იცი.
– დიახ, არ მიყვარს იმაზე საუბარი, რამდენ ადამიანს დავეხმარე და დღესაც ვეხმარები. რომ გავიგებ, ვიღაცას რაღაც უჭირს, არ შემიძლია, არ დავეხმარო, გვერდში არ დავუდგე. სოციალურ ქსელში რომ ვკითხულობ, ვინმეს წამალი, ინვალიდის ეტლი ან საკვები სჭირდება, მისამართს ვიგებ, მივდივარ და მიმაქვს. ბევრი მათგანის სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის ვალია, როგორც შეგვიძლია, გვერდში დავუდგეთ და უანგაროდ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება. სხვანაირად მე არ შემიძლია. როცა სხვებს ვეხმარები, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს იმქვეყნად ჩემს გარდაცვლილ და-ძმას ვეხმარები. დღემდე ისინი მაძლევენ ძალას, არ დავეცე, წინ ვიარო და ვაკეთო სიკეთე დედამიწაზე. ხშირად ავდივარ მათ საფლავზე და ვუყვები, მე ასე გავაკეთე, ასე მოვიქეცი-მეთქი. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, გარშემო მყოფებთან პოზიტიური განწყობა მქონდეს და მძიმე კარმის ადამიანის აურას არ დავატარებდე. ჩემი პროფესიის გამოც არ მაქვს უფლება, ნეგატიურ განწყობაზე ვიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან