შოუბიზნესი

ვის მიუძღვნა თათია კობალაძემ ყაზახეთში გრან-პრის აღება და რატომ ტიროდა ყაზახი კომპოზიტორი მის ნამღერზე

№44

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 08.11, 2022 წელი

თათია კობალაძე
დაკოპირებულია

„როგორც იქნა! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 18 წელი ველოდი მომენტს, როცა ჩემი სახელი გამოცხადდებოდა, როგორც გამარჯვებულის! ბევრი ვიბრძოლე, ბევრიც ვიტირე, იმედგაცრუებაც ბევრი იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თუ ვიბრძოლებდი, ჩემი ვარსკვლავიც გამოანათებდა... ვტირი... აი, ვერ აღვწერ შეგრძნებას, რომელიც ისევ მხვდა წილად! ბებო, მენატრები და მე ეს შევძელი, მთელი სიმღერის განმავლობაში ვგრძნობდი შენს ხელებს... ვგრძნობდი, რომ აქ იყავი, ჩემთან ერთად. ეს გამარჯვება შენია, ბეეე... ვიცი, როგორც ხარობ ახლა მანდ, სადაც ხარ“ – ეს სიტყვები ბათუმელმა მომღერალმა თათია კობალაძემ, ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „თურანის ხმა – 2022“ მოგების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა. ეს იყო ის პირველი ემოცია, რასაც გრძნობდა იმ წამს, როგორც უხაროდა და განიცდიდა. მართალია, თათიას საქართველოში ჩატარებულ კონკურსებზე არ უმართლებს, მაგრამ უცხოეთში საკმაოდ წარმატებულია. კონკურსი „თურანის ხმა – 2022“, ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც თურქესტანის რეგიონის აკიმატისა და რეგიონული კულტურის დეპარტამენტმა მოაწყო. გარდა იმისა, რომ თათია გრან-პრის მფლობელი გახდა, მან კიდევ ორი ჯილდო მიიღო: პრიზი, როგორც საუკეთესო შემსრულებელმა და პრიზი – საუკეთესო არანჟირებისთვის.

– თათია, გილოცავთ გამარჯვებას. როგორც მახსოვს, შარშან ყაზახეთის „ახალი ხმის“ კონკურსზეც გამოდიოდი. საკმაოდ წარმატებით გადალახე ტურები, თუმცა გრან-პრი ვერ აიღე. ყაზახმა მაყურებელმა სწორედ ამ კონკურსიდან შეგიყვარა და დაგიმახსოვრა. ახლა როგორ მოხვდი ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, ეს მიწვევა იყო თუ შენი სურვილი?

– შარშან, ყაზახეთის „ახალი ხმის“ კონკურსზე რომ გამოვდიოდი, მაშინ მომწერეს მონაწილეობის მიღების თაობაზე. რასაკვირველია, უარი განვაცხადე, რადგან კონკურსში უკვე ვმონაწილეობდი და ორ პროექტს ერთად ვერ შევეჭიდებოდი. წელს შემეხმიანენ, მომწერეს: ძალიან გვინდა, ჩამოხვიდეთ და თუ სურვილი გაქვთ, კონკურსში მიიღოთ მონაწილეობაო. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და გავფრინდი. სულ, ოთხდღიანი კონკურსია, ორი ყაზახური სიმღერა შევასრულე, ერთი ქართული და გრან-პრიც დავიმსახურე. ქართულმა სიმღერამ – „ახ ტურფავ, ტურფავ“, რომელიც აკაპელაში შევასრულე, დაუსვა წერტილი, რომ მე ეს კონკურსი მომეგო. დარბაზი ფეხზე იდგა და ჟიური გაოცებული მიყურებდა. სიმღერაც ძალიან მოეწონათ და შესრულებაც, ამიტომაც გავიმარჯვე.

– სულ რამდენი ქვეყნის კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას?

– კონკურსანტები თხუთმეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული, მათ შორის, რუსეთიდან და მასთან კამათი მომივიდა.

– რის გამო?

– რუს კონკურსანტს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა და რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, დაძაბული საუბარი გვქონდა. ერთ-ერთ კონკურსანტების შეკრებაზე თქვა: აფხაზეთი რუსეთისააო. ამაზე კონფლიქტი მომივიდა. ყველას გასაგონად, მკაცრად ვუთხარი: რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, არის და იქნება, გაწყობთ ეს თუ არა-მეთქი.

– ეს კონკურსი უკვე ოთხი წელია, ტარდება. წელს კი განსაკუთრებულად ძლიერი კონკურსანტები იღებდნენ მონაწილეობას. გქონდა გამარჯვების იმედი?

– ყველა კონკურსზე, სადაც გამოვდივარ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების იმედი. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მართლაც ასეა – ყველა კონკურსზე გამარჯვებისთვის მივდიოდი. ასე რომ, ყაზახეთშიც მოსაგებად წავედი და როგორც იქნა, ამიხდა ოცნება.

– რა პრიზები იყო დაწესებული გამარჯვებულისთვის?

– გამარჯვებულისთვის დაწესებული იყო ფულადი ჯილდო, ნახევარი ოქროსგან და ნახევარი ვერცხლისგან ჩამოსხმული სტატუეტი და ძვირად ღირებული საჩუქრები.

– შემოთავაზებები არ წამოვიდა?

– როგორ არა. დეკემბერში მელოდებიან და უნდა ჩავიდე. ყაზახური სიმღერები, რომლებიც კონკურსზე შევასრულე, საკმაოდ ცნობილი და ბუმბერაზი კომპოზიტორების დაწერილია, აი ისეთი, როგორც ჩვენთან რევაზ ლაღიძის სიმღერებია, განსაკუთრებულად საყვარელი და იმავდროულად, რთულად შესასრულებელი. ერთ-ერთმა კომპოზიტორმა, რომელიც ჟიურიში იჯდა, ჩემ მიერ შესრულებულ ორივე სიმღერაზე, ცრემლი ვერ შეიკავა და იტირა. სხვათა შორის, მან გამომაცხადა გამარჯვებულად და გრან-პრიც მან გადმომცა. თქვა: ისე იმღერე, რომ მახსენდება, ახლაც მეტირებაო. ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სწორედ ამ ადამიანის სოლო კონცერტებზე მიწევს ჩასვლა ყაზახეთში. ასევე, ჟიურიში იჯდა ჩემი მენტორი ყაზახეთის „ვოისიდან“ და უბედნიერესი იყო, რადგან იქიდან რომ წამოვედი, მწერდა: დათრგუნული ვარ, ხალხი დანის გარეშე მკუწავს. არ იცი, რა ხდება – მეორე კონკურსანტი რომ ავირჩიე და დავტოვე, შენ კი გაგიშვი, ხალხი გაღიზიანდაო. ამ კონკურსზე კი ყველაზე ბედნიერი იყო, ისევ რომ მხედავდა სცენაზე (იცინის). აგრეთვე, როგორც გამარჯვებული, ამ კონკურსზე ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოდან და გაისად ამ კონკურსზე ჩვენი ქვეყნიდან ჩემი შერჩეული მომღერალი წავა და ყოველ წელს ასე იქნება, რადგან ვინც პირველი იგებს ამ კონკურსს, მერე მას აქვს უფლება, თავის ქვეყანაში შეარჩიოს და გააგზავნოს მონაწილე.

– თუ გაქვს დათვლილი, სულ რამდენ კონკურსზე მიიღე მონაწილეობა?

– ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სახლში მაქვს ორმოცი დიპლომი, აქედან – ექვსი გრან-პრი, დანარჩენი პირველი ადგილები და ამის გარდა, საქართველოს „X ფაქტორი“, უკრაინის „X ფაქტორი“, თურქეთის „ვოისი“, ყაზახეთის „ვოისი“... ყაზახეთის „ვოისზე“ ხალხის რჩეული გავხდი და ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა ნახევარფინალიდან ჩემს გამოთიშვას. ახლა რომ ჩავედი, ვიგრძენი, ხალხს ისევ ვახსოვარ და ვუყვარვარ. წელს, როცა გამოაცხადეს თათია კობალაძე, ტაშით დაინგრა დარბაზი. დაცვა ვერ აჩერებდა, ყველა მოდიოდა, ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდათ და მაშინ მივხვდი, თურმე, მართლა ვახსოვარ და ვუყვარვარ ყაზახ ხალხს.

– ყაზახეთში ხალხს უყვარხარ, გაფასებენ, ტაშს გიკრავენ, შენთან ფოტოებს იღებენ, გაიმარჯვე და გრან-პრიც აიღე. თუმცა, საქართველოში ეს არ გაშუქებულა და ქართველი მსმენელი ასე არ გაფასებს – არ მოდიან, ფოტოებს არ იღებენ, ოვაციით არ გხვდებიან...

– ამას ქართველ მსმენელს ვერ დავაბრალებ, თუმცა, ფაქტია, საქართველოში არ მაფასებენ, უცხოეთში კი ხალხს ვუყვარვარ. არ დასრულდა ძველი და ახალი მთავრობების მიდგომა ქართველი მომღერლების მიმართ. ერთი მთავრობა კონკრეტულ მომღერლებს აღმერთებს, მეორე მთავრობა – სხვებს და სამწუხაროდ, არ დამთავრდა ჩემიან-შენიანი ჩვენს ქვეყანაში. ახალ სახეებს არ აძლევენ საშუალებას, სცენაზე დადგნენ და საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები ანახვონ. არადა, საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალია, რომელთაც გასაქანი და ბიძგი სჭირდებათ. ყაზახეთიდან რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა: წარმოგვიდგენია, რა მოხდება აეროპორტში რომ ჩაფრინდები, ალბათ, ყველა ჟურნალისტი იქ იქნებაო... რომელ დახვედრაზეა საუბარი? მხოლოდ ჩემი ქმარი დამხვდა, ძალიან დიდი თაიგულით ხელში. და, იმ წამს მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს არაფრის კეთებას. ეს იყო კულმინაცია და დავრწმუნდი, რომ აქ აღარ მინდა ცხოვრება. ზოგადად, დიდი ხანია, არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ახლა საბოლოოდ დაესვა წერტილი. რადგან ჩემი პროფესიის ადამიანებს არ აფასებენ, აქ არაფერი მესაქმება. იბრძვი, იმარჯვებ კონკურსზე და არაფერს აზრი არ აქვს, მაქსიმუმ, რესტორანში იმღერო, მინიმუმ, იქაც ვერ იმღერო.

– შენი ნათქვამი, ალბათ, ბევრ იმ მომღერალს ეწყინება, რომელიც რესტორანში მღერის...

– მე საწყენად არ მითქვამს და მეც ვმღერი რესტორანში, მაგრამ ამით ხომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ? პირადად მე არ მაკმაყოფილებს, ჩემს ქვეყანაში, მხოლოდ რესტორანში ვიმღერიო და ამით შემოვიფარგლო. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ მომღერალს, ვინც რესტორანში მღერის, ჩემსავით, ბევრად მასშტაბური და დიდი გეგმები აქვს. ყველას წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ყველა ნიჭიერ მომღერალს გასაქანი ჰქონდეს თავის ქვეყანაში. კულტურის სამინისტრომ ყური არ შეიბერტყა, როცა წასვლაზე სპონსორი მჭირდებოდა. გადავუწრიალე ტელეფონები, გვერდით დამიდექით, იქნებ მოვიგო-მეთქი და არავინ მხარში არ დამიდგა. ამიტომ, კონკურსზე ჩემი სახსრებით მომიწია წასვლა.

– კონკურსებზე გამოსვლისას ბევრი გულისტკენა ნახე. ბევრი სტიმულს და მოტივაციას დაკარგავდა და კონკურსზე ფიქრსაც კი დაანებებდა თავს. შენ არ ნებდები.

– ვინც იმისთვის იბადება, რომ სცენაზე უნდა იდგეს, ის ყოველთვის იბრძოლებს. ამ მოგებით ჩემს მიზანს მივაღწიე, თუმცა უფრო დიდი მიზნებიც მაქვს.

– იქნებ გაგვიმხილო, უფრო დიდ მიზანში რას გულისხმობ?

– ამერიკის „ნიჭიერი“ მაქვს მიზანში ამოღებული და იქ აუცილებლად მოვხვდები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ვიქნები და როდის – წელს, მომავალ თუ ხუთი წლის მერე, არ აქვს მნიშვნელობა (იცინის). ვიბრძოლებ და მაინც მივაღწევ. ყველას ვურჩევ, იბრძოლონ და ხელები არ ჩამოყარონ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო 17 წლის ასაკში ქალბატონ მარინა ბერიძისგან იმის მოსმენა, რომ მე სიმღერა არ ვიცი, წავიდე, შვილი გავზარდო და შევეშვა სიმღერას. მართლა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს სიტყვები, მაგრამ მე უფრო ძლიერი აღმოვჩნდი – შვილებიც გავზარდე, ოჯახიც მაქვს, მეუღლეც მყავს, კიდეც ვმღერი, გრან-პრიც ავიღე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენაზე ჩემი ქვეყნის დროშასაც ვაფრიალებ. ბრიტანეთის „ნიჭიერშიც“ მქონდა გაგზავნილი მონაცემები და გადავედი კიდეც, თუმცა ვიზა არ ჩამირტყეს. ახლა მინდა, ამერიკაში გავაგზავნო ჩემი მონაცემი. იმედია, დადებითი პასუხი მოვა და ვიზასაც ჩამირტყამენ.

– ანუ, არ ნებდები?

– არა, რა სისულელეა! არ დავნებდები! თან, ყაზახეთის კონკურსის მოგებით წარმატების ლენტი გავჭერი, როგორც იქნა გავიმარჯვე. ახლა, მთავარია, არ დავნებდე, ყველაფერი ისე დავალაგო, როგორც მე მინდა და არ დავკმაყოფილდე იმით, რასაც უკვე მივაღწიე. ამდენი წელია, ვიბრძვი, გრან-პრი ავიღე და ახლა ნამდვილად არ დავნებდები... და, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემი გრან-პრი ეძღვნება ბებოს, რომელიც გარდამეცვალა, ყაზახეთის „ვოისიდან“ რომ ჩამოვედი. ყველაზე მეტად მას ვუყვარდი, ყველაზე მეტად მას უხაროდა ჩემი წარმატება და ყოველთვის გვერდით მედგა. ჩემი პროფესია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იანვარში, სანამ კოვიდით გარდაიცვლებოდა, მითხრა: არ დანებდე, იბრძოლე და აუცილებლად გაიმარჯვებო. სხვათა შორის, მისი გარდაცვალების მერე ვნახე მისი დაწერილი წერილი, რომელიც დამალული ჰქონდა მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ და სადაც ეწერა: ჩემი საამაყო შვილიშვილი ხარ, ბედნიერი ვარ, რომ ყაზახმა ხალხმა გაღიარაო. ყველაზე დიდი გულშემატკივარი დავკარგე, მაგრამ იმ ქვეყნიდან მაძლიერებს. ამას ვგრძნობ. მოგების შემდეგ სცენიდან ვთქვი: ბებო, იმედია, ახლა შენ ზემოდან მიყურებ და მე ეს შევძელი-მეთქი. თან, ვტიროდი და თან, ამ სიტყვებს ვამბობდი. იმ სხვა ცხოვრებიდან ის მაძლიერებს და ძალას მაძლევს.

- იმ ქვეყნიდან ბებო გაძლევს ძალას და გგულშემატკივრობს, მაგრამ ამ ქვეყანაში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შენ გვერდით დგანან?

– ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები. ქვეყნიდან ქვეყანაში დავრბივარ, ხან იმ კონკურსზე ვარ და ხან – ამ კონკურსზე და ამას ჩემი ქმარი მშვიდად უძლებს (იცინის). მას ჩემზე მეტად უხარია ჩემი წარმატება და გრან-პრი. 28 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს და ჩემს თავს ასეთი საჩუქარი გავუკეთე.

– კონკურსზე ძალიან ლამაზი მწვანე კაბა გეცვა, ქართული ნაციონალური ელემენტებით. ესეც შენი სახსრებით შეიძინე და შეარჩიე?

– სამოსი ჩემი გემოვნებით შევარჩიე, არავინ დამხმარებია, ვიქირავე და წავიღე. მწვანე კი იმიტომ შევარჩიე, რომ ბებოს ძალიან უყვარდა ეს ფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი