შოუბიზნესი

ვის გამო ჰქონდა ზურა გორგაძეს გარჩევები და როგორ მალავდა ის სერიოზულ პრობლემას

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.12, 2022 წელი

ზურა გორგაძე
დაკოპირებულია

მაყურებლისთვის საყვარელი ტელეწამყვანი, რომელიც პოზიტივთან და ხალისიან განწყობასთან ასოცირდება, გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველისთვის ამჯერად ბავშვობის ამბებით გაგვეცნო.

ზურა გორგაძე: ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე ბავშვი ვიყავი. არაფერს ვუშინდებოდი, ექსპერიმენტები და სიახლეები მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებები მქონდა, მაინც ძალიან აქტიური ვიყავი. შეიძლება, ითქვას, ჰიპერაქტიური. ყოველთვის ვახერხებდი თავის რეალიზებას არსებულ მოცემულობაში – იქნებოდა ეს სკოლა, უბანი, ჩემი რაიონი თუ სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი.

– სად დაიბადე და გაიზარდე?

– დავიბადე ქუთაისის სამშობიაროში. ქალბატონმა ავრორა ფირცხელიანმა და გოჩა გორგაძემ – ჩემმა მშობლებმა ივაჟკაცეს და მე მოვევლინე ქვეყანას (იცინის). ქუთაისი მხოლოდ დაბადების ადგილია, თორემ ზესტაფონში გავიზარდე, მთელი ბავშვობა იქ გავატარე.

– აქტიურობა რაში გამოიხატებოდა?

– ხომ არიან ბავშვები, რომელთაც მშობლები სთავაზობენ წრეებზე შესვლას ან რამის გაკეთებას, მაშინ ის დრო იყო, ბავშვს უნდოდა თუ არა, მშობლებს ძალით დაჰყავდათ ყველგან. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. მშობლებს არასდროს არაფერი დაუძალებიათ, არც დასჭირვებიათ, ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი. მინდოდა, სიმღერაზე მევლო, პიანინოზე დაკვრა მესწავლა, ცეკვა მესწავლა. შემოქმედებითი მიმართულებით თუკი რამე აქტივობა არსებობდა, ყველაფერს ვსწავლობდი. ვმღეროდი კიდეც და სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულად. იმ დროისთვის დიდ მიზნებსაც ვეჭიდებოდით. რაიონიდან დავდიოდი თბილისში კონკურსებზე, საერთაშორისო შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობდი და 7-8 დიპლომი მაქვს აღებული – პირველ ადგილს ვიკავებდი.

– მერე რა ბედი ეწია მომღერალ ზურას?

– გარდატეხის ასაკში ინტერესები იცვლება, ხმაც იცვლება, ვიზუალიც. ჩემთანაც მოვიდა ეს ქარტეხილები, მძაფრ ფერებში არა, მაგრამ ხმა ისე ლამაზად ჟღერადი აღარ მქონდა. ობიექტურად შევაფასე მდგომარეობა და გავჩერდი. მოგვიანებით შემეძლო გაგრძელება, მაგრამ სტუდენტობისას შევიძინე მეგობრები, რომლებიც პროფესიონალი მომღერლები იყვნენ და მათ ფონზე აღარ გამჩენია პროფესიონალური თვალსაზრისით სიმღერის პრეტენზია (იცინის). შარშან მე და ანდრია გველესიანმა ვიმღერეთ „ჯანაია“ ტელევიზიაში და მაყურებლისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მესიამოვნა. როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვიყენებ ჩემს ამ უნარს, განსაკუთრებით საახალწლო სიმღერების ჩაწერის დროს ტელევიზიაში, უფრო ადრე – რადიოში. ასე რომ, მივიწყებას არ ვაძლევ ჩემს ამ ნიჭს (იცინის). სხვათა შორის, ვაპირებ, ცოტა უფრო სერიოზული სახე მივცე ამას და გავაღრმაო ჩემი უნარები. მაგალითად, დღეს საღამოს გიტარის გაკვეთილი მაქვს, წრეებზე დავიწყე სიარული (იცინის). მე და თაკო ცეკვაზე შევედით, უნდა გავაპროფესიონალუროთ ჩვენი ცეკვა (იცინის). მეცინება ხოლმე, მეგობრებიც დამცინიან, რეპეტიტორი როდის უნდა აიყვანო სხვა რამეებშიცო (იცინის). რატომაც არა, ძალიან მოტივირებული ვარ, როდესაც მაყურებელი დადებით შეფასებებს არ იშურებს, პასუხისმგებლობაც გეზრდება მათ მიმართ და მოტივაციაც იმატებს. მინდა, კიდევ უკეთესი შევთავაზო, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ვიყო, რომ მაყურებლისთვის მოსაწყენი არ გახდეს.

– თქვი, ბავშვობაში მოუსვენარი ვიყავიო, აქ სიცელქეც იგულისხმება?

– ცელქიც ვიყავი და ენაკვიმატიც (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ვიყავი, ბავშვობაში გულზე პრობლემები მქონდა. ამიტომ ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა და რაღაც ჩარჩოებში მიწევდა ყოფნა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის სწავლა ძალიან მინდოდა, მხოლოდ ერთი თვე ვიარე. ქართული ცეკვა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული და ამიტომ ეს ოცნება ბავშვობაში ვერ ავიხდინე, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეს პრობლემა მოვაგვარე. 90-იან წლებში უჩვეულოდ რთული ამბავი მოაგვარეს ჩემმა მშობლებმა. მართლა შეუძლებელი შეძლეს და ოპერაცია გერმანიაში გამიკეთეს. მას შემდეგ სულ ვცდილობდი, იმის რეალიზება მომეხდინა, რაც მანამდე დამაკლდა.

– ძალიან პატარა ყოფილხარ, როცა ეს პრობლემა დაგეწყო, მაგრამ ასაკის მიუხედავად, კარგად ნიღბავდი, რომ მშობლებს არ ენერვიულათ.

– იმას, რაც მე მაწუხებდა, „ვეპევე“ სინდრომი ჰქვია. მდგომარეობა, როცა ემოციები ან ფიზიკური დატვირთვა იწვევს გულის ტაქიკარდიულ აჩქარებას, რაც აუტანელია. ასეთ დროს გემართება შეტევა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხსნილიყო კონკრეტული მედიკამენტით, საავადმყოფოში გადაყვანით და ასე შემდეგ. ეს ჩემი მშობლებისთვის იმდენად დიდი ტრაგედია იყო, იმდენად ნერვიულობდნენ ყოველ შეტევაზე, რომელიც შეიძლებოდა დამმართნოდა კვირაში რამდენჯერმე ან ხუთ თვეში ერთხელ, შეიძლებოდა, ერთი წელი ისე გასულიყო, არ დამმართნოდა, მაგრამ ამის მუდმივი მოლოდინი, ძალიან რთული იყო. თან, მოგეხსენებათ, მაშინდელი ჯანდაცვის სისტემა როგორიც იყო – პროცედურის დროს შეიძლებოდა შუქი წასულიყო. ეს მდგომარეობა ძალიან დიდ რისკებთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, მე ჩემი ბავშვური ჭკუით, როდესაც ეს შეტევა მემართებოდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ნახევარი საათი თუ ერთი საათი არ შემემჩნია, როგორღაც თავი შემეკავებინა და მშობლებისთვის არ მეთქვა. ველოდი, იქნებ თვითონ გაევლო, რომ მშობლებისთვის ნერვიულობა ამერიდებინა.

– გიჩნდებოდა პროტესტი, როცა ხედავდი, რომ სხვა ბავშვებს მსგავსი შეზღუდვები არ ჰქონდათ?

– არ მახსოვს ასეთი რამ, მიღებული მქონდა ეს რეალობა, სხვას სხვა პრობლემა ჰქონდა, მე – ეს, ამას ვაცნობიერებდი. არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ საკმაოდ შეგნებული ბავშვი ვიყავი (იცინის). ალბათ, გულის წყვეტა იყო, ვიღაც დადიოდა ცეკვაზე, მე კი ეს არ შემეძლო, მაგრამ პროტესტი – არა. დედაჩემი სვანია და სვანეთში ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. ჩემი ძმა რომ მიდიოდა იქ ზაფხულის არდადეგებზე, მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი, რადგან სვანეთი საერთოდ მოწყვეტილი იყო ყველაფერს და რამე რომ დამჭირვებოდა, დახმარების აღმოჩენა დიდ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ბუნებრივია, ამის ეშინოდათ ჩემს მშობლებს. თუ წავიდოდით, ყველა ერთად მივდიოდით და მაშინაც ცეცხლზე ვისხედით. კი, ამის გამო გული მწყდებოდა, მაგრამ საკმაოდ თავშეკავებული ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ, მორიგი შეტევის დროს საავადმყოფოში წამიყვანეს. თან ჩემი ძმა გვახლდა. ექიმებმა მას მოჰკიდეს ხელი და პალატაში შეჰყავდათ. ავერიეთ, რადგან ჩემი ძმა ისეთ ემოციებში იყო, ისე ნერვიულობდა, პაციენტი ის ეგონათ. ამ დროს მე აბსოლუტური სიმშვიდით, დინჯად შევდიოდი ხოლმე. ვცდილობდი, ემოციებით კიდევ უფრო არ გამემწვავებინა მდგომარეობა და მშობლები მეტად არ ამენერვიულებინა.

– როგორც ვიცი, ოპერაციაზე განსაკუთრებული ისტორიაც გადაგხდა თავს.

– ორი ოპერაცია დამჭირდა. პირველად გერმანიაში რომ წავედით, 11 წლის ვიქნებოდი. მეორე 14 წლის ასაკში გავიკეთე. პირველ ოპერაციაზე დედამ ჯვარი ჩამიდო ხელში. მიუხედავად ნარკოზისა, ხელი არ გამიხსნია. ოპერაციიდან რომ გამომიყვანეს, ჯვარი ისევ მეჭირა და ისე მქონია ჩაბღაუჭებული, ხელი ლამის ჩაჭრილი მქონდა. 8-9 საათი მიდიოდა ოპერაცია და მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშტი არ გამიშლია.

– როდის გამოემშვიდობე ამ პრობლემას?

– 14 წლის ასაკში, მეორე ოპერაციის შემდეგ. მაშინ ამ სინდრომის შესახებ, ევროპისთვისაც არ იყო კარგად ცნობილი. სამწუხაროდ, არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი. მახსოვს, სტატიაც დაიბეჭდა იმ ქალაქში, ამ ოპერაციას „ოქროს ნატყორცნი“ უწოდეს, ძალიან დიდი სირთულის ოპერაცია იყო და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

– ბავშვური სიყვარულებიც გავიხსენოთ, იყო ასეთი თავგადასავლებიც?

– კი, ასეთი თავგადასავალი ბაღშიც იყო და სკოლაშიც, მაგრამ მერე აღარ მქონია (იცინის). ბაღში ერთი ლამაზი გოგო მიყვარდა, მისი სახელიც კი აღარ მახსოვს (იცინის). სამაგიეროდ, მახსოვს, რომ ორსართულიან საწოლზე, ის ჩემს ქვემოთ იწვა და რომ დაეძინებოდა, თავს ჩამოვყოფდი და დავცქეროდი ხოლმე (იცინის). სკოლის პერიოდში ჩემი არა, სხვა სკოლელი მიყვარდა და იყო „რაზბორკები“ და ამბები ამის გამო. ის ზესტაფონის რაიონში სილამაზით გამორჩეული გოგო იყო და მის გამო ბრძოლები მიდიოდა (იცინის). თვითონაც უჭირდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ ბოლოს მაინც მე ამირჩია, თუმცა მერე გაგვყარა ბედმა ერთმანეთს (იცინის). ასე რომ, საერთო ჯამში, საკმაოდ ფერადი, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სირთულეებიც იყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან თბილად მახსენდება.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის დავით ბანცაძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა