შოუბიზნესი

ვის გამო აღარ გააჩნია ნინო მუმლაძეს პირადი ცხოვრება და რა შესთავაზა მას ნინო ნადირაძემ

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00

ნინო მუმლაძე
დაკოპირებულია

ყველასათვის საყვარელ მსახიობ ნინო მუმლაძისთვის ყოველი წამი გათვლილია. სამსახიობო კარიერის მიღმა არის ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი. ბავშვის გაჩენის შემდეგ მისთვის პირადი ცხოვრება, პრაქტიკულად, არ არსებობს, ცდილობს, ყოველი თავისუფალი წუთი შვილს დაუთმოს.

ნინო მუმლაძე: ჩემს პროფესიას დასაწუნი არაფერი აქვს, ანაზღაურების თემის გარდა, რა თქმა უნდა. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი პროფესია და ძალიან მაბედნიერებს ის, რასაც ვაკეთებ. მსახიობს არ აქვს ის ფუფუნება, ყოველთვის მისთვის სასურველ როლს თამაშობდეს, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ჩემთვის საინტერესო როლები მაქვს, ვარ ძალიან ბედნიერი. კიდევ ვამბობ, ანაზღაურების მხრივ, ჩვენს სფეროში სრული კატასტროფა ხდება და ეს ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, მქონია მომენტები, როცა მიფიქრია, ნეტა რამე სტაბილური და კარგი შემოსავალი მაშოვნინა და სულ წამოვიდოდი თეატრიდან-მეთქი. მაგრამ ის განცდები, რაც ჩემთვის სასურველი როლების შესრულების შედეგად ვიღებ, მაინც აბალანსებს და ვცდილობ, შემოსავლის თვალსაზისით დამატებითი ალტერნატივა გამოვნახო. რომ ვთქვა, ვინანე, ეს პროფესია რომ ავარჩიე-მეთქი, შემოქმედებითი ადამიანი ვარ და გამიჭირდებოდა ამდენი წელი სხვა რუტინაში ყოფნა.

– რას გულისხმობ ალტერნატიულ გზებში?

– ალტერნატიულ გზებში ვიგულისხმე სამსახიობო კარიერის მიღმა დამატებითი შემოსავალი. ზოგადად, კიდევ ვამბობ იმდენად მწირი ხელფასი გვაქვს მსახიობებს, ვცდილობთ, ალტერნატიული გზები გამოვნახოთ – დამატებითი შემოსავლის წყარო. ყველა ჩემი კოლეგა, პარალელურად, რაღაცას აკეთებს და მათ შორის მეც.

– კონკრეტულად შენ რას აკეთებ და საიდან გაქვს დამატებითი შემოსავალი?

– პირველ რიგში, ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ არის საშუალება კორპორატიული საღამო წავიყვანო, ეს არის ჩემი დამატებითი შემოსავლის წყარო. მეორე – ხანდახან ვცდილობ, მანქანა გავაქირავო და იქიდან მქონდეს დამატებითი შემოსავალი. ზოგადად, სამწუხაროდ, არ მაქვს სტაბილური შემოსავალი ჩემი თეატრის ხელფასის გარდა, მაგრამ სულ ვცდილობ, აქტივობით ვიყო დაკავებული და გავაკეთო ისეთი რამ, რაც ჩემს ფინანსებს წაადგება. ბევრი მეუბნება, რატომ არ ხარ სოციალურ ქსელში აქტუალური, რადგან შეიძლება აქედან შემოსავალი გქონდესო. ამას წინათ ვიდეო დავდე, სადაც ვსაუბრობდი, არ მცალია ინფლუენსერი რომ გავხდე-მეთქი და მას ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ამას დიდი შრომა სჭირდება. არ ხდება ისე – დღეს ვარ ხასიათზე და ჩავწერ ვიდეოსო. რეალურად ინფლუენსერობას დიდი დრო, ენერგია და თავის გადადება უნდა. ჩემ გარშემო რომელ ინფლუენსერსაც ვიცნობ და აქედან აქვს შემოსავალი, ამ საქმეს როგორც სამსახურს, ისე სერიოზულად უდგებიან და დიდ დროს უთმობენ. ჩემს სამსახურს კი იმხელა დრო მიაქვს, პლუს ამას ბავშვი, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელს დიდი დრო დავუთმო, შეუძლებელია! თან, ტიპიც უნდა იყო, რადგან მე მსახიობობა სიამოვნებას მანიჭებს და იმ ადამიანებს კი ის ანიჭებთ სიამოვნებას, რომ იღებენ ვიდეოებს და საკუთარი თავს წარადგენენ. ალბათ, ზოგს გაუკვირდება, მსახიობ ქალს, როგორ შეიძლება, ეს გაუჭირდესო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს და მიჭირს ჩემი ყოფის გადმოფენა ინტერნეტსივცეში. ერთია, პერსონაჟი შექმნა და ითამაშო კამერის წინ და სულ სხვაა საკუთარი ცხოვრება გააშიშვლო და საჯაროდ გამოფინო. ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია.

– ეს გასაგებია, მაგრამ არასოდეს გიფიქრია საკუთარი ბიზნესი წამოგეწყო? ვიცი, რომ კარგი კონდიტერი ხარ, ცხობა გეხერხება და მაგალითად, საკუთარი საკონდიტრო რომ გაგეკეთებინა?

– იმისთვის, რომ ბიზნესად ვაქციო საქმე, რომელიც კარგად გამომდის, მთლიანად უნდა ჩავდო ამაში ჩემი დრო და ენერგია. მე, ისეთი სამსახური მაქვს, მსგავსი ბიზნესის შეთავსება ძალიან რთულია. მცხობელად ვერ დავდგები, რადგან დღე და ღამე იქ უნდა იყო, რომ მსგავსი ბიზნესი გააკეთო, საკონდიტროს ვგულისხმობ. შენს თავზე რომ არ აიღო ეს ყოველდღიური რუტინა და გყავდეს მუშახელი, უბრალოდ, ორგანიზება რომ გააკეთო, უნდა იყო დამფუძნებელი, ამ მხრივ კი, ფინანსები გჭირდება, რომელსაც ამ საქმეში ჩადებ. ეს ფინანსები კი ნამდვილად არ მაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა ჩემი კაფე, მაგრამ ესეც დიდ ფინანსებთან და იმავდროულად, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მე არასოდეს არანაირი ბიზნესი არ მქონია და როცა არ ხარ გარკვეული, გვერდით გჭირდება მცოდნე ადამიანი ან ვისთანაც პარტნიორობას შეძლებ და შესაბამისად ფინანსები, რასაც იმ საქმეში ჩადებ. ამ ეტაპზე კი ჩემს ოცნებას ახდენა არ უწერია. ერთი სიტყვით, არ გამოჩნდა ჩემთვის ის ფინანსური ბაზა, რომლითაც სამსახიობო კარიერის პარალელურად, შევძლებდი რაიმე საქმის წამოწყებას. თან, ბავშვი რაც იზრდება, მით მეტი უნდა. ძალიან მეხმარებიან ოჯახის წევრები. ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა: ხომ არის თქვენი საქმე, ბავშვი და კიდევ თქვენი პირადი ცხოვრებაო და ძალიან გამეცინა (იცინის). ხელი ავწიე და ვკითხე: რომელ პირად ცხოვრებაზე მელაპარაკები, შემომხედე ფრჩილებზე, რამდენი ხნის გასაკეთებელი მაქვს-მეთქი (იცინის). ძალიან რთულია თავის მოვლისთვის დროის გამონახვა და ამიტომ ვცდილობ, სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად მოვუარო, რადგან სალონში ჯდომის ფუფუნება ნამდვილად არ მაქვს.

– სოციალურ ქსელში დადე ვიდეო, სადაც საუბრობდი იმაზე, რომ ბევრი რამ სცადე, მაგრამ წონაში ვერ დაიკელი და ახლა ქირურგიული ჩარევით გსურს ზედმეტი კილოგრამების მოშორება. გინდოდა, ფინანსური კუთხით გარკვეული შეღავათი გაგეკეთებინა, რადგან ძვირი ღირს და ამ საკითხით ერთ-ერთ კლინიკასაც მიმართე, თუმცა უარით გამოგისტუმრეს.

– ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე და არ ვიმუშავო, ჩემს შვილს ვინ აჭმევს? მოკლედ, ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ დავჯდები ფეხი ფეხზე გადადებული. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორად კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა. კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს „ცუდი“ რაღაცები ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს, ხელს უშლის დაკლებას და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ, აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. მშობიარობის მერეც ხდება ჰორმონების არევა, ზოგი ქალი წონაში იმატებს, ზოგი იკლებს და ერთი სიტყვით, ამ ბრძოლაში ვარ (იცინის). მიშიმშლია კიდეც, ათასგვარი დიეტა მიცდია, მაგრამ ზედმეტი წონის რეგულირებას ჩემით ვეღარ ვერევი. მოკლედ, გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, რომლის დროსაც ხდება კუჭის დაპატარავება, მაგრამ ბარიატრიაზე ბევრად მარტივი პროცედურაა და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ხდება სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას და ჩამოწელვას იწვევს.

თან, რაც ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ნაკლებ დროში ხდება რეაბილიტაცია. მივედი, ვესაუბრე კლინიკის მენეჯერს, შემდეგ კლინიკის წარმომადგენელს, მათთან ენდოსკოპიური მაგრამ, ბარიატრია ბარტერით ჩამეტარებინა, უარი მივიღე, სამწუხაროდ უარი მივიღე რეკლამაზეც და ზოგადად, შეღავათზე ფინანსური კუთხით. ეს ოპერაცია 17 ათასი ლარი ჯდებოდა, თან, არცერთი დაზღვევა არ აფინანსებ, არც კერძო და არც სახელმწიფო. მეგონა, დაინტერესდებოდნენ, რადგან ამ მეთოდის შესახებ არ იცის ფართო საზოგადოებამ, ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩამიტარებდნენ და ამით იქნებოდა ჩემი შეთავაზება მათთვის მისაღები, თუმცა შევცდი. სხვათა შორის, ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ჩემს ტელეფონზე ზარი და ჩემდა გასაკვირად, დამირეკა კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენელმა. მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს, დაიბარეთ კლინიკაში და გავუკეთოთ რაც სჭირდება, ჩვენს კლინიკაში უსასყიდლოდ მოემსახურეთო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა. კონსულტაციაზე მივალ და აუცილებლად პირადად გადავუხდი დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი