შოუბიზნესი

ვინ სთხოვს ანა ხაჩიძეს მადონას ხმით საუბარს და რატომ არ ჰყვარებია მას აქამდე არავინ

№23

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 13:55 14.06

ანა ხაჩიძე
დაკოპირებულია

ანა ხაჩიძე მაყურებელმა იუმორისტული გადაცემიდან გაიცნო. ანა პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა იუმორთან ყოველთვის მეგობრობდა და ბავშვობიდან მოყოლებული „კავეენის“ აქტიური მოთამაშე იყო.

ანა ხაჩიძე: ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი და შესაბამისად, აკადემიური მოსწრებაც კარგი მქონდა. პარალელურად, სპორტით ვიყავი დაკავებული. ბორჯომში რაც კი რამე წრე იყო, ყველგან დავდიოდი. აქ მხოლოდ ქართული ცეკვები არ ითვლება. სამწუხაროდ, ამის ნიჭი არ აღმომაჩნდა, რაზეც ძალიან მწყდება გული.

ვიყავი თეატრალური დასის წევრი. გარდა ამისა, ბორჯომის ტელევიზიაში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილ პროექტში ჩავერთე. როგორც ჟურნალისტები, ისე ვმუშაობდით. ჯერ გვასწავლეს, შემდეგ გადაცემებისა და ინტერვიუების მომზადება დავიწყეთ. მერე, როცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა, პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე.

– სკოლაში კარგი მოსწავლე იყავი, უნივერსიტეტშიც ასე გაგრძელდა?

– კი, კარგად ვსწავლობდი. ჩემთვის ეს თითქოს ბუნებრივი მოვლენა იყო. დედა მასწავლებელი მყავს, მამა ენერგეტიკოსია და სულ გამოცდებშია. მშობლებს ჩემთვის ან ჩემი დებისთვის არასდროს მოუთხოვიათ, რომ დავმსხდარიყავით და გვემეცადინა. უკვე დიდი ვიყავი, როცა უკეთ გავიაზრე ამ გამონათქვამის მნიშვნელობა, „ბავშვი ოჯახის სარკეაო“. რასაც ვხედავდით მშობლებისგან, ჩვენც იმავეს ვიმეორებდით და ამიტომ სწავლასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონია. მე ღამით მიყვარდა მეცადინეობა და მხოლოდ ამასთან დაკავშირებით იყო პრობლემა (იცინის). სკოლის დამთავრება ცოტა ადრე მომიწია. მაშინ 12 კლასი იყო, მაგრამ რადგან ასაკი ხელს მიწყობდა, გადავწყვიტე, ექსტერნად ჩამებარებინა. უნივერსიტეტში მასშტაბები ძალიან გაიზარდა, თუმცა, ჩემთვის იქაც ძალიან კომფორტული იყო სწავლის პროცესი. ბევრი მეგობარიც შევიძინე.

– მაგრამ მერე მიმართულება შეიცვალე.

– ჟურნალისტიკაზე სწავლის პროცესში მივხვდი, რომ კლასიკური გაგებით, ჟურნალისტობა აღარ მინდოდა და სხვა მიმართულებით წავედი. ჩემი ფაკულტეტი იყო ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები. ვსწავლობდი პიარს და მარკეტინგსაც და ზუსტად აქ ვიპოვე ჩემი ინტერესის სფერო – საზოგადოებასთან ურთიერთობა. მერე მაგისტრატურაზე ამ მიმართულებით ჩავაბარე „ჯიპაში“.

– მუშაობ ამ მიმართულებით?

– კი, ეს არის პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. სწავლის დამთავრების შემდეგ ამ პროფესიით დავიწყე მუშაობა და დღემდე ვაგრძელებ. კერძო სკოლაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ. ამ პროფესიაზე უარს ვერ ვიტყვი.

– პარალელურად „კავეენსაც“ თამაშობდი...

– გაგიკვირდებათ, მაგრამ „კავეენი“ ქიმიის მასწავლებელმა, ნანა ლორთქიფანიძემ სკოლის პერიოდში შემაყვარა. ქიმიაც შემაყვარა და „კავეენიც“ (იცინის). უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, იქ უკვე რეზო ბლიაძე დამეხმარა და მისი დამსახურებით თსუ-შიც გავაგრძელე თამაში.

– როდესაც პატარადან დიდ ქალაქში გადახვედი, იყო შიში, რომ არ დაკარგულიყავი?

– ბორჯომი პატარა ქალაქია და იქ გინდა არ გინდა, აქტიური რომ ხარ, ბევრ ადამიანს იცნობ, შენც ბევრი გიცნობს, კარგი მოსწავლე რომ ხარ, ყველას უყვარხარ. მერე უცხო გარემოში რომ მიდიხარ, შეიძლება; ცუდი ნათქვამია, მაგრამ იქ არავინ ხარ, მხოლოდ ერთი რიგითი სტუდენტი. არ ვიცი, ამის გამო იყო თუ რის, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა მოწყენა შემატყვეს. დეიდა მიხვდა, რომ მთლად ისე ვერ იყო რაღაც, როგორც უნდა ყოფილიყო. დამსვა და მითხრა, ეს გარდამავალი ეტაპი ბუნებრივია, ამან არ უნდა შეგაშინოს, მიჩვეული ხარ ყურადღებას, აქ ეგ მოგაკლდა, მაგრამ ეცადე, ეს დაძლიო. შენს ადგილს აუცილებლად იპოვი, უბრალოდ, ამას გარკვეული დრო დასჭირდებაო.

– როგორ დაბრუნდი ტელევიზიაში, მაგრამ ამჯერად იუმორისტის ამპლუაში?

– რამდენიმეწლიანი წყვეტა მქონდა „კავეენში“, როცა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ „შაბათის შოუსთვის“ ეძებდნენ მსახიობ გოგოს, ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა და თუ დავინტერესდებოდი. როგორც მერე გავიგე, ვანო ჯავახიშვილს უნახავს ჩემი ვიდეოები და გადაუწყვეტავს ჩემი ნახვა. ასე გავხდი ამ გუნდის ნაწილი. დღეს ეს გუნდი ჩემი ოჯახია. ეს არ არის მხოლოდ სამსახური. მადლობელი ვარ, რომ ამ ოჯახში მიმიღეს და პირველივე დღიდან განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდნენ.

– თვითონ როგორ მიიღე პოპულარობა?

– ისეთ სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისგან, არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს სასიამოვნო არ იყოს.

– პერსონაჟებთან თუ გაიგივებენ? გთხოვენ ხოლმე მათ გამეორებას?

– ყველაზე პოპულარული ახლა მადონაა. ეს ცოტა არასწორი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი ქალბატონი (იცინის). ძალიან უყვართ და ხშირად მთხოვენ მისი ხმით ვისაუბრო. არადა, მისი იმიტირება ჩვეულებრივ ცხოვრებაში ცოტა უხერხულია (იცინის). მაგალითად, ერთმა ბავშვმა მთხოვა ქუჩაში, გეხვეწები მადონას ხმით დაილაპარაკეო და დედა ეჩხუბა, როგორ იქცევიო (იცინის). ასეთებიც ხდება. მადონას ძალიან ხშირად მეძახიან, ამას უკვე მივეჩვიე (იცინის).

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ალბათ, მადონას ცხოვრებაში უფრო ხდება რამე, ვიდრე ჩემთან (იცინის). ამ მიმართულებით ყველაზე მოსაწყენი ვიქნები, რადგან ამდაგვარი არაფერი ხდება. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ შეყვარებული არ ვარ.

– არც აქამდე ყოფილხარ?

– არა. ველოდები, ჯერ არ გამომიცდია ეს გრძნობა და ეს, ალბათ, სამწუხაროა (იცინის).

– როგორ გგონია, განსაკუთრებული მოთხოვნები და კრიტერიუმები გაქვს და ეს არის მიზეზი?

– გამორჩეული კრიტერიუმები არ მაქვს, უბრალოდ, სწორ ადამიანს ველოდები. სწორი ადამიანი კი ვისთვის როგორია. ჩემთვის ეს ნიშნავს სწორ ღირებულებებს ცხოვრებაში. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ასპროცენტიანი თანხვედრა უნდა გვქონდეს ღირებულებებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ მთავარი ფასეულობები ერთნაირი გვქონდეს და თვისებებითაც ვგავდეთ.

– როგორი ადამიანი ვერ წარმოგიდგენია გვერდით?

– ჩემ გვერდით ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სხვას, სხვის უფლებებს, სხვის აზრს, სხვის თავისუფლებას პატივს არ სცემს.

– რამდენად კეკლუცი გოგო ხარ ბიჭებთან ურთიერთობაში თუ უფრო პასიურ როლში გირჩევნია ყოფნა?

– ძალიან პასიური ვარ და ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ ამ მხრივ ყველაზე უინტერესო რესპონდენტი ვარ (იცინის). ჩემი მეგობრებიც აღნიშნავენ ხოლმე, რომ პასიური ვარ. ჩემი კომფორტის ზონა მაქვს შექმნილი და ამ მომენტისთვის აქედან გამოსვლა არ მინდა. ამაზე ვიცინი ხოლმე, ვამბობ ამ მომენტისთვის-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად ასეთი ვიყავი 15 წლის ასაკშიც, 25 წლისაც და ასეთი ვარ დღეს – 30 წლის. არ დამთავრდა „ეს მომენტი“. ხომ ამბობენ, ახალგაზრდა რომ ხარ, თავში გიქრისო და ეს მომენტი არცერთ ასაკში არ მქონია (იცინის). მგონი, ცუდია და რაღაც უნდა შევცვალო (იცინის). თუმცა, რეალურად, ეს ბუნებრივი უნდა იყოს, ხელოვნურად სხვანაირი ვერ გავხდები. ხელოვნურად ვერ დავიწყებ კეკლუცობას ან აქტიურობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ მაქვს ეს თვისებები.

– როგორი ოჯახის წევრები გყავს, ამბობენ: ანა, უკვე დროაო?

– არა, ძალიან გამიმართლა ოჯახში. პირიქით, მამა სულ იმას გვეუბნება, თქვენ უნდა იყოთ ბედნიერები და ურთიერთობაში იქნებით თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. სამი და ვართ, ახლა უფროსი გათხოვილია, მაგრამ სანამ გათხოვდებოდა, ერთხელ ნათესავი შეგვხვდა გზაში და მამას ჰკითხა, შენ სამი გასათხოვარი გოგო გყავს, ხოო?! მამა ძალიან გაბრაზდა ამაზე. ადამიანი, რომელიც არასდროს არავის აწყენინებს და ხმას არ აუწევს, ისე გაბრაზდა, რომ ცოტა უხეშად მიუგო, მე გასათხოვარი გოგონები არ მყავსო. ჩვენი, სამივე დის ძალიან დიდი ზურგია ჩვენი ოჯახი, ყველაფერში და განსაკუთრებით ამ საკითხში. მამა შეიძლება, ჯანსაღად გაგვეხუმროს, მგონი მართლა არაფერს ფიქრობთ გათხოვებაზეო, ეს არის და ეს, სხვა მხრივ, პირიქით, მისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი