ვინ შეურჩია პროფესია ცისია მეტრეველს და რა პრიზის მფლობელი გახდა ის ამერიკის კინოფესტივალზე
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 27.08
მსახიობი ცისია მეტრეველი ზედმეტად სამართლიანი, გაწონასწორებული და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მას თვისებების დამახასიათებელი შტრიხები გენეტიკურად დაჰყვა და ამით ამაყობს. ამბობს, რომ მისი პროფესია – მსახიობობა, მოდუნების საშუალებას არ აძლევს, სულ ფორმაში უნდა იყოს და როცა სარკეში იყურება, იქიდან ცხოვრებისეულად გამოცდილი ცისია უყურებს, იგივე ხასიათით, რაც დაბადების მომენტში დაჰყვა. წლებმა მას გამოცდილება მოუტანა, თუმცა შინაგანად ვერ შეცვალა.
ცისია მეტრეველი: წარმატების მიღწევისთვის არასოდეს მიზრუნია, ყოველთვის თავისთავად მოდიოდა ყველაფერი. ალბათ, ეს ჩემი ხასიათის, იღბლისა და გამართლების დამსახურებაა. ზოგადად, იღბლის ძალიან მჯერა. ვფიქრობ, მიუხედავად ნიჭიერებისა და დიდი შრომისა, ადამიანის წარმატებაში იღბალი დიდ როლს ასრულებს. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ასევე შემოქმედებით საქმიანობასაც. შრომისა და თავდადების გარეშე არცერთ პროფესიაში არაფერი არსებობს, მაგრამ თუ ამას იღბალიც ემატება, ეს სამი, სინთეზში, გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბედნიერი ვარ, რადგან საოცარ გარემოცვაში გავიზარდე, მაქვს ოჯახი, რომელიც ჩემი ნავსაყუდელია, მაქვს პროფესია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ჩემი საყვარელი საქმე და მყავს შესანიშნავი მეგობრები.
– რამდენად გაგიმართლა, რომ პროფესიად მსახიობობა აირჩიე და ბავშვობაში რა გინდოდა გამოსულიყავი, რაზე ოცნებობდი?
– არ მიფიქრია მსახიობობაზე. პატარაობიდან სცენას ვიყავი შეჩვეული, 5 წლიდან ვცეკვავდი, მაგრამ პროფესიად იურისტობა მინდოდა ან ჟურნალისტიკა. რაღაც მომენტში ფილოლოგობაც მინდოდა. სხვათა შორის, ყველას უკვირს, ისტორია რომ ასე კარგად ვიცი. დედის მხარე ისტორიკოსები მყავს, ყოველთვის მაინტერესებდა და კარგადაც ვიცი. მიყვარს კვლევა, სიახლეების მოძიება. დღემდე ეს ინტერესი არ გამნელებია და ალბათ, გენეტიკის ბრალია (იცინის). მეათე კლასში რომ ვიყავი, 90-იან წლებში, ოთარ კობერიძე იღებდა ისტორიულ ფილმს „შვიდი ქართველი“, სადაც მე ვთამაშობდი მთავარ, თეკლას როლს. ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ, მათ შორის ლევან აბაშიძეც. მამიდაჩემი ციალა, მედეა ჯაფარიძის დაქალი იყო და ხელოვნების წარმომადგენლებთან მეგობრობდა. სწორედ მან მიმიყვანა კონკურსზე, საიდანაც ამ როლზე მოვხვდი. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ბატონმა ოთარმა ეს ფილმი ვერ გადაიღო. სხვათა შორის, 1994 წელს, როცა გავთხოვდი, მაშინაც აპირებდა გადაღებას ბატონი ოთარი, მაგრამ მაშინაც, ფინანსების არქონის გამო ვერ შედგა გადაღებები. მოკლედ, სკოლა რომ დავამთავრე, მამიდამ მთხოვა თეატრალურზე ჩაბარება. თავად უნდოდა მსახიობობა და ეს სურვილი ვერ აისრულა, სამაგიეროდ, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს მსახიობი ვარ. არ ვნანობ მსახიობობა რომ ავირჩიე, თუმცა, კარგი იქნებოდა, სხვა პროფესიაც მქონოდა, რომლითაც უფრო მყარად ვიქნებოდი.
– მაგალითად, რომელი?
– მსახიობობა დამოკიდებული პროფესიაა, შეიძლება, როლის ლოდინი დიდხანს მოგიწიოს. მეორე პროფესიად კი ავირჩევდი ისეთს, რომელიც ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული და არა სხვაზე. მაგალითად, ვიქნებოდი მსახიობი და იმავდროულად, ადვოკატი. ბავშვობიდან დაჩაგრულის ქომაგი ვარ, ამაში ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, არ შემიძლია, უსამართლობა და ვფიქრობ, კარგი ადვოკატი ვიქნებოდი. ამაში, რაჭული გენეტიკაც დამეხმარებოდა (იცინის).
– ახლახან, პრიზი მოგენიჭა – ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ქალად დაგასახელეს. მინდა, მოგილოცო და კიდევ ბევრი წარმატება გისურვო.
– უღრმესი მადლობა! წელიწად-ნახევრის წინ, გვქონდა ორდღიანი გადაღებები. სოფო ბერიშვილის სადებიუტო ფილმია, სახელწოდებით – „ილუზია“. სიურრეალისტური დრამაა, საინტერესო სცენარით. მე და ალეკო ბეგალიშვილი ვთამაშობთ ცოლ-ქმარს. ამ ფილმისთვის სპეციალურად შექმნა მუსიკა ზაზა მარჯანიშვილმა. ფილმი წარდგენილი იყო უცხოეთში ფესტივალებზე და დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიუ-ჯერსის ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ერთ-ერთი ნომინაცია მე ავიღე – „მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელი მსახიობი“. წარმოიდგინეთ, ამერიკის ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა: აიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის, საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის, საუკეთესო ოპერატორის, საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის პრიზები. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ქართულმა ფილმმა ასეთი აღიარება მოიპოვა. სხვათა შორის, სან-დიეგოშიც აიღო ფილმმა პრიზი და ასევე, სოფომ, როგორც დებიუტანტმა რეჟისორმა. კიდევ ბევრ ფესტივალზეა წარდგენილი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებულია.
– ცისია, ადრეულ ასაკში გათხოვებამ პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ შეგიშალა?
– მეორე კურსი რომ დავხურე, 18 წლის ასაკში გავთხოვდი და ჯვარი დავიწერე. ვფიქრობ, ნაწილობრივ შემიშალა ხელი ადრეულ ასაკში გათხოვებამ. საკურსო სპექტაკლი ფეხმძიმემ ვითამაშე, კანკანს ვცეკვავდი და გიზო ჟორდანიამ უთხრა რეჟისორს: მეტად რატომ არ დატვირთე ეს გოგოო. დათო კობახიძემ, რეჟისორმა უთხრა: ბატონო გიზო, მეცხრე თვეშია გოგო და აქ ხომ არ ვამშობიარებთო (იცინის). მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა და სადიპლომო სპექტაკლზე, რეპეტიციებიდან სახლში გავრბოდი, დავხედავდი ბავშვს, ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი რეპეტიციაზე. მოკლედ, მეუღლემ და მშობლებმა ძალიან შემიწყვეს ხელი.
– წარმოშობით რაჭველი ხარ. რა დაგყვა ხასიათში გენეტიკურად?
– დედით ქისტი ვარ, მამით – რაჭველი და ჩემს ხასიათში ამ ორი გენეტიკის თანხვედრაა. რაჭველები ძალიან სამართლიანები არიან, თუმცა გულჩვილები. რომ ამბობენ, რაჭველი ქალები ავები არიანო, არანაირად, უბრალოდ, კაცებზე მეტად ემოციურები არიან და არ უყვართ ზურგს უკან ქილიკი და ლაპარაკი. ურჩევნიათ პირდაპირ უთხრან ადამიანს, რასაც მასზე ფიქრობენ. მე, პირადად, არასოდეს შემქმნია პრობლემა ჩემი პირდაპირობით, ვცდილობ, მოზომილი ვიყო. სიმართლეს რომ ეუბნები ადამიანს, არ უნდა ატკინო გული და მიაყენო შეურაცხყოფა, იქაც კი ზომა და წონა უნდა დაიცვა, ეთიკურ ფორმებში უნდა მოექცე, ჩარჩოებს არ უნდა გასცდე. ჩემი დევიზი ყოველთვის ესაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან