ვინ გაუშვა საკუთარი ცხოვრებიდან მარიკა თხელიძემ და რა ასწავლა მას მტკივნეულმა გამოცდილებებმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.04

საკუთარი დაბადების დღე, ალბათ, ადამიანთა უმეტესობისთვის გამორჩეულად საყვარელი დღეა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მომღერალი მარიკა თხელიძეც, რომელიც ყოველ წელს ცდილობს, ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროს.
მარიკა თხელიძე: დაბადების დღე 12 მარტს მაქვს და მას შემდეგ, რაც საკუთარი დაბადების დღის მნიშვნელობა გავიაზრე, განსაკუთრებულად მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნო. მაგალითად, წელს, სპონტანურად გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად ბათუმში წავსულიყავი, სადაც მეუღლესთან, დედასთან და ჩემს ორ შვილთან ერთად არაჩვეულებრივად აღვნიშნე. ადრე უფრო დიდ დაბადების დღეებს ვიხდიდი ცენტრებსა თუ რესტორნებში. ახლა, ძირითადად, ოჯახურ წრეში და მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნავ.
– ორივეს თავისი ხიბლი აქვს...
– მართლა ასეა. საერთოდ, მე მიყვარს ხალხმრავლობა. უბრალოდ, ყოველთვის ერთი და იგივე განწყობა არ გაქვს. წელსაც სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ არ მოვინდომე და საქმე ბოლომდე არ მივიყვანე. მინდოდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადამეხადა, თავისი წითელი ხალიჩით, საღამოს კაბებით, სცენით, სიმღერით, რაც ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ბოლო ორი წელია, ეს სურვილი მაქვს და ორგანიზება ვერ მოვახერხე. თითქოს, მეზარება. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნით ადრე ვიწყებ ფიქრს და ორგანიზებისთვის საკმარისი დრო უკვე აღარ არის. აი, მართლა რომ გადავწყვეტ, რამდენიმე თვით ადრე დავიწყებ დაგეგმას, რომ ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანო. სავარაუდოდ, შემდეგ წელს ასეც მოვიქცევი (იცინის). ჩემი შვილებიც გაიზარდნენ. ნიკოლოზი ცხრა წლის ხდება, ვივიენი 2 წლის და 3 თვის არის. მომავალ წელს უფრო დიდები იქნებიან და მიხარია, რადგან პირველ რიგში, მინდა, რომ ეს დღე მათთვის იყოს სასიამოვნო. ჩემთვის მთავარი მათი კარგად ყოფნა და გახალისებაა.
– დაბადების დღის ემოციები თუ შეიცვალა ბავშვობიდან დღემდე?
– არა, მე შევინარჩუნე ეს ემოციები. რომ ამბობენ ხოლმე, ჩემი დაბადების დღე არ მიყვარსო, მათ ნაცვლად მე მწყდება გული და სულ ვეკითხები მიზეზს. თუ ამ დღესთან დაკავშირებით ცუდი მოგონება აკავშირებთ ან რამე მსგავსი მიზეზია, მაშინ მესმის, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა შემთხვევაში- – არა. ღვთის წყალობით, ჩემს დაბადების დღესთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. დღემდე ძალიან მიყვარს და სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე 12 საათის დადგომას. ჩემი ოჯახი ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ დღეს განსაკუთრებული განწყობა მქონოდა და ალბათ, ამანაც განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება.
– ერთი რომელიმე დაბადების დღე თუ გახსოვთ გამორჩეულად?
– ყველა კარგად მახსოვს, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მომავალ წელს იქნება, თუ ჩემს გეგმას განვახორციელებ. ახლა უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ, დიდი გამოცდილება დავაგროვე, ჩემში მნიშვნელოვანი გადაფასებები მოხდა და ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასია ამ დღის ყველა იმ ადამიანთან ერთად აღნიშვნა, ვინც ახლა ჩემ გვერდითაა. ხომ იცით, ცხოვრება მიდის, ზოგი ტოვებს შენს ცხოვრებას, ზოგი შენ გვერდით რჩება. მათთან ერთად, ვინც დღეს ჩემთან ერთად არის, ანუ, ნამდვილი მეგობრები, ვისთანაც გულწრფელი ურთიერთობა მაკავშირებს, ყველაფერი კიდევ უფრო გამორჩეულია. ამ წლების განმავლობაში ზოგიერთ ადამიანს დავემშვიდობე. მათ მეგობრებსაც ვერ ვუწოდებ, რადგან მეგობრობას ურთიერთობის ყველანაირი ფაზა გადააქვს. ჭირშიც და ლხინშიც თანაზიარები ხართ.
– რა ცვლილებებს ატყობთ საკუთარ თავს წლების მატებასთან ერთად?
– შვილებთან ურთიერთობაში სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ, ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვიყო. ვცდილობ, მათ ჩემი ყურადღების დეფიციტი არ ჰქონდეთ. ბოლო ერთ წელიწადში კიდევ უფრო შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვიბადებით დედებად, ყველაფერი გამოცდილებაა, პრაქტიკაში მოდის ცოდნა. ხშირად ვუსმენ ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემ ადამიანს – შალვა ამონაშვილს, ვცდილობ, მისი რჩევები გავითვალისწინო. ასევე, ჩემი უფროსი შვილი, ნიკოლოზი ძალიან კარგ სკოლაში სწავლობს და მისი საოცარი მასწავლებლების ხელშეწყობით ვაბალანსებ მასთან მიდგომებს. შვილებთან ურთიერთობაში საკუთარ მეს არ ვწევ წინა პლანზე, ვცდილობ, მათ მოვუსმინო, რჩევაც ვკითხო და მათი აზრიც გავითვალისწინო.
მთელი ცხოვრება მინდოდა, სრულფასოვანი, შეკრული მოსიყვარულე ოჯახი მქონოდა, რომელშიც ოჯახის წევრები ყველაფერში ერთმანეთს უდგანან გვერდით. მე უმამოდ გავიზარდე. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ის აფხაზეთის ომში დამეღუპა. ალბათ, მას შემდეგ ჩამებეჭდა გონებასა და გულში ეს სურვილი.
ადრე, როცა შემოქმედებით ზენიტში ვიყავი, უფრო ნაკლები დრო მქონდა – მუდმივად რთული რეჟიმი, სტრესული ყოველდღიურობა... რაც ოჯახი შევქმენი, ჩემი ღირებულებები სხვა მიმართულებით წავიდა, ოჯახს მეტ ყურადღებას და დროს ვუთმობ.
რა თქმა უნდა, სიმღერაც მნიშვნელოვანია და ახლახან მე, ნინი ქარსელაძემ და „ქუჩის ბიჭებმა“ ახალი სიმღერა ჩავწერეთ. კიდევ ორი სიმღერის ჩაწერა მაქვს გეგმაში, ანუ შემოქმედებას არ ჩამოვშორებივარ. ბოლო პერიოდში ხშირად მეკითხებიან ამის თაობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად ვჩანდი. ამას თავისი მიზეზი აქვს, ჩემი შვილის გაზრდაზე ვიყავი ორიენტირებული. ვეცადე, ვივიენი მე გამეზარდა. ნიკოლოზზე ბოლომდე ვერ ავიღე ეს პასუხისმგებლობა. მაშინ ბევრს ვმუშაობდი. ახლა მუდმივი სამსახური არ მაქვს, პლუს უკვე არაჩვეულებრივი ძიძაც მეხმარება და ვცდილობ, შემოქმედებითადაც გავაქტიურდე.
ჩემს შვილებს ძლიერი დედა ჰყავთ, მაგრამ მინდა, რეალიზებულიც ჰყავდეთ. მინდა, ჩემი შვილები სიყვარულით გავზარდო, მათთვის მაგალითის მიმცემი და დიდი მეგობარი ვიყო. ალბათ, ყველას მოსწონს, როცა დედას თავის საქმე აქვს და ამ საქმეში ის წარმატებულია.
– ადამიანებთან ურთიერთობაში თუ შეიცვალეთ კარგი თუ ცუდი გამოცდილებების შედეგად?
– ძალიან შევიცვალე. რაც მეორედ დავოჯახდი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გამოიკვეთა. კარგად გამოჩნდა, ვისთან ურთიერთობა იყო ღირებული და გამოიკვეთნენ ადამიანებიც, რომლებიც ჩემ გვერდით არ უნდა ყოფილიყვნენ. ცხოვრებამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ფილტრაცია მოხდა. სულ მეუბნებოდნენ, დადგება შენს ცხოვრებაში მომენტი, როცა შენ გარშემო მყოფი ადამიანები გაიფილტრებიანო. სიმართლე გითხრათ, ადრე ამის შიში მქონდა. რატომღაც მჯეროდა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა. თურმე, ეს გარდაუვალია. სინამდვილეში, ამის წყალობით პიროვნულად ძალიან გავიზარდე. ვცდილობ, მიმღებლობა მქონდეს, როცა რამე ხდება, ვინმეს დასადანაშაულებლად ხელი არ გავიშვირო, დავფიქრდე, კარგად გავიაზრო, ღირს თუ არა გაბრაზებად, ემოციებს არ ავყვე. ადრე ძალიან ემოციური ვიყავი. ცოტა ხნის წინ ნაცნობთან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ადრე ემოციურ ფონზე ავფეთქდებოდი. ახლა ძალიან მშვიდად და ადამიანურად მივუთითე შესაბამისი ადგილისკენ. ემოციური სტაბილურობა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. ადრე ყველაფერი ძალიან ახლოს მიმქონდა გულთან და დიდ ტკივილს ვგრძნობდი, თუ ვინმე ცუდად მომექცეოდა. ბრაზი უამრავ დაავადებას იწვევს. ამიტომ ვცდილობ, ვაპატიო ადამიანებს – შევცვალე დამოკიდებულებები. პიროვნული ზრდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, ამაზე ვიზრუნო.
– შეიძლება, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ასაკის მატებაზე როგორ რეაგირებთ?
– ახლა 37 წლის ვარ. ამას წინათ მკითხეს ასაკი და რომ ვუპასუხე, შოკი ჰქონდათ. დავფიქრდი, ხომ არ ვცდები-მეთქი (იცინის). ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ მაქსიმუმ, 27 წლისას ვგავარ. მიხარია, ვამბობ ხოლმე, სიბერე არ დამეტყობა-მეთქი. არ ვნერვიულობ, ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო ვმშვენდები – მე ასე ვხედავ სარკეში ჩემს თავს და შინაგანადაც უკეთ ვგრძნობ თავს. ახლანდელი მარიკა ყველას მირჩევნია. არც ნაოჭის მეშინია და არც იმას ვმალავ, რომ ფილერსაც ვიყენებ და ბოტოქსსაც. ვთვლი, რომ ჩემი ასაკისთვის კარგად გამოვიყურები და კომპლიმენტებსაც ვიღებ.
– რამდენად გიყვართ საჩუქრები და საუკეთესო საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?
– საჩუქრები ძალიან მიყვარს (იცინის). როცა სხვისთვის ვარჩევ, ამ პროცესში მთელ გულს ვდებ და ვცდილობ, ისეთი შევარჩიო, ნამდვილად რომ გამოიყენებს. ამ საკითხს ზედაპირულად არ ვუდგები და როცა ვგრძნობ, რომ მეც გულით მჩუქნიან რამეს, ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის ძალიან ძვირიანი საჩუქარიც უჩუქებიათ, მაგრამ როცა მივმხვდარვარ, რომ გულით არ იყო ნაჩუქარი, თაროზე შემომიდევს ან გამიჩუქებია. ძალიან დაბალბიუჯეტური, მაგრამ გულით შერჩეული კი, განსაკუთრებით ძვირფასი გამხდარა ჩემთვის.
ჩემთვის ყველაზე გამორჩეული საჩუქარია მამაჩემის მეგობრის, ვინც მამობილივით მყავს, საოცარი ადამიანის მიერ ნაჩუქარი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სულ ჩემთან არის – ბავშვობიდან დღემდე. კონკურსებზე რომ გავდიოდი, სულ თან მივაბრძანებდი და ყოველთვის ვიმარჯვებდი. ეს ხატი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან