შოუბიზნესი

ვინ ეუბნება თამუნა მუსერიძეს, რომ მისი ბიოლოგიური დედის ვინაობა იცის, მაგრამ არ გაუმხელს

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 26.04, 2022 წელი

თამუნა მუსერიძე
დაკოპირებულია

შესაძლოა, სულ მალე თამუნა მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მამის ვინაობა დაადგინოს. მისი ბიოლოგიური მშობლების ძებნის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეებია, რომელსაც თამუნა თავად გვიზიარებს.

თამუნა მუსერიძე: მოგეხსენებათ, რომ არსებობს გენეტიკური ტესტები, რომელიც შენი დეენემის ნიმუშს მსოფლიო ბაზაში 500 წლის განმავლობაში ინახავს. ამ წლების განმავლობაში, რომელმა ნათესავმაც არ უნდა გაიკეთოს ტესტი, შენ ავტომატურად დაგაკავშირებს მასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ, პირობითად, შენი დეიდაშვილის ბიძაშვილის მამიდაშვილმა, გაიკეთა ტესტი, პირდაპირ გიჩვენებს, რა სახის ნათესაობა გაკავშირებთ ერთმანეთთან. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ტესტს ნათესავები არ ეჩვენებინოს. შვიდი თაობის ნათესავებს გიჩვენებთ ყველა მიმართულებით. ეს ტესტი ერთი წლის წინ გავიკეთე და არც თუ ისე შორეული ნათესავი ამომივიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ადამიანმა ჩემი დახმარების სურვილი არ გამოთქვა. რომ დავუკავშირდი, მითხრა, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს, ამ თემაზე საუბარიც არ მინდაო.

– არ იყო სხვა მცდელობები?

– როგორ არა, ბევრი წვალების შემდეგ მისი ნათესავები ვიპოვე. თუმცა ეს გოგო ჩემი მესამე თაობის ბიძაშვილი იყო. ჩემი დიდი ბაბუა ან დიდი ბებია და მისი დიდი ბაბუა ან ბებია იყვნენ და-ძმანი. წარმოიდგინეთ რა შორს მიდიოდა ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის უნდა გაგვეკეთებინა ტესტები, დაახლოებით, 60 კაცამდე. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ჩართულობა, მაგრამ პირდაპირ უარი მითხრა.

– ასეთ დროს რა ხდება?

– ჩემი ძალებით მოვიძიე მისი დიდი ბებია-ბაბუები, და-ძმები, მაგრამ რთულია. ხან რას მივედე, ხან – რას, მაგრამ კვალზე ვერ გავედი. სრულიად შემთხვევით, ცოტა ხნის წინ, ამერიკაში მცხოვრებმა გოგონამ გაიკეთა ეს ტესტი და ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეორე თაობის ბიძაშვილი. ჩვენი ბებიები ან ბაბუები იყვნენ ძმები ან დები, ან და-ძმა. მოკლედ, ძალიან ახლობელია. მან, უბრალოდ, ინტერესის გამო გაიკეთა ტესტი და საბედნიეროდ, მე გამიმართლა. ეს ადამიანი ცხოვრებაში მხსნელად და მშველელად მომევლინა. ისე დამეხმარა მისთვის საერთოდ უცხო ადამიანს, ვერც აღვწერ. თავის სანათესავოსთან გარკვევაში გვერდით დამიდგა, საჩუქრად გენეტიკური ტესტები გამომიგზავნა, იქიდან ოჯახის წევრივით მეხმარებოდა. შემდგომ მისი ნათესავების ტესტები გავაკეთეთ. ამ გენეტიკური ტესტით ისიც დგინდება, ადამიანი დედით გენათესავება თუ მამით. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მამებით ვენათესავებით, ანუ, ამ გოგოს და ჩემი მამა არიან ბიძაშვილები. თუმცა, ამ გოგოსაც ბევრი ბიძა ჰყავს. ყველას დაუკავშირდა და ყველამ გამოთქვა დახმარების სურვილი, არაჩვეულებრივად შემხვდნენ და ახლა პასუხის მოლოდინში ვართ, რომელიც სამ კვირაში იქნება.

– ბევრს უთქვამს, დეენემის პასუხამდე, ვგრძნობდი, რომ ეს ურთიერთობა ნამდვილი იყოო. სამი კვირაა დარჩენილი პასუხამდე, რამე წინათგრძნობა გაქვს?

– კი, ერთ-ერთზე ვგრძნობ, მაგრამ არ მინდა, ამას ჩავუღრმავდე. ვისზეც ყველაზე მეტად ვგრძნობ, მასზე ყველაზე ნაკლები შანსია ამ ბიძებიდან, მაგრამ როგორც კი დავინახე, განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა. წლებია, ქალბატონების ფოტოებს მიგზავნიან, ჰგავხარ და დედაშენი ხომ არ არისო?! ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ქალი მყავს ნანახი და არცერთზე არ მქონია განცდა, რომ მასთან რამე მაკავშირებდა. თუმცა, ზუსტად ვიცი, მე რომ იმ ქალის ფოტო დამიდონ, მაშინვე მივხვდები, რომ დედაჩემია.

– პირველმა ნათესავმა არ ისურვა დახმარება და ამის შემდეგ თქვენს ჯგუფში წერდი იმ „გვერდიდან მაყურებელი“ ადამიანების შესახებ, ვინც ბევრი რამ იცის, მაგრამ არაფერს ამბობს. რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა?

– ჩვენს ჯგუფში – „ვეძებ“ – მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მარტო იმიტომ გაიკეთა ეს გენეტიკური ტესტები, რომ სხვას დახმარებოდნენ. ეს რომ გააკეთო, არ არის აუცილებელი, ვინმეს ეძებდე. ასე გაიკეთა ჩემმა ბიძაშვილმაც. გაიკეთა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმაც და აღმოაჩინა, რომ მისი ალალი ბიძაშვილი არის ამერიკაში გაშვილებული გოგონა. ის გოგო წლებია, ეძებს ბიოლოგიურ დედას და იქიდან არ აქვს ბევრი რამის საშუალება, ამიტომ ძალიან დაეხმარა ამ ადამიანის გაკეთებული ტესტი, კვალზე გავედით და ვიპოვეთ ამ გოგოს დედა. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა. ეს ტესტები ძვირიც არ ღირს და ვისაც შეუძლია, კარგი იქნება, რომ გაიკეთოს. ვიღაც კი უბრალოდ, ინფორმაციებით დაგვიდგეს გვერდით. მესმის, რომ ძალიან რთულია რეალობასთან შეჯახება. ისტორიას ყოველთვის აქვს მეორე მხარე, ქალმა, რომელმაც ორმოცი წლის წინ შვილი გააჩინა, გააშვილა, მერე ოჯახი შექმნა და ახლა ბედნიერად ცხოვრობს, არ უნდა წარსულში გაშვილებული შვილის გამოჩენა, მაგრამ მერწმუნეთ, არცერთი შვილი არ ეძებს დედას იმიტომ, რომ ცხოვრება აურიოს. მათთვის მთავარია, საკუთარი გვარი და წარმომავლობა იცოდნენ. ჯგუფში ერთმა გოგომ დაწერა, ვერ ვხვდები, რატომ ეძებთ იმას, ვინც მიგატოვათო. როცა ასეთ პატარა ქვეყანაში ცხოვრობ და შანსია, ინცესტის მსხვერპლი გახდე, რატომ უნდა გაგიჩნდეს ეს კითხვა?! მით უმეტეს, რომ გაშვილების მასშტაბები ძალიან დიდია. მე ვერ ვუგებ ადამიანებს, ვინც სიმართლე იცის და გვერდიდან უყურებს მოვლენებს. ერთი გოგო „ფეისბუქის“ დაფარული გვერდიდან მწერს, ვიცი, ვინ არის შენი ბიოლოგიური დედა, მაგრამ არ გეტყვი, იმიტომ, რომ არ მინდა, პრობლემები შეიქმნასო. ამის მოწერას საერთოდ არაფერი მომწეროს, არ ჯობს?! ნერვებს გიშლის, მაგრამ ბოლომდე არ გეხსნება.

– გამოდის, რამდენადაც დიდი საქმე კეთდება ამ ჯგუფით, იმდენად საშიშია ბევრი ადამიანისთვის.

– ნამდვილად. ერთ-ერთ ლოკაციაზე გადაღებისთვის ჩავედით და გარეთ ექთნები ისხდნენ. რომ გაიგეს, ვინ ვიყავით, ერთი ექთანი წამოხტა და გაიქცა. ჩვენ იმ მომენტში სულ სხვა საქმე გვქონდა და არც იმ ადამიანისგან გვინდოდა რამე, თუმცა მისი საქციელი ბევრს ნიშნავდა. მინდა, ყველამ იცოდეს, როცა დედა შვილს ეძებს და ჩვენ მას ვპოულობთ, მაგრამ შვილმა არ იცის, რონ ნაშვილებია, არაფერს ვეუბნებით. ვერც დედას ვეტყვით, რომ შვილი ვუპოვეთ და ვერც შვილს, რომ ნაშვილებია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. სანამ შვილი არ გაიგებს, რომ ნაშვილებია და თვითონ არ დაიწყებს დედის ძებნას, მანამდე ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ. ჩემი უახლოესი დაქალი ნაშვილებია, მაგრამ ვერ და არ ვეუბნები.

– შეგრძნების დონეზე მაინც არასდროს გიგრძნია, რომ შეიძლებოდა, ნაშვილები ყოფილიყავი?

– მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მეუბნებოდნენ: ნაშვილები ხარო, ისეთ სიყვარულს ვგრძნობდი მშობლებისა და ნათესავებისგან, რომ ეს არასდროს დამიჯერებია. ერთადერთი, რაც უცნაურად მახსენდება, ისაა, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ტერიტორიას ვგულისხმობ. მოუსვენრობის განცდა მქონდა, რომ ამ ადგილას არ უნდა მეცხოვრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა