შოუბიზნესი

ვინ არიცხინებდა თანხებს ადამიანებს მალხაზ ქვრივიშვილის ცოლის სახელით და რატომ უჭირს მას დედის საფლავზე მისვლა

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 13.09

მალხაზ ქვრივიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილისთვის ეს წელიწადი ემოციურად საკმაოდ რთული გადასატანი იყო. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მისი ბავშვობის მეგობრები და ახლობლები იმსხვერპლა, დედაც გარდაეცვალა და მის მონატრებას დღემდე ვერ ეგუება. ამბობს, რომ ისეთი განცდა აქვს, თითქოს ისევ ელოდება და ამის გამო სულ სახლში ეჩქარება. ამ ტკივილის გადატანაში მას უსაყვარლესი და ულამაზესი მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი ეხმარება და მუდამ გვერდით უდგას.

მალხაზ ქვრივიშვილი: კოვიდ პანდემიას ბევრი ჩემი ახლობელი და ბავშვობის მეგობარი ემსხვერპლა და ამიტომ, ეს პერიოდი ჩემთვის ემოციურად მძიმე და მტკივნეული გადასატანი იყო. დიდი სტრესი მივიღე. თან, პირველი ზაფხული იყო დედის გარეშე და მისი დაბადების დღემაც მის გარეშე ჩაიარა. გადაყოლილი დედა იყო და მეც სულ ვცდილობდი, სიხარული და ბედნიერება მიმენიჭებინა მისთვის. თუმცა, ვერასოდეს ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა.

– რა ვერ მოასწარი დედისთვის?

– გულში ხინჯად მაქვს და მთელი ცხოვრება გამყვება, რომ ვერ მოვასწარი, სადმე წამეყვანა დასასვენებლად. ბოლო პერიოდში ძალიან დასუსტდა, ვეღარც დადიოდა, თუმცა, კუს ტბაზე ავიყვანეთ მე და ჩემმა ცოლმა და ჯოხით ხელში ერთი წრე დაარტყა. გაოგნებული ვუყურებდით, 91 წლის ქალს, თან ასეთ მდგომარეობაში, ამხელა ენერგია საიდან ჰქონდა. სხვათა შორის, 91 წლის რომ გახდა, შეგვეშალა და ტორტში ციფრებით 92 წლის აღსანიშნავი სანთლები ჩავარჭვეთ. ამაზე თავად იხალისა. ის სანთლები შევინახეთ, გაისად გამოგვადგებაო და ვეღარ მოვასწარით. რას წარმოვიდგენდი, რომ წინასწარ მივულოცავდი დედას იმ დაბადების დღეს, როცა ჩემ გვერდით აღარ იქნებოდა. წელს კი საფლავზე ავედით, ყვავილები მივართვით და იქ მივულოცეთ. არ დამავიწყდება, როგორ ელოდებოდა ზაფხულის დადგომას და სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ცუდად იყო, ბოლო წამამდე წითელი პომადა და ფრჩხილზე წითელი ლაქი სულ ესვა. ისეთი ხასიათისა და ბუნების იყო, ზუსტად ვიცი, არასოდეს მიმატოვებს, სულ ჩემ გვერდით იქნება და მის არსებობას, მართალია, არა ფიზიკურად, მაგრამ სულიერად ნამდვილად ვგრძნობ. ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, არ უნდოდა სიკვდილი და ჩვენი მიტოვება და არც მისი ბოლო სიტყვები დამავიწყდება: შვილო, მიშველეო. ვერ ვუშველე. დედის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ის სულ სჭირდება შვილს. მის დანაკლისს უფრო და უფრო ვგრძნობ, მისი სუნთქვა და შემოხედვა მენატრება. ერთი წამით არ მიცხოვრია დედაჩემის გარეშე, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. ახლაც, სადმე რომ ვარ, სულ მგონია, მელოდება და სახლში მეჩქარება, თითქოს ისევ დამხვდება და შემომეგებება. მის ფოტოს ვესაუბრები, ვეუბნები: დედა, მივდივარ... დედა, მოვედი.... სასაფლაოზე, სადაც ბაბუა-ბებიაა დასაფლავებული, სახლთან ახლოსაა და ხშირად დავდიოდით. ახლა კი მიჭირს იქ მისვლა და დედის საფლავზე ჩამოჯდომა. იმდენად არ უნდოდა სიკვდილი, ვერ წარმომიდგენია, იქ თუ წევს. არ მემეტება, მგონია, აქაა...

– ვიცი, ამ ტკივილის გადატანაში ძალიან გეხმარება მეუღლე, რომელიც დედასაც განსაკუთრებულად უყვარდა.

– ნამდვილად ასეა. ხათუნა ძალიან დიდ პატივს სცემდა, ბოლომდე გვერდით ეჯდა და „დედას“ რომ ეძახდა, ამაზე დედაჩემი გიჟდებოდა. ღმერთის წყალობაა, ხათუნა რომ ჩემ გვერდითაა და ამ ტკივილს მიმსუბუქებს. იღბლიანი ვყოფილვარ. დედა სულ ეუბნებოდა ხათუნას: შენ გარეშე სახლი ცარიელია, ხალისი და ბედნიერება შემოგაქვსო. კიდევ ვამბობ, ხათუნა რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერდით, მარტო ძალიან გამიჭირდებოდა ამ ტკივილისა და განცდის გადატანა. რაც დრო გადის, დედა უფრო მაგრად მენატრება, მისი ხმა სულ ჩამესმის და ვიცი, ეს ტკივილი და მონატრება არასოდეს განელდება, დრო ვერ განკურნავს. სიზმარშიც მოდის და მეუბნება: კარგად ვარ, არაფრის შეგეშინდესო. იქიდანაც, მე მამშვიდებს.

– ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში დადე პოსტი, სადაც წერდი, რომ შენი მეუღლის სახელით ფულს სძალავდნენ ადამიანებს. გაარკვიეთ, ვინ იყო და რაში ითოვდა ფულს?

– ხათუნას დაურეკა მეგობარმა და უთხრა: შენი ფოტო უდევს ვიღაც თაღლითს „ფეისბუკზე“ და შენი სახელით ფულს ითხოვსო. პროფილზე ფოტო ხათუნასი იდო, თუმცა სახელი და გვარი სხვისი. ანგარიშები ჰქონდა გახსნილი, ბავშვი მყავს ავადო და მის გადასარჩენად ფულს ითხოვდა. თან, ვინც ურიცხავდა თანხას, იმას მადლობებს უხდიდა. ხათუნამ მისწერა. ის, თავად დაუკავშირდა და უთხრა: ბოდიში, უბრალოდ, ფოტო მომეწონა, ავიღე და დავდეო. ფაქტობრივად, ჩვენს პირად სივრცეში შემოიჭრა და ხალხს ფული გამოსძალა.

– სამართალდამცველებს თუ მიმართეთ და საქმე თუ აღიძრა?

– არა, ბანკები გავაფრთხილეთ. ბანკებს საგამოძიებო განყოფილებები აქვთ და მან დაბლოკა ანგარიშები. ასე რომ, საქმის აღძრამდე საქმე არ მივიდა. ფაქტობრივად, თანხის გამოძალვა იყო ჩემი ცოლის სახელით, მინდოდა, სამართალდამცველები ჩემეყენებინა საქმის კურსში, თუმცა იმ ადამიანის დაჭერა ნამდვილად არ მიფიქრია. უბრალოდ, არ მინდოდა, იმ თაღლითს შეცდომაში შეეყვანა ხალხი და ფული კიდევ გამოეძალა. ჩემმა ცოლმა გადამაფიქრებინა. ხათუნა ისეთი ხასიათისაა, შეეცოდა, საქმის აღძვრა არ უნდოდა. ასე რომ, ბოდიშით მოგვარდა ეს საქმე.

– როგორც ვიცი, ადრე შენი ფოტოთიც გაიხსნა „ფეისბუკზე“ ყალბი გვერდები. იქაც ფულის მოთხოვნა ხდებოდა?

– კი, რამდენიმე გვერდი იყო გახსნილი ჩემი ფოტოთი. მივწერე „მესინჯერში“ და „ფეისბუქგვერდსაც“ და გაქრა. ერთი კი არა, რამდენიმე იყო, თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, ფულს ითხოვდნენ თუ არა.

– მახო, თქვი პანდემიამ ბევრი მეგობარი და ნაცნობი იმსხვერპლაო. ჯვარი გწერიათ და თქვენ თუ გადარჩით დაავადებას და თუ აიცერით?

– საბედნიეროდ, გადავრჩით და კოვიდი არ გადაგვიტანია. ორჯერ აცრილებიც ვართ, თუმცა, მაინც თავს ვარიდებთ ხალხმრავალ ადგილებს და რეგულაციებსაც ზედმიწევნით ვიცავთ. არც დასასვენებლად ვყოფილვართ. ბავშვების გამო მხოლოდ რამდენიმედღიანი გასვლები გვქონდა ქალაქთან ახლოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...