შოუბიზნესი

ვინ აჩუქა ბინა ბელგიაში ვარლამ წიკლაურის შვილს და რატომ გადაწყვიტეს მან და ხატია კობერიძემ შვიდი თვის პატარას ბაღში მიყვანა

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 19.09, 2022 წელი

ვარლამ წიკლაური
დაკოპირებულია

ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვარლამ წიკლაურისთვის წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ფერადი და ბედნიერი აღმოჩნდა.

ვარლამ წიკლაური: ივნისის ბოლოს ხატია და ბავშვი ბელგიაში ჩავიყვანე. ერთი კვირით მეც გავჩერდი, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდი. ხატია და ბავშვი ბელგიაში დავტოვე. ერთი თვე მომიწია სახლში მარტო, მათ გარეშე ყოფნა და ძალიან გამიჭირდა. ისინი რომ არ მხვდებოდნენ, სახლში შესვლა არ მინდოდა. პირველი აგვისტოდან მეწყებოდა შვებულება და მანამდე ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. ამასობაში ბავშვს კბილები ამოუვიდა (იცინის). უკვე მეორედ მომიწია ნიკოლას დატოვება. რომ დაიბადა – ორი კვირით, ახლა – თვე და ათი დღით. დღეები მქონდა დათვლილი, ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. რომ ჩამოვედი და დამინახა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა 6 თვის ბავშვს, გამიღიმა და ეს იყო ჩემთვის ყველაფერი (იცინის). გაზრდილი დამხვდა, სამი კბილით, მოღიმარი და ძალიან თბილი და ტკბილი. რომ დავტოვე, სულ სხვანაირი იყო, ბავშვები ამ ასაკში ძალიან სწრაფად იზრდებიან.

შვებულების ერთი კვირა ბავშვთან ერთად ბელგიაში გავატარეთ, ძალიან კარგ გარემოში. შემდეგ ათი დღით ისევ მოგვიწია ნიკოლას დატოვება. ამჯერად ორივეს – მეც და ხატიასაც. ბებოსთან, ხატიას დედასთან ვიყავით შეთანხმებულები, რომ დაიტოვებდა. ჩვენ ათი დღით ათენში წავედით მეგობრებთან ერთად. ხატია პირველად ტოვებდა ბავშვს და ძალიან უჭირდა, მე უკვე – მესამედ, მაგრამ მეც ძალიან მიჭირდა. მთელი შვებულება ტელეფონთან გაატარა, დედამისს ურეკავდა, ფოტოებს აგზავნინებდა. სიდედრში მართლა ძალიან გამიმართლა. ჯერ ხომ ბავშვი დაიტოვა და ჩვენ ათენში წასვლის საშუალება მოგვცა. შემდეგ, 11 აგვისტოს ჩემი დაბადების დღე იყო. დაგეგმილი გვქონდა, რომ ათენიდან ბელგიაში უნდა დავბრუნებულიყავით, იქიდან კი – საქართველოში, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე ხატია მეუბნება, რომ სიდედრმა რომში სამდღიანი მოგზაურობა გვაჩუქა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. იცოდა, რომ იტალიაში ნამყოფი არ ვიყავი, მათ შორის, არც გადაღებაზე და ასეთი საოცარი საჩუქარი გამიკეთა. ეს სამი დღე მე და ხატიამ რომის ცენტრალურ ქუჩაზე გავატარეთ, ყველაფერი დავათვალიერეთ და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. მანამდე, ათენში ბევრი მეგობარი ვიყავით ერთად და ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ რომში მე და ხატია მარტოები ვიყავით და მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა გამოვიდა. მოკლედ, საოცარი სიდედრი მყავს. კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი გვაქვს. რადგან ნიკოლას მამა ვარ და ის ბელგიაში დაიბადა, ახლახან მეც მივიღე ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ნიკოლას ბებომ, ანუ ჩემმა სიდედრმა, ოროთახიანი ბინა აჩუქა ბელგიაში, ოსტენდეს ცენტრში.

– მოკლედ, მართლა საოცარი სიდედრი გყავს. დაბადების დღის ამბებიც მოვყვეთ, როგორი იყო ეს დღე?

– ამ დღეს ჯერ კიდევ ათენში ვიყავით მეგობრებთან ერთად, საღამოს კარგ ბარში გავატარეთ ძალიან კარგი დრო, შემდეგ კუნძულზე წავედით გემით და მთელი დღე იქ ვიყავით ძალიან ბედნიერად. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ჩემთვის 11 აგვისტო მნიშვნელოვანი რიცხვია. ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ამ თარიღს და ყოველთვის გამორჩეულად აღვნიშნავ. ბოლო წლებში, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ და თუ უცხოეთში ვართ, რომელიმე ქალაქში მივდივართ, თუ საქართველოში – სადმე კარგ რესტორანში. ამ დღეს ყველა სურვილს მისრულებენ. ნათქვამი მაქვს, 12-ს რომ გადასცდება, რასაც ვიტყვი, ყველა სურვილი უნდა შემისრულოთ-მეთქი და ყველანაირ მარაგს ამოვწურავ ხოლმე (იცინის). ამ დღეს მართლა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ.

– ხატია როგორ ცდილობს, ამ დღეს შენთვის დღესასწაული შექმნას?

– ისიც განსაკუთრებულად ემზადება ჩემი დაბადების დღისთვის. მაგრამ წელს ტორტი რომ მომიტანა, სანთლები ჩემამდე ქარმა ჩაუქრო, რაც ძალიან არ ესიამოვნა (იცინის). როგორც ჩემი მეგობრები, ხატიაც მოწოდებულია ჩემი სურვილების ასასრულებლად (იცინის).

– როგორც ვხვდები, ეს ის დღეა, როცა შენ ოღონდ რამე ინატრო და ყველაფერს გისრულებენ.

– კი, კი იმ დღეს ყველაფერი სრულდება (იცინის).

– პატარაზე მინდა მოყვე. როგორი ბიჭია და რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– ცხოვრების ახალი ეტაპი დაგვაწყებინა. ყველაფერი სხვანაირად დაგვანახვა და სულ ვამბობთ, აქამდე ნიკოლას გარეშე როგორ ვცხოვრობდით-მეთქი. საერთოდ, შვილებს ხომ არ აქებენ ხოლმე, მაგრამ მართლა ძალიან კარგი ბავშვია. ყველა უყვარს, ყველას უცინის, ყველასთან მიდის, უცხოობა არ იცის. ზეკომფორტული ბიჭია. სადაც გინდა, წაიყვანე, არასდროს იტირებს, არასდროს შეგაწუხებს. მთავარია, საკვები დროულად მიიღოს, თავისთვის ითამაშებს, გიყურებს, იცინის და სულ ბედნიერია. ძალიან უყვარს ცხოველები, უნდა რომ ჩაიხუტოს, ძალიან თბილია. სექტემბრის დასაწყისში ხატია სამსახურში ბრუნდება, ნიკოლა კი ბაღში მიგვყავს. შვიდი თვის ბავშვი ბაღში როგორ მიგყავთო, ყველა ამას გვეუბნება, მთელი ამბავია, მაგრამ თბილისში ვიპოვეთ შესაბამისი ბაღი, მაისში წინასწარ ჩავწერეთ და სექტემბერში მივიყვანთ. ძიძას ბაღი ვარჩიეთ, იმიტომ, რომ გვინდა, ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა, რეჟიმს, ადამიანებთან ურთიერთობას მიეჩვიოს. ყველას გაუკვირდა ჩვენი გადაწყვეტილება, ორივეს მშობელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბავშვი ფეხზე ვერ დადის, ვერ ჯდება და რა დროს ბაღიაო, მაგრამ ჩვენ მშობლები ვართ და ჩვენი გავიტანეთ. ჩვენც გვეცინება, რომ 7 თვის ბავშვი ბაღში უნდა მივიყვანოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკოლას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. სექტემბრიდან უკვე ბაღელები ეყოლება (იცინის). ჩვენც გვიჭირს, ჯერ არ მიგვიყვანია და უკვე ბევრ რამეზე ვფიქრობთ. ვინც იგებს, ყველა გაკვირვებულია, მე ვერ გავრისკავდიო, გვეუბნებიან, მაგრამ რადგან შესაძლებლობა გამოჩნდა, გადავწყვიტეთ, ვცადოთ. მე და ხატიას სხვადასხვა დღეებში გვიწევს დასვენება. ჩემი დასვენების დღეებში ნიკოლას უწევს ბაღი და არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ წინასწარ შევუთანხმდით, რომ შეიძლება, გარკვეულ დღეებში არ მივიყვანოთ, თავისუფალი გრაფიკი ექნება (იცინის). მესმის, რომ გასაგებად ეს ცოტა რთულია. ბებიაჩემს ეს რომ უთხრეს, გაგიჟდა, მაგრამ მაგალითად, ბელგიაში სამი თვიდან მიჰყავთ ბავშვი ბაღში. იქ რომ გვეცხოვრა, უფრო ადრე მივიყვანდით და თბილისშიც რომ ვიპოვეთ შესაბამისი გარემო, ყველაფერს გავეცანით და კმაყოფილები დავრჩით, გადავწყვიტეთ, გვეცადა და იმედია, გაამართლებს ჩვენი გადაწყვეტილება. მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ბავშვი ბებიებმა გაზარდონ. მიმაჩნია, რომ ბებიებს თავისი ცხოვრება აქვთ და 24 საათი ბავშვთან არ უნდა იყვნენ. როცა მოუნდებათ, იქნებიან, მაგრამ ბავშვთან მიჯაჭვულობისთვის მეცოდებიან, თორემ ახლაც ორივე ფიქრობს, რომ მოახერხებენ ნიკოლას დატოვებას.

– როგორი ხარ მამის ამპლუაში?

– ყველაფერს ვუმკლავდები. არც გამოცვლაზე მაქვს პრობლემა, არც დაბანაზე, არც საჭმლის გაკეთებაზე, არც თამაშზე. არც შიში მაქვს, არც პანიკაში ვვარდები და ხატიაც ასეა. როცა ბავშვთან მარტო ვრჩები, ძალიან ყურადღებიანი ვარ, ტელეფონს ვივიწყებ და მთლიანად მასზე ვარ გადართული. უპრობლემოდ ვუვლი. ცოტა ჭირვეული რომ იყოს, ალბათ, გამიჭირდებოდა, მაგრამ ნიკოლაც ძალიან მიწყობს ხელს, თვითონაც იმდენად კომფორტულია და ისეთი ბედნიერება მოაქვს, გამორიცხულია, არ მოგინდეს, შენც მაქსიმუმი გაუკეთო. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, დედა მაინც დედაა და მამა – მამა. მაგალითად, როდესაც ძალიან ტირის, რაც არ უნდა გავაკეთო, გამორიცხულია მისი დამშვიდება შევძლო, მაგრამ როგორც კი ხატია აიყვანს ხელში და გულში ჩაიკრავს, მაშინვე ჩუმდება. მეც ხომ მივიკრავ გულზე, ყველაფერს იგივენაირად გავუკეთებ, მაგრამ ვერ ვამშვიდებ. ვაღიარებ, რომ დედა მაინც დედაა. ამის უღიარებლობა ჩემი მხრიდან დაუნახაობა იქნება (იცინის). ცოტა ვეჭვიანობ, თან ბავშვი უფრო დედას ჰგავს. რაღაც ნაკვთებით მეც მგავს, მაგრამ თვალები დედის აქვს და თვალი იმდენს შვება, რომ მაშინვე დედისკენ მიდიხარ, მაგრამ ეგრეც არ არის, ნახევარი სახე ჩემი აქვს (იცინის). თუ სიმართლეს თვალებში ეგოისტობის გარეშე შევხედავ, კი, დედას უფრო ჰგავს (იცინის). ვისაც არ უნდა ჰგავდეს, საოცარი ბიჭია და ხატიაც საოცარი დედაა, ნიკოლაზე ისე ზრუნავს, ვერ აღვწერ, რისი დანახვაც, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი