შოუბიზნესი

ვანო ჯავახიშვილი: ცხოვრებაში არაფერი უჩუქებიათ ჩემთვის და არც მჭირდება

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 13.01, 2021 წელი

ვანო ჯავახიშვილი
დაკოპირებულია

ვანო ჯავახიშვილი წლებია, იუმორისტულ სფეროშია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში იუმორის გრძნობით არ გამოირჩეოდა და პროფესიით მათემატიკოსია, 22 წელია, სხვადასხვა ფორმატით, მაყურებლისთვის კარგი განწყობის შექმნა არაჩვეულებრივად გამოსდის. 

ვანო ჯავახიშვილი: „ვანოს შოუ“ უკვე 14 წლისაა. სულ ვცდილობთ, ქვეყნის მაჯისცემა გვესმოდეს. ბევრი ადამიანი მეუბნება, მთელი კვირა არ ვუყურებთ საინფორმაციოს და „ვანოს შოუთი“ ვიგებთ ახალ ამბებსო და ეს ძალიან მახარებს. ყოველ წელს გვაქვს რთული პერიოდები, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი ვართ და ვიცით, როგორ უნდა გადავერთოთ სხვა მიმართულებაზე. არასდროს გვიფიქრია, რომ კრიზისიდან გამოსავალს ვერ ვიპოვიდით.
– ხშირად არის ბრალდებები და პოლიტიკურ მიკერძოებულობას გსაყვედურობენ ხოლმე.
– არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც საათებს უთმობენ სოციალურ ქსელში კომენტარების კითხვას. მე ტელევიზორთან მჯდომი ადამიანების შეფასებებს ვაკვირდები, რაც რეიტინგების სახით მომდის და ვხედავ, რომ ჩემ მიმართ ხალხს დადებითი განწყობა აქვს. რაც შეეხება „ფეისბუქს“, იქ ვერ გაიგებ, ვინაა ნამდვილი მაყურებელი და ვინ – ტროლი. მე მათ არასდროს ვპასუხობ, ამაში ჩემი გულშემატკივრები მეხმარებიან – ყველას თავად სცემენ საკადრის პასუხს. თუმცა, ჯანსაღ კრიტიკას ნორმალურად ვიღებ.
– არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვენი გუნდი გაიყო. რა დატოვა ვანომ „რუსთავი 2-ზე“?
– „რუსთავი 2-ზე“ ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე და ყველაფერი იქ ვისწავლე ჩემს გუნდთან ერთად, მაგრამ დადგა ეტაპი, როცა იქ დარჩენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. რომც დავრჩენილიყავი, სავარაუდოდ, ამ გადაცემას დახურავდნენ, რადგან ასეთი კრიტიკული გადაცემა პროსახელისუფლებო არხს არ აწყობს. გაყოფა ძალიან მძიმე იყო, თან, იქ ბევრი მეგობარი დარჩა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მე სხვა ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. პირდაპირ გეტყვით, „რუსთავი 2“ დატოვა გუნდმა, რომელიც აკეთებდა „რუსთავი 2-ს“ და მე ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი ვიყავი.
– ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ხელმძღვანელი ხართ.
– გააჩნია, ვინ რას ეძახის სიმკაცრეს. სამუშაო პროცესს ხელმძღვანელი სჭირდება, რომელმაც ის უნდა მართოს. ხელმძღვანელი ისეთი უნდა იყო, რომ პატივს გცემდნენ. როცა ხელმძღვანელი ვარ, გუნდის ნებისმიერი წევრისგან მაქსიმუმს ვითხოვ და შეიძლება, ამას ეძახიან სიმკაცრეს. მე ამას სამუშაო პროცესს ვეძახი. ეს იუმორისტების გუნდია და იუმორისტები უფრო თავისუფალი ადამიანები არიან. არის ხოლმე დისციპლინური გადაცდენები, რაც მე არ მიყვარს. სამსახური უნდა იწყებოდეს და სრულდებოდეს კონკრეტულ დროს. თუ ამას სიმკაცრეს ეძახიან, მაშინ კი – მკაცრი ვარ.
– მამა პატარა ასაკში დაკარგეთ და ორი ბიჭის გაზრდა მარტოხელა დედისითვის რთული იქნებოდა...
– ასე იყო. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და დედამ ძალიან ბევრი იშრომა, მე და ჩემი ძმა რომ გზაზე დავეყენებინეთ. ძალიან რთული პერიოდები გვქონდა, გვიჭირდა. შეიძლება სხვებსაც, მაგრამ ჩვენ – უფრო მეტად, იმიტომ, რომ მხოლოდ დედა მუშაობდა. თუმცა, ყველაფერი გადავიტანეთ და აქამდე მოვედით.
– თქვენ როგორი მამა ხართ?
– ბავშვებთან ძალიან კეთილი ვარ, განსაკუთებით შვილთან. 12 წლის ბიჭი მყავს, საკმაოდ ჭკვიანი ბავშვია. მე და ჩემი მეუღლე თბილები ვართ და ძალიან იშვიათად შეიძლება, გავუბრაზდეთ. ძალიან ნიჭიერია, მაღალ ნიშნებზე სწავლობს. მგავს იმით, რომ მათემატიკის ნიჭი აქვს. იცის ინგლისური, რომელიც ჩვენ არ გვისწავლებია მისთვის. ვხვდები, რომ იუმორის გრძნობაც კარგი აქვს, რაც ძალიან მახარებს. ყველა ადამიანს რომ იუმორის გრძნობა ჰქონდეს, დღეს სხვანაირი ქვეყანა გვექნებოდა.
– როგორი მეოჯახე ხართ?
– ნორმალური მეოჯახე ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ისეთი მეუღლე ვარ, როგორიც ჩემს მეუღლეს მოსწონს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ოჯახს რაც შეეხება, ყველაფერში მაქსიმალურად ვარ ჩართული.
– მეუღლე პროფესიით ჟურნალისტია?
– კი და საკმაოდ კრიტიკულია ჩემს გადაცემასთან მიმართებაში. ეს მომწონს, იმიტომ, რომ მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. თავადაც არაჩვეულებრივი იუმორი აქვს, მაგრამ მხოლოდ იუმორს კი არა, ყველა დეტალს აფასებს. როგორც ჟურნალისტი, მეტყველებასაც აქცევს ყურადღებას. შენიშვნებს მაძლევს, მაგრამ ეს ნორმალურია, მთავარია, ძირითადად, მოსწონს.
– ხშირად გივრცელებენ ხოლმე ჭორებს. როგორ რეაგირებთ?
– ბევრი ჭორი მსმენია ჩემ შესახებ. არიან ადამიანები, რომლებიც სხედან და ფიქრობენ, ვისზე რა მოიგონონ. რამდენჯერმე ისეთ ავარიაში მომაყოლეს, მე თვითონ რომ გამიკვირდა. აჭრელებული იყო სააგენტოები და მთელი ჩემი სანაცნობო შეშინებული მირეკავდა მოსაკითხად. ჩინოვნიკების საჩუქრებზეც მსმენია და კიდევ ათასი სისულელე.
– ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილმა მანქანა გაჩუქათ...
– გადაცემაში მქონდა ხუმრობა დადგმული, ვითომ გასაღებს მჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი: ვა, რა კარგია, მანქანა მაჩუქეთ-მეთქი და კი არ გაჩუქე, მძღოლად დაიწყე ჩემთან მუშაობაო, მპასუხობდა – ეს იყო მთელი ხუმრობა და ეგონათ, რომ მართლა მაჩუქა მანქანა. როგორ ავუხსნა ხალხს, რომ ცხოვრებაში არაფერი უჩუქებიათ ჩემთვის და არც მჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერს ყოველთვის ჩემი შრომით ვყიდულობ.
– რა გასწავლათ გამოცდილებამ?
– 22 წელია, ამ სფეროში ვარ და ბევრი რამე ვისწავლე ზოგადად ცხოვრებაში. ყველა პერიოდი რაღაცას გასწავლის და ასაკს დიდი გამოცდილება მოაქვს. ვისწავლე ის, რომ დროსთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობა რთულდება. ადრე უფრო მარტივად შევდიოდი ადამიანებთან ურთიერთობაში, რასაც ხშირად იმედგაცრუება მოჰყვებოდა. ვისწავლე, რომ ადამიანებს მარტივად არ უნდა ენდო და ამიტომ ყოველთვის დისტანციური ვარ. ახალი თანამშრომელი იქნება თუ უბრალოდ, ნაცნობი – ყველასთან დისტანციას ვიცავ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანების ნდობა შეიძლება, მაგრამ ბოლომდე – არა. ვცდილობ, ადამიანებთან უშუალო არ გავხდე და ახლობლებისა და სამეგობროს მიღმა, მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობებით შემოვიფარგლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი