შოუბიზნესი

ვახო ჩაჩანიძე: შურის შეგრძნება იმდენად მანგრევს, რომ მისი მეშინია კიდეც

№37

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 19.09, 2022 წელი

ვახო ჩაჩანიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ვახო ჩაჩანიძესთან 👇

სახელი: ვახო.

გვარი: ჩაჩანიძე.

პროფესია: მსახიობი.

– ბავშვობა...

– ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ლაღი და ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომუნიზმი იყო და თინეიჯერობის ასაკიც 90-იან წლებს დაემთხვა, პერიოდს, როცა ქვეყანაში ნამდვილად ცუდი მდგომარეობა გვქონდა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვერ ვიტყვი, ცუდი ბავშვობა მქონდა-მეთქი, ვერც იმის გამო, რომ ბავშვობიდანვე ახლოს გავიცანი სიკვდილი – მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაკარგვით.

– მშობლების როლი...

– სამწუხაროდ, მამა აღარ მყავს, მართლა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო... რაც შეეხება დედას, აუცილებლად დიდხანს იქნება ჩემი მეგობარი.

– ჩემი მეტსახელი...

– ბოლო წლებია, თეატრში „ჩაჩოს“ მეძახიან, ესეც გვარიდან გამომდინარე, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს ჩემი მეტსახელია.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– არ მახსოვს, როდის გადავწყვიტე მსახიობობა. 9 წლის ვიყავი, საბავშვო თეატრში რომ მივედი და უშუალოდ ჩავერთე ამ ამბავში. დედა პროფესიით თეატრმცოდნეა და ხშირად მიწევდა ხოლმე სიარული სპექტაკლებზე, შეიძლება, ჩემი არჩევანი ამანაც განაპირობა, მაგრამ თავად რომ დავდექი სცენაზე, მერე ძალიან შემიყვარდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ეკონომიკის ინსტიტუტში ჩავაბარე, რატომღაც, მაშინ ასე მინდოდა, თუმცა ფაქტია, ეს გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა მყარი. სტუდენტობის პირველ წელს ყველა მეუბნებოდა: რა გინდოდა ეკონომიურზე, სამსახიობოზე უნდა გესწავლაო და უცებ შევიცვალე პროფესია. გამოვიტანე საბუთები და თეატრალურში ჩავაბარე. ოჯახის წევრებმა ამ ყოველივეს შესახებ გამოცდის დღეს გაიგეს. მათი მხრიდან წინააღმდეგობა არ მქონია, მაგრამ ჩემი გეგმებიდან გამომდინარე, ძალიან გაუკვირდათ.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიყვარულის უნარია ყველაზე მთავარი, ასევე, ადამიანს რომ რაღაცების გათვალისწინება შეუძლია – ესეც დასაფასებელია. კიდევ ვაფასებ თავისუფლების უნარს, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თავის უფალი რომ არის ადამიანი, აი, ამას. თითოეული ეს უნარი შეადგენს ადამიანს და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ჩემთვის წარმატება ერთია – ხალხის სიყვარული. ოღონდ არ ვგულისხმობ მთელ ქვეყანას უყვარდე და აუცილებლად პოპულარული იყო. მთავარია, ვინც გარშემო გყავს, მათ უყვარდე გულწრფელად და ასევე, შენც იგივე გრძნობით პასუხობდე.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– როგორც სახარებაშია გადმოცემული, ვეთანხმები, როგორც წმიდა მამები წერენ. ღმერთი ჩვენშია და ყველაფერშია.

– ვრისკავ...

– საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უფრო ფრთხილი ადამიანი ვარ, თუმცა ბევრს უთქვამს, როგორი რისკიანი ხარო. თავად პირიქით მიმაჩნია, მაგრამ ცხოვრებაში რისკი ნამდვილად არ მაშინებს.

– მაკვირვებს...

– ძალიან მაკვირვებს უზნეობა და უზრდელობა.

– ვერიდები...

– კონფლიქტს. თავად არ ვარ კონფლიქტური, ყოველი შემთხვევისთვის ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო კონფლიქტურ სიტუაციებს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– სამწუხაროდ, ურთიერთპატივისცემის.

– ბედისწერა...

– ვთვლი, რომ ბედისწერა არსებობს, მაგრამ ადამიანს შეუძლია ის შეცვალოს და თავადვე შექმნას საკუთარი ბედი. შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ვამბობ, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ არსებობს და იმისიც, რომ თავად ადამიანი ქმნის საკუთარ ბედს. ფსიქოლოგიაზე ბევრი რამეა დამოკიდებული და თავად როგორ წარმართავ შენი ცხოვრების გზას, შენვე ხარ ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი. ჩვენვე ვირჩევთ გზას, რომელსაც შემდეგ მივყვებით. იმავეს ვფიქრობ ენერგეტიკასთან დაკავშირებითაც, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გავუშვებთ, იგივე დაგვიბრუნდება უკან.

– სიყვარული არის...

– მაცოცხლებელი ძალა, ოღონდ არა ტრაფარეტულად. არ მომწონს სიყვარულის გარეშე ცხოვრება. აქ არ ვგულისხმობ ქალისა და კაცის სიყვარულს. ზოგადად სიყვარულზე მაქვს საუბარი.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ჩემთვის უპატიებელი არის შეცდომის შემდეგ იმავეს გაგრძელება და არმონანიება, ვერშეგრძნება იმის, რომ მან დააშავა. უპატიებელი შეცდომა არ არსებობს. თავადაც მქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა რასაც უპატიებლად ვთვლიდი, მისი საქციელიდან გამომდინარე, მიპატიებია. აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინმემ ბოდიშები მიხადოს, დანაშაულის განცდაა მთავარი. თუ დიდი შეცდომის შემდეგ ადამიანს ამის განცდა არ აქვს, სწორედ ესაა უპატიებელი ჩემთვის.

– ბოდიშის მოხდა...

– ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, საბოდიშოდ გამიხდეს საქმე. თუმცა, როცა ვაშავებ, მერე ნაკლებად მიჭირს მობოდიშება. ის, რაც სხვაში არ მომწონს, ვცდილობ, მეც ნაკლებად მქონდეს.

– სამაგიეროს გადახდა...

– მახასიათებს და მინდა, რომ ეს თვისება მოვიშორო. ხანდახან გამომდის ეს, ხანდახან – არა, თუმცა ვმუშაობ ამ საკითხზე. ძალიან არ მომწონს ეს თვისება.

– შემშურებია...

– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მსგავსი განცდა არ დაუფლებია და არც ის მგონია, რომ ეს ვინმესთვის სასიამოვნო ყოფილიყო. პირადად ჩემთვის ძალიან ცუდი რამეა, იმდენად მანგრევს ეს შეგრძნება, რომ მისი მეშინია კიდეც.

– ვნანობ...

– ბევრ რამეს, პირველ რიგში, იმას, რომ არ ვარ შინაგანად ისეთი ძლიერი და თავისუფალი, როგორიც მინდა, ვიყო.

– თავისუფლება არის...

– საკუთარ თავზე გამარჯვება, ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ავისა და კარგის დანახვა. როცა საკუთარ თავზე გაიმარჯვებ, მაშინ ხარ თავისუფალი.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ერთმა პატარა ნიუანსმა შეიძლება, შეცვალოს ადამიანი. გლობალურად თუ ვიტყვით, ბავშვების დაბადება ცვლის ადამიანს. ალბათ, ამ მომენტმა მეც შემცვალა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მიუხედავად ყველაფრისა, აკეთე სიკეთე, ბიძაჩემმა მითხრა ეს სიტყვები და ყოველთვის მახსოვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი