შოუბიზნესი

ვახო ჩაჩანიძე: პანდემია რომ დაიწყო, ვფიქრობდი, ჩემ გამო ხომ არ ხდება ეს ყველაფერი-მეთქი

№26

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 06.07, 2021 წელი

ვახო ჩაჩანიძე
დაკოპირებულია

მსახიობი ვახო ჩაჩანიძე ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც შეძლო და პანდემიის პერიოდში არამცთუ გაჩერდა, ხელი ახალ საქმეს მოჰკიდა და რამდენიმე პროექტი წამოიწყო.

ვახო ჩაჩანიძე: პანდემიის დროს ორი ახალი პროექტი დავიწყე. ერთი – დავდგი „სტუმარ-მასპინძელი“ განსხვავებული ხერხით, რომელიც თავის თავში რამდენიმე მხატვრულ ხერხს აერთიანებს და მეორე – ისევ რამდენიმე ხერხის გაერთიანებით გადავიღე „ალუდა ქეთელაურის“ პილოტი, რომელიც მონტაჟის პროცესშია და მალე თრეილერს გავაკეთებთ. მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ორივე პოემის ტექსტი, იმისთვის, რომ მაყურებელი სრულად გაეცნოს მას. ჩვენი მიზანია, მოზარდებამდე (თუმცა არა მხოლოდ) მივიტანოთ ჩვენი უძვირფასესი მწერლის უმნიშვნელოვანესი შემოქმედება. „ალუდა ქეთელაური“ იქნება ფილმი, „სტუმარ-მასპინძელი“ კი – პერფორმანსის სახით.

– როგორ გაჩნდა ეს იდეა?

– პანდემიის დროს მინდოდა სახლში უსაქმოდ არ ვმჯდარიყავით. დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა, სახლში, იზოლაციის პირობებში, გადაგვეღო კინო. ყველაფერი მეგობრების უდიდესი დახმარებით და საკუთარი ხარჯებით გავაკეთე. როგორც გითხარით, გადავიღეთ „ალუდა ქეთელაურის“ პილოტი თრეილერისთვის. ეს არის ანიმაციისა და მხატვრული ფილმის სინთეზი. ამ ორი ფორმის ერთობლიობა ისევ და ისევ პანდემიური შეზღუდვების გამო შევარჩიეთ. „სტუმარ-მასპინძელი“ კი უფრო მეტად სინთეზური პერფორმანსია. ის მოიცავს მხატვრულ კითხვას, ასევე, გვაქვს ორი ეკრანი, ერთზე გადის ქვიშის მხატვრობა. ქვიშის მხატვრობას სხვადასხვა განათების ფონზე ნონა გიუნაშვილი ასრულებს ტექსტის თანადროულად და შინაარსის შესაბამისად. ფაქტობრივად, ფილმს ქმნის ქვიშით. სპექტაკლისგან განსხვავებით, აქ მსახიობები როლებს კი არ თამაშობენ, მხოლოდ ავტორისეულ ტექსტს კითხულობენ და ახმოვანებენ იმას, რასაც მაყურებელი მეორე ეკრანზე ხედავს. მეორე ეკრანზე კი გადის ჩრდილების ვიდეოინსტალაცია. მე და ჩემმა მეგობარმა გეგი ფალიანმა გავაკეთეთ ეს ყველაფერი. გასული წლის ოქტომბერში მესტიაში ვიყავი. ჩემმა მეგობარმა, მსახიობმა გეგი ფალიანმა გახსნა კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მესტიაში, ფაქტობრივად, თეატრი, რომელშიც კახა ბაკურაძემ დადგა პირველი სპექტაკლი – „ბეთქილი“. სპექტაკლი გარეთ, ღია სივრცეში იყო. ულამაზეს კედელზე ფიგურების ჩრდილებს ათამაშებდნენ პროექტორის მეშვეობით და ეს იყო სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი. სწორედ, მაშინ მომივიდა იდეა, რომ ამ კედელზე ფიგურებს კი არა, ადამიანების ჩრდილებს უნდა ევლოთ.

– მესტიაში იხილეს უკვე ეს პერფორმანსი. როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– ფორსმაჟორული სიტუაცია შეგვექმნა და დროზე ადრე მოგვიხდა პრემიერის გამართვა. იყო პატარა ხარვეზები, თუმცა, ეს მაყურებელს არ უგრძნია. მთავარი საქმე ვაჟა-ფშაველას უკვე გაკეთებული აქვს და შენც თუ ტექსტს ნორმალურად წაიკითხავ და საინტერესოდ დახატავ, გამოვა. მე ცუდს ვინ მეტყვის, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ დიდხანს გვიკრავდნენ ტაშს. თუმცა, მთელი ჩემი გვარი იყო ჩამოსული და აბა, რას იზამდნენ (იცინის). ჩემთვის მოსალოცი იყო ბავშვების სიჩუმე და ინტერესიანი თვალები მთელი სპექტაკლის განმავლობაში. მეორე სპექტაკლზე მასწავლებელმა თვითონ მოიყვანა კლასი ამ პერფორმანსის სანახავად და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მივხვდი, რომ სწორად მივდივართ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მიზანი უკვე მიღწეულია.

– ეს პირველი პროექტია რეჟისორის ამპლუაში და ერთგვარი განაცხადიც?

– აქამდე მხოლოდ სამწუთიანი ფილმი გადავიღე ჩემივე ტელეფონით, მაინტერესებდა, გამოვიდოდა თუ არა. ვერ გეტყვით, დავრწმუნდი, რომ გამომდის-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ცდა შეიძლებოდა.

– რაც შეეხება მსახიობის ამპლუას, აქ რა ხდებოდა ამ პერიოდში?

– არც ამ მხრივ ვყოფილვარ გაჩერებული. გადაღებები მქონდა ნანა ჯანელიძესთან, ჰოლანდიელებთან, გარდა ამისა, ორჯერ ვიყავი გაგანია პანდემიის დროს ჩეხეთში. სამჯერ ვიყავი პოლონეთში. ჰოლანდიურ პროექტში არაერთი ქართველი მონაწილეობდა, ჰოლანდიელები აქ იყვნენ ჩამოსულები, ჩეხეთში იქაურ პროექტში ვმუშაობდი, რომელსაც ძალიან საინტერესო მომავალი აქვს.

– ანაზღაურების თვალსაზრისით, ქართული და უცხოური პროექტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან?

– მიუხედავად იმისა, რომ მე უცხოურ პროექტებში არ მაქვს დიდი ანაზღაურება, რადგან ჯერჯერობით არ ვარ იქაურ ბაზარზე შესაბამისი დოზით გასული, მაგრამ ჩვენსა და მათ დაფინანსებას შორის მაინც ძალიან დიდი სხვაობაა. აქ, საერთოდ, სასაცილო ფასებია. უნდა შევცვალოთ ეს, იმისთვის, რომ ჩვენი შვილებიც იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. ჩვენი შემოსავლით ძალიან ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება მაინც ხომ უნდა იყოს შესაძლებელი?!

– იქ ხომ არ ვცადოო, არ გიფიქრიათ?

– მე უკვე ვიცხოვრე საზღვარგარეთ და ვიცი, რომ აქ მინდა ყოფნა, მაგრამ საქმის გამო რომ მიწევდეს ხშირად წასვლა, მაშინ აქაც უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი. ამ ეტაპზე არ მაქვს იმედი, რომ აქ მალე რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ახალი მინისტრი გვყავს, შიდა წრეში ისეთი საუბრებია, თითქოს ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ იმის იმედი ნაკლებად მაქვს, რომ იქაურ დაბალ ანაზღაურებასთან ჩვენი ახლოს მაინც მივა. ორი წლის წინ, მერაბ ნინიძის რეკომენდაციით გავწევრიანდი გერმანულ სააგენტოში, რომელთან დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე კასტინგი მოვასწარით და პანდემიაც დაიწყო. ყველაფერი გაჩერდა და რომ არა ეს, მგონია, რომ ახლა რამდენიმე ნაბიჯით წინ ვიქნებოდი.

– ბედის ირონიაა...

– ჩემს თავს სულ ასეთი რაღაცები ხდება. რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ ექვსი თვით, როცა გავრილოვი ჩამოვიდა და პარლამენტში დაგვიჯდა, რასაც მიტინგები და შემდეგ მთელი ამბები მიჰყვა. პირველში რომ უნდა გავფრენილიყავი, 29-ში უარი მითხრეს, ქართველ მსახიობს ვერ მივიღებთო. მეორე წელს გერმანიის სააგენტოში გავწევრიანდი და პანდემია რომ დაიწყო, ვფიქრობდი, ჩემ გამო ხომ არ ხდება ეს ყველაფერი-მეთქი?! (იცინის). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. თუმცა, ამ იმედგაცრუებებმა გამაძლიერა და ძალა მომცა, რომ რაღაც სხვა გამეკეთებინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა