შოუბიზნესი

ვახო ბიჭიკაშვილი: ამერიკაში თუ გაჩერდი, სჯობს, გული გააჩერო

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 07.04

ვახო ბიჭიკაშვილი
დაკოპირებულია

ვახო ბიჭიკაშვილისთვის საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო ადვილი, რადგან სამშობლოში ოჯახი, მეგობრები და საყვარელი საქმე დატოვა. თუმცა, მიიჩნევს, რომ მისი განვითარებისა და მომავლისთვის ასე იყო საჭირო. ამერიკაში ის სტუდენტია და საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. მიუხედავად სირთულეებისა, ცდილობს, თავისი ნიჭი და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს და მომავალში, უამრავი სასიამოვნო სიახლე შესთავაზოს თავის გულშემატკივრებს, რაზეც ვახო ინტერვიუში ისაუბრებს.

ვახო ბიჭიკაშვილი: ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში, დამოკიდებულებები და შეხედულებები ცხოვრების მიმართ. ჩემს ქვეყანაში ყოველთვის ვამბობდი და ვწუწუნებდი, დრო არ მაქვს-მეთქი და ახლა ამერიკაში მივხვდი, თურმე, რა მნიშვნელოვანი ყოფილა დრო და ვისწავლე, რაც არ ვიცოდი – ამ დროის სწორად გადანაწილება, ფასი და ადამიანის შრომაც უფრო მეტად დავაფასე. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ცხოვრება ძალიან მარტივი მეგონა. დილით ვიღვიძებდი და მივდიოდი ერთ ლოკაციაზე სამუშაოდ. მერე ან სტუდიაში მივდიოდი, ან მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს და საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. ეს იყო მთელი ჩემი დღის რუტინა და ქართული გრაფიკი. აქაური გრაფიკი კი იმდენად განსხვავებულია, იმდენად დაკავებული ხარ და იმდენად გაქვს დროის დეფიციტი, ამას, უბრალოდ, ენით ვერ გადმოგცემთ. ფაქტობრივად, არაფრის დრო აღარ გრჩება და თუ გაჩერდი, სჯობს, გული გააჩერო. აქ დრო ძალიან აჩქარებულია, სულ ორშაბათი და სულ პარასკევია. ვხუმრობ ხოლმე, ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია-მეთქი (იცინის). ეს ტექსტი მართლა ამერიკაში მცხოვრებ ხალხზეა დაწერილი, ასე მგონია (იცინის). მით უმეტეს, როცა ორი დროით ცხოვრობ – ამერიკულითა და ქართულით, ორმაგად რთულდება. გული სულ ემოციებშია, მით უმეტეს, თუ ხასიათით ემოციური ადამიანი ხარ, ეს ყველაფერი მაჟორშია. ნერვიულობ ყველაფერზე – ოჯახზე რომ არ დავკონკრეტდე, ნერვიულობ ქვეყანაზე, რომელშიც არ არის სახარბიელო სიტუაცია. ემიგრაციაში მყოფი ადამიანი იმდენად ბმაში ხარ შენს ქვეყანასთან, ჩათვალეთ, გაორმაგებული ემოციით ცხოვრობ. როცა ამას გამოცდი, მიხვდები, რომ ეს საშინელი მომენტია. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, წარმატებულები თითქმის ყველა სფეროში, გაფანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენი ერის წარმომადგენლების წარმატებებით მართლა ანათებს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. დეტალურად არასოდეს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა სულ ამაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს მშვიდობიან და წარმატებულ აწმყოს და მომავალს.

– საქართველოში წარმატებული მსახიობი იყავი, მიგყავდა საღამოები, მღეროდი, რადიო და სატელევიზიო წამყვანიც იყავი, ბავშვთა სამსახიობო სტუდიაში პატარებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდი. არ გაგიჭირდა ამ ყველაფრის მიტოვება, საყვარელი საქმიდან ჩამოშორება, უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და ცხოვრების ნულიდან დაწყება?

– ძალიან რთული იყო იმ ყველაფრის მიტოვება, რასაც საქართველოში ვაკეთებდი, თუმცა, ჩემი განვითარებისთვის, ასე იყო საჭირო. მე სტუდენტური ვიზით ვიმყოფები ამერიკაში, სტუდენტი ვარ, მეორე სემესტრია, ინგლისურ ენას ვეუფლები ნიუ-იორკის „კინგს ბოროს“ უნივერსიტეტში. ასევე, ჩამოსვლის დღიდან, მეგობრების დახმარებით, შევქმენი GEO production „იუთუბ ჩენელი“, რომელიც აქ მყოფ წარმატებულ ქართველებზეა გათვლილი. ვაკეთებთ სიუჟეტებს მათზე, ვინც აქ წარმატებით მოღვაწეობს, სპორტია ეს, კულტურა თუ სხვა სფერო. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა და არ მინდა, მას მოვწყდე. ასევე, დავაარსეთ ახალი კომპანია, GEO Events, ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან – ნიკუშა ნატროშვილთან და ირაკლი ფაჩულიასთან ერთად და გეგმაში გვაქვს მომავალში ძალიან კარგი ღონისძიებების ჩატარება. აქ ყველაფერი ქართული მონატრებული და ძვირფასია. აქაურმა ემიგრანტებმა კი სასწაული გვერდით დგომა იციან. ჩემი მიზანია, ჩვენი ქვეყნის უფრო წინ წამოწევა, მისი სამყაროს ლეგიტიმურ წევრად ყოფნა. ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, ყველა მიმართულებით შეგვიძლია სუნთქვა, ოკეანეში მშვიდი ცურვა, ხმამაღალი სიტყვა სპორტსა თუ კულტურაში და ჩვენ ხშირად ვამაყობთ მათი წარმატებებით. ამერიკა დიდი ქვეყანაა, როცა აქ ჩამოხვალ, ამ ქვეყნის მსახური ხარ, მიგრანტი და უფრო რთული გზების გავლა გიწევს, მაგალითად, რასაც ჰქვია დოკუმენტაციის მოგვარება, უცხო გარემოსთან დაახლოება, სწავლა და ასე შემდეგ. აქ უამრავი მეგობარი მყავს და მქონდა ურთიერთობები, მაგრამ როცა აქ ჩამოდიხარ, მაინც შენს თავთან რჩები, მარტო და დამოუკიდებლად უნდა გაიარო ის გასასვლელი გზა, რომელიც ყველა ემიგრანტმა გაიარა და დღემდე გადის. არ მიყვარს წუწუნი და არც ვწუწუნებ, რადგან ეს გზა ჩემი არჩევანი იყო, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ჩემს შემთხვევაში ბევრად მარტივად მოხდა ამ გზის გავლა, რადგან მექსიკის ურთულესი საზღვარი არალეგალურად არ გადმომილახავს, არც საპატიმროში ვმჯდარვარ თვეობით და არ გამომივლია ის რთული დღეები. მონატრება, რასაკვირველია, არის, უნდა იყო ძლიერი პიროვნება, გაუმკლავდე, სხვა გზა არაა. მე ასეთი ძლიერი აღმოვჩნდი. სულ ვფიქრობ, ახლა რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, სულ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, თუმცა, პასუხიც მაქვს: ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, შეუძლებელი არაფერია. აქ ჩამოსულმა რამდენიმე ეტაპი გავიარე, მე ეს შევძელი და უკვე აღარაფრის მეშინია. ღმერთისა და მეგობრების დახმარებით, ოჯახის გვერდით დგომით, ბევრი მოვახერხე და იმედია, კიდევ, ბევრს შევძლებ. ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო, რადგან ამდენი ხნით არ ვაპირებდი დარჩენას. როგორც გითხარით, მანამდე ვხვდებოდი ქართველ ემიგრანტებს, რადგან მქონდა გამოსვლები და კონცერტები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და რაღაც ეტაპზე ვიცნობდი ამ ემიგრანტულ გზას. მაგრამ, როცა უშუალოდ შენი არჩევანი ხდება ეს გზა, თითქოს შეტოპე და მერე გიჭირს უკან გამოსვლა. უფრო გასაგები რომ იყოს, ალეგორიულ შედარებას გავაკეთებ: თითქოს ტალახში შედიხარ, ისვრები და ფიქრობ, მოდი, ბოლომდე დავისვრები თუ ბოლოს, ამ დასვრის შემდეგ, შხაპი მელოდება და ჩამოვირეცხავ ტალახსო. მე ჯერ კიდევ მივდივარ და გაცნობიერებული მაქვს, სირთულეები და ბარიერები მელის, თუმცა არ მეშინია, ვიცი, გადავლახავ.

– კარგია, რომ ასე ფიქრობ, მაგრამ როგორ გგონია, ცხელ შხაპს როდის მიიღებ?

– წყალი მოშვებულია, მისი ხმა მესმის და მალე გაცხელდება (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა