ცუცა კაპანაძე: მთელი ჩემი ფინანსები ჩანთებში, პიჯაკებში, ფეხსაცმელსა და ასეთ ნივთებში იხარჯება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
როდის გახდა ცუცა კაპანაძე ფინანსურად დამოუკიდებელი, რაში არ ენანება მას თანხის გადახდა და როგორ ცდილობს სხვების დახმარებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ცუცა კაპანაძე: არა მგონია, ჩემზე მფლანგველი ადამიანი არსებობდეს (იცინის). მართალია, უკვე ოცი წელი სრულდება, რაც ამერიკაში ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდი ხელფასი არასდროს მქონია. ჩემი მეგობრები ჩემზე იციანიან, მეუბნებიან ხოლმე, გოგო, რისთვის ხარ ამერიკაში ჩამოსული, დააგროვე ცოტა ფული, ასე ნუ ხარჯავო. ვისთვის ან რისთვის დავაგროვო-მეთქი, ვუბრუნებ კითხვას. მუთაქებში ხომ არ შევინახავ ფულს?! (იცინის)
მართლა არასდროს მქონია სამსახური, დღეში რომ 400-500 დოლარად ანაზღაურდება. ეს ჩემი 7 დღის ხელფასია. მე მხოლოდ 6 საათი ვმუშაობ დღის განმავლობაში. ყველას შრომას მივესალმები, ყველა მშრომელი ადამიანი დასაფასებელია, უდიდესი პატივისცემა ყველას ჩემგან. როცა ოჯახი გაქვს, ეკონომია უნდა გააკეთო, ბევრი რამ მოიკლო, მაგრამ მე ერთ რამეს არ ვეთანხმები – საკუთარ თავს ყველაფერზე უარი არ უნდა უთხრა. ოჯახი, რა თქმა უნდა, კარგია და მისთვის ბევრი უნდა გააკეთო, მაგრამ ფული საკუთარი თავისთვისაც უნდა გქონდეს. პირველ რიგში, შენ უნდა იყო კარგად, ჯანმრთელად. უნდა გსიამოვნებდეს ცხოვრება, რომ მერე ოჯახის წევრია, მეგობარი თუ სხვა გარშემო მყოფი, მათთან ერთად ყველაფერი გახარებდეს, რომ შეძლო მათ გვერდით დაუდგე და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარო.
რასაც გამოიმუშავებ, თუ ბოლო თეთრამდე ოჯახს უგზავნი და შენთვის არაფერს იტოვებ, ეს მართებული არ არის. მე ამას არ მივესალმები. ეს ყველაზე ცუდი თვისებაა ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პირველ რიგში – საკუთარი თავი და მერე – ყველა დანარჩენი. რატომ გვავიწყდება გამოთქმა - ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო?!
მე ვთამაშობ ლატარიას. თბილისური ლატარია ამერიკაშიც გადმოვიტანე (იცინის). შეგროვილ თანხას რომ ვიღებ, წელიწადში ორჯერ, საკუთარი თავის სიამოვნებისთვის ვიყენებ, მივდივარ ხან რომელ ქვეყანაში და ხან – რომელში. ხან იქ, სადაც ნამყოფი არ ვარ, ხან კიდევ – სადაც ძალიან მომწონს და შეიძლება, 10-ჯერ და 20-ჯერაც ვიყო ნამყოფი.
მოგეხსენებათ, საქართველოში ცხოვრების დროს, ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი და სამჯერ თუ ოთხჯერ დავარტყი მსოფლიოს წრე. ამერიკაში პირველად 1988 წელს ვიყავი, იაპონიაში – 1989-ში, ევროპაც მოვლილი მაქვს. 90-იან წლებში დავიწყე მოგზაურობა და ახლა რა გამაჩერებს (იცინის).
გარდა მოგზაურობისა, მე ძალიან მიყვარს ჩანთები. ეს ჩემი სისუსტეა და ფაქტობრივად, მთელი ჩემი ფინანსები ჩანთებში, პიჯაკებში, ფეხსაცმელსა და ასეთ ნივთებში იხარჯება. შეიძლება, ახლა ბევრმა თქვას, რა მარიაჟიაო. კი, მე საკუთარ თავს მარიაჟს ვეძახი. მე, მაგალითად, არ ვყიდულობ ბოლო თაობის ტელეფონს. ახალი მოდელი რომ გამოვა და მაშინვე იძენენ, მე ასეთი ადამიანების რიცხვს არ ვეკუთვნი. ამაში არ ვხარჯავ ფულს. არც ავტომობილებში ვხარჯავ. არ მიყვარს, არ ვსწავლობ მართვას, არ ვგიჟდები ამაზე. რაც მიყვარს, იმაში არ მენანება. მოგზაურობა და ლამაზი აქსესუარები, ძირითადად, ამაში მიდის ჩემი ფული.
რა თქმა უნდა, თავიდან ვერ ვხარჯავდი ასე ხელგაშლილად. მე ხუთი ძმისშვილი მყავს და არ შემეძლო, მათ არ დავხმარებოდი. მათ სწავლა-განათლებაში ჩავდე თანხა, ყველაზე კარგი ეს გავაკეთე.
საკუთარ თავს ბინა ვერ ვუყიდე და ბოლოს მაჩუქა სამშენებლო კომპანიამ (იცინის). ახლა საქართველოში ვბრუნდები და უფალმა გადმომხედა (იცინის). ბინა იმდენად დიდი სიამოვნებაა და ისეთი ძვირი ღირს საქართველოში, ნამდვილად ვერ ვიყიდდი. ეს რომ გამეკეთებინა, გამოდის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მომეკლო. ჩემთვის რომ ეს ბინა არ ეჩუქებინათ, არ ვაპირებდი ყიდვას. ჩამოვიდოდი და სოლოლაკში, იტალიურ ეზოში, ჩემს ბინაში ვიცხოვრებდი. მართალია, საერთო სამზარეულო მაქვს, მაგრამ ეს კარგია, ასეთ გარემოში ყოველთვის მხიარულება და გართობაა.
– შემგროვებელი არ ხართ?
– არ მიყვარს ფულის შენახვა. დამგროვებელი ადამიანი არ ვარ, ვერ ვაგროვებ.
მე არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი სიკეთესთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია, ბევრი სიკეთე გავაკეთო, დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და ამას ვაკეთებ კიდეც.
– ქალებს კიდევ ძალიან უყვართ თავის მოვლის საშუალებები და პროცედურები.
– ამაშიც ნამდვილად ვხარჯავ ფულს. მასაჟი მიყვარს და ყოველ მესამე თვეს მაინც ვინებივრებ თავს. რომ ვთქვა, პლასტიკური ოპერაციებიდან რამე გავიკეთე-მეთქი, არა, მაგრამ კარგი კრემები და სუნამო აუცილებელია.
– რომელ ასაკში გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი?
– 1977 წელს დავამთავრე სკოლა. თბილისში რომ ჩამოვედი, თეატრში აღმოვჩნდი, გასტროლები დაიწყო, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მაშინ ისეთი დრო იყო, შენით უნდა გეყოჩაღა. მშობლებს კი უნდოდათ, ჩემთვის თბილისში ბინა შეეძინათ, მაგრამ ამდენი საშუალებაც არ იყო. როცა გასტროლზე ამერიკაში წავედი, ვიყიდე ტელევიზორი, ორკასეტიანი მაგნიტოფონი, იაპონიაში ტელეფონი და ეს ყველაფერი გავყიდე. მაშინ ჩემს სოლოლაკის ბინაში 20 000 მანეთი მივეცი. ოჯახმა ძალიან ცოტა დამიმატა. დაახლოებით, 23 წლის ვიყავი. მაშინ დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება.
– საკმაოდ პატარა ასაკში გადადგიდგამთ სერიოზული ნაბიჯი.
– კი, 23 წლის ასაკში რომ ბინას შეიძენ და ცხოვრებას დამოუკიდებლად აიწყობ, ეს რაღაცას ნიშნავს. პატარა ასაკში დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება და ბედნიერი ვარ ამის გამო. რა თქმა უნდა, მშობლები გვერდით მედგნენ, მაგრამ თუ დღემდე ასე ავაწყვე ყველაფერი, ჩემი სიმტკიცის დამსახურებაა. ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, თუმცა ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის. კიდევ ერთი ადამიანი, ჩემი რეჟისორი, ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე ძალიან დამიდგა გვერდში. მან გამზარდა, როგორც საკუთარი შვილი. როგორც პიროვნება; ადამიანი მისი დამსახურებით შევდექი. ნუგზარმა ჩემში ძალიან ბევრი ჩადო და მისი ძალიან მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, გადაცემა „პა-სეანსის“ შექმნის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი გარდატეხა მოხდა. „პა-სეანსი“ საოცრად პოოპულარული იყო, ძალიან მალე შეიყვარა მაყურებელმა და როცა ამდენი დადებითი ხდება შენს ცხოვრებაში, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ასევე მამუკა ღლონტს, მანაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ უკვე 27 წლის ვიყავი.
ფულის ფლანგვასთან დაკავშირებით ახლა ცოტას კი ვხუმრობ, მაგრამ რეალურად, ყოველთვის დაგეგმილი მქონდა პრიორიტეტები. საერთოდ, ფული რომ მაქვს, ჯერ ჩემს მიზნებს ვახმარ, ყოველთვის ზუსტად ვიცი, პირველ რიგში, რაში უნდა გამოვიყენო. ფული საქართველოში ცხოვრების დროსაც არ მიფანტია, მაშინაც მიზანმიმართულად ვხარჯავდი. ამერიკა რომ ავიღოთ, აქ, პირველ რიგში, გადასახადებია გადასახდელი, ბანკის კრედიტები. შემდეგ უნდა დაეხმარო ადამიანებს. ყველა ხარჯი „ბლოკნოტში“ მაქვს ჩამოწერილი და მაქსიმალურად ვცდილობ, ისე გავანაწილო შემოსავალი, რომ არც მე დამაკლდეს და არც სხვას დავაკლო. აქ ყოველ კვირას ვიღებთ ხელფასს და მე ზუსტად ვიცი, ის რას უნდა მოვახმარო, სხვანაირად ამერიკაში რთულია. იმდენი ხელფასი ნამდვილად არ მაქვს, რომ ყველაფერზე მეყოს. როცა რამის ყიდვა ძალიან მინდა და ფული მაკლდება, ვსესხულობ ხოლმე. ორი მეგობარი მყავს, ღმერთმა არ გამოულიოთ ფული, ისინი მაძლევენ და ვცდილობ, საკუთარ თავს გული არ დავწყვიტო, ანუ, როცა რამის ყიდვა ძალიან მინდა, მათი დახმარებით ვიყიდო. ავიღებ ლატარიას და ეგრე გაგისტუმრებთ-მეთქი, ვპირდები და იცინიან ამაზე. რამდენიმე თვე მელოდებიან ხოლმე, სხვა გამოსავალი არ აქვთ (იცინის). ფულს ისე არ ვისესხებ, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ უკან დაბრუნება შემიძლია.
– ნაცნობები თუ უცნობები თქვენ არ გთხოვენ?
– კი, ხშირად მიკავშირდებიან. არ მაქვს მორალური უფლება, სხვანაირად მოვიქცე. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ხშირად მისესხია და სხვისთვის გამიგზავნია. შეძლებისდაგვარად, ვეხმარები. უყურადღებოდ არავის ვტოვებ, მაგრამ თუ ადამიანს დიდი თანხა სჭირდება და მე ამდენი ნამდვილად არ შემიძლია, მცირე ნაწილზე მაინც არ ვეუბნები უარს. მივდივარ, ვსესხულობ და მაინც ვეხმარები, როგორც მე შემიძლია, ისე. თავს ზემოთ ძალა არ არის, ის ფულიც ხომ უნდა გავისტუმრო.
– თქვენი ყველაზე დიდი დაბანდება და „გადაყრილი ფულიც“ გავიხსენოთ...
– ჩემს ხუთივე ძმისშვილს დავამთავრებინე უმაღლესი და ყველას ძალიან კარგი სამსახური აქვს, რაც თავად მოიპოვეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ახლა ბინა, რომელიც მაჩუქეს, ხომ წარმოგიდგენია, რამდენ რამეს საჭიროებს?! მართალია, გარემონტებულია, სამზარეულოც თვითონ გააკეთეს, მაგრამ კიდევ უამრავი რამ სჭირდება და ჩემი ფინანსები ახლა ამას ხმარდება.
რაც შეეხება ფულის „გადაყრას“, ისევ და ისევ ჩანთებში მაქვს ძალიან ბევრი ფული გადახდილი (იცინის). რა მარიაჟი ვარ, თითქმის ყველა დიზაინერის ჩანთა მაქვს, „ჰერმესის“ გარდა. „ჰერმესი“ იმდენად ძვირი ღირს, რომ ამის ფული არ მაქვს, თან, რიგში უნდა იდგე და ამის ნერვებიც არ მაქვს (იცინის). გადაყრილსაც ვერ დავარქმევ, საკუთარ სიამოვნებაში გადახდილი ფულია, დავდივარ და ვმარიაჟობ (იცინის). ფეხსაცმელებშიც ძვირს ვიხდი, მაგრამ ზოგჯერ კარგი ფასდაკლებითაც ვყიდულობ. მოგზაურობაში დახარჯული ფულის გამო არასდროს მინანია, ვგიჟდები ამაზე, რაც უფრო მეტს მოგზაურობ, მით მეტს სწავლობ და უდიდეს სიამოვნებას იღებ. მადლობა უფალს, რომ ამის საშუალებას მაძლევს. თუ კარგი კონცერტი, სპექტაკლი ან მიუზიკლია, ამაშიც ნამდვილად არ მენანება ფული. ვფიქრობ, რომ ეს სიამოვნება არ უნდა მოაკლო თავს... ასე რომ, გამომუშავებაც ვიცი და ხარჯვაც. ჰაერში არ ვყრი ფულს. ამდენი არ მაქვს, თორემ რატომაც არა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





