შოუბიზნესი

ცუცა კაპანაძე: ისეთი სილა გავაწანი, ლამის ცრემლები წამოუვიდა

№17

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 04.05

ცუცა კაპანაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ცუცა კაპანაძესთან 👇

სახელი: ცუცა.

გვარი: კაპანაძე.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბაღში ვუყვარდი ჯგუფელს და ამ სიყვარულის რაღაც უცნაური გამოვლინება ჰქონდა. ბაღის ეზოში ბევრი თუთის ხე იყო და იქაურობას სულ ფუტკრები ესეოდნენ ხოლმე. ერთხელაც ამ ბიჭს პატარა ორმო ამოუთხრია, დაუჭერია ეს ფუტკრები, ჩაუსვამს ორმოში და თუთის ფოთოლი დაუფარებია. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა. დავუჯერე, მივედი, უცებ ახადა თუთის ფოთოლი ორმოს და მეცნენ გაგიჟებული ფუტკრები. ისე დამისივდა სახე, რომ ერთი კვირა ბაღში ვერ დავდიოდი. (იცინის).

– მშობლების როლი...

– ძალიან მკაცრი დედა მყავდა, მამაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შვილი ვიყავი და თან, გოგო, მანებივრებდა. ბედობა დღეს ვარ დაბადებული. იმ დღეს გარდაცვლილა ბაბუა – მამის მამა. მამაჩემს ისე გახარებია ჩემი დაბადება, სულ დავიწყებია მამამისის ამბავი, გამოუტანია თოფი და სროლა დაუწყია, უთქვამთ, გოგო შეგეძინა, თოფს ბიჭზე ისვრიანო, მაგრამ მამას უპასუხია, სქესს რა მნიშვნელობა აქვსო. ჩემს მერე დაიბადა ჩემი ორი ძმა და მეც ბიჭივით ვიზრდებოდი.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– მთელი ცხოვრება მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი, მაგრამ საჩხერესა და ჭიათურაში საბალეტო სკოლა არ იყო. თბილისში კიდევ სკოლა რომ დავამთავრე, მერე ჩამოვედი. ბოლოს ავირჩიე სამსახიობო. მაშინ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ მსახიობებზე და ნათესავებს არ უნდოდათ, ეს პროფესია მქონოდა. მეუბნებოდნენ, ბევრი ქმარი გეყოლებაო (იცინის). მამა სულ ამბობდა, პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება, მსახიობი არ იყო, მაგრამ ბევრი ქმარი ისედაც გყავდესო (იცინის) და ამიტომ თავისი ხელით შეიტანა ჩემი საბუთები ინსტიტუტში. მერე ხუმრობდა: იმდენი გიძახეს მსახიობებს ბევრი ქმარი ჰყავთ, რა დაგემართა, გათხოვდი, ერთი მაინც გყავდესო.

– ჩემი პირველი წარმატება...

– მეოთხე კლასიდან ვიდექი სცენაზე და ალბათ, პირველი წარმატებაც ეგ იყო. სერიოზულ წარმატებას რაც შეეხება, ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალური სტუდიის – „მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი, სხვათა შორის დღემდე ვითვლები ამ თეატრის მსახიობად, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობ. 1985 წელს ჩვენს თეატრს სახალხო თეატრის წოდება მიანიჭეს, ხოლო რამდენიმე მსახიობს – სახალხო არტისტის. მეც შევდიოდი ამ მსახიობების რიცხვში და ეს იყო დიდი წარმატება. შემდეგ ერთ-ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობდი და დამაჯილდოვეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ედუარდ შევარდნაძემ კი ღირსების ორდენი გადმომცა ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის და ამას გარდა, კიდევ ბევრი წარმატება იყო ჩემს ცხოვრებაში...

– ჩემი მეტსახელი...

– ცუცა ჩემი მეტსახელია, პასპორტში ციცინო კაპანაძე მიწერია. ჩვენ გვქონდა სპექტაკლი „უცხო ჩიტი“. ამ სპექტაკლს ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა, მსოფლიო მოგვატარა. ერთხელ რეპეტიციის დროს, სანამ სცენაზე შევიდოდი, ტელევიზორში ფილმი „რეკორდი“ გადიოდა. ისე გავერთე ყურებით, თავიდან ამომივარდა სცენაზე შესვლა. შემოვიდა კიჭა, ლევან ლელაშვილი და მეუბნება, წამოდი, შენი გამოსვლა არისო. ჩემთან ერთად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი ლარისა კევლიშვილი და მან უთხრა ლევანს, მოიცა, ახლა ცუცა უნდა გამოვიდესო. კიჭა მომიბრუნდა და კარგი რა, სუფთა ცუცა ხარო, მითხრა. ასე შემერქვა ცუცა. ჩემს სახელს დღეს აღარავინ მეძახის და თუ ვინმე დამიძახებს, იმდენად, მეუცხოება, მგონია, სხვას ეძახიან.

– ადამიანში ვაფასებ...

– პირველ რიგში, ადამიანობას, სიკეთეს, მიმტევებლობასა და გულახდილობას. მართალი უნდა იყო ადამიანი. ძალიან არ მიყვარს ტყუილი. მირჩევნია, ადამიანმა სიმართლე მითხრას, ვიდრე ზურგს უკან სამარე გამითხაროს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატებაა, როცა შენს ქვეყანას ემსახურები და ყველა ის ადამიანია წარმატებული, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს და ამით მისი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს.

– ვრისკავ...

– ხშირად. თუ არ გარისკე, ცხოვრებას არ აქვს ინტერესი. სხვათა შორის, აზარტულიც ვარ. რისკი და აზარტი განუყოფელია. თუ არ გარისკავ, ვერასოდეს მიაღწევ შენს მიზანს.

– მაკვირვებს...

– ყველაზე მეტად – ადამიანის უწიგნურობა და ის კატეგორია, ვინც ყველა საქმეში ცხვირს ჰყოფს. „არამკითხე მოამბეები“ რომ არიან, ვითომ ყველაფერი იციან, მაგრამ ამ დროს არაფრის აზრზე არ არიან.

– ბედისწერა...

– ყველა ადამიანს საკუთარი ბედისწერა აქვს. ალბათ, მეც ბედისწერამ წამომიყვანა ამერიკაში... კარგი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს, რაც გიწერია, ის არ აგცდება, სიკვდილიც კი. მჯერა ბედისწერის, რადგან ყველაფერი მოდის უფლისგან. უფალმა თითოეულ ჩვენთაგანს მოგვცა რაღაცის ნიჭი, ამიტომ იმ გზას ვერ გადავუხვევთ, ისაა ჩვენი ბედი. დაოჯახებაც ბედისწერის ამბავია. არ ვარ დაოჯახებული და ესეც ჩემი ბედისწერაა. მართლია, რამდენიმეჯერ მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერ გადავწყვიტე, შეიძლება, შემეშინდა დიდი პასუხისმგებლობის – ოჯახის, ან ისეთი ძლიერი არ იყო ის გრძობა, როგორიც საჭიროა.

– სიყვარული...

– მსოფლიოს მამოძრავებელი ძალაა, მის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერ ისუნთქებ და ვერ იარსებებ. კარგად თქვა გალაკტიონმა: თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდო. ალბათ, სიკვდილსაც თავისებური სიყვარული და ხიბლი აქვს, ლამაზად უნდა წახვიდე ამქვეყნიდან, რომ შენზე ადამიანებს გული დასწყდეთ და თქვან, კარგი ადამიანი იყო და ნათელი დაადგესო.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– პირველად მეექვსე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა და შევუყვარდი, კლასელები ვიყავით. მერვე კლასში გამიმხილა სიყვარული. მაშინ შაბათობით მთელი სკოლა კინოში მივდიოდით. კინოთეატრს ულამაზესი ბაღი ჰქონდა ვარდებითა და სხვადასხვა ყვავილებით სავსე. მან ხელი მომკიდა და ვარდებთან მიმიყვანა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ვარდი უნდა მოეკრიფა და ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, ერთადერთი, რაც მომივიდა აზრად, სილის გაწნა იყო, ოღონდ არ ვიცი, რატომ, ალბათ, ფილმების გავლენით. ისეთი სილა გავაწანი, ლამის ცრემლები წამოუვიდა, გამშრალი და გაოცებული მიყურებდა, რა გააკეთეო (იცინის). ჩვენი სიყვარული 8-9 წელი გაგრძელდა... მას შემდეგ კიდევ მიყვარდა და ვუყვარდი, მაგრამ პირველი სიყვარული მაინც გრჩება ადამიანს.

– ის, რაც უპატიებელია...

– უფალი გვეუბნება: მიუტევე და მოგეტევებაო. ალბათ, ყველაფერს მივუტევებ ადამიანს, ერთადერთი, ვინმემ ოჯახის წევრი რომ მომიკლას, მაშინ არ ვიცი, რამდენად შევძლებ.

– სამაგიეროს გადახდა...

– მიფიქრია, მაგრამ არ გადამიხდია. ადამიანი, რომელიც არ არის შენი ღირსი, უპასუხოდ უნდა დატოვო. როცა შეურაცხყოფას მოგაყენებენ, უბრალოდ, უნდა გაიარო და უპასუხოდ დატოვო.

– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

– ჩემს საქმეზე და იმაზე, რომ მალე უნდა დავბრუნდე, ბოლო პერიოდში – მით უმეტეს. ჩვენ გავაკეთეთ მიუზიკლი „ფანჯრიდან დანახული გაზაფხული“ , სადაც ჩემი გმირი 60 წელი ცხოვრობდა ემიგრაციაში. მას აქვს ასეთი სიტყვები: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავსო. მართლაც ასეა ემიგრანტის ცხოვრება...

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ყველაზე დიდი რჩევა იყო: პატივი ეცი ადამიანებს, დააფასე ყველაფერი უფლისგან ბოძებული, მიუტევე და გიყვარდეს ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა მდიდარია თუ ღარიბი და მთავარია სიკეთე, სიკეთე და სიკეთე!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს