ცუცა კაპანაძე: დედას ტელეფონზე ველაპარაკებოდი, უცებ კივილი მესმის და მეუბნებიან, რომ ის აღარ არის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.03
ცუცა კაპანაძის "უცნობი მხარე" 👇
– ვინ არის ცუცა კაპანაძე?
– ცუცა კაპანაძე არის საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ქართველი. დროებითი ემიგრანტი ამერიკაში, ნიუ-იორკში. მსახიობი, საუკეთესო მეგობარი, მიმტევებელი, ძალიან უბრალო, უბოროტო და უღალატო ადამიანი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ვიტყოდი, რომ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ჩემი სტუდენტობა გასაოცარი იყო. „პასიანსის“ თაობამ თითქმის სამჯერ დავარტყით მსოფლიოს წრე. ვერ ვიტყვი, რომ რამე მინდოდა და არ შემისრულდა. საუკეთესო მსახიობებთან ვმუშაობდი, მათ შორის იყვნენ: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ლენა ყიფშიძე, მურმან ჯინორია და ასე შემდეგ. ასევე, ვიმუშავე ამერიკელ რეჟისორებთან თეატრში. გადაღებული ვარ ძალიან კარგი რეჟისორების ძალიან კარგ ფილმებში, რომლებმაც არაერთ ფესტივალზე მოიპოვეს წარმატება. ლევან კოღუაშვილის ფილმმა „ბრაიტონი 4“, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, უამრავი პრიზი აიღო საერთაშორისო ფესტივალებზე, საქართველომ „ოსკარზე“ წარადგინა. არ შემიძლია, არ ვახსენო ქეთი ორჯონიკიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ნანა“, რომელმაც ასევე დიდი წარმატება მოგვიტანა, მე მასში მთავარ როლს ვასრულებდი. მოკლედ, თეატრშიც ვიყავი, კინოშიც, ტელევიზიაშიც და მსოფლიოც მოვიარე. სიყვარულს, რომელიც „პასიანსმა“ მოგვიტანა დღემდე ვგრძნობ. ჩვენი კონცერტები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, სრული ანშლაგით მიდიოდა. დარბაზები გადავსებული იყო. ხალხი ხეებზე ადიოდა, იქიდან სახურავზე გადადიოდნენ და დარბაზში ასე ჩამოდიოდნენ. სასწაულები ხდებოდა. ეს ძალიან დიდი განაცხადია, მაგრამ მაყურებელი მაშინ „ბიტლზებს“ გვადარებდა. რა თქმა უნდა, „ბიტლზები“ მსოფლიო მასშტაბის იყო, მაგრამ ის სიგიჟეები, რაც მათ კონცერტებზე მაყურებლებში ხდებოდა, არც ჩვენთვის იყო უცხო. მეტი რაზე უნდა მეოცნება?! თუმცა ერთს მაინც ვიმედოვნებ, რომ მოვხვდები „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე და წითელ ხალიჩაზე გავივლი (იცინის).
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ვერ ვიტყვი, რომ მძულდა, უბრალოდ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიმუშავებდი ბავშვების მომვლელად და ვიმუშავებდი ბებოსთან, მაგრამ როცა ამერიკაში წამოვედი, ასე მოხდა. ეს დრომ მოიტანა. რას ვიზამთ, „პასიანსი“ დაიხურა, ვიყავი ტელევიზიაში, სერიალებში, მაგრამ როცა ეს პროექტები შეწყდა, ემიგრაციაში მომიწია წამოსვლა. თეატრში 80 ლარი მქონდა ხელფასი და ამით ვერანაირად ვერ ვირჩენდი თავს. ამერიკაში ცხოვრების ნულიდან დაწყება დამჭირდა. ახლა აქ ბევრი ბებიასთან მუშაობს, მაგრამ სულ სხვა რამეს ჰყვება. მე არ მიყვარს ასეთი ტყუილები და მოჩვენებითი ცხოვრება ან საქართველოში მცხოვრებლებისთვის რაღაცების გამოგონება. ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებ. ყველამ ყველაფერი ვიცით და სასაცილო მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო თავი. პირნათელი უნდა იყო, პირველ რიგში, უფალთან და მერე საკუთარ თავთან. როცა აქ ჩამოდიხარ, შენ არავინ ხარ, არავის აინტერესებს, ვინ იყავი შენს ქვეყანაში – წარმატებული თუ პოპულარული. არანაირი შრომა არ არის სათაკილო. თავი უნდა ჩაღუნო და საკუთარი მომავლისთვის იმუშაო, რადგან ეს ქვეყანა ყველანაირად გეხმარება, თუ ზარმაცი არ ხარ. როდესაც ღამე საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ძალიან ბევრიც მიტირია, რატომ უნდა ვაკეთებდე ამას-მეთქი, ეს მომენტიც არის, მაგრამ რას ვიზამთ, დრომ ასე მოიტანა. მე ავიღე ჩემს თავზე ყველაფერი და აქ წამოვედი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი არ უნდა აიღო და შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ამას კი ვამბობ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მარტო შენი თავისთვის ვერ იცხოვრებ. ვერ წარმომიდგენია ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე არ ფიქრობდე. მგონია, რომ არცერთი ქართველი არ არის ასეთი.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ოო, ძალიან გულჩვილი ვარ, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. დედა და განსაკუთრებით მამა, შენიშვნას მომცემდა კი არა, სხვანაირად რომ გამომხედავდა, მაშინვე ტირილს ვიწყებდი. მამაც ჩემნაირი გულჩვილი იყო და ჩემს ცრემლს ვერ იტანდა. როგორც კი მტირალს დამინახავდა, თვითონაც მაშინვე ტირილს იწყებდა. დედაც ასეთი იყო, თუმცა შვილებთან ის უფრო იჩენდა სიმკაცრეს. სხვათა შორის, ორივეს საოცარი იუმორი ჰქონდა. ამით მე მათ ცოტა ვგავარ, თუმცა, მათ დონემზე ვერ მივალ. ყველა ინსტრუმენტზე უკრავდნენ, მღეროდნენ და ხმით ცოტა დავემსგავსე. მეც ვმღერი, თუმცა, პროფესიონალი მომღერალი არ ვარ. დაკვრით ვერ ვუკრავ, მაგრამ „ნაგლი“ ვარ. ძალიან მინდოდა, ბალერინა ან საოპერო მომღერალი ვყოფილიყავი. სადაც კი ცნობილ ქართველ ოპერის მომღერალს შევხვდები, არ არსებობს, არ ჩავუხტე და მასთან ერთად არ ვიმღერო (იცინის). გიორგი გაგნიძესთან და ვალერიანო გამგებელთან ერთად რომ იმღერებ, „ნაგლი“ ხარ, აბა, რა (იცინის). რას იზამ, როცა ძალიან გინდა, ბავშვობის ოცნება აისრულო.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ცოტა ხნის წინ, ხათუნა იოსელიანის 80 წლის იუბილე გვქონდა. 18 წლის წინ, როცა მე და ხათუნა ამერიკაში ჩამოვედით, აეროპორტში ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი და ხათუნამ მითხრა, არ ინერვიულო, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აქ მეორე ცხოვრებას დავიწყებთო. ამის გახსენებაზე ახლაც მეტირება. მერე, როცა 2008 წელს, ჩვენ აქ, ქართული კულტურის ცენტრში სპექტაკლი ვითამაშეთ, მე და ხათუნამ ისევ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და სცენაზე მთელი ძალით დავიყვირეთ „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“. ზუსტად ეს გავიხსენეთ ახლახან ხათუნას იუბილეზე და მაშინაც ვიტირეთ. ეს ჩვენთვის ძალიან ემოციურია. ვეუბნები: ხათო, როგორც ჩვენი ჩამოსვლით გავახარეთ ამერიკა, ისე გავახაროთ ჩვენი წასვლით-მეთქი. ალბათ, კიდევ სულ სამი-ოთხი წელი ვიქნები აქ და დავბრუნდები. უფალმა მისმინოს, მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. ის გამინათებს გზას.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?
– ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ოჯახი შემექმნა და საკუთარი შვილი მყოლოდა. ვფიქრობ, რომ ყველა მანდილოსანი უნდა იყოს დედა. მეც მეუბნებოდნენ და დღეს ეს ძალიან ხშირად ხდება, შვილი შეგიძლია, აიყვანო, გააჩინო კიდეც, უამრავი გზა არსებობს ამისთვის, მაგრამ ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ასეთი რამ. შეიძლება, ეს ცუდად გამიგონ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ, მე ამას ვერ გავბედავდი, მარტო ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი. თუმცა, ძალიან ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ძმისშვილები მყავს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არ მეშინია ჩემი სიბერის. ჯერ ისეთი ენერგიული ვარ, სიბერეზე არც ვფიქრობ. 62 წლის გავხდი და ამ ასაკში ნოე სულაბერიძემ პროექტ „კუნძულით“ ქართულ ტელესივრცეში დამაბრუნა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ვცდილობდი, ჩვენს ნიჭიერ და ენერგიულ ახალგაზრდებს არ ჩამოვრჩენოდი და ნახევარფინალამდეც გავედი (იცინის).
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში და ისე, როგორც ჩემმა მშობლებმა დატოვეს დედამიწა – უცებ. მახსოვს, დედამ მითხრა, მამაშენი ვერ გრძნობს თავს კარგად და იქნებ ჩამოხვიდეო. ჩავედი და მამას ვესაუბრებოდი. მას ყოველთვის მამის სახელით მივმართავდი. ალბათ, ცხოვრებაში ორჯერ დავუძახე მამა. მაშინაც, ვუთხარი: ნიკალაევიჩ, კარგი რა, ადექი ახლა, ვერ წარმომიდგენიხარ საწოლში-მეთქი. მითხრა, დედას გაუფრთხილდიო, ამოისუნთქა და წავიდა. ყველაზე მტკივნეული ამოძახილი – „მამიკოო“, მაშინ იყო.
ერთი წლის შემდეგ, მამას წლისთავი მოდიოდა და უნდა ჩავსულიყავი, თუმცა, მანამდე დედამ ტელეფონზე საუბრისას მითხრა, რაღაცები გაგიმზადე, ავტობუსს გამოვატან და მეგობრები დაპატიჟეო. ამ საუბარში რომ ვართ, უცებ კივილი მესმის და მეუბნებიან, რომ დედა აღარ არის. არ ვიცი, ეს როგორი შოკი იყო ჩემთვის. 12 თებერვალს მამა გარდაიცვალა, 14-ში – დედა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ამიტომ ვერ ვიტან თებერვალს. მივხვდი, რომ გავიზარდე. მანამდე ბავშვი ვიყავი.
სულ ვეხვეწები უფალს, როცა ჩემი სხვა სამყაროში გადანაცვლების დრო მოვა, ისე წამიყვანოს, როგორც ჩემი მშობლები. არავინ შეუწუხებიათ, არავის მოსავლელები გამხდარან, თუმცა, მერჩივნა, დიდხანს მყოლოდნენ და მომევლო ჩემი დედიკოსთვის და მამიკოსთვის. ეს ასეა, მაგრამ როცა შენ გეხება საქმე, გირჩევნია, სხვა არ გააწვალო, არც შენ იწვალო და უცებ წახვიდე. ჩემი დიდი სურვილია, სცენაზე ვიდგე, საყვარელ საქმეს ვაკეთებდე და ამ დროს, უწვალებლად წავიდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან