შოუბიზნესი

ციცი ფალავანდიშვილი: ქურდები გავაპარე საკუთარი სახლიდან და ძალიან ბედნიერი ვიყავი

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:41 04.10

ციცი ფალავანდიშვილი
დაკოპირებულია

ციცი ფალავანდიშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ციცი ფალავანდიშვილი?

ციცი ფალავანდიშვილი: ადამიანი, რომელსაც ძალიან ადვილად სტკივა გული, მაგრამ შეიძლება, არ თქვას, მას უნდა მიუხვდე; ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია, რა აპატიოს ადამიანს და რა – არა; ადამიანი, ვისაც უყვარს გაზაფხული, სიცოცხლე, ადამიანები და ვინც მადლიერია უფლის თითოეული გათენებული დღისთვის.

მე მიყვარს სითბო, მიყვარს მზე. ცივი არც ხალხი მიყვარს და არც ამინდი. მიყვარს, როდესაც ადამიანებს სიყვარულს ვუხსნი და ორმაგად მიხარია, როცა მეც მიხსნიან. ძალიან პატარა მიზეზი მჭირდება დიდი ბედნიერებისთვის. ასევე, ძალიან პატარა მიზეზია საჭირო, რომ გული მატკინონ.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– არასდროს მითხოვია უფლისთვის მხოლოდ ჩემი ოჯახის კარგად ყოფნა. მინდა, ისეთ გარემოში ვიცხოვრო, სადაც ერთმანეთის სიხარული უხარიათ. სადაც ერთმანეთის წარმატება უხარიათ, სადაც ერთმანეთის ფასი იციან.

არ ვამბობ, რომ მე იდეალური ვარ. ყველა ადამიანს თავისი მინუსი აქვს და მე ეს მახსოვს, მაგრამ რადგან ოცნებაა, ოცნება იყოს.

მინდა, ყველა მშობელს შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ჰყავდეს. მინდა, ყველა დედა ღიმილიან შვილს ხედავდეს – ეს ნამდვილად საოცნებოა.

ძალიან მინდა, ყველანი იყვნენ განათლებულები და იცავდნენ ეთიკის ნორმებს. განათლების მინისტრი რომ ვიყო, ეთიკას სასწავლო საგნებს შორის დავამატებდი. უზრდელებად და ზრდილობიანებად არ ვყოფ ადამიანებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს უფროსისა და უმცროსის პატივისცემა. უფლებები ყველას აქვს, მაგრამ მხოლოდ საკუთარზე არ უნდა იფიქრო. როცა მხოლოდ შენი თავი გახსოვს და სხვის უფლებებს პატივს არ სცემ, ეს ძალიან ცუდია. ჩემი გადმოსახედიდან ასეა.

გარდა ამისა, ცოტა მაღიზიანებს ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი, ამქვეყნად რომ არაფერი მოსწონს. მეცინება, მაგრამ მე ყველაფერი მომწონს. არ სჯობია მოგვწონდეს და გავიხაროთ?! ადამიანი რომ გამარჯობას მეტყვის, მე უკვე ბედნიერი ვარ.

მამაჩემი ფიზიკურად ძალიან დიდი კაცი იყო. მას ძალიან ჰგავს გიგი, იმდენად, რომ ხანდახან რომ ვუყურებ, ცოტა მეშინია კიდეც. მამას 2-3 წლის ბავშვიც რომ შეხვედროდა, ქუდს მოიხდიდა და მოიკითხავდა – როგორ ბრძანდებით, ჩემო ბატონო?! ამას ისე აკეთებდა, რომ ბავშვები გადიდებული თვალებით უყურებდნენ. მამა იტყოდა ხოლმე, ბავშვმა ბავშვობაში თუ არ ისწავლა, ის ვეღარასდროს ისწავლისო.

ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის. სახელმწიფოც ოჯახია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. როცა მშობელი შვილს ასწავლის, რომ სხვისი სიხარული უნდა გაუხარდეს, რომ სხვას გვერდში უნდა დაუდგეს და არ იფიქროს, „ის რომ კარგად არის, მე რატომ არ ვარ კარგად?!“. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს ეს ჩაუნერგო. შეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შევეჯიბროთ, რომ უკეთესები გავხდეთ და თუ შვილებისთვის რამის სწავლება გვინდა, ეს სიტყვიერად კი არა, საკუთარი ქმედებით უნდა ვაჩვენოთ. როგორ ისწავლის შვილი იმას, რასაც შენ არ აკეთებ?! დედობა ყველაზე რთული პროფესიაა, არადა, ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული. ამაზეა აგებული ადამიანობა და ამაზე ნამდვილად ვოცნებობ, ეს ნამდვილად არის ჩემთვის ბედნიერება.

ოცნებებსა და ბედნიერებას თუ შევეხებით, კიდევ ერთს ვიტყვი, მე ბედნიერი ვიყავი მაშინ, სანამ მშობლები ცოცხლები მყავდნენ. მათი დამსახურებით, ჩემი „პატარაობა“ 45 წლამდე გაგრძელდა. როცა შვილი ხარ, ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ვერც აღწერ.

უფლის მადლობელი ვარ, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობის საშუალება მაქვს. ადამიანს უნდა შეეძლოს, მოსაუბრის ასაკის გახდეს. მე, ჩემი სტუდენტების დამსახურებით, ისევ 23 წლის ვარ, მათი გაცისკროვნებული თვალები მაბედნიერებს. მათ თუ რამე სტკივათ, შეიძლება, ღამეები გავათენო.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– რის გამო არ ვტირი?! მერე დამცინიან (იცინის). მიტირია დაუმსახურებელ საყვედურზე. შეიძლება, ვინმესთვის ეს ჩვეული ამბავია და ყურადღებაც არ მიაქციოს, მე ძალიან განვიცდი. ვერ ვიტან „კუთხეში დგომას“ უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უხასიათოდაა და ამის გამო არაერთხელ მიტირია. მიტირია სიხარულისა და გულისტკენის გამო, თუმცა ვცდილობ, ეს უკანასკნელი არ შევიმჩნიო. არ შევიმჩნიო იმიტომ, რომ მე ხომ მაგარი ვარ?! შესაბამისად, არ მაქვს უფლება, ცრემლი გამოვაჩინო, რაც ძალიან რთულია. ახლაც გესაუბრებით და უკვე ცრემლი მომდის. ემოციური მომენტები მახსენდება.

შეიძლება, ვინმეს რომ უნებლიეთ ვაწყენინო, ამაზეც ვიტირო – ძალიან განვიცდი, თუ ვინმეს ვაწყენინე.

შოთა რუსთაველის ფრაზა – „შიში შეიქმს სიყვარულსა“ – იმას კი არ ნიშნავს, რომ როზგის შიში უნდა გქონდეს, არა, ეს არის სიყვარულის დაკარგვის შიში. ამიტომ, გიყვარდეს შენი სიცოცხლეც, მადლიერი იყავი უფლის, ეს არ განმეორდება და დააფასე. სიყვარულიც დაფასებაა, მე ასე მესმის. სიყვარულის პოვნა რთულია, დაკარგვა – უმარტივესი, სულ პატარა შეცდომაა საჭირო და არ უნდა შეგვეშალოს.

– რას მიიჩნევთ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ხშირად ისეთ რამეებზე მწყდება გული, რაც ცხოვრების ნორმაა და მე მაინც უაზროდ ვნერვიულობ. წესით, არ უნდა ვინერვიულო, მაგრამ რა ვქნა – მენერვიულება და მერე ვბრაზობ საკუთარ თავზე. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ვფიქრობ, ალბათ, მე არ გავაკეთე სწორად და იმიტომ მოხდა ასე (იცინის).

ვნანობ და განვიცდი, მაშინ, როცა ვშიშობ, რომ შეიძლება რომელიმე ახლობელს ყურადღება, სიყვარული დავაკელი. იქნებ სათანადოდ არ ვუთხარი ადამიანს მადლობა ან არ მოვინახულე, როცა მას ეს სჭირდებოდა?! ასეთ მომენტებს ძალიან განვიცდი და ჩემს თავს ვერაფრით ვპატიობ. ვცდილობ, ასე არ იყოს, ვცდილობ, შევცვალო მიდგომები, მაგრამ ესეც არ არის მარტივი. ეს სინანული უარყოფით ემოციებს იწვევს, მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს, ჩემს უარყოფით განწყობას სხვაზე არ გადავიტან. მირჩევნია, დავჯდე, დავლაგდე და მერე გავაგრძელო ყველაფერი. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, რადგან თამაშიც არ გამომდის, ძალიან ცუდი მსახიობი ვარ (იცინის).

სიმართლე გითხრათ, ალბათ, ჩემი გულის კუნჭულში კიდევ ცოცხლობს პატარა ციცი. ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვია და მინდა, დიდხანს იყოს ასეთი. როგორც იმ პატარას სტკივა, ისე მტკივა მეც, თუმცა, ვცდილობ, არ ვთქვა, რომ სხვასაც არ ვატკინო გული. არც ახსნა მიყვარს, იმიტომ მოხდა და ამიტომ, რა საჭიროა. თუ ადამიანი ვერ მიხვდა, აზრი არ აქვს ახსნას. მეც შემშლია, ბოდიშიც მომიხდია ხშირად, მარტო უფროსებთან არა, ჩემი პატარა შვილიშვილებისთვისაც არაერთხელ მომიხდია ბოდიში, შვილებთანაც – იქნებ, არ ვიყავი ხასიათზე და რაღაც სწორად არ ვთქვი. ეს ჩვენს ოჯახში ნორმაა.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– არა, არასდროს. ცნობიერში სულ მქონდა საიქიო და სააქაო ცხოვრების შესახებ და ის, რომ არავის არაფერი შეგვრჩება.

ვაიმე, ერთ ამბავს მოგიყვებით ამ თემაზე: სახლში არავინ ვიყავით, გიგის მეგობარს ბებია გარდაეცვალა და იქ წავედით. იქიდან მე და ჩემი მეუღლე სახლში წამოვედით, ვახშმობას ვაპირებთ და მეუღლე მეუბნება, სიგარეტი მომაწოდეო. გვერდზე ერთოთახიანი ბინა გვაქვს და გამახსენდა, რომ ეს სიგარეტი იქ იდო. მივედი კართან და ჯერ ვერ ვაღებ, მერე ვგრძნობ, რომ სახლში ქურდია. დედა, შიშმა ამიტანა, გიამ არ გაიგოს-მეთქი. დავიწყე ჩურჩული: გეხვეწებით წადით, ჩვენ მოვედით-მეთქი. ჩემი ქმარი მეძახის, რა ხდებაო. ვუთხარი: არაფერი, მგონი, სხვა გასაღები ავიღე-მეთქი. ცოტა გავუგრძელე ლაპარაკი და ქურდებმაც მოახერხეს, რომ ფანჯრიდან გადამხტარიყვნენ. გაუმართლათ, ბინა მეორე სართულზე იყო (იცინის). მეცინება, რომ მახსენდება, როგორ ჩუმად ვეძახდი, წადით-მეთქი, გიას რომ არაფერი გაეგო. მერე გია რომ შევიდა, მეუბნება, ციცი არ ინერვიულო, მგონი, აქ ქურდები შემოვიდნენო. ვუთხარი, რას მეუბნები? აღარ არიან-მეთქი?! (იცინის). ასე გავაპარე საკუთარი სახლიდან ქურდები და ძალიან ბედნიერი ვიყავი. წაღებაც ვერაფრის მოასწრეს, ეტყობა, ახალი შემოსულები იყვნენ (იცინის).

მგონი, ჩვენ გენეტიკური სიგიჟე გვჭირს. ერთ დღეს მამა მოდის უცნობ კაცთან ერთად. მამას საოცარი მეხსიერება ჰქონდა, გამორიცხული იყო, ვინმეს სახელი დავიწყებოდა, მაგრამ ამ ადამიანს მთელი საღამო ბატონო სტუმაროთი მიმართავდა. თან დედას უთხრა, აბა, არ შევრცხვეთო. დედა გაოცებული იყო, რა ბატონო სტუმარო, ნეტავ ვინ არის ეს კაციო. ეს კაცი და მამაჩემი აქებენ და ამხნევებენ ერთმანეთს... გავაცილეთ ეს ადამიანი და გავიგეთ, თურმე რა მომხდარა: მამა გზაზე გადადიოდა და ამ კაცს მისთვის მანქანა დაურტყამს. მამა წაქცეულა. ისე ინერვიულა საწყალმა, შემეცოდა და სახლში მოვიყვანეო, ამბობდა მამა (იცინის).

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ვამაყობ? ასე ვერ ვიტყვი. ჩემს საქმიანობაზე ან შვილებზე რომ იტყვის ვინმე რამე კარგს, ვამაყობ – არა, უფრო მიხარია, როცა ასე ხდება. თუ ვამაყობ, მხოლოდ გულში, თან, ძალიან მერიდება. ძალიან ვმორცხვობ, თუ ვინმე შეფასებებში გადააჭარბებს. აღარ ვიცი ხოლმე, სად წავიდე. ემოციებისგან გული გამალებით მიცემს და შეიძლება, რამდენიმე გაჩერება ფეხით გავიარო. თუმცა, ეს უფრო სიხარულია, ვიდრე სიამაყე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა