ცისია მეტრეველი: ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, ენითაღუწერელი განცდა იყო
ავტორი: „თბილისელები“ 15:14
ცისია მეტრეველის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ცისია მეტრეველი?
ცისია მეტრეველი: პირველ რიგში – დედა, მეუღლე, შვილი და რაც მთავარია, ჩვეულებრივი ადამიანი, თავის პლუსებითა და მინუსებით, ძლიერი თუ სუსტი მხარეებით.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მრავლისმომცველი და არც ისე მარტივი კითხვაა. ოცნებები, რაც ცხოვრებაში გაქვს, თვითონ უნდა განახორციელო, საოცნებო ცხოვრება საკუთარი ხელებით უნდა შექმნა, თუ გინდა, ყველაზე დიდი სიამოვნება მიიღო. როცა შენი გზა საკუთარი მიზნებისკენ მიგყავს, როცა ის გამოგდის, რაც ძალიან გინდა, ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ემოციური ვარ, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, გადაწყვეტილებები გონებით მივიღო და მხოლოდ ემოციას არ დავეყრდნო. პირველ ეტაპზე წინ ემოცია მოდის, მაგრამ გამოცდილება გვასწავლის მათ დარეგულირებას და საკითხებს უფრო პრაგმატულად უდგები. დროსთან ერთად, ცივი გონებით გაკეთებული შეფასებები ინაცვლებს წინა პლანზე.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– ხშირად მომხდარა ასეთი რამ. ადამიანმა სხვასთან რომც არაფერი აღიარო, საკუთარ თავთან რომ დარჩები მარტო, სარკის წინ რომ დადგები და საკუთარ თვალებში ჩაიხედავ, არ არსებობს, არ დაფიქრდე შენს საქციელზე და არ ინანო რამე. შეიძლება, სხვასთან იხტიბარო არ გაიტეხო, მაგრამ შენს თავთან აღიარო, რომ არასწორად მოიქეცი. ეს აღიარება, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან, გზრდის და შემდეგ ცდილობ, იგივე შეცდომა მეორედ აღარ დაუშვა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ესეც ფართო გაგების კითხვაა. კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია. ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა. ძალიან შეკრული, მეგობრული და ტრადიციული ოჯახი მაქვს – მეუღლე და ბიჭები, რომლებიც უკვე დიდები არიან. სირთულეებიც იყო, როგორც ყველა ოჯახში, მაგრამ გადავლახეთ სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამსახურებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამართლებაც და გამარჯვებაც.
რაც შეეხება შემოქმედებას, მე საერთოდ არ ვარ მებრძოლი ადამიანი. 50 წელი შემისრულდა, პატარაც აღარ ვარ და ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. დავინახე, რომ რაც აქამდე ჩემს კარიერაში მოხდა, თითქოს ყველაფერი თავისთავად მოვიდა. მე არაფრისთვის მიბრძოლია. განსაკუთრებულ გარემოში გავიზარდე, ესენი იყვნენ სპორტსმენები თუ მეცნიერ-თანამშომლები, ნამდვილად დიდი ადამიანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს – თავიანთი საქმის კორიფეები იყვნენ და იმავდროულად, ძალიან თავდამბლები. მათ გვერდით გაზრდა დიდი ბედნიერება და ბევრის მომცემი იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ გარემო, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, ჩემთვის დიდი გამართლება და გამარჯვებაა. გამართლებაა ისიც, რომ ჩემს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი თავისთავად ხდებოდა: თეატრალური ცხოვრების დაწყება, სერიალები, ფილემები... შეიძლება, ცუდსაც ვამბობ, მაგრამ ბრძოლით არაფერი მომიპოვებია. საერთოდ, ეს არ არის ჩემი ხასიათი. გეგმა გქონდეს და მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე, ეს სხვა არის და საჭიროა წარმატების გზაზე, მაგრამ ბრძოლა და სურვილების ძალით გატანა საჩემო არ არის.
რაც შეეხება მარცხს, შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია და იმედია, ყველა სწორად გამიგებს, მაგრამ განსაკუთრებული მარცხი არ მქონია. შეიძლება, ჩემი ხასიათის სწორედ ეს შტრიხი, რაზეც ახლახან ვისაუბრე, არის არა მარცხი, არამედ ხელის შემშლელი ფაქტორი ჩემთვის და ამის გამოა, რომ მე კიდევ უფრო მეტისთვის არ მიმიღწევია.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– როგორც ყველა მართლმადიდებელს, ღვთის შიში მაქვს. თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს შევეხებით, ბევრი წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებ: თითქოს, ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. საშინლად ვფორიაქობდი, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ეს ანითაღუწერელი განცდა იყო. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემს შვილს ავტომობილმა დაარტყა. მეუღლის მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რაღაც ძალიან უმნიშვნელო მოხდა და უნდა წამოხვიდეო. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე, ასეთ მომენტში, ვმუნჯდები. სიტყვის თქმაც ვერ შევძელი. „ატანილი“ და დამუნჯებული ვყავდი შიშს. ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ეს ისეთი განცდაა, რომლის დროსაც, თან ყველაფერს უშვებ, თან ფიქრსაც კი ვერ უშვებ ცუდზე, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო და უმძიმესი გრძნობები ერთდროულად ტრიალებს შენში. მადლობა ღმერთს, შვილი გადამირჩინა. პირველ დღეს რომ ვნახე, მძიმედ იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ გაურკვევლად. იმ ღამეს „თავზე ვადექი“ და ღმერთს მის კარგად ყოფნას ვთხოვდი. მეორე დღეს უკეთ გახდა. აი, მაშინ ამოვისუნთქე და გონს მოვედი. ამაზე ლაპარაკი ახლაც ძალიან მიჭირს. რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია და ახლა ამის მოგონებით მთელი ის სიმძიმე გამახსენდა. არადა, თითქოს ამოშლილი მქონდა მეხსიერებიდან. ნამდვილად ეს იყო ყველაზე დიდი შიში, რომელიც ცხოვრებაში განვიცადე.
– ყოველდღიურობაში, პროფესიული საქმეების გარდა, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას?
– როცა დიდი ოჯახი გაქვს, სახლის დალაგებაც ხშირად გიწევს. საერთოდ მე, ამ მხრივ, პედანტი ვარ. მიყვარს, როცა ყველაფერი მოწესრიგებულია. არეულობა ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს, ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის. გურმანი არ ვარ, პირიქით, ბავშვობიდან ცუდი მჭამელი ვარ, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსიც მიყვარს. სიამოვნებით ვამზადებ იმას, რაც ჩემს შვილებს უყვართ და როგორც ამბობენ, გემრიელი გამომდის.
გეტყვით იმასაც, რომ ლექსებს ვწერ... ბოლო პერიოდში თავი მოვუყარე ჩემს ლექსებს და ვაპირებ, გამოვცე. აქამდე აფიშირებას არ ვაკეთებდი, ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა ახლობლებმა იცოდნენ და მათი დაჟინებული თხოვნით, გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა.
სხვათა შორის, მესამე კლასში ვიყავი, როცა თოჯინების თეატრის საიუბილეო, 50 წელთან დაკავშირებით ლექსი დავწერე:
„სთესავ და სთესავ სიკეთეს 50 წელია,
შენი ლამაზი გმირები, დღესაც ჩვენს გულში მღერიან.
ზღაპართა სიბრძნის ოსტატო, ბავშვები რარიგ გელიან,
ბაყბაყ დევს რაკი აჯობე, წლები რას მოგერევიან.
კვლავ ახალგაზრდა გვენახე, სიმართლის მფენო ფერიავ,
მეც დიდ მადლობას მოგიძღვნი,
დღეს ხომ ზეიმი შენია“.
მახსოვს დოდო ალექსიძემ რომ მომისმინა ჩემი ლექსი, შუბლზე მეამბორა და ნამდვილი მსახიობიაო, განაცხადა, ძალიან შემაქო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





