შოუბიზნესი

ცისანა სეფიაშვილი: სამყარომ მითხრა - გეყოფა ამდენი ტკივილიო და საჩუქრად ოთო გამომიგზავნა

№33

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 19.08

ცისანა სეფიაშვილი
დაკოპირებულია

ცისანა სეფიაშვილი ასაკს არასოდეს მალავს, არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიიჩნევს, რომ ეს მისი ხასიათის დამსახურებაა. უხარია სხვისი წარმატება, ხარობს სხვისი ბედნიერებით და ცხოვრების ის გზა, რომელიც მარტივი გასავლელი სულაც არ იყო, უკან მოიტოვა. ყველა განვლილი განსაცდელის შემდეგ, დღეს ბედნიერია, მის გვერდით დგას საყვარელი მამაკაცი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სამყაროს საჩუქარი და ჯილდოა.

ცისანა სეფიაშვილი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წელიწადის ნებისმიერ დროს დასვენება და ვახერხებ კიდეც გასვლებს. არ მიმაჩნია, რომ ეს ფუფუნებაა, უბრალოდ, ეს ჩემი თავისთვის კომფორტია. ვცდილობ, თვეში ერთხელ, დასვენების დღეებში გავძვრე, მოვწყდე ყველაფერს და მე და ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა განტვირთვის დღეები მოვიწყოთ. ქალაქიდან გასვლა „აბდეითს“ აკეთებს, შემდეგ ახალი ენერგიითა და განწყობით იწყებ მუშაობას. ამიტომ, მხოლოდ ზაფხული არ არის ჩემთვის დასვენების სეზონი. ყოველთვის ვიწყობ დასვენებებს, რადგან საჭიროა.

– ამ შვებულების სეზონს ვისთან ერთად და სად ატარებ?

– მე ისეთი კარგი სამსახური მაქვს, შვებულებაა თუ არა, მაინც მაქვს გასვლები, მათ შორის, გარე გადაღებები. ჩემთვის სამსახური არ არის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველთვის ვემზადები. ტელევიზია და ეკრანი ჩემთვის არ არის დაძაბული რეჟიმი, კიდევ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი. გასვლითი გადაღებები ჩემთვის განტვირთვაა და თან, ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. 16 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, ტელევიზია ყოველთვის იყო ჩემთვის საყვარელი ადგილი.

– გადაცემას, რომლის წამყვანიც ხარ, ჰქვია „რა გვსურს ქალებს“. შენი აზრით, რა გვსურს ქალებს?

– ეს გადაცემა, იცი, რატომაა მაგარი და არასოდეს ემუქრება დახურვა? იმიტომ, რომ ამოუწურავი თემებია. შემიძლია, ხუმრობით გითხრათ: მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა სურთ ქალებს, მაგრამ ვიდრე გამოაქვეყნებდნენ, ქალებმა გადაიფიქრეს (იცინის).

– რაც წლები გვემატება, ვაგროვებთ გამოცდილებას, ვიღაცები გზიდან გვეცლებიან, ვკარგავთ მეგობრებს, ვიძენთ ახლებს... უკან რომ იხედები, როგორ ცისანას ხედავ და სარკეში ჩახედვისას როგორი ადამიანი გიყურებს?

– რომ გითხრათ, ძალიან შევიცვალე, მოგატყუებთ. მე ისევ მჯერა ადამიანების, ისევ გულწრფელი ვარ, მაგრამ ბევრი რამ გავიარე, ცუდიც და კარგიც, ბევრი გულისტკენაც მქონდა და დღევანდელი გადამოსახედიდან, გული მტკივა, რადგან, მახსენდება სიტყვები: „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა“. ალბათ, შევცვლიდი იმას, რომ ასე არ მივენდობოდი, ემოციებში არ გადავვარდებოდი... კი, მტკენია გული, მაგრამ ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი, ისეთივე გულწრფელი ვიქნებოდი, მთელი გულით, ემოციითა და სიკეთით გადავყვებოდი ადამიანებს, მაგრამ ისე აღარ მეტკინებოდა გული. მოკლედ, იმავე გზას გავივლიდი, იმავე ემოციებით, მაგრამ გულისტკენას შევცვლიდი. სჯობს, გვერდით ხუთი ნამდვილი ადამიანი გყავდეს და არა ბევრი და ყალბი. გულსატკენია, როცა ადამიანის მიმართ მთელი გულითა და ემოციით ხარ და დრო რომ გადის, როცა მძიმე პერიოდი გაქვს და მისი თანადგომა გჭირდება, მიიხედავ და გვერდით არ არიან. მოკლედ, ძალიან ბევრჯერ მეტკინა და ახლა რომ იმ წლებში დამაბრუნოთ, შევცვლიდი დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ და გული აღარ მეტკინებოდა. ახლა ზუსტად იგივე ვარ, წლები მხოლოდ ასაკია და ვიცი, როგორ არ მეტკინოს გული, ვიცი როგორია და ვინ არის ჩემ გვერდით, ვიცი ვისთვის და როგორ ვიცხოვრო, აი, ეს მომცა წლებმა. თან, ამ ასაკში იმხელა ბედნიერება მეწვია, იმდენად დიდი, როგორ შეიძლება, არ ვიყო მადლიერი. ჩემი მეუღლე არის ჩემი ბალანსი და სიმშვიდე. შემიძლია, თამამად ვთქვა: ჩემი ქმარი ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარია. ამიტომ, ალბათ, რაღაცები უნდა გამევლო, ის გულისტკენებიც ყოფილიყო, რომ აქამდე მოვსულიყავი, ჩემს ოთო გიორგობიანს შევხვედროდი და მის გვერდით ვყოფილიყავი.

– ფიქრობ, რომ ეს ადამიანი ბედის საჩუქარია?

– ოთო ბედის საჩუქარზე მეტია, უფალმა დამაჯილდოვა. სამყარომ მითხრა: გეყოფა ამდენი ტკივილი და გულისტკენებიო და საჩუქრად გამომიგზავნა ოთო. საოცარი შვილები მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ერთად მოვდიოდით, ახლა კი ყველაზე ერთგული მეგობარი და პატივსაცემი ადამიანიც მყავს. თურმე, ყველაზე მაგარი ყოფილა, როცა გრძნობ, გვერდით გიდგას ადამიანი, რომელიც შენი კედელია და ამ ქვეყანაზე არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ოთოს გვერდით ბროლის სათამაშოსავით ვარ, რომელსაც ეფოფინებიან და ბედნიერი სუნთქავ. მადლიერი ვარ, რომ სამყარომ ეს ადამიანი მაჩუქა. ასე რომ, ბედის საჩუქარია ასეთი მშობლების შვილი რომ ვარ, სამყაროს საჩუქარია ოთო, ჩემი მეორე ნახევარი, შვილები კი – ჩემი ბედნიერება. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მიუხედავად ბევრი რაღაცებისა, რაც ცხოვრებაში გავიარე, ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, დიდად მადლიერი ვარ იმ ყველა ტკივილის, განსაცდელის, წყენისა და გულისტკენის, რადგან ეს საჩუქარი მელოდებოდა. არასოდეს ვიტოვებ წყენას გულში. ვარ ადამიანი, რომელსაც პატიება შეუძლია, მაგრამ პატიება იმას არ ნიშნავს, რომ ისევ ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი. დაე, ყველას ღმერთმა აპატიოს ყველაფერი. კიდევ ვამბობ, მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ღირდა ამად ყველა განვლილი წამი. მაქვს განცდა, თითქოს ხარკი გადავიხადე იმისთვის, რომ ეს ბედნიერება მქონოდა. თუმცა, სამწუხაროდ, არის რეალობა და დღეს, ბედნიერი წყვილები, ლამაზი ქალები, წარმატებული სპორტსმენები, ყველაზე მეტად ხდებიან ნეგატივის მსხვერპლი. არსებობენ ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც სხვისი ბედნიერებით ვერ ტკბებიან. ეს მათი ტრაგედიაა და მინდა გითხრათ: დატკბით სხვისი ბედნიერებით და თქვენს ცხოვრებაშიც მოვა ბედნიერება. ბოღმითა და ღვარძლით თქვენ ბედნიერები ვერ იქნებით. სამყარო არის ბუმერანგი – რასაც გაუშვებთ, ის გიბრუნდებათ. შეიძლება, გვიან, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდებათ. როცა დაბოღმილი სხვის ბედნიერებას ვერ ირგებთ, მაშინ ბედნიერებას ნურც ელით.

– საოცრად გამოიყურები. ბევრ ქალს, ასაკის მატებასთან ერთად, უჩნდება კომპლექსი, გაამხილოს წლოვანება, შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი და ამისთვის მთელი რიგი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება უწევთ. ამ მხრივ რას გვეტყვი?

– მე წლოვანებას არასოდეს ვმალავ. 44 წლის ასაკში დამენგრა ოჯახი და ერთი წელი ვიყავი განცდებში. უცებ გამოვიხედე და ჩემს თავს ვუთხარი: ცისანა, 45 წლის ხარ, ერთი წელი განცდაში გაატარე, გაუშვი ეს ყველაფერი, იცხოვრე და იყავი ბედნიერი, შენ ხარ ბედნიერი დედა, გაქვს საყვარელი საქმე, ხარ წარმატებული, სულ ვითარდები და სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოებს. მე სულ ვვითარდები, არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა. მე არ ვარ მომღერალი, ეს არ არის ჩემი წარმატება. უბრალოდ, ვიმღერე, ხალხმა შემიყვარა და აქამდე მომიყვანა, როგორც მომღერალი ცისანა სეფიაშვილი. ამისთვის დიდი მადლობა მათ! თუმცა, კიდევ ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ კუთხით შემიყვარა. მოკლედ, უცებ მივხვდი, რომ მე ჩემი თავი უნდა შევიყვარო და შევიყვარე, გავაგრძელე ცხოვრება და უცებ, 47 წლის ასაკში, გაშორებიდან სამი წლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ადამიანი, მოვიდა დიდი ბედნიერება. როცა ხარ ბედნიერი, არაფერს მალავ. კიდევ ვამბობ, არასოდეს დამიმალავს ჩემი ასაკი და არც არასოდეს დავმალავ. ნოემბერში 51 წლის ვხდები, უკვე ბებია ვარ. მყავს შვილიშვილი – უსაყვარლესი ნიკო წერეთელი. ბევრისგან მსმენია: ხუთი წლის წინ ისე კარგად არ გამოიყურებოდი, როგორც ახლაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს ჰგონია თავს განსაკუთრებულად ვუვლი, არადა არაფერს მივმართავ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა გავიხანგრძლივო. წელიწადში ერთხელ თუ მივალ კოსმეტოლოგთან, არც სატრენაჟორო დარბაზში დავდივარ, არც მასაჟებს ვიკეთებ, არც ვვარჯიშობ, არც ვდიეტობ და არც სწორად ვიკვებები. კარგად რომ გამოვიყურები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს ადამიანები, მიყვარს ცხოვრება, ყველას ბედნიერება მიხარია, შიგნიდან ვარ ბედნიერი და ამას ვასხივებ. თუმცა, როგორც გამოვიყურები, ამაში გენეტიკაც მეხმარება, რასაკვირველია. ყველა ქალბატონს მინდა, მივმართო: გიხაროდეთ და გაბედნირებდეთ სხვისი ბედნიერება, ისწავლეთ სხვისი წარმატებით ტკბობა, ნუ იქნებით ბოღმიანები და აუცილებლად გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. თუ გულში ღვარძლი და ბოღმაა, ოცი წლის ასაკშიც დაბერდები ადამიანი. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, გიხაროდეთ სხვისი კარგი, ნუ დახარჯავთ დროს სხვებზე უარყოფითი კომენტარების წერით და დამიჯერეთ, თავადაც ბედნიერი იქნებით.

– ცისანა, წლების წინ, ჯანმრთელობის პრობლემა გქონდა. ახლა როგორ ხარ?

– კვლავ მაქვს ანევრიზმა, რომელსაც ვაკვირდები. და, ვიცი არც გაიზრდება და არც საოპერაციო გავხდები. ვიცი, რომ ყველაფერი გადასარევად იქნება. ყველა დაავადებას მოვერევით, თუ ბედნიერების განცდა და სხვისი წარმატების სიხარულის განწყობა გვექნება. ღმერთო, დიდი მადლობა, ყველა გათენებისთვის და დაღამებისთვის, ყველა წამისთვის და ყველაფრისთვის. უფლის რწმენა მაქვს და მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც გავიარე, რაც მაქვს და როგორც ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა