ციაკო ფიფია: ქმრისთვის ძალიან „ჯიგარი“ ორსული ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 14:08
სულ მალე ციაკო ფიფია მეორე შვილის დედა გახდება. მართალია, მეორე ორსულობაც, ისევე, როგორც პირველი, დაუგეგმავად მოხდა, თუმცა ამას მისი დატვირთული სამუშაო რეჟიმისთვის ხელი არ შეუშლია.
ციაკო ფიფია: 24 წლის რომ გავხდი, მალევე მქონდა ნიშნობა და მალევე გადმოვედი გოგასთან საცხოვრებლად. 25 წლის ასაკში კი დედა გავხდი, უსაყვარლესი სანდროს დედა. ისეთ დროს დავრჩი სანდროზე ორსულად, როდესაც საერთოდ არ ვგეგმავდი. იმ პერიოდში, ფილარმონიაში მქონდა საახალწლო კონცრტები, ფეხშიშველა დავრბოდი, ორპირში ვიდექი, ძალიან გადატვირთული რეჟიმი მქონდა. ვფიქრობდი: კონცერტებს რომ მოვილევ, მერე ვიფიქრებ ორსულობაზე-მეთქი, თუმცა, უფლის ნებით, დეკემბერში გავიგე, რომ ვიყავი ორსულად და სრული შოკი მქონდა. სხვათა შორის, არ ვფიქრობდი ორსულობაზე, მაგრამ ვიგრძენი, რადგან გემოვნება შემეცვალა, ხან წვენის გემო არ მომწონდა და ხან საჭმლის. ტესტი რომ გავიკეთე და გავიგეთ ორსულად ვარ, სიხარულით გადავირიეთ. სანდრო არის პირველი შვილიშვილი ჩემებისთვისაც და გოგასიანებისთვისაც, პირველი შვილთაშვილი – დიდი ბებოებისთვის და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მეფოფინებოდნენ ორსულობის პერიოდში. დაფეთებულები ვიყავით – ფეხი ფეხზე არ გადავიდო, კიბეზე ნელა ავიდე, არ გადავიღალო, ხელი ზემოთ არ უნდა ავწიო. მოკლედ, ვფოფინობდი და როცა დაიბადა, დამავიწყდა ჩემი ცხოვრება რაც სანდრომდე იყო. არც ის მახსოვს, რა მიზანი გამაჩნდა მის დაბადებამდე, რა ოცნება მქონდა. ჩემს ქმარს ვეუბნებოდი: ბავშვი რომ არ გვყავდა, რაზე ვფიქრობდით, ნეტა, რა გვინდოდა-მეთქი (იცინის). ბავშვი რომ დამაწვინეს გულზე, მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში დაიბადა ადამიანი, რომლის გამოც სიცოცხლესაც დაუფიქრებლად დავთმობდი. ახლა სანდრო უკვე რვა წლისაა.
– საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გაქვს. თქვი, პირველ ორსულობაზე მაქსიმალურად თავს ვუფრთილდებოდიო და ახლაც ასე ხარ?
– სანდროზე პირველი ოთხი თვე, ყოველ დილით მქონდა ტოქსიკოზი. რომელიც მალევე გადიოდა და შუადღისკენ ენერგიულად ვიყავი და არანაირ დაღლილობას, სისუსტესა და თავბრუსხვევას არ ვგრძნობდი. ამაზე კი ორსულობის პირველ თვეებში განსხვავებული სიმპტომები მქონდა – ცოტა სისუსტე, თავბრუსხვევა. რომ წამოვწვებოდი, ადგომა აღარ მინდოდა. თუმცა, ჩემს თავს ვაიძულებდი, ავმდგარიყავი და საქმეები მეკეთებინა. ერთი სიტყვით, რადგან პირველ ორსულობასთან შედარებით განსხვავებული სიმპტომები მქონდა, მეგონა, მეორე გოგო მეყოლებოდა. განსხვავებული ორსულობა მქონდა ორივეზე, მაგრამ ღმერთის წყალობით, სანდროზეც და ამაზეც – ძალიან მარტივი. წარმოიდგინეთ, მეშვიდე თვეში ვარ და ხანდახან მავიწყდება, რომ ორსულად ვარ. არც დიდი მუცელი მაქვს, ბავშვის ზომა-წონაც ნორმაშია და არც უენერგიობას ვუჩივი. ვერ აღვიქვამ, რომ სულ მალე უნდა ვიმშობიარო. ისევ ისეთი გიჟური რეჟიმით ვმუშაობ, სამსახურში დავდივარ, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და არ მოვდუნებულვარ. მთელი დღის დაღლილი, სახლში რომ მოვდივარ, არც ამ დროს ვდუნდები.
– სანდრომ რომ გაიგო, ძამიკო ეყოლებოდა, რა რეაქციები ჰქონდა?
– ზოგადად, რომ გავიგე ბიჭს ველოდებოთ შოკი იყო, რადგან ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე, გოგოს ვფიქრობდი. თან, რადგან პირველი ბიჭი მყავდა, მეორე გოგო მინდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა, სულ გოგოს სახელები მიტრიალებდა თავში, ბიჭის სახელი არც გამივლია გონებაში. ჩემი ქმარი და ჩემი შვილი ამბობდნენ, ბიჭიაო. ექოსკოპიაზე რომ ვიყავი, ვთხოვე, ფურცელზე დაეწერათ სქესი. იმ დღეს დედამთილის დაბადების დღე იყო, ოჯახი აუზზე ვიყავით და ფურცელი სანდროს გავახსენევინე. რომ გახსნა ფურცელი და წაიკითხა, სანამ იტყოდა სქესს, მისი თვალების გამომეტყველებით მივხვდი, რომ ბიჭი იყო. გადაირია სიხარულით, ყვიროდა: ძმაა, ამას ვასწავლი, იმას ვასწავლი, ფეხბურთს ვეთამაშებიო (იცინის). ასე რომ, დედამთილსაც სიურპრიზი გავუკეთეთ დაბადების დღეზე და სანდროც ძალიან გავახარეთ.
– შენმა კოლეგებმა როდის გაიგეს, ორსულობის ამბავი?
– ჩატი გვაქვს, იქ ჩავაგდე ბავშვის ექოსკოპიაზე გადაღებული ფოტო და ყველა გაგიჟდა სიხარულით. ყველა ელოდება და თან მეჩხუბებიან, რატომ არ გეტყობა მუცელი, ამდენი ხნის ორსული რომ ხარო (იცინის). მართლა არ მეტყობა მუცელი, თან არც მოტკეცილი ტანსაცმლის ტარება მიყვარს და დიდი ზომის სამოსში, საერთოდ არ ჩანს. თუ არ იცის ვინმემ, რომ ორსულად ვარ, რომ შემომხედოს, ვერც მიხვდება. თან, კვების მხრივ, უპრეტენზიო ვარ, არაფერი არ მინდება განსაკუთრებულად, არაფერზე ვაწუხებ ჩემს ქმარს. ამ მხრივ, ქმრისთვის ძალიან „ჯიგარი“ ორსული ვარ (იცინის). არც წონა გამქცევია და იმედია, ბოლო თვეებშიც არ მოვიმატებ ბევრს. ჩემი სუსტი წერტილი ცომეულია, თუმცა, ვცდილობ, საღამოს საათებში თავი შევიკავო და არ ვჭამო.
– როდის ელოდები პატარას?
– იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მიწევს მშობიარობა და საკეისროს არ ვაპირებ. პირველი შვილი ბუნებრივად გავაჩინე და მეორეც ასე დაიბადება. პირველი მშობიაორბა იმდენად მარტივი იყო, ვგულისმობ გართულებების გარეშე მშობიარობას, რომ იმედი მაქვს, მეორეზეც არ გამიჭირდება. სხვათა შორის, სანდროს რომ ველოდებოდით, ჩემი ქმარი ასეთ გამძაფრებულ განცდებში არ იყო, ახლა უფრო ფაციფუცობს. სულ მეუბნება: ამდენს რომ მუშაობ, ხომ არ იღლები, ხომ არ ჯობია, ცოტა დაისვენო, რა გინდა, რა მოგიტანოო. მე და გოგა ამსტერდამიდან რომ დავბრუნდით, მერე პარიზში წავედით, მაშინ ორი თვის ორსული ვიყავი და ვხუმრობ ხოლმე, ჩემი შვილი მოგზაური გამოვა-მეთქი (იცინის). ეს წელი, ყველაფრის მხრივ, წარმატებული აღმოჩნდა და იმედი მაქვს, მომავალი, ჩემს ორ შვილთან ერთად, უკეთესი იქნება.
– კი ამბობენ, წინასწარ არაფრის ყიდვა არ ვარგაო და ბევრი ითვალისწინებს ამ ცრურწმენას. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე და სახელი თუ შეურჩიეთ პატარას?
– სახელზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. ლუკა მომწონს მე, სანდროს კი ან ლუკა უნდა, ან აჩი. ორივე სახელი მომწონს და ვნახოთ სანდრო რომელს აირჩევს, მას მივანდეთ ძამიკოს სახელის დარქმევა. რაც შეეხება წინასწარ ყიდვას, ცრურწმენების არ მჯერა, სანდროს დაბადებასაც მომზადებული შევხვდი და მეორე ბავშვზეც უამრავი რამ მაქვს. დედა ამერიკაშია და სანდროს რომ ველოდებოდით, ლამის ათი ჩემოდანი ტანსაცმელი და ჩვილისთვის საჭირო ნივთები გამოაგზავნა. ახლაც, ასეა, მომზადებული ვხვდებით ბავშვის დაბადებას. მე კი კომპანიებთან ვთანამშრომლობ და ისინი წინასწარ ჩუქნიან პატარას ბევრ რამეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





