შოუბიზნესი

თორნიკე ჯგერნაია: ძალიან სწორ ქვეყანაში მოვხვდი, აქ ჩემნაირი გარეკილებისთვის იდეალურია

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.06

თორნიკე ჯგერნაია
დაკოპირებულია

თითქმის ერთი წელია, სტიგმატი და ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია ამერიკაში ცხოვრობს და სრულიად ახალ რეალობაში ახალ-ახალ გზებსა და საშუალებებს ეძებს საკუთარი თავის უკეთ გამოსახატავად. როგორია მისი ახალი ცხოვრების სტილი და რა შესაძლებლობები მისცა ამერიკამ, ამაზე თავად მოგვიყვება.

თორნიკე ჯგერნაია: ჩემი ამერიკული ცხოვრებაც ისე დაიწყო, როგორც იწყება ხოლმე ამ ქვეყანაში ახლად ჩამოსული ადამიანების ცხოვრება. მუშაობა, ეგრეთ წოდებულ, მიტანის სერვისში დავიწყე, შემდეგ იყო რესტორანი და ასე შემდეგ. სანამ დოკუმენტებს მიიღებ, მანამდე საკუთარი პროფესიით მუშაობა რთულია, თუმცა მარტივი არც მერე არის.

ჩემთვის ეს არ არის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სადაც ხარ, იქ უნდა აკეთებდე საქმეს კარგად. შეიძლება, გუშინ ბანკის თანამშრომელი იყავი და დღეს გამოძახებით შეკვეთილი საკვები მიგაქვს მისამართზე, მთავარია, ორივე კარგად გააკეთო. მე ასე ვუყურებ ცხოვრებას. ათამდე პროფესია მქონდა საქართველოში და ყოველთვის ერთი მიზანი მამოძრავებდა – ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა. ამერიკაშიც, როგორც ვთქვი, ჯერ მიტანის სერვისში ვიმუშავე, შემდეგ რესტორანში შეფის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ჩემი რთული ხასიათიდან გამომდინარე, რამდენიმე რესტორანი გამოვიცვალე. შეიძლება, ვიღაცას ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ როდესაც მე კარგად ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას, ვითხოვ, რომ ჩემ გარშემოც კარგად მუშაობდნენ, მნიშვნელობა არ აქვს, შეფის სტატუსი აქვთ თუ დამლაგებელის. რამდენიმე რესტორანი ზუსტად ამ მიზეზით დავტოვე. საბოლოოდ, აღმოვჩნდი ჩემს მეგობართან, რომელმაც აქ საკუთარი რესტორანი გახსნა. საკმაოდ წარმატებული, მაგრამ ძალიან შრომატევადი პერიოდი გამოვიარე. საერთოდ, აქ ბევრი რამ ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი. მანამ, სანამ ენერგია მეყო, მე ეს ვაკეთე. იცით, რომ მე რიგი პრობლემები მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საკუთარ თავს ვუფრთხილები. ამიტომ, როცა მივხვდი, რომ გაგრძელება აღარ შემეძლო და თან, ამ საქმეში ჩემი თავი ამოვწურე, წამოვედი.

ჩემი დევიზია – შეგიძლია, გაიღვიძო, რაც მანამდე იყო დაასრულო, ღრმად ჩაისუნთქო და ყველაფერი თავიდან დაიწყო! ასე მოვიქეცი ამჯერადაც. ჩემი გადაწყვეტილებები ექსცენტრიკული ეჩვენებათ ხოლმე, არადა, ყველაფერი ძალიან ნაფიქრია. მე ყოველთვის ვუსმენ საკუთარ თავს, საკუთარ ორგანიზმს და როცა ვხვდები, რომ გარკვეულ საქმეში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, ახალ ეტაპზე გადავდივარ. ამჯერადაც, ერთ დილით ეს რომ გავაცნობიერე, სამსახურიდან წამოვედი. წამოვედი, მაგრამ არ ვიცოდი, სად მივდიოდი...

საერთოდ, მგონია, რომ ამერიკაში ჩამოსვლისას, გამოწვევები თამაშად უნდა აქციო და სირთულეებს ისე შეხედო, როგორც ტურიდან ტურში გადასვლას. შეიძლება, სადღაც გველეშაპი გამოხტეს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. არც ტურის დასრულებაა ტრაგედია, უბრალოდ, შემდეგ ეტაპზე გადადიხარ. ზოგი ტური შედარებით რთულია, ზოგი – უფრო მარტივი, მაგრამ ყველას ფეხი უნდა აუწყო. მეც ახალი ტურის მოლოდინში გავიღვიძე.

ამერიკაში სწავლა ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ამაზე ჯერ ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ მოულოდნელობებით არის სავსე... ამ მოცემულობაში უცებ მეგობარმა ტატუსთვის ესკიზის დამზადება მთხოვა. ყველას მოსწონს ორიგინალური ტატუ და არა დაკოპირებული. მთხოვა და მეც დავუხატე, აქამდეც ბევრისთვის დამიხატავს საქართველოში. მივიდა ეს ბიჭი ტატუს გასაკეთებლად მანჰეტენზე, ძალიან კარგ სალონში ჩემი ესკიზით და ტატუს არტისტი მისით ძალიან დაინტერესდა. უთქვამს, ესკიზი ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა და თუ შეგიძლიათ, მის შემსრულებელთან დამაკავშირეთო. დამიკავშირდა და მკითხა, ვითანამშრომლებდი თუ არა მასთან. თურმე, ეს ცალკე პროფესიაა. მითხრა, ხანდახან ტატუს არტისტები ვბრაზდებით, რადგან ესკიზში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე მის შესრულებაშიო. დავთანხმდი და ამ ადამიანმა მასთან მცირეხნიანი თანამშრომლობის შემდეგ მკითხა, მინდოდა თუ არა ამ პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა.

ამერიკაში რომ ჩამოვედი, თვალი გადავავლე რამდენიმე კარგ კურსს, რაც ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვიცოდი, რა თანხები იყო საჭირო სწავლისთვის, ამიტომ საკმაოდ გახსნილად ვუთხარი, რომ ფინანსურად ეს ჩემთვის საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. თავად შემომთავაზა ბარტერი – რამდენიმე ესკიზის სანაცვლოდ, ის თავის სკოლას დამამთავრებინებდა და კურსის ბოლოს ოფიციალურ სერტიფიკატსა და ამერიკულ ლიცენზიას ავიღებდი. რამდენიმე კვირაში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ვიღვიძებ დილის 7 საათზე, ვიღებ ყავას, მივდივარ მანჰეტენზე, ვსწავლობ 8 საათი – ასე მივიღე ახალი ცოდნა და ახლა უკვე ლიცენზიასაც ავიღებ.

შეიძლება, ძალიან თავქარიანი ვჩანვარ, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ. რამდენიმე ადგილას უკვე შემომთავაზეს მუშაობის დაწყება, მაგრამ ოფიციალურ ლიცენზიას ველოდები, რომელსაც დღე-დღეზე მივიღებ და სრულიად ახალი ამბავი, ანუ ახალი ტური დაიწყება ჩემს ცხოვრებაში.

– განსხვავებული საქმიანობაა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ბევრნაირი სამსახურის შემდეგ საკუთარ ინტერესებს, ალბათ, ძალიან მიუახლოვდი.

– ეს არის მთავარი ამ ამბავში. შემოქმედებით პროცესთან ახლოს არის. ხატვა არის ჩემი პროფესია და პირველი განათლება. მე ამასაც მორიგ ტურად აღვიქვამ, რომელმაც გარკვეულ მიზნამდე უნდა მიმიყვანოს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ვიპოვე საკუთარი თავი ამ საქმეში, მე საკუთარი თავი ნაპოვნი მყავს, ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა, მაგრამ სასურველ მდგომარეობამდე მისასვლელად ეს ყველაზე ახლო გზა არის.

სწავლა ძალიან მარტივად გამომივიდა, მასწავლებლები გაგიჟებულები მიყურებდნენ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივიც იყო. ახალ მდინარეში ვიწყებ ცურვას და ვნახოთ, როგორ გავცურავ.

გუშინწინ „მთავარ არხზე“ ვიჯექი წამყვანად, გუშინ კი მიტანის სერვისში ვმუშაობდი, ეს არ არის დისკომფორტი, მე ამას არ ვუყურებ, როგორც ტრაგედიას, მაგრამ ტრაგედიაა, როცა შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც თავისებურად გარეკილი აქვს, არ აქვს საშუალება, საკუთარი ენერგია გარეთ გამოუშვას და ვერ ქმნის იმას, რაც შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა შენს შექმნილს გამოფენაზე გაიტან თუ არა, შენი სახელოსნოა შენი სამყარო და ახლაც, ჩემთვის მთავარია, რომ სამსახურს მიღმა, მე მქონდეს იმის დრო, რომ ჩემს შემოქმედებით კუთხეში განცდილის გარეთ გამოშვება შევძლო.

ახალ წელს, გაგიჟებული მუშაობის დროს, როცა ძალიან გადაღლილები ვიყავით, რესტორანში თანამშრომელმა მკითხა, ალბათ, ძალიან დაიღალე და შენები გენატრებაო. მე ვუპასუხე, არა, მე ახლა თეთრი ტილო და ფუნჯი მენატრება-მეთქი. ორი ღამის გამოუძინებელი ვიყავი, მაგრამ ჩემი ტვინი მხოლოდ ტილოზე და ფუნჯზე ფიქრობდა, რომლისთვისაც დრო არ მრჩებოდა. მენტალურადაც კი პრობლემაა შემოქმედი ადამიანისთვის, როცა მას, თუნდაც, ერთი ფუნჯის მოსმა არ შეუძლია. კარგია, რომ ამ ახალ ტურში, ან დანაკლისს გარკვეული დოზით ავინაზღაურებ. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე აღდგომის მარხვის დროს, როდესაც გარდამოხსნა მოვქარგე და ის აქ, ჩემთან ახლოს მდებარე უკრაინულ ეკლესიას გადავეცი საჩუქრად. უზარმაზარ პატივისცემად აღიქვეს, უამრავი მადლობა გადამიხადეს, თუმცა, ეს, უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო. აღდგომის მარხვაში ძალიან მიყვარს ხატზე მუშაობა და მით უმეტეს, ახლა იყო ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი. საერთოდ, გარდამოხსნა ცხოვრებაში მეორეჯერ გავაკეთე პირველი ძალიან მოეწონა ილია მეორეს და მას გადავეცი საჩუქრად და მეორე კი – ეს, ამ აღდგომის მარხვაში. მასში მთელი ჩემი ემოციური „პერედოზირება“ ჩავდე და ამოვისუნთქე, გამოვუშვი ჩემში დაგროვებული ემოციები. ვფიქრობ, ის ეტაპი იწყება, როცა ამისთვის მეტი საშუალება მექნება. ვხვდები, რომ ძალიან სწორ ქვეყანაში მოვხვდი. აქ ჩემნაირი გარეკილებისთვის იდეალურია.

– როგორ წარმოგიდგენია ამ თამაშის ფინალური ტური?

– ძალიან პატარა ვიყავი და შავ-თეთრ ტელევიზორში ფილმის კადრებს ვუყურებდი, ჩემ თვალწინ ულამაზესი ხეობა იშლებოდა. გავგიჟდი ისე მომეწონა და გამოვაცხადე, აქ მინდა წასვლა, სად არის-მეთქი და ყველა სიცილით მოკვდა – ეს გრანდ კანიონია, ამერიკაშია, ბიძიაო, მითხრეს. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვები ერთმანეთში ძალიან ხშირად ვიყენებდით ფრაზას „მამაჩემი რომ დაგარტყამს, ამერიკაში გადაგაფრენს“ და ჩვენი წარმოდგენები ამერიკის და მისი ჩვენგან სიშორის შესახებ ამით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ სულ ვამბობდი, მე აქ წავალ, იმიტომ რომ იქ არის ღმერთი-მეთქი.

შეიძლება, წლები იცხოვრო ამერიკაში, მაგრამ მოგზაურობა დიდხანს ვერ მოახერხო. აქ რომ ჩამოვედი, ვგეგმავდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მოვინახულებდი გრანდ კანიონს, ჯერ ამის დრო არ იყო. უცებ, მეგობარი, რომელმაც ეს ამბავი საერთოდ არ იცოდა, მიკეთებს საშობაო საჩუქარს – ტურს ლას-ვეგასში გრანდ კანიონზე...

ჩემი მისტიკური ამბების შესახებ ყველამ იცის და მაშინ, როცა ჩემი ბავშვობისდროინდელი კადრები ფილმიდან ჩემ თვალწინ გაცოცხლდა, ანუ, გრანდ კანიონთან ვდგავარ და ამ დროს საოცრება ხდება: ვისაც კი ჩემს შემოქმედებასთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ღმერთი თოვლისფერია, თოვლთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ვდგავარ შუშის ხიდზე, ვუყურებ გრანდ კანიონის ხეობას და უცებ თოვა იწყება. მე იქ, თითქოს, ცხოვრების ერთი მთავარი ფურცელი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტური დავხურე. რაც შეეხება ფინალურ ტურს, დასასრული ნიშნავს საკუთარ თავთან ჰარმონიას. არანაირი სუპერგეგმა არ მაქვს. ვამბობ ხოლმე, ალბათ, ბოლო ტურში ყველაზე დიდი გველეშაპი გამოვა, როგორც მარიოშია, ან უნდა გადავახტე ან ფეხებში უნდა გავუძვრე-მეთქი. არც ის ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები აქ, მაგრამ ვიცი, რომ ახლა იქ ვარ, სადაც საჭიროა. ახლა ძერწვის პროცესში ვარ და სიამოვნებას ვიღებ იმ სტრესისგანაც კი, რომელიც ამ ქვეყანაში ახალჩამოსულ ადამიანს აქვს. არ მაქვს მონატრება, სენტიმენტები და დეპრესია. მგონია, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა