შოუბიზნესი

თიკო ჩხეიძე: რამე რომ მომეწონებოდა, შემეძლო ამეღო, სანამ ერთ კონკრეტულ დღეს ისე არ ავიღე, რომ შეამჩნიეს

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 12.05

თიკო ჩხეიძე
დაკოპირებულია

თიკო ჩხეიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის თიკო ჩხეიძე?

თიკო ჩხეიძე: შემდგარი ადამიანი – მეუღლე, დედა, რეალიზებული საქმეში და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ, ის არის ჩემთვის მისაღები მოცემულობა. არ ვცხოვრობ ოცნებებსა და წარმოდგენებში, ეს არ არის ჩემი. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ბედნიერი ვიყო იმით, რაც არის.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო...

– ნებისმიერი საქმე, რომელიც წარმატების მისაღწევად გჭირდება, მნიშვნელოვანია. მე პირადად, ხშირად მეზარება რაღაცების კეთება, მაგრამ მიზანი მაქვს და სიზარმაცის მიუხედავად, ვიცი რისი გაკეთება არის აუცილებელი, შესაბამისად, ვაკეთებ კიდეც. შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რომ რაღაც მომენტში ერთობი, ამ დროს შენ საერთოდ არ გსიამოვნებდეს იმ კონკრეტული საქმის კეთება, რასაც სხვა გართობად აღიქვამს და ეს იყოს შენი მიზნისკენ მიმავალი გზა, რომელსაც სურვილის მიუხედავად აკეთებ. დასახულ მიზნამდე მისასვლელი გზა მარტივი არ არის, როგორც ეს შეიძლება, გარედან ჩანს. როცა ადამიანები წარმატებას აღწევენ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ ამისთვის ბევრი გააკეთეს. მათ შორის ისეთიც, რაც სასიამოვნო სულაც არა, მაგრამ საჭირო ნამდვილად იყო.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ალბათ, ძალიან ემოციური ვარ, გულჩვილიც. თუმცა, გააჩნია სიტუაციას. შეიძლება, კლდესავით ძლიერი ვიყო, მაგრამ ჩემი ემოციები სადღაც, ოდესღაც ამოიფრქვევა და დავიცლები. ყოველდღიურად გულჩვილი ნამდვილად არ ვარ, ჩემში ემოციები გროვდება და მერე ერთ დღეს, შეიძლება, ვიგრძნო, რომ აღარ მინდა თამაში, აღარ მინდა, ძლიერი ვიყო, მარტო დავრჩე ჩემს ემოციებთან და მინდა, გარეთ გამოვუშვა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– საერთოდ არ არის აუცილებელი ადამიანმა ტირილით გამოხატოს თავისი ემოცია. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეა. მე შეიძლება, გავიღიმო, შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ უბედნიერესი სახე მაქვს, თვალები მიციმციმებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ღიმილი მთელ რიგ სიმწარედ მიჯდებოდეს, რომ ზუსტად ეს ღიმილი, შეიძლება, შინაგანი ტირილი იყოს. შინაგანად რა ემოციებს განვიცდი ერთია, მაგრამ მე პირადად, ჩემს თავზე ავიღე ვალდებულება, რომ ჩემი განცდები სხვა ადამიანს არ მოვახვიო თავს. ჩემი მხრიდან, რაღაცებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდო და ამიტომ გამოხატვის ფორმებიც სხვანაირი მაქვს. ანალოგიურად იქნებიან სხვა ადამიანებიც, გააჩნია მდგომარეობას. მაინცდამაინც ტირილი არ გამოხატავს ემოციებს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ, რაში დახარჯავდით?

– ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ბევრი მილიონიც აღარ არის ბევრი. ალბათ, როგორც ყველა ადამიანი, სხვებსაც დავეხმარებოდი, ჩემს სურვილებსაც ავისრულებდი, ვიმოგზაურებდი, ვიმხიარულებდი. კარგია ასეთი რამეები თუ მოხდება.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი ყოფილიყავით?

– მსოფლიო ცნობადობაზე არა, მაგრამ ზოგადად, ბავშვობაში მინდოდა, რომ ცნობილი ვყოფილიყავი. წარმოვიდგენდი ჩემს თავს მიკროფონით ხელში, ვითომ ტელევიზორში ვიჯექი და ასე შემდეგ.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ალბათ, იქნება ასეთი, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ, ის მცდარი ნაბიჯები ხდება მომავალში შენი მიზნების მიღწევის იარაღი. მცდარი ნაბიჯები გასწავლის, რა უნდა გააკეთო შემდეგში ან რა აღარ უნდა გააკეთო აღარასდროს. მცდარი ნაბიჯები მოტივაციას გაძლევს. თუ რამეს ნანობ, ეს ბიძგია, სწორი გზა დაინახო და ცხოვრების წესს გკარნახობს. სინანულის ელემენტები ყველა ადამიანის ცხოვრებაში იქნება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ეს უფრო ისეთი გამოცდილება იყო, რამაც მასწავლა და გამაძლიერა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეხედავს ადამიანი საკუთარ ნაბიჯებს. იმაზეც ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორად აღიქვამს და აფასებს ის ამ ნაბიჯებს. შეიძლება ერთმა ნაბიჯმა გაგაძლიეროს ან სინანულში ჩაგაგდოს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არ არსებობს ნაბიჯი, რისი გამოსწორებაც არ შეგვიძლია. გაფლანგული დროის ანაზღაურებაც შეგვიძლია, მთავარია, სწორად გავაანალიზოთ და მერე გამოსწორება მოვინდომოთ.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– როგორ არა. ბავშვობიდან ისეთი ხელი მქონდა, სამი-ოთხი წლის ასაკში, მაღაზიიდან რომ გამოვიდოდით, ხელში ყოველთვის რაღაც მეჭირა და როგორც მიყვებიან, მერე გვიწევდა უკან დაბრუნებაო. ცოტა რომ გავიზარდე, მერეც მქონდა ასეთი ჩვევა. რამე რომ მომეწონებოდა, შემეძლო, ამეღო, სანამ ერთ კონკრეტულ დღეს, ისევ არ ავიღე რაღაც. შეამჩნიეს და ერთმა ადამიანმა იმდენად დიპლომატიურად მაგრძნობინა, რომ ეს ცუდი საქციელი იყო თან არ დაასახელა, რომ ეს მე გავაკეთე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი იყო. ბავშვებში უნარების გამომუშავების პროცესში, კარგისა და ცუდის გარჩევის მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია მიდგომა. ამ ადამიანმა ისე დამანახვა ჩემი ქმედება, რომ ძალიან შემრცხვა. მიკვირდა, როგორ არ დამასახელა, როცა იცოდა, რომ ის ნივთი ჩემი აღებული იყო. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ უნებართვოდ აღარაფერი ამიღია. ჩემს შვილებსაც სულ ვასწავლი, რომ რაც არ უნდა მოეწონოთ, შეუძლიათ, მეპატრონეს სთხოვონ ან იშრომონ იმისთვის, რომ ყიდვა შეეძლოთ, თუ ყიდვაა საჭირო. მოპარვის გარდა, ყველაფერი შეიძლება (იცინის).

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ვერ ვიტან ტყუილს. შესაბამისად, მეც არასდროს ვიტყუები. დედას ჰქონდა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა. პატარა ტყუილშიც რომ დავეჭირეთ, ამას უყურადღებოდ არ დატოვებდა. ადამიანები მიმნდობები ვართ. გვგონია, თუ ერთთან რამე შეგვემთხვა, მაგალითად, თუ ვინმემ მოგვატყუა, სხვაც იმავეს არ გააკეთებს, რადგან მისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული და არ იკადრებს ასეთ რამეს. იმდენად გვიყვარს და იმდენად გამოვხატავთ ამას, იმდენი სიკეთე დავანახვეთ, რომ ასეთ რამეს არ გააკეთებს. არადა, ასე არ არის. ადამიანს რაც უფრო ბევრს უკეთებ, რაც უფრო მეტად გადაჰყვები, შეიძლება, ყველაზე მეტად მან გიღალატოს ცხოვრების გზაზე. ასეთ ადამიანს უნდა ჩამოშორდე. ძალიან სატკენია, მაგრამ ასეთი ადამიანების გამო ვერ შეაფასებ ყველა ადამიანს და მათ გამო ადამიანების მიმართ ნდობა არ უნდა დაკარგო. ეს არის ცხოვრება, რომელიც მუდმივი გამოცდაა. ვინც გვიყვარს, ვისთვისაც რამეს ვაკეთებთ, ყველაზე დიდი დარტყმა მათგან მოდის, მაგრამ ადამიანობა ზუსტად ისაა, რომ ამის მიუხედავად, შენ ადამიანობას არ კარგავ. თუმცა, მასთან ურთიერთობის გაგრძელება სწორად არ მიმაჩნია. შეიძლება, მას ჩამოვშორდე. სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ ჩემგან შორს და მის გამო სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას არ შევიცვლი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– რთული კითხვაა. მარცხია ის, რომ ჩემი შვილი ჩემ გვერდით არ არის და რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში დამარცხებული ვარ. მაგრამ მეორე მხრივ, თითქოს, გამარჯვებაა, იმ თვალსაზრისით, რომ ფეხზე ვარ და ორი შვილისთვის რაღაცას ვაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება, ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ადამიანები ზუსტად გამიგებენ, რას ვგულისხმობ.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– დღესდღეობით ყველაზე დიდ მიღწევად ჩვენი კლინიკა მიმაჩნია, სადაც მართლა ძალიან ბევრს ვშრომობთ. როცა გესმის, რომ ბავშვს, რომელიც სხეულს ვერ იმორჩილებდა, დღეს სირბილი შეუძლია და ცხოვრების ხარისხი ძალიან გაუუმჯობესდა, ამაზე კარგი და დიდი მიღწევა არა მგონია, მქონდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა