თიკა მახალდიანი: ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასეთი ძლიერი შეიძლებოდა, ვყოფილიყავი
ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 08.02, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ თიკა მახალდიანთან 👇
სახელი: თიკა.
გვარი: მახალდიანი.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა – მხიარული, ფერადი, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით. დავდიოდი სიმღერაზე და წრეებზე, მონაწილეობას ვიღებდი სპექტაკლებში. ერთხელ ხელოვნების გიმნაზიაში დადგეს სპექტაკლი „პეპი“, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი – პეპი გრძელი წინდა ვიყავი. მაშინ, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი. ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი მოგონება.
– მშობლების როლი...
– ჩემს ცხოვრებაში ორივე მათგანის როლი დიდია. ყოველთვის ვამაყობ და ვიამაყებ ჩემი მშობლებით. სიმკაცრით არ გამოირჩეოდნენ, მაგალითად, არასოდეს უთქვამთ, რომ 10 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი ან მსგავსი რამ. არ მახსენდება, რაიმე შეზღუდვა მქონოდა და ამის გამო, მეც სულ სხვა დამოკიდებულება მქონდა – უფრო რიდი. ვთვლი, რომ სწორი მიდგომა ჰქონდათ და თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გამზარდეს.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მსახიობობა და მომღერლობა მინდოდა. ვფიქრობდი კიდეც თეატრალურში ჩაბარებას, მაგრამ მერე გადავიფიქრე – მუსკომედიაზე გადავწყვიტე ჩაბარება და ჩემს დროს მიღება არ იყო.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობიდან ვმღეროდი, უამრავ კონკურსსა და ფესტივალზე ვარ ნამყოფი, საქართველოში თუ უცხოეთში. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ყოველთვის მიყვარდა სიმღერა და მუსიკა, თან, იმ დონეზე, რომ ვერ დავანებე თავი. ასე მოვედი აქამდე. დედას დიდი დამსახურებაა, რომ დღეს სცენაზე ვარ. მისი დიდი სურვილი იყო, მუსიკას გავყოლოდი და ასეც მოხდა.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას. ყველაზე ძვირფასი თვისებაა, რაც კი შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს. ერთგულ მეგობარზე კარგი არაფერია, როდესაც შენს ზურგს უკან არ საუბრობს და პირში არ გიცინის. ასევე, მიყვარს პირდაპირობა, თუმცა არა სიუხეშე. არ მომწონს, როცა ადამიანები ერთმანეთს ელაქუცებიან, ჩემში არ არის მსგავსი თვისება, მეგობარს ყოველთვის ვეუბნები იმას, რასაც ვფიქრობ და არასოდეს ვატყუებ.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვისაც საკუთარი საქმე უყვარს. თავად უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და წარმატებაც არ დააყოვნებს – მხოლოდ, სარგებლის გამო არ უნდა აკეთებდე რაღაცას. კიდევ, ხალხის სიყვარულია დიდი წარმატება, ათ კაცსაც რომ უყვარდე, მაინც დიდი წარმატებაა.
– მწამს...
– ღმერთის, სიყვარულისა და დედაშვილობის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არსებობს, თუმცა არა თეთრი წვერით, როგორც ზოგადი შეხედულებაა. ის ყველას გვიყურებს, გვისმენს, ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. რასაც გავიფიქრებთ, ისიც კი იცის, ამიტომ არ არის საჭირო რაღაცების ხმამაღლა თქმა. უფალს ვერაფერს დავუმალავთ, ამიტომ, სწორად უნდა ვიცხოვროთ, რომ შემდეგ მასთან შეხვედრა შევძლოთ.
– მეშინია...
– ცხოვრების. ძალიან რთულია ცხოვრება და არასოდეს იცი, რას გიმზადებს მეორე დღეს.
– ვრისკავ...
– მიყვარს რისკი და საკმაოდ რისკიანი ვარ.
– მაკვირვებს...
– დღევანდელ დროს ბევრი ადამიანი მაკვირვებს თავისი გულგრილობით და ბოროტებით. ბოროტება რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს – ეს ძალიან მაკვირვებს.
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– სიყვარულის, ყველას აკლია ეს გრძნობა, მათ შორის, მეც. რაღაც ისეთი ცხოვრება მოვიდა, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს და ეს ძალიან არ მომწონს. ადამიანებმა ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ და მოვუფრთხილდეთ, ამაზე კარგს ვერაფერს ვიზამთ. აი, ამ მოფრთხილების განცდა მაკლია დღეს საზოგადოებაში.
– ბედისწერა...
– სამწუხაროდ, დავიჯერე, რომ არსებობს, რაც გარდაუვალია, ის აუცილებლად მოხდება. ეს ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამაჯერა, თორემ ასე დიდად არ ვფიქრობდი. ისეთი ფაქტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სხვანაირად წარმოუდგენელია, ვიფიქრო...
– მარტოობის განცდა...
– მაქვს ხოლმე. ხანდახან ადამიანს სჭირდება განმარტოება. მიყვარს, თუნდაც, რამდენიმე საათით მარტო ყოფნა, ფიქრი, დასვენება. ამ დროს გონებას ვთიშავ. რაც შეეხება სულიერ განმარტოებას, ამაში ყველაზე მეტად ეკლესია მეხმარება. როცა ტაძარში შევდივარ, იქ სრულიად მარტო ვარ ჩემს თავთან.
– რთული პერიოდი...
– ყველაზე რთული პერიოდი იყო ის ამბავი, რაც დედას შეემთხვა...
– სიყვარული...
– ყველაზე დიდი გრძნობაა. სიყვარული ასულდგმულებს ადამიანს. ღმერთია სიყვარული. ვფიქრობ, შვილის სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა ადამიანის ცხოვრებაში.
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად იცვლება გრძნობაც, სხვა ფაზაში გადადის. როცა მშობელი ხდები და შვილი გიჩნდება, მერე მთელი ყურადღება ბავშვზე გადადის, ორივეს სიყვარული ბავშვზე ნაწილდება და მასზე ხდებით კონცენტრირებული. გრძნობა არ ნელდება, უბრალოდ, სხვა სახეს იღებს, თითქოს უფრო სერიოზულდება, ერთმანეთისთვის ახლო მეგობრები ხდებით... ურთიერთობის დასაწყისში გრძნობა უფრო სხვა ეტაპზეა, დროთა განმავლობაში, თითქოს, უფრო წყნარდება.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– ძალიან რთულია, ვინმეს რამე არ აპატიო. არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან არავინ იცის, კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცევა. მეც არ ვიცი, რა შეიძლება, ვერ ვაპატიო ადამიანს, ეს უფრო სიტუაციასა და შემთხვევაზეა დამოკიდებული.
– შემშურებია...
– ყველა ადამიანს აქვს მსგავსი განცდა, მთავარია, ეს არ იყოს ბოღმიანი, გულში ჩაიდო და გტანჯავდეს. შეიძლება, ვიღაცას ეცვას ლამაზი კაბა და სურვილი გაგიჩნდეს, შენც გქონდეს მსგავსი, ან მოუსმინო კარგ სიმღერას და თქვა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, ალბათ, ესეც შურია, თუმცა არა სხვისთვის საზიანო. მე რატომ არ მაქვს და მას რატომ აქვს – ასეთი რამ ნამდვილად არ მახასიათებს.
– სამაგიეროს გადახდა...
– გაბრაზებულზე შეიძლება, ბევრი რამე ვთქვა, როცა ვბრაზდები ძალიან ცუდი ვარ ხოლმე (იცინის). მერე როცა წყენა გადამივლის, ეს სიბრაზეც გამდის. სამაგიეროს გადახდა არ არის კარგი.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, არასოდეს მეთაკილება და როცა საჭიროა, აუცილებლად ვიხდი ბოდიშს. ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი.
– არ მომწონს...
– უსამართლობას ვერ ვიტან, მეზიზღება უსამართლობას რომ ვუყურებ და ვერაფერს ვცვლი. ასეთ რამეზე ძალიან ვღიზიანდები.
– ვნანობ...
– თავიდან, პანდემია რომ დაიწყო და ჩაგვკეტეს, ამის გამო ორი თვე დედა არ მინახავს და ამას ძალიან ვნანობ. ეს სინანული, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება.
– ვიტყუები, როცა...
– არ მიყვარს ტყუილი და ყოველთვის მეტყობა ხოლმე, როცა თქმა მიწევს. ბოროტული ტყუილები, მით უმეტეს, არ გამომდის. რაღაც სისულელე შეიძლება, მოვიტყუო, მაგრამ მერე მაინც ვამბობ, რომ ეს ტყუილი იყო. ცუდი მატყუარა ვარ.
– არასოდეს დამავიწყდება...
– ბევრი დაუვიწყარი მომენტი მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი შვილის დაბადება ყველაზე მთავარი და დაუვიწყარია.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– დედაჩემის ამბავმა შემცვალა. ჩემი ცხოვრება იყოფა ორად – 2020 წლამდე და 2020 წლის შემდეგ. შევიცვალე, გავხდი ბევრად ძლიერი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ დღეს ასეთი ძლიერი ვიქნებოდიი. სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, ამ ამბის შემდეგ ბევრი რამ გადავაფასე.
– თავისუფლება არის...
– მიყვარს თავისუფლება, თუმცა თავისუფლება არ ნიშნავს, ის გააკეთო, რაც გინდა. თავისუფლება არის ჩარჩოების გარეშე ცხოვრება, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ზოდიაქოთი მერწყული ვარ და ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ რაღაც ამიკრძალოს ან შემიზღუდოს.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ბევრი რჩევა მაქვს მიღებული, მეც მიყვარს რჩევების გაცემა. დედა მეუბნებოდა ხოლმე, როცა ბრაზდები, ნუ გასვანდებიო. ეს სულ მახსოვს ხოლმე და როცა ვბრაზობ, ვცდილობ, ცოტა თავი შევიკავო.
– ჩემს ცხოვრებაში შევცვლიდი...
– ბოლო 3-4 წელს დავაბრუნებდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან