თიკა მახალდიანი: ბედისწერა არსებობს და რაც გვიწერია, ვერ ავცდებით
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 03.11
    მომღერალ თიკა მახალდიანის ცხოვრებაში იყო დიდი ტრაგედია, ტკივილი, განცდა და ცრემლი. ეს დედის უეცარ და მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდებოდა. თუმცა, ის დღეს მისი მფარველი ანგელოზია, რასაც თიკა ყოველდღიურად გრძნობს. ბედისწერის სჯერა და ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერია, რადგან აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, შვილი, მეუღლე, სამეგობრო და გარემოცვა. თიკას ოცნება ბავშვობაში ტელევიზორში გამოჩენა იყო, შემდეგ მსახიობი უნდოდა გამოსულიყო, მაგრამ ჟურნალისტიკური ფაკულტეტი დაამთავრა და საბოლოოდ, სცენაზე მიკროფონით ხელში დგომა ამჯობინა.
თიკა მახალდიანი: მშვიდი და წყნარი ბავშვი ვიყავი, ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ამ ხასიათში არ მგავს (იცინის). საერთოდ განსხვავებულია ჩემგან. კირა უფრო მიზანდასახულია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შვიდი წლისაა, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს. იმედია, ეს ხასიათი ბოლომდე გაჰყვება. ძლიერი და თამამი გოგოა. ამასთან ერთად – კომუნიკაბელური და თბილი. ჩემგან, მადლობა ღმერთს, სმენა გამოჰყვა – მღერის. მონაცემები კი აქვს, მაგრამ სცენაზე დადგომა არ უნდა, კონდიტერი მინდა, გამოვიდე და ტორტები გამოვაცხოო (იცინის). სიმღერაზე არა, მაგრამ ცეკვაზე დადის, ცურვაზე და ახლა ჩოგბურთზე იწყებს სიარულს. მე კი ბავშვობიდანვე ეკრანი მიზიდავდა. მიყვარდა ტელევიზორში დიქტორების ყურება, მერე ვჯდებოდი და ვთამაშობდი, ვითომ მეც წამყვანი ვიყავი. მოკლედ, მომწონდა, ტელევიზორში რომ ისხდნენ ადამიანები და მეც მინდოდა, იქ გამოვჩენილიყავი. სიმღერა კი სულ მიყვარდა და 4 წლიდან დავდიოდი კიდეც. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, მსახიობობა მინდოდა. ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე.
– რატომ გადაიფიქრე, რა იყო მიზეზი?
– იმ წელს, როცა მე ვაბარებდი, მხოლოდ ხუთი გოგო უნდა აეყვანათ და ამიტომ არ გავედი გამოცდაზე – მე რომ არ ამიყვანონ, ცუდად იმოქმედებს-მეთქი. ასე რომ, შიშის გამო, ვაიდა, ვერ მოვხვედრილიყავი, უარი ვთქვი მსახიობობაზე. საბოლოოდ, ჟურნალისტიკურზე ჩავაბარე. ვისწავლე, დავამთავრე, მაგრამ მაინც სიმღერისკენ წავედი. დიპლომი კი ავიღე, მაგრამ არ მქონდა სურვილი, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სიმღერა იმდენად ჩემია და იმდენად მიყვარს, თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩემი აუხდენელი ოცნებაა, ვიცოდე ხატვა. ერთხელ, გადაცემაში ერთი ქალბატონი მეხმარებოდა და პეიზაჟი დავხატეთ. კარგი გამოვიდა და დღემდე კედელზე მიკიდია. ასე რომ, მგონი, ოცნება ცოტა მაინც ავიხდინე.
– ხატვა რომ შეგეძლოს, რას ან ვის დახატავდი?
– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ, დავხატავდი ჩემი შვილისა და დედაჩემის პორტრეტებს.
– მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ხარ, მგონი, ძიძა არ გყავს. მეუღლე და შენ ბავშვს დამოუკიდებლად ზრდით?
– ძიძა კვირაში რამდენიმე დღე მყავს, როცა მე სამსახურში ვარ და თემოც საქმეებზეა. თუმცა, თემო ბავშვის დაბადებიდან მეხმარება მის გაზრდასა და აღზრდაში. კირა, ძირითადად, მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ორი წლის იყო. სულ დედაჩემთან იყო, ძალიან ერთობოდნენ და უგებდნენ ერთმანეთს და სულ ვფიქრობ, ახლა რომ დედაჩემი ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად სხვანაირი იქნებოდა. ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. სულ ამბობდა: კირა რომ გაიზრდება, მე ვატარებ ბაღში, სკოლაში, ცეკვაზეო... სულ ბავშვზე ლაპარაკობდა და მინდა, ხოლმე, ყოველ დღეზე მოვუყვე მას, ვუთხრა, როგორ იზრდება კირა, როგორი კარგი გოგოა.
– თიკა, ახლა რომ გასულ წლებში დაგაბრუნონ, რას შეცვლიდი?
– ვფიქრობ, რაც ხდება, გარდაუვალია და უნდა მოხდეს. თუმცა, წარსულში რომ დამაბრუნოთ, რაღაც-რაღაცებს შევცვლიდი. მგონია, ბედისწერა არსებობს და რაც გვიწერია, ვერ ავცდებით. არ მინდა ხოლმე, ამ საკითხს ჩავუღრმავდე, ჩემს თავს ვუფრთხილდები. არ მიყვარს წარსულში ყურება და იმაზე ფიქრი, რასაც ვეღარ შევცვლი, ამიტომ უკან არ ვიყურები.
– რაც წლები მოგემატა, რა შეაფასე და გადააფასე?
– არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, სწრაფად გადის დრო. ამ დროთა დინებაში კი იზრდები, გამოცდილება გემატება, აფასებ მოვლენებს და ბევრ რამეს ხვდები. საბედნიეროდ, მეგობრულ ღალატსა და გულისტკენას არ ჰქონია ადგილი. ჩემი სანაცნობო წრე დიდია, მაგრამ რამდენიმე ახლო მეგობარი მყავს. დროთა განმავლობაში ურთიერთობები და შეხედულებები იცვლება, თუმცა ადამიანები ამის გამო არ დამიკარგავს. თუ გვინდა, ახლობლები არ დავკარგოთ, ერთმანეთის აზრს უნდა ვცეთ პატივი.
– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ვფიქრობ, მე ვინც გვერდით მყავს, ყველა მათგანში გამიმართლა – ოჯახის წევრებში, მეუღლეში, მეგობრებში. იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია, რომლის დაჯერებაც დღემდე მიჭირს, ტკივილებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ბედნიერი ვარ. ხუთი წელი გავიდა, რაც დედა გარდაიცვალა და დღემდე ვერ ვიჯერებ მის არყოფნას. სულ მგონია, სადღაც არის წასული და მალე მოვა.
– სიზმარში თუ მოდის დედა?
– ადრე ხშირად მესიზმრებოდა, ახლა კი – იშვიათად. სულ კარგად მესიზმრებოდა, ლამაზად ჩაცმული, ცისფერ სამოსში და რომ ვიღვიძებდი, სასწაულად სასიამოვნო განცდა მეუფლებოდა. ისეთ მძაფრ სიზმრებს ვხედავდი, ასე მეგონა, მართლა ჩემ გვერდით იყო. ხშირად ვიყურები ცაში, რადგან ვიცი, დედა ჩემი ანგელოზია და ყოველთვის ზეციდან მიყურებს და მადევნებს თვალს. ეს ერთადერთი დამამშვიდებელია ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დედა ჩემი მფარველი ანგელოზია. დედაშვილობა არასოდეს წყდება და არ იკარგება.
– შემოქმედებითი კუთხით სიახლეს ხომ არ გეგმავ? დიდი ხანია, შენი მსმენელისთვის ახალი სიმღერა არ ჩაგიწერია.
– რესტორანში ვმუშაობ, მყავს ძალიან კარგი ბენდი. სურვილი მაქვს, კლიპი გადავიღო, მაგრამ ჯერ ვერ მოვაბი თავი. სულ ორი კლიპი მაქვს და მინდა, მესამეც მალე გადავიღო. ჩემმა დრამერმა, ბაჩო ამანათაშვილმა და მე ინგლისურენოვანი სიმღერა შევქმენით, ჩემი სტილისგან ძალიან განსხვავებული, უფრო ელექტრონული ჟანრია.
– ანუ სასიმღერო სტილი შეიცვალე?
– ეს უფრო ექსპერიმენტია ჩემი მხრიდან. უცებ მომინდა, მომეწონა და გაამართლებს თუ არა, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ასე რომ, განსხვავებულ ჟანრში მიხილავთ და მინდა, ამ სიმღერაზე კლიპიც მალე გადავიღო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
    




