შოუბიზნესი

თეონა ცხომელიძე: თითოეული ცხედარი, რომელსაც ვხედავდი, კარგა ხანს მეჩვენებოდა, მაგრამ დრო რომ გავიდა, შემეძლო, მათთვის გადამებიჯებინა

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.11

თეონა ცხომელიძე
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და რომელს რა წვლილი მიუძღვის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძის ცხოვრებაში, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

თეონა ცხომელიძე: საკუთარი თავს ნამდვილად იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან ცხოვრებაში თითქმის ყველაფერში გამიმართლა. თუ იღბალი არსებობს, მე ის ნამდვილად მაქვს. რაზეც მიოცნებია, რაც მომნდომებია, ყველაფერი მაქვს. ძალიან კარგი შვილები მყავს – იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე მე ვოცნებობდი. ჩემს პროფესიაში ბედნიერი ვარ. მყავს ძალიან კარგი მამა. სამწუხაროდ, დედა გარდამეცვალა. მყავს კარგი მეგობრები, მაქვს სახლი და ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მჭირდება.

– იღბლიანთან ერთად, რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– წარსულში რომ ვიყურები, ვხვდები, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რუტინულად ვმოქმედებდი, მაგრამ მართლა ძალიან ბევრს ვშრომობდი. ღამეები არ მეძინა, ძალიან ბევრ ენერგიას ვდებდი ჩემს საქმეში. მუშაობა დილის საინფორმაციოში დავიწყე, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყებ საღამოს 8 საათზე და მთელი ღამე მუშაობ. როგორც წესი, ღამე კარგი არაფერი ხდება. უბედური შემთხვევები, საშინელებები – ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამას დავუთმე. თუ დილის რეჟიმში მიწევდა მუშაობა, მაშინ გამთენიის 5 საათზე ვდგებოდი. ეს რეჟიმი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო – 18 წლიდან.

ზოგადად, მგონია, რომ ზარმაცი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ დილით ადგომა დღემდე მეზარება, მაგრამ ეს – უფრო თეორიის დონეზე. ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა და რამდენ ხანსაც მჭირდებოდა, იმდენ ხანს დილის 5 საათზე ვიწყებდი მუშაობას. ფაქტობრივად, არ მიგრძნია, როგორ გაიარა სტუდენტობამ, სულ ვმუშაობდი, თან ძალიან რთულ რეჟიმში. არც ფიზიკურად იყო მარტივი და ამასთან ერთად, გონებრივადაც ვშრომობდი, ეს ყველაფერი კი ემოციებთანაც არის კავშირში. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ყველაფერი საშინელება ვნახე. შეიძლებოდა წავსულიყავი უბედური შემთხვევის გასაშუქებლად, სადაც ვხედავდი სიმაღლიდან გადმოვარდნილ ადამიანს, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლს და ასე შემდეგ. თავიდან ძალიან განვიცდიდი, თითოეული ცხედარი, რომელსაც ვხედავდი, მერე კარგა ხანს მეჩვენებოდა ხოლმე, მაგრამ მერე, დრო რომ გავიდა, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავი გახდა. შეიძლებოდა, ბევრი ცხედარი ყოფილიყო შენობაში და გადამებიჯებინა. ეს, სამწუხაროდ, დრომ და ნანახმა მოიტანა. ასეთი რამ არცერთ ასაკში არ არის მარტივი, მაგრამ ალბათ, იმ წლებში, როცა უნდა ერთობოდე და იპრანჭებოდე, ამ საქმით ვიყავი დაკავებული, თუმცა, არ ვნანობ.

– დღეს როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– დღეს უფრო ვაძლევ თავს სიზარმაცის უფლებას, იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. ჩემი რეჟიმი აღარ არის საოფისე. თვითონ ვუწესებ ჩემს თავს სამუშაო საათებს. ვმუშაობ პროექტებზე, რომლის ჩაბარების ვადებიც მაქვს და შემიძლია, ორი ღამე გადავაბა მუშაობაში და მერე ერთი კვირა დავისვენო. ახლა უფრო შემიძლია, წამოვწვე და დავისვენო. დრომ მოიტანა. რომ ვიცოდე 24-საათიანი მუშაობაა საჭირო, ასეც მოვიქცეოდი. მქონია პერიოდი, როცა პარალელურად, სამ სამსახურში ვმუშაობდი. ტელევიზორში ვჩანდი და ყველამ იცოდა, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის მქონდა მეორე სამსახური, რომელიც დამატებითი შემოსავალი იყო ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება, ეს ყოფილიყო რომელიმე ორგანიზაციის სოცმედია, რადიოშიც მქონდა გადაცემა. დიდი ხანია, ტრენერად ვმუშაობ და ესეც ჟურნალისტიკას უკავშირდება. მიმუშავია პიარში, მქონია სხვადასხვა პროექტი და ასე შემდეგ.

– გქონიათ განცდა, რომ კონკრეტულ საქმეში ძალიან ბევრი ჩადეთ, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაიყარა“?

– ჟურნალისტიკაზე მაქვს ეგ შეგრძნება. როგორც ჟურნალისტს, ახლა არ მაქვს სამსახური,. ჟურნალისტიკას 20 წელი მივუძღვენი, მაგრამ დღეს ამ პროფესიით ჩემს ადგილს ვერსად ვხედავ და ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობ. კარგი ისაა, რომ განათლებით ჟურნალისტი არ ვარ, მათ შორის მაგისტრის ხარისხიც სხვა პროფესიაში მაქვს, რაც ძალიან მეხმარება, რომ სხვა საქმით დავკავდე. ის, რომ აქტიური ჟურნალისტი არ ვარ, ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, დღეს ვერცერთ მედიაში ვერ ვხედავ ჩემს თავს. რომ არსებობდეს ისეთი მედია, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება ჟუნალისტიკის კეთება, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებოდი ამ საქმეს. ჯერჯერობით ასეთს ვერ ვხედავ. ამიტომ, არჩევანი არ მქონდა, მაშინ ის არ უნდა მეკეთებინა, რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია. ცუდ ჟურნალისტიკასა და მასზე საერთოდ უარის თქმას შორის მქონდა არჩევანი და მეორე ავირჩიე.

– რა გეხმარება წარუმატებლობის შემთხვევაში?

– ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვა, შვილები. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. სახლში დეპრესიულად ჩაკეტვას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ჩემს სახლში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. საყვარელი ადამიანები არიან ჩემი მოტივატორები – შვილები, მამა. როცა დედა იყო ცოცხალი, რა თქმა უნდა, დიდი ძალა იყო ჩემთვის.

– ცხოვრებისეული სირთულეები თუ ახდენს გავლენას თქვენს კარიერაზე და რამდენად ახდენთ დისტანცირებას?

– როგორც ვაკვირდები, არ ახდენს, რადგან ამას ვერასდროს ხვდებიან გარედან. შარშან ძალიან მძიმე წელი მქონდა, მაგრამ ფაქტობრივად, არავისთვის ყოფილა შესამჩნევი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დრამატული ხდებოდა. რაც მძიმეა, ჩემთან რჩება, პროფესია მაინც ცალკეა.

– დედა შარშან გარდაგეცვალათ?

– კი, ცუდი ამბები მიეწყო. დედა მძიმედ იყო ავად, სიმსივნეს ებრძოდა და ერთი წელი, ფაქტობრივად, კლინიკაში ვიცხოვრეთ. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ეს არ ასახულა ჩემს საქმიანობაზე.

ახლა, როგორც ჟურნალისტი, ტელევიზიაში არ ვმუშაობ, მაგრამ მაქვს ჩემი ტელეგრამარხი და ჟურნალისტურ საქმიანობას დამოუკიდებლად ვეწევი. უბრალოდ, ეს ანაზღაურებადი არ არის და ამიტომაც ვამბობ, რომ არსად ვმუშაობ, თუმცა, აქტიური ვარ და იმიტომ ვამბობ, არ შემტყობია-მეთქი, რომ არავის უკითხავს, რამე ცუდი ხომ არ ხდებაო.

– რამდენად ხართ ის ადამიანი, ვინც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?

– არ ვიყავი ასეთი. უკან რომ მოვიხედე, დავინახე, რომ ძალიან ბევრ სტრესულ მდგომარეობაში ჩამიგდია თავი. ხშირად გამირისკავს კიდევ ჯანმრთელობით და სიცოცხლითაც კი. მაგალითად, როცა აქციებია, კატასტროფები ხდება, იქ როგორც ჟურნალისტს ჩემი უსაფრთხოება არასდროს დამიყენებია წინა პლანზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი კადრი მქონოდა. საბედნიეროდ, დიდად არასდროს დავზარალებულვარ, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე მე არასდროს არ მიზრუნია. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, მინდა, კარგად გავაკეთო და ამიტომაც გამოვიდა ასე. ეს გმირობა არ არის, ჩვევაა. ძალიან ცოტა ჟურნალისტი მეგულება, რომელიც კარგ კადრს დაინახავს და უსაფრთხოებაზე ფიქრის გამო შეჩერდება. ცუდია, მაგრამ ჩვენი პროფესია ასეთია.

ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ ვვარჯიშობ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და მგონია, რომ ამით ძალიან კარგ საქმეს ვუკეთებ ჩემს ჯანმრთელობას.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებთან ურთიერთობაში, თუნდაც, მეორე ნახევარში, რადგან ალბათ, სწორ ადამიანთან შეხვედრა ყველაზე დიდი იღბალია.

– სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ. რთულ პერიოდზე რომ ვსაუბრობდით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მასში არ გამიმართლა. ძალიან კარგი შვილები გვყავს, საუკეთესო მამაა და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს შვილებს ღირსეული მამა ჰყავთ. გამიმართლა დედაში, გამიმართლა მამაში, ოჯახის სხვა წევრებში, მეგობრებში. არასდროს მყოლია მეგობრები სამსახურებში, მაგრამ საკვანძო ადამიანებში ნამდვილად გამიმართლა. არ მახსოვს, ჩემს საყვარელ ადამიანს მძიმე დარტყმა მოეყენებინოს ჩემთვის და ბედნიერი ვარ ყველა იმ ადამიანით, ვინც ჩემ გვერდითაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა