შოუბიზნესი

თემო საჯაია: ხანდახან ვეუბნები, მოითხოვე, დამაჯერე, რომ რაღაც შეიცვალა-მეთქი

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

თემო საჯაია
დაკოპირებულია

თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია შვილის მოლოდინში არიან. ისინი მაისში მეორე ბიჭის მშობლები გახდებიან.

თემო საჯაია: საოცარი განცდები ახლავს მეორე შვილის მოლოდინს. თვითონ პროცესია გასაოცარი. მგონია, რომ უკვე ორი შვილი მყავს. მართალია ერთი ჯერ ისევ მუცელშია, მაგრამ ექოზე ვხედავთ – მარიტა უკვე მეხუთე თვეს ამთავრებს, საკმაოდ დიდია და მაისის შუა რიცხვებში მოევლინება სამყაროს.

პირველ შვილზე სხვა შეგრძნებები მქონდა. როცა პირველად ხდები მამა, ჯერ ბოლომდე არ გაქვს გაცნობიერებული მშობლის როლი. ხოლო, როცა მეორე შვილი იბადება, უკვე ზუსტად იცი, რა ბედნიერებაა მამობა, შვილის ყოლა და მოლოდინი კიდევ უფრო საოცარია.

– შვილებს შორის სხვაობა ოთხი წელია და ასეთ განსხვავებას, ალბათ, ასაკიც განაპირობებს.

– რა თქმა უნდა. მე, საერთოდ, ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანის ცხოვრება, რეალურად, თარიღიდან-თარიღამდეა. თარიღები შეიძლება, იყოს ტრაგიკულიც, მაგრამ საბედნიეროდ, ბედნიერიც, რაც ცვლის შენს ყოველდღიურობას, გარე სამყაროსადმი დამოკიდებულებას, გზრდის – ისეთი აღარასდროს იქნები, როგორიც იმ კონკრეტულ თარიღამდე იყავი. რა თქმა უნდა, როცა ჩვენი მეორე შვილი დაიბადება, ეს თარიღიც შემცვლის, და იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, როგორც დღე, როცა დავქორწინდი, დღე, როცა პირველი შვილი გვეყოლა...

– როგორ გაიხსენებ იმ დღეს, როცა მეორე შვილის არსებობის შესახებ შეიტყვე?

– სხვათა შორის, არ ველოდით. მარიტას გარკვეული სიმპტომები დაეწყო და ტესტი გაიკეთა. დადებითი პასუხი აჩვენა, შემდეგ იყო ანალიზები და გავიგეთ, რომ მეორე შვილი გვეყოლებოდა. ძალიან გამიხარდა, ჩემთვის ეს დიდი ბედნიერების დღე იყო. როცა ამას იგებ, მერე უკვე ზრუნვას იწყებ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პირველი ტრიმესტრი შედარებით რთულია და მთელი ყურადღება მეუღლეზე გადაგაქვს. მიმაჩნია, რომ მეუღლის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყო, ის უნდა იყოს შენი სიყვარულისა და სითბოს მთავარი ამოსავალი წერტილი, მაგრამ ორსულობის დროს უკვე ეს ყველაფერი ორმაგდება. ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს: ორ-სული. შესაბამისად, ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ დედა თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობდეს, არ ჰქონდეს სანერვიულო და ასე შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თორემ შეიძლება, ცხოვრებაში სანერვიულოს ვერ გაექცე. მთავარი სიმშვიდეა, ყველაფერი შენს თავზე უნდა აიღო.

– როგორი ფეხმძიმობა აქვს მარიტას?

– პირველ შვილზე უფრო მარტივი ფეხმძიმობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მუცელი ეზრდებოდა, მისი ორსულობას ვერც ვიგებდით. ფაქტობრივად, მეცხრე თვემდე მუშაობდა. ძალიან აქტიური იყო. ახლა კი ორსულობა შედარებით რთულად მიდის, მაგრამ მარიტუნა ძლიერი გოგოა და უმკლავდება.

– ფეხმძიმობისას ხასიათი თუ ეცვლება ხოლმე?

– მეუღლის მხრიდან ამის შეფასება, ალბათ, მხოლოდ თეორიულად თუ შეიძლება, რადგან რეალურად, ვერცერთი კაცი ვერ გაიგებს, რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში. ლიტერატურის დონეზე წაიკითხავ, გაიაზრებ, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად რთულია, ვერ გაიგებ. ორგანიზმში იმდენი ცვლილება ხდება, ბუნებრივია, რომ რთულია, სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა. ამიტომაც უძლებენ ამას ქალები, რადგან ყველაზე მაგრები არიან და კაცები რომ ვერ გაუძლებდნენ, ალბათ, ამიტომაც დააწესა ასეთი სამართალი ღმერთმა. არ მინდა, ფემინისტურ ნარატივში ჩამითვალოთ, მაგრამ ქალების დიდი გულშემატკივარი ვარ, რადგან ყველაზე მაგრები არიან. გასაგებია, რომ კაცის დახმარებით, მაგრამ მათ ორგანიზმში იზრდება და მათი მეშვეობით ევლინება ამ სამყაროს ახალი სიცოცხლე.

რაც შეეხება მარიტას ხასიათს, შეიძლება, რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ეს ყველაფერი თანმდევი პროცესია იმდენად რთული ამბისა, რასაც ფეხმძიმობა ჰქვია, რომ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. აბა, სხვანაირად როგორ?!

– ფეხმძიმობისთვის დამახასიათებელი უცნაური მოთხოვნები თუ აქვს?

– ზოგადად, მარიტა ძალიან გურმანია და მეც იმდენად მიყვარს გემრიელი საჭმელი, რომ სხვანაირი ცოლი ვერც მეყოლებოდა. ამ მხრივ ორსულობისას ვერ შეატყობ ცვლილებას, ისედაც უყვარს ასეთი რამეები. რაღაც საოცრებები ნამდვილად არ მოუთხოვია, თუმცა, თუ რამე უნდება, ვცდილობ, მაქსიმალურად შევუსრულო. პრეტენზიული არ არის და ხანდახან ვეუბნები, რაღაცები მოითხოვე, დამაჯერე, რომ რაღაც შეიცვალა-მეთქი (იცინის). რეალურად, ასეთი არც კრუაზე ფეხმძიმობოსას ყოფილა.

– კრუა როგორ ემზადება პატარასთან შესახვედრად?

– ჯერჯერობით არ აქვს გაცნობიერებული ეს ამბავი. ჯერ 4 წლის არის. ალბათ, სახლში რომ მეორე შვილს მოვიყვანთ, მერე ყველაფერი ბუნებრივად წარიმართება. თან, კრუა დედაზე ძალიან მიჯაჭვული ბავშვია. ჩემზეც, მაგრამ დედა მისთვის შეუცვლელია. მგონი, ყველა შვილისთვის ასეა, მაგრამ კრუა განსაკუთრებით დედის ნებიერაა. ბუნებრივია, რომ მეორე შვილსაც დასჭირდება მარიტას ყურადღება და კრუასთვის ყველაფრის ახსნა მოგვიწევს.

– მეორე პატარას სქესი უკვე იცით და ალბათ, სახელიც შეურჩიეთ.

– კი, სქესი არ დამიმალავს, მეორეც ბიჭია. ძმებს შორის ოთხწლიანი სხვაობა იქნება და მგონი, კარგი შუალედია. სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გვაქვს. სახელს სიმბოლურ დატვირთვას ვანიჭებ – ჩემი შეხედულება ასეთია, თუმცა ვარიანტების წინასწარ თქმა არ მინდა. არა იმიტომ, რომ ცრურწმენების მჯერა, უბრალოდ, როცა დაიბადება, მერე დავარქმევთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვენდომება.

– მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებ?

– მარიტამ საკეისრო უნდა გაიკეთოს, ამიტომ მე განსაკუთრებული როლი მაქვს. მოგეხსენებათ, საკეისროს შემდეგ ახალშობილი მამას უნდა დააწვინონ გულზე. პირველზეც ასე იყო და როცა საკუთარ შვილს გულზე გაწვენენ, ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. ამ მომენტს განსაკუთრებულად ველოდები.

– რას ნიშნავს შენთვის მამობა და როგორი ხარ ამ ამპლუაში?

– საერთოდ, საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, ამ ამპლუაში. ვცდილობ, ვიყო მამა, კარგი თუ ცუდი, ასეთი განსაზღვრებები არ მიყვარს. ვისთვის კარგი ვარ, ვისთვის – ცუდი. ვცდილობ, ვიყო მამა, რომელიც 100 პროცენტით ჩართულია შვილის ცხოვრებაში. ვცდილობ, მისი ცხოვრებით ვიცხოვრო. მე ასეთი მაგალითებით გავიზარდე. ასეთი იყო მამაჩემი, ასეთი იყო ბაბუაჩემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი