შოუბიზნესი

თემო საჯაია: ჩემი ცოლიც რომ მჩუქნის საჩუქარს, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, პატარა ბავშვივით ვხდები

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 23.06

თემო საჯაია
დაკოპირებულია

საკუთარი დაბადების დღე, ალბათ, ბევრი ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი თარიღია. ასეა მომღერალ და ტელეწამყვან თემო საჯაიასთვისაც, რომელიც ყოველ წელს ცდილობს, ეს დღე აღნიშნოს.

თემო საჯაია: ჩემი დაბადების დღე – 21 მაისი – მიყვარს და ეს ლოგიკურიც მგონია, რატომ არ უნდა გიყვარდეს დღე, როცა ამქვეყანას მოევლინე?! ზოგი რომ წყევლის საკუთარ დაბადების დღეს, ძალიან არ მომწონს, ეს ხომ ის დღეა, როცა ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქა და არ შეიძლება, უმადური იყო. არ არის აუცილებელი გრანდიოზული აღნიშვნები, მაგრამ მგონია, რომ მცირედით მაინც ეს დღე ყოველ წელს უნდა აღნიშნო. სამწუხაროდ, წელს, საქმეებიდან გამომდინარე, ეს არ გამომივიდა და ცოტა გული დამწყდა. სხვა დროს ყოველთვის ვცდილობ: შეიძლება, მხოლოდ ჩემს ცოლს მივუჭახუნო ერთი ჭიქა ან მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნო. მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლობელი ადამიანების დაბადების დღეები. შეუძლებელია, შვილი გიყვარდეს, ცოლი გიყვარდეს და არ გიყვარდეს თარიღი, როცა ისინი ამ სამყაროს მოევლინენ. მეც ხომ ვარ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მგონია, რომ მათაც უყვართ ეს დღე (იცინის). ამიტომ ეს დღე შენთვისაც უნდა აღნიშნო და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც შენს გამო ეზეიმება.

– რომელიმე დაბადების დღე გამორჩეულად თუ დაგამახსოვრდა?

– რამდენჯერმე იყო ასეთი დაბადების დღე და ეს ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს უკავშირდება. არ ვიცოდი, თუ რამეს აპირებდნენ და ისე აღნიშნეს ჩემი დაბადების დღე. ერთი კი ძალიან განსაკუთრებულად მახსენდება. საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ჩემს ძალიან ახლო ძმაკაცები დასხდნენ და ჩემი დაბადების დღეზე ჩემ გარეშე მოილხინეს (იცინის).

– გამორჩეული საჩუქარი რა გახსენდება?

– საჩუქარი ყველა ძვირფასია და ვერ გამოვარჩევ. საერთოდ, ასეთ ამბებში საკმაოდ მორცხვი კაცი ვარ. საჩუქარი ყველას უხარია, მაგრამ მე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა მჩუქნიან. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება ყველასთვის, ჩემთვის – განსაკუთრებით და ყველა მისი საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანია. ცოლზე ახლობელი ხომ არავინ ჰყავს ადამიანს, მაგრამ ჩემი ცოლიც რომ მჩუქნის საჩუქარს, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, პატარა ბავშვივით ვხდები.

– ასაკის მატებას როგორ ხვდები?

– „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ – ამ აზრს არ ვეთანხმები. ასაკი და ადამიანის განვლილი გზა ძალიან ბევრს ნიშნავს. საერთოდ, ადამიანის ცხოვრება თარიღებია. თარიღი შეიძლება, იყოს ტრაგიკული, ბედნიერი და ერთი თარიღიდან მეორე თარიღამდე შენი ცხოვრება ძალიან იცვლება. კარგია, რომ იცვლება ცხოვრება, მაგრამ რთულია, თუ ტრაგიკული მოვლენებით იცვლება და ცხოვრებაში მძიმე დრო გიდგება. მე 37 წლის გავხდი და ვიცი, რომ აღარასდროს ვიქნები 36-ის. ეს, რა თქმა უნდა, სევდიანიც არის, აცნობიერებ, რომ რაღაცები აღარასდროს განმეორდება და ნელ-ნელა, მერე და მერე კიბეებზე ასვლაც გაგიჭირდება (იცინის). რაც არ უნდა გაუჯიუტდე ასაკს, რა გზებსაც არ უნდა მიმართო პლასტიკური ქირურგიის დახმარებით, მაინც დაბერდები და რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს. უნდა დაბერდე შენს ოჯახთან ერთად, შვილები, შვილიშვილები, ღმერთმა ქნას, შვილთაშვილები ნახო. ეს აუცილებელი პირობაა, რომელიც უნდა მიიღო. ასაკის მატება არაჩვეულებრივია, რადგან ყველა პერიოდს თავისი არაჩვეულებრივი დატვირთვა აქვს. დიდი გამართლებაა, თუ კიდევ ერთი წელი გაჩუქა უფალმა. ღმერთმა ყველა დააბეროს და დიდხანს აცოცხლოს.

– წარსულთან დაკავშირებით სინანული გაქვს ხელიდან გაშვებული შანსების ან არასწორი ნაბიჯების გამო?

– ნამდვილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ წარსულში არაფერს შეცვლიდა. ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, ბევრ რამეს შევცვლიდი. სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, ასეთ რამეს არ ვგულისხმობ, მაგრამ ვგულისხმობ ურთიერთობებს; ურთიერთობებში მშობლებთან, მეუღლესთან რაღაც შეიძლება, სისულელით გააკეთო ისე, რომ გონება არ დაატანო და ადამიანს აწყენინო. გაპატიებენ და შენც დაივიწყებ, მაგრამ წყენა რჩება. ვნანობ პროფესიული კუთხითაც რაღაც ნაბიჯებს, მაგალითად, გარკვეულ შემოთავაზებებზე უარს, გარკვეულ მონაკვეთებში არასათანადო შრომისმოყვარეობის გამოჩენას... ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ დროის მანქანა არ არსებობს და ცხოვრება ამიტომაც არის საინტერესო. მე ვფიქრობ, კიდევ ბევრ შეცდომას დავუშვებ, მაგრამ მთავარია, ღმერთმა არ დამიკარგოს რეალობის აღქმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახო, ვაღიარო და როცა საჭიროა, ბოდიშიც მოვიხადო. ეს არ არის სირცხვილი.

– ყველა ასაკს ცვლილებები მოაქვს ჩვენში. შენში რა შეიცვალა?

– კი, ადამიანები იცვლებიან. არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. ამიტომაც ვამბობ, ადამიანის ცხოვრება თარიღიდან თარიღამდეა. მე, მაგალითად, აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც დედაჩემის გარდაცვალებამდე ვიყავი. იმდენად დიდი რამ გავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ეს ვერაფრით ჩაივლიდა უკვალოდ. ძალიან დიდი ბედნიერება წავიდა ჩემგან. საბედნიეროდ, ცხოვრებაში არის დიდი ბედნიერების თარიღებიც, როცა გაიცნობ გოგოს და მიხვდები, რომ „ის ის არის“ და ის შენი მეორე ნახევარი გახდება. არსებობს ისეთი თარიღები, როცა ყველაზე დიდი, რაც კი შეიძლება, დედამიწაზე გენახა, ნახავ და შეიგრძნობ. ეს მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი გააჩინა და პატარა კრუასანი მე დამაწვინეს გულზე. ასეთი თარიღების შემდეგ არასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე. ცხოვრება ასეთია, ადამიანები იცვლებიან უკეთესობისკენაც, უარესობისკენაც, გააჩნია, როგორი თარიღები ჩაიწერება მათ ცხოვრებაში. თუ ცვლილებები ბედნიერებითაა გამოწვეული, ამას არაფერი სჯობს. ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დაშენებულია ჩემი არსება, არ შეცვლილა, ზეგ ყაჩაღი და მამაძაღლი არ გავხდები, რომელიც სხვისი უბედურებით ფულს იშოვის, მაგრამ ხასიათი ასაკთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება და ეს აუცილებელიცაა ცხოვრებაში. ასაკთან ერთად, ძალიან ბევრ რამეზე აზრიც შემიცვლია. როცა მოზარდი ხარ, ბევრ საკითხს რადიკალურად უყურებ, კომპრომისსა და დიალოგს გამორიცხავ, „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ – მსგავსი აზრებით ხარ მოსული. დღეს 37 წლის ვარ და ბევრ რამეს გაცილებით მშვიდად ვუყურებ, ვიდრე წლების წინ. ადრე მოსიარულე სამართებელივით ვიყავი (იცინის). ძალიან კარგია, რომ ეს შეიცვალა, ეს აუცილებელიც იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა