შოუბიზნესი

თემო საჯაია: არც ერთი რჩევა, რომელიც მიმიღია, არ გამითვალისწინებია

№36

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 15.09, 2021 წელი

თემო საჯაია
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ თემო საჯაიასთან 👇

სახელი: თემო.

გვარი: საჯაია.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ზოგადად, ყველაზე კარგი მოგონება, რაც ადამიანს გააჩნია, თავად ბავშვობაა. ეგზიუპერმა თქვა: „ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ“, შესაბამისად, ყველა ის მოგონება, რაც ბავშვობას უკავშირდება, ძვირფასია. ჩემი ბავშვობა იყო 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს... მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერი ლამაზი ჩანდა, ალბათ, იმიტომ, რომ ეს იყო ბავშვობა.

– მშობლების როლი...

– მშობლების დიდი დამსახურებაა ის, ვინც ვარ დღეს. დედამ აღმოაჩინა, რომ ისე არ ვმღეროდი, როგორც ყველა ბავშვი და ამ მიმართულებით დაიწყო ჩემი განვითარება. მისი ინიციატივა იყო, შემესწავლა მუსიკა და ამისთვის მინდა, იმქვეყნად დიდი მადლობა გადავუხადო – კარგი განათლება მომცა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ზოგ ბავშვს უნდა, გამოვიდეს პოლიციელი, მეხანძრე, პრეზიდენტი... არც ერთი წუთი არ მქონია სხვა ფიქრი, გარდა იმისა, რომ ვყოფილიყავი მუსიკოსი – არა მხოლოდ მომღერალი, არამედ მუსიკოსი.

– ჩემი მეტსახელი...

– არასოდეს მქონია და ბავშვობაში ეს ძალიან მწყინდა. პლეხანოველი ვარ და ისეთ პერიოდში მომიწია ბავშვობა, თინეიჯრობა, თუმცა მაშინ ამ ასაკს სიყმაწვილის წლებს ეძახდნენ (იცინის), რომ ვიღაცა „აბრეზა“ იყო, ვიღაცას გვარის მიხედვით ეძახდნენ რაღაცას. მე არასოდეს მქონია მეტსახელი, საჯაიას ვერ შეამოკლებდნენ.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უყვარს და ამით არის ბედნიერი. დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ასე არაა. შეიძლება, ვიღაცას ვინმე წარმატებული ეგონოს, რადგან ფული იშოვა, მაგრამ ის აკეთებს იმ საქმეს, რომელიც არ უყვარს. თუ ბედნიერი არ ხარ შენი საქმით, მაშინ წარმატებული ვერ იქნები.

– მწამს...

– მკაფიოდ და გამოკვეთილად ქრისტესი და ქრისტეს მოძღვრების. დღევანდელ სამყაროში, სამწუხაროდ, ისეთი დამოკიდებულებაა, თუ რაღაცას წარმოადგენ ღმერთის არ უნდა გწამდეს და რელიგიური ნიჰილიზმი გახასიათებდეს, მე მწამს ქრისტესი.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთის აღქმა და მრწამსიც არის ის, რომ უბრალოდ, სახარება წაიკითხოს ადამიანმა – ყველაზე ჰუმანური და დიდებული რამ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. „მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას იქმან“ – ერთ-ერთი ბოლო სიტყვებია. ასეთია ალბათ, ყველა ადამიანის აღქმა ან ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს.

– ვრისკავ...

– ხანდახან – კი, საჭიროებიდან გამომდინარე.

– მაკვირვებს...

– ადამიანები თავისი სიკეთით, სილამაზით, სისულელით, სიბოროტით...

– ვერიდები...

– მასკარადებსა და დიდ ზეიმებს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისი მაქვს....

– საზოგადოებაზე გამოთქვა რაღაც ნეგატიური, არ მიმაჩნია სწორად, რადგან თავადაც ამ საზოგადოებას ვეკუთვნი. ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა გაიშვირო თითი და მერე სხვისკენ. შენ თუ გამოსწორდები და თუ ყველა ასე იფიქრებს, მაშინ, საზოგადოებაც გამოსწორდება. დღეს უპასუხისმგებლობაა ყველა სფეროში, რომელიც საბოლოოდ წარმოშობს არაპროფესიონალიზმს, გულგრილობას... ეს არის მთელი ჩვენი ერის და მათ შორის ჩემი პრობლემა. არ ვარ ჩემი ერიდან შორს – იგივე პრობლემა მაქვს, რაც მას.

– მეშინია...

– ჩემი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების, სადაც ვერაფრის შეცვლას ვეღარ შევძლებ, იმის, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ერთი წლის წინ დედა სიმსივნით გარდაიცვალა და ისეთი მდგომარეობა იყო, მე არაფერი შემეძლო... აი, ამის მეშინია.

– ბედისწერა...

– არ მჯერა მისი არსებობის, რადგან მწამს ქრისტეს მოძღვრების, ეს კი ავტომატურად გამორიცხავს ბედისწერის არსებობას. წინასწარ განსაზღვრა იმის, თუ რა დაგემართება, შეუძლებელია. ღვთაებრიობის არსი ისაა, რომ ყოველდღე არჩევანის წინაშე ხარ – რა გზასაც აირჩევ, ის შედეგი გექნება. ეს გზა სადმე კი არ არის დაწერილი, არამედ შენი არჩევანია. ბედისწერის არსებობა აბსოლუტურად გამორიცხავს შენს თავისუფალ ნებას. თუ ყველაფერი დაწერილია, რაც უნდა აკეთო, მაშინ შენი თავისუფლება სადაა? თუ კი ეს ასეა, მაშინ, უბრალოდ, რობოტი გამოდიხარ, რომელიც ასრულებს კონკრეტულ მითითებებს. აი, ამის არ მწამს. მე ვაკეთებ იმას, რაც არ არსებობს და ჩემს ცხოვრებას საკუთარი ნაბიჯებითა და შეცდომებით ვქმნი.

– მარტოობის განცდა...

– მქონია. არსებობს სულიერი და ფიზიკური მარტოობა. შეიძლება, უამრავი ადამიანის გარემოცვაში იყო, მაგრამ მაინც მარტო გრძნობდე თავს, ან პირიქით. გი დე მოპასანის პირველი თხზულებების რვეული მიუტანეს გუსტავ ფლობერს წასაკითხად. წაიკითხა და მხოლოდ ერთი რამე თქვა: ამის დამწერი ნიჭიერი კაცია, დანარჩენს მარტოობას ასწავლისო. ანუ, შემოქმედ ადამიანს ხანდახან მარტოობა სჭირდება იმისთვის, რომ დაწეროს, დახატოს, რაღაც ღირებული შექმნას.

– სიყვარული – ეს არის...

– ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი წაკითხული და ნანახი აქვს სიყვარულზე, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ამბობს ხოლმე. ოთარ მამფორია იყო ქართველი პოეტი, რომელსაც ახასიათებდა ფრთოსანი ფრაზები. ამ ფრაზებს გვარიდან გამომდინარე მამფორიზმებს ეძახდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი: სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება, სიყვარულს კი ლაპარაკით ვერ ისწავლი. მე შემიძლია, შევეწინააღმდეგო მას, რადგან სიყვარულზე ლაპარაკი ხანდახან არ ისწავლება, ძალიან რთულია – ამ გრძნობაზე ვერ ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ვწერ და ვმღერი. მარტივად შემიძლია, გითხრათ, ჩემთვის სიყვარულია, როცა დილით ვიღვიძებ და გვერდით ვხედავ ჩემს 2 თვის შვილს და მერე მარიტას.

– შემშურებია...

– არასოდეს არავისი და ამით ბედნიერი ვარ, რადგან შური ძალიან ცუდი რამეა. სულხან-საბას შური სიტყვის კონაში ასე აქვს განმარტებული: „მწუხარება სხვის სიკეთისა ზედა“. სხვისი სიკეთის გამო რომ ცუდად ხარ, საშინელებაა.

– სამაგიეროს გადახდა...

– მცდელობა ბევრჯერ მქონია და პროფესიულად გადამიხდია კიდეც. მუსიკალურ კარიერაში არის, როცა ვიღაცა გბლოკავს, რაღაცას გიჩალიჩებს, ასეთ ადამიანს რომ შენს შესაძლებლობებს დაუმტკიცებ, მაგარი შეგრძნებაა. ეს არაერთხელ გამიკეთებია და დღევანდელი გადმოსახედიდან მიხარია კიდეც.

– ბოდიშის მოხდა...

– არასოდეს მიჭირს. გვარის მიუხედავად – გურული ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს – როცა ვხვდები, რომ მართალი არ ვარ, მარტივად ვიხდი ბოდიშს. ყველას ვურჩევ, ხშირად მოიხადონ ბოდიში, რადგან ეს თქვენს სულს გამოაჯანმრთელებს.

– ვიტყუები...

– ყოველდღე (იცინის). ოღონდ, რასაკვირველია, პატარ-პატარა, ხუმრობით, უწყინარ ტყუილებს ვგულისხმობ.

– ვნანობ...

– მიკვირს ყველა იმ ადამიანის, ვინც ამბობს, რომ არაფერს ნანობს და მის ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა. ბევრ რამეს ვნანობ. პირველ რიგში, იმ ადამიანებს არ ვაწყენინებდი, ვისაც ვაწყენინე.

– ვაგროვებ...

– ზარებს ვაგროვებ. ყველა ზარს თავისი ხმა აქვს მუსიკალურად – ყველას განსხვავებული ჟღერადობა აქვს.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ადრე ვამბობდი ხოლმე, როცა პირველად ვიმღერე სცენაზე-მეთქი, მაშინ 6 წლის ვიყავი. ახლა სხვა პასუხი მაქვს – არასოდეს დამავიწყდება, როცა მარიტა პირველად დავინახე. ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, ისიც კი მახსოვს, რა ეცვა.

– თავისუფლება არის...

– თავისუფლება ქართველი კაცისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტი, ჩვენთვის თავისუფლება გაიგივებულია საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასთან. ჩემთვის, როგორც ამ ერის წარმომადგენლისთვის, თავისუფლება არის, როცა ჩემი ქვეყანაა თავისუფალი, არაოკუპირებული და ბედნიერი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– არც ერთი რჩევა, რომელიც მიმიღია არ გამითვალისწინებია. ყველას ვურჩევ, ყველაზე მეტად დაარღვიეთ რჩევები, რადგან ყველა შეცდომას, რასაც ვუშვებთ, არის ჩვენი, ამით ვცხოვრობთ, ვიზრდებით და მივდივართ წინ. თითოეული ნაბიჯი საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა გადავდგათ. რჩევა, რომელიც ვიღაცამ მოგვცა, ეს სხვისი ცხოვრებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი