თემო მჟავია: დიდი ხნის შემდეგ, ცხოვრებაში პირველად, მაქვს ხანგრძლივი პერიოდი, როცა სრულებით ფხიზელი ვარ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
თემო მჟავიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თემო მჟავია?
თემო მჟავია: თუ ხშირად დავსვამთ შეკითხვებს – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სად და რა მისიით, მხოლოდ სახელი და გვარი ვართ თუ უფრო ღრმა მოცემულობა – უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება.
ვინ არის თემო მჟავია? – მოგზაური ადამიანურ სამყაროში, მოგზაური საკუთარ თავში. ადამიანი, რომელიც ცდილობს, გაიცნოს საკუთარი შინაგანი სამყარო. ახლა 38 წლის ვარ. მეგონა, ჩემს თავს ვიცნობდი, მაგრამ თურმე, სიურპრიზებით ვყოფილვარ აღსავსე ჩემივე თავისთვის.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ალბათ, სხვადასხვა ეტაპზე – სხვადასხვანაირი. როგორც ამბობენ, რაც უფრო ძლიერია ოცნება, მით უფრო რეალური ხდება ის. გულახდილი ვიქნები, არავინ თქვას, რომ ჩვენს ოცნებებში მატერიალიზმი არ არის, თუმცა, ამას არ უნდა გადავყვეთ, ანუ, პირველ ადგილზე არ უნდა დავაყენოთ.
როცა ოცნებები სრულდება, რაც ძირითადად, ჩვენი შრომისა და გათენებული ღამეების შედეგია (თუმცა, სხვა ვერსიებიც არსებობს), შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში დგება კომფორტის ზონის ეტაპი. როცა კომფორტის ზონაში ეფლობი, განვითარება წყდება. ამიტომ, თითქოს, საოცნებო ცხოვრება წინააღდეგობაში მოდის განვითარებასთან. თითქოს, დისკომფორტები და წინააღმდეგობებიც საჭიროა იმისთვის, რომ განვვითარდეთ.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?
– ფილმებზე თუ მიტირია? – კი, მიტირია. რაც შეეხება ემოციებს, ჩემი მეგობრები ბავშვობიდანვე ხუმრობდნენ ჩემს ემოციებზე – „ასეთია, მაგრამ ამ დროს ძალიან უხარია“ – ეს იმას ნიშნავს, რომ არ შემეძლო ემოციების გამოხატვა. თუმცა, გამოხატვის უნარის ნაკლებობა არ ნიშნავს უემოციობას. შიგნით ყოველთვის ძალიან სავსე ვარ ემოციებით. ბევრი რამ განსაზღვრავს ჩემს ემოციურ მდგომარეობას, მაგალითად: მუსიკა, ამინდი, ფილმი, მოგონებები, ნივთები, რომლებიც მნიშვნელოვან მომენტებს მახსენებს და ასე შემდეგ. ემოციები ძალიან საჭიროა ენერგიების დასაჭერად.
ხანდახან შეგიძლია, ემოციები ხელოვნურად გამოიწვიო, რომ შემდეგ კარგ ხასიათზე დადგე, მაგალითად, მოუსმინო შესაბამის მუსიკას და ფიზიკურად იგრძნო ენერგიის მომატება.
– როდის იტირეთ ბედნიერების ცრემლით და ტკივილით გამოწვეული ცრემლით?
– ხომ გაგვიგია, ბიჭები არ ტირიანო, ალბათ, მეც იმ ბიჭების კატეგორიას მივეკუთვნები. ვერ ვიხსენებ, როდის ვიტირე. ერთი, რაც მახსენდება, ეს იყო ბედნიერების ცრემლები, რაც ფეხბურთს უკავშირდება, როცა საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მოუგო ევროპის ჩემპიონატზე. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და როგორც იქნა, მოხდა.
რაც შეეხება სიმწრის ცრემლებს, ვერ ვიხსენებ, მაშინაც კი არ ყოფილა, როცა ავარიაში მოვყევი და ძალიან დიდ ტკივილს განივცდიდი.
თუმცა... კი, ნამდვილად იყო ძალიან ახლო წარსულში, როდესაც ძალიან ახლო მეგობარი გარდაიცვალა. ჩემი შვილის ნათლია, რომელსაც მთელი თბილისი გლოვობდა. სალომე ბაკურაძის მეუღლე – ლაშა ბასლანძეზე მაქვს საუბარი.
– იმას რომ, ძირითადად, არ ტირით, შეგნებული თავშეკავებულობა განაპირობებს თუ თავისთავად ხდება ასე?
– ჩემი აზრით, ეს დამუშავებული ამბავია. ბავშვობიდან ჩაგვინერგეს აზრი, რომ ბიჭები არ ტირიან. ეს სისუსტეა ბიჭებისთვის, თორემ გოგონების შემთხვევაში, თითქოს, ამაში გასაკვირი არაფერია. რაღაც კუთხით მესმის ამის. მტაცებელ სამყაროში, თითქოს სისუსტეს გამოხატავს ბიჭის ტირილი და როცა სხვა ადამიანი შენს სისუსტეს ხედავს, შეუძლია, ადვილად დაგჩაგროს. მეორე მხრივ, ადამიანის ცხოვრებაში ტირილი ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორც სიცილი. რა არის სწორი, მოდი, ამას მე არ განვსჯი.
– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– ზოგადად, ჩემი ცხოვრება როგორიც არის, ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აქამდე მოვსულიყავი. თუ იყო რაღაც ნეგატიური, შევცვალე და ზუსტად ამან მასწავლა, რომ ასე არ უნდა მოვიქცე. ალბათ, სხვანაირად გაკვეთილი არ იქნებოდა.
მისაუბრია, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ნივთიერება, რომელსაც მოვიხმარდი, საუბარი მაქვს მარიხუანაზე. თბილისში იყო პერიოდი, როცა „მოსაწევის“ მოწევა ძალიან მოდურად ითვლებოდა და ვინც არ ეწეოდა, ის ჩამორჩენილ ტიპად ითვლებოდა. მეც მაგ სამყაროში ვიყავი, ამ ტალღაზე ვიყავი მომართული და მოსაწევს რომ სიკეთეს ეძახიან, მაგ აზრით მოცული. მოგვიანებით მივხვდი, რომ მოსაწევიც ჩვეულებრივი ნარკოტიკია. არანაირი სიკეთე მასში არ არის და მისი რეგულარული მოხმარება არაფერ კარგს არ მოიტანს. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ დამოკიდებული ვიყავი. არაფერს არ ვნანობ, დრო რომ დავაბრუნოთ, იმავე გზას გამოვივლიდი იმისთვის, რომ მესწავლა, თუმცა, ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია – ამდენ მოსაწევს არ მოვწევდი და საკუთარ სხეულს ზიანს არ მივაყენებდი.
– რა გამოსცადეთ ცხოვრებაში პირველად ბოლო პერიოდში?
– დიდი ხნის შემდეგ ცხოვრებაში პირველად მაქვს ხანგრძლივი პერიოდი, როცა სრულებით ფხიზელი ვარ, არც ალკოჰოლს მოვიხმარ, არც რამე საშუალებას. ასევე, არ მოვიხმარ ნიკოტინს, სიგარეტზეც უარი ვთქვი.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, თქვენში ეს თვისება გააღვიძოს?
– მრისხანება ნამდვილად გამომიცდია. უფრო მრისხანებას დავარქმევდი ამ მდგომარეობას და ეს თავიდან ბოლომდე ცხოველური მდგომარეობაა. როცა ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. ალბათ, ადამიანები იმით გამოვირჩევით სხვა ცხოველებისგან, რომ შეგვიძლია ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, ვმართოთ საკუთარი ემოციები და ინსტინქტები. მიუხედავად ამისა, ყოფილა ასეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და მინდა, იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხებოდა, მთელი გულით ბოდიში მოვუხადო ჩემი ამ მდგომარეობისთვის.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– არ არსებობს ადამიანი ღმერთის დახმარების გარეშე. ბევრი ვიარე სულიერი მოგზაურობის გზაზე სხვადასხვა მიმართულებით და ბოლოს მაინც ჩემს ფესვებთან, ჩემს მართლმადიდებლობასთან მოვედი. ღმერთის დახმარების გარეშე, ადამიანი ვერც გაიმარჯვებს და ვერც დამარცხდება. ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი მისი დახმარებით მოხდა, ამის ღრმად მწამს. ყველა გამარჯვებისთვის უფლის მადლიერი ვარ.
ყველაზე დიდი გამარჯვება არის გამარჯვება საკუთარ თავზე. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ჩვენივე თავი, საკუთარი ეგო და ფიქრებია. თუმცა, საკუთარ თავზე გამარჯვება პროცესია და არა კონკრეტული დროის მიღწევა. ამისთვის მუდმივი ბრძოლა მიდის და ეს ბრძოლა პატარ-პატარა გამარჯვებებისგან შედგება. საკუთარ თავზე გამარჯვება ნიშნავს გამარჯვებას საკუთარ შურზე, ბოღმაზე და მსგავს თვისებებზე. არავინ თქვას, რომ ეს თვისებები არ აქვს. ადამიანში ბოროტი სულ ცდილობს, ჩვენივე ეგოს მეშვეობით გაიმარჯვოს ამ თვისებებმა ჩვენზე. საკუთარ მარცხებში ზუსტად ამას ჩავწერდი. უფრო პატარა, გაუცნობიერებელ ასაკში ზუსტად ეს თვისებები: შური, ქედმაღლობა და ასე შემდეგ იმარჯვებდა ჩემზე. ამ ასაკში კი, ღმერთის დახმარებით, ამ თვისებებზე გამარჯვება მიმაჩნია მთავარ გამარჯვებად.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ალბათ, ავარია უნდა გავიხსენო. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავი. შიშიც წამიერი იყო. ამბობენ, რომ ყველა შიში სიკვდილის შიშიდან გამომდინარეობს და ეს ყველაზე დიდი შიშია. ასეთ შემთხვევებს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, ბავშვობაში ყველას გვიგრძნია შიში მაშინ, როცა სიკვდილის არსებობა გაგვიცნობიერებია. როცა პატარა ბავშვი იმას უშვებს, რომ მისი მშობლები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც მას უსაფრთხოების განცდას და სითბოს აძლევენ, ოდესღაც გარდაიცვლებიან, ძალიან განიცდის. მეც მახსოვს ბავშვობიდან ეს შიში და ბავშვური გულამოსკვნილი ტირილიც ამის გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





