შოუბიზნესი

თეა დემურიშვილი: მე და დედაჩემი ქუჩაში ამალით დავდიოდით

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.06

თეა დემურიშვილი
დაკოპირებულია

მეცოსოპრანო თეა დემურიშვილი ბებია გახდა. ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის პირველი შვილი სამყაროს 26 მაისს მოევლინა.

თეა დემურიშვილი: ღამის ორ საათზე დამირეკა ანდრიამ და მითხრა, რომ მაიკოს მშობიარობა დაეწყო. ისეთი ხმით დავრეკე საშვის გასაკეთებლად, ოპერატორი მეკითხებოდა, ქალბატონო, თქვენ მშობიარობთო? (იცინის). ალექსანდრე დილის ცხრის ნახევარზე დაიბადა და სამშობიაროდან სახლში ემოციურად ისეთი დაღლილი და იმვდროულად, სავსე დავბრუნდი, გეგონებოდა მართლა მე გავაჩინე ბავშვი (იცინის). ეს უდიდესი ბედნიერებაა. ვერ აგიწერთ, რა შეგრძნება დამეუფლა, პირველად რომ ხელში ავიყვანე. თვალები ბებიკოსი და მამიკოსი აქვს.

– ბებიობა როგორი ყოფილა?

– ჩემი ორი ფეხმძიმობა იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი. ბებიობა, შენი გენის გაგრძელება კიდევ სხვა ბედნიერება ყოფილა. ვუყურებდი ანდრიას და ალექსანდრეს და ვხედავდი, რომ ჩემი ნაწილი მათში აგრძელებდა სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ანდრია და მაიკო არაჩვეულებრივი მშობლები იქნებიან. ანდრია დაესწრო მშობიარობას და მიხარია, რომ დღეს ეს შესაძლებლობა არსებობს.

– თან როგორ დღეს დაიბადა – 26 მაისს...

– იმედია, არავინ მიწყენს, ამას მარტო ჩემი შვილი თუ მოახერხებდა (იცინის). ეს კიდევ ცალკე საჩუქარია. ალექსანდრე მოწამის სახელობის დღეს დაიბადა ჩვენი ალექსანდრე, თუმცა ეს სახელი მაიკოს და ანდრიას უკვე შერჩეული ჰქონდათ. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რადგან მეც ძალიან მომწონს. გვყავს ანდრია, ანასტასია და ახლა უკვე ალექსანდრე. მესამე შვილი რომ მყოლოდა, ალექსანდრეს ან ალექსანდრას დავარქმევდი. პატარა ხელში რომ ავიყვანე, სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე. მაიკოს ძალიან კარგი ფეხმძიმობა ჰქონდა. ჩემი თავი მახსენდებოდა, მე და დათო კილომეტრებს გავდიოდით ფეხით. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– გულწრფელად მითხარით, როგორც ქალი, განიცადეთ ბებიობა?

– ალექსანდრე რომ დაიბადა და დასასვენებლად სახლში მოვედი, ცოტა გამკრა გულში – თეა, უკვე ბებია ხარ-მეთქი. მაგრამ მერე რა, რომ ბებია ვარ, საოცარი შემართება მაქვს, სამ წრეს ვარტყამ იპოდრომს ყოველ დილას და ძალიანაც მომწონს ახალგაზრდა ბებიობა.

– „რძალდედამთილური“ ამბავი გაქვთ?

– ასეთი დედამთილი საერთოდ არ ვარ, მე ასე მგონია. მე ჩემი მშობლების საოცარი სიყვარულის მაგალითზე გავიზარდე. ისინი სტუდენტობიდან ერთად მოდიოდნენ და ისეთი სიყვარული ჰქონდათ, ათი თვის სხვაობით გარდაიცვალნენ. მათი სიყვარული ყველასთვის სამაგალითო იყო. ამიტომ, ჩემთვის სიყვარული ბევრს ნიშნავს. შეიძლება, ცხოვრებაში იმედგაცრუებები მქონია, მაგრამ სიყვარულის რწმენა არ დამიკარგავს. როცა ხედავ, ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, თანაუგრძნობ და მათი ბედნიერებით შენც ბედნიერი ხარ. ვთვლი, რომ თუ შესაძლებლობა არსებობს, წყვილი ცალკე უნდა ცხოვრობდეს და ჩვენთან ასეცაა. ძალიან დემოკრატიული დედამთილი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. დანარჩენი მაიკომ უნდა თქვას (იცინის).

– დედებს რომ უჭირთ შვილის გაყოფა რძალთან, ეს მომენტი არ გქონიათ?

– ადამიანის გულში ყველას თავისი ადგილი აქვს. როცა შეყვარებული ხარ, აღარავინ გახსოვს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ სიყვარულს კარგავ, მაგრამ არის პერიოდი, როცა სხვაზე ვერავისზე და ვერაფერზე ფიქრობ და ეს ნორმალურია. ეჭვიანობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ანდრიამ რომ მითხრა, ცოლი მომყავსო, თითქოს რაღაც გაწყდა.

იმ გაგებით, რომ გავაცნობიერე, უკვე დიდი ბიჭი იყო და ახალ ცხოვრებას იწყებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს და ამ ამბავმა ძალიან გამაბედნიერა. ანდრია ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, მე მადრიდში ვცხოვრობდი და მივდიოდით და მოვდიოდით, ხშირი იყო განშორებები და ბევრი ცრემლი დამიღვრია, მაგრამ მეც ჩემი საქმე მქონდა, ისევე, როგორც ახლა ანდრიას – ამ მხრივ, ხელოვანების ცხოვრება ძალიან რთულია. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ბებია-ბაბუის დახმარებით ყველაფერი მოვახერხეთ. განშორებების მიუხედავად, მშობლობა კიდევ სხვა მომენტია და ახლა ამას თვითონაც განიცდის.

– ბებია კი ხართ, მაგრამ საოცრად გამოიყურებით, ისეთი ცეცხლოვანი ხართ და იმდენად დადებით ემოციებს ასხივებთ, რთული წარმოსადგენია თქვენგან სიტყვები – რაღა დროს ჩემი სიყვარული და პირადი ცხოვრებააო. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

– დიდი მადლობა. ნამდვილ სიყვარულს დრო და ასაკი არ აქვს. ჯერჯერობით ჩემს პატარა ალექსანდრეზე ვარ კონცენტრირებული და მერე რა იქნება, არ ვიცი. ცეცხლსა და ენერგიას, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, დიდი დოზით ვხარჯავ სცენაზე და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარული სცენაა, რაც პანდემიის გამო ახლა ძალიან მაკლია. სიყვარულს ასაკი არ აქვს და ბებიობა არ ნიშნავს, რომ უფალმა სიყვარულის უფლება ჩამოგართვა. რაც უფრო შეყვარებული ხარ, მით უფრო ბედნიერი ხარ შენც და შესაბამისად, გარშემო მყოფებიც.

– თაყვანისმცემლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– თაყვანისმცემლები ყველა ქალს ჰყავს და ყველა ასაკში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ამ კოვიდის დროს, თაყვანისმცემლებს კი არა, მეგობრებს ვერ ვნახულობდი. თაყვანისმცემელი არასდროს მომკლებია, როგორც ქალს და როგორც ხელოვანს, რაც ყველა ქალისთვის სასიამოვნოა. ჩემმა მშობლებმა სიყვარულში გამზარდეს და ჩემშიც უხვადაა ეს გრძნობა. მიყვარს ადამიანები და მიმნდობიც ვარ. ვიღაც რომ გულს გატკენს და მერე აღარავის დანახვა არ გინდა, ეს მომენტი მე არ მქონია. მე მაინც ყოველთვის ყველასი მჯერა. შეიძლება, ზღაპარში ვცხოვრობ, მაგრამ მე ამას რწმენას ვეძახი, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ამჟამად არ ვარ შეყვარებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ ვიქნები. მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, თვითონ სიყვარული ხარო, მე მიყვარს სიყვარული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თაყვანისმცემელს ახლოს ვუშვებ. თაყვანისმცემელი ნიშნავს, რომ შორიდან ეტრფი ადამიანს, ანებივრებ, სახლის კართან ყვავილებს უტოვებ ისე, რომ შეიძლება, ვინაობას არც ამხელდე. 13-14 წლიდან მოყოლებული, მე და დედაჩემი ქუჩაში ამალით დავდიოდით. სულ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მოგვყვებოდა, მიყურებდა, ვარდები მხვდებოდა ხან სად, ხან სად, კომპლიმენტებით მავსებდნენ, ზოგს ვუყვარდი. მე რა გრძნობა მაქვს, მოვუშვებ თუ არა ახლოს, ეს უკვე ჩემი მხარეა და სხვა თემაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ქალს თაყვანისმცემელი ყველა ასაკში უნდა ჰყავდეს, მით უმეტეს, ხელოვანს. თუმცა ქალისთვის ყველაზე დიდი ბენდიერება შვილებია და ახლა უკვე შვილიშვილი.

– შვილებთან როგორი ხართ? უმცროსი გარდატეხის ასაკშია...

– გარდატეხის ასაკში ანდრიაც ჩემთან იყო მადრიდში და რთული პერიოდი ჰქონდა. ანასტასიასაც არ გაუვლია ეს პერიოდი მარტივად, მაგრამ თითქმის გადალახა. ვცდილობ, ორივე შვილისთვის არა მარტო მშობელი, მეგობარიც ვიყო. მირჩევნია, ცუდი სიმართლე ვიცოდე, ვიდრე კარგი ტყუილი. შეიძლება, გავუბრაზდე, ავფეთქდე, მაგრამ მერე აუცილებლად გავუგებ და მივიღებ. რამე თუ არ მომეწონება, ეს არ ნიშნავს, რომ გვერდით არ დავუდგები. ანასტასიას ძალიან უყვარს კითხვა და განსაკუთრებით სამეცნიერო ფანტასტიკა აინტერესებს. ზოგჯერ ისეთ ცოდნას ამჟღავნებს, უფროსებს გვაოცებს. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საოცარი ვოკალური მონაცემები აქვს. ჯერ ამ მიმართულებით ინტერესს არ გამოთქვამს და მეც არ ვაძალებ. მთავარია, რომ ნიჭი აქვს. ანდრიაც არ იყო თავიდან დაინტერესებული, მაგრამ ახლა ვერ გააჩერებ, სულ მღერის და ანასტასიაც თუ დაინტერესდება, კარგი იქნება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №31

2-8 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო