შოუბიზნესი

თაზო ლოხიშვილი: მგონია, რომ ერთ დღეს ვიღაც დამირეკავს და მეტყვის: მე შენ აღმოგაჩინე და მილიონი უნდა დაგახარჯოო

№46

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

თაზო ლოხიშვილი
დაკოპირებულია

ინფლუენსერი თაზო ლოხიშვილი, იგივე თამაზა, რომელიც ზუსტად მისი ხასიათის დამსახურებით, უამრავ ადამიანს უყვარს, ზოდიაქოთი თევზები ყოფილა. ვნახოთ, რა თვისებებია მასში დომინანტური, რამდენად სჯერა ასტროლოგიის და როგორ ცდილობს თავის გაკონტროლებას.

თაზო ლოხიშვილი: 15 მარტს დავიბადე, ზოდიაქოთი თევზები ვარ და ასტროლოგიის ძალიან მჯერა. ყოველთვის ვეცნობი პროგნოზებს. ერთი პერიოდი, ყოველ დილით ვკითხულობდი, რა მელოდა იმ დღეს და თუ გავიგებდი, რომ ჩემს ნიშანს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა, ისე ვიჯერებდი, სულ რომ პოზიტიური დღე ყოფილიყო, თავს მაინც განადგურებულად ვგრძნობდი (იცინის). ახლა შევცვალე მიდგომა. რადგან ძალიან მოქმედებდა. გადავწყვიტე, ზოგადი მიმოხილვით შემოვიფარგლო, ანუ, როგორი წელი მექნება ან ეს თვე როგორი იქნება. ვცდილობ, თავი გავაკონტროლო და ემოციებს არ ავყვე.

– თევზები ძალიან მოსიყვარულე ნიშნად მიიჩნევა. ასეთი ხარ?

– რამდენადაც საყვარელი ვარ, იმდენად აუტანელი გახლავართ (იცინის). შემიძლია, ადამიანს უზომოდ შევაყვარო თავი, მაგრამ იმავდროულად, შემიძლია, ისეთი მწარე სიტყვები ვუთხარა, რომ სულ ცხარე ცრემლით ვატირო. ეს ჩემთვის – ბალი ათი შაურია. ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მინდა, ვიღაც გავამწარო. რომ დავინახავ, ვიღაც ჩემზე ბედნიერია, თუ მეც კარგ ხასიათზე ვარ, ხომ კარგი, თუ არა და რამე ისეთს ვეტყვი, შეიძლება, ჭკუიდან გადავიყვანო. მოკლედ, მოსიყვარულეც ვარ და მწარეც, გააჩნია სიტუაციას. თუ გადაბრუნებულად მითხრეს რამე და ეს არ მომეწონა, საიდუმლოს გარდა, შემიძლია, ადამიანს ყველაფერი პირში მივახალო. ხალხში კი არა, ცალკე გამოვიყვან და რასაც მასზე ვფიქრობ, გულში არ დავიტოვებ, ყველაფერს ვეტყვი. ხომ შეიძლება, რამე „გავატარო“, მაგრამ არა, თუკი რამე ცუდი ვიფიქრე მასზე, არაფერს დავიტოვებ. ოღონდ ისეთი ხასიათი მაქვს, ამას რომ გავაკეთებ, შემოვბრუნდები და შეიძლება იქიდან ასკინკილას ცეკვით წამოვიდე (იცინის). ჯერ მაგარ ჩხუბში ბოლომდე დავიცლები, მერე გამოვალ და შემოვძახებ: „დივდილა ოდელა, დივდილა ოდელა რანინააა“, ან ყავა ხომ არ დაგველია?! (იცინის). ბრაზის გულში დაგროვებას მირჩევნია, სხვაზე დავცალო.

– რამდენად მზრუნველი ადამიანი ხარ?

– ძალიან მზრუნველი ვარ. საოცრად მიყვარს ცხოველები და სპეციალურად არ ვყიდულობ. არადა, ისე მინდა, თბილისში იღლიაში გამობნეული ძაღლით ვიარო, „სვეწკად“ (იცინის). ხომ იცი, მოდაში რომ არის პატარა ძაღლები – ლამაზად ჩავაცმევდი, თმას შევუკრავდი, მაგრამ არა რა, არ შემიძლია – დიდი ყურადღება უნდა. თუ მეყოლება, ვიცი, რომ თან უნდა გადავყვე, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არ მყავდეს და სხვის ძაღლებს მოვეფერო. არასდროს ვიღებ დიდ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს სხვაზე. მოდი, რა, ყველამ თავის თავს მიხედოს (იცინის). ერთადერთი, რაც ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა და მას ნადვილად ძალიან კარგად ვუვლი (იცინის). საკუთარი თავის გარდა, სხვა სადარდებელი არ მაქვს.

– თევზები ძალიან მეოცნებეები არიან, ხარ ასეთი?

– ვაიმე! იცი, როგორი მეოცნებე ვარ? ისეთი რამეების მჯერა, რომ შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე. მგონია, რომ ერთ დღეს ვიღაც დამირეკავს და მეტყვის: მე შენ აღმოგაჩინე და მილიონი უნდა დაგახარჯოო. სულ ასეთი რამეების მოლოდინში ვარ და ხშირად ვამოწმობ შემოსულ შეტყიბინებებს, რამე არ გამომრჩეს (იცინის). სიტყვაც მაქვს მომზადებული – როცა ჩემს ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული მოხდება და დიდი აუდიტორიის წინაშე გამოვალ, რა უნდა ვთქვა, (იცინის).

საერთოდ, მე ძალიან თავხედი ადამიანი ვარ. ათი კარი რომ მომიხურონ, მეთერთმეტეზე გადავხტები. სულ არ მაინტერესებს, თუ რამე მაბრკოლებს, ვითომც არაფერი. ხელი მეშლება, მაგრამ მაინც ვოცნებობ და გზას ვაგრძელებ. თან, ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო. მაგალითად, ძალიან მინდოდა სადღაც მუშაობის დაწყება და არ გამოვიდა. ასეთ დროს ვფიქრობ, ალბათ, იმიტომ არ გამომივიდა, რომ ეს კომპანია მალე უნდა გაკოტრდეს და მე მაგრად გადავრჩი-მეთქი (იცინის).

– ილუზიებში ცხოვრება არ გიშლის ხელს?

– ვაიმე, ძალიან. ხანდახან ისეთ ფანტაზიებში გავიჭრები, ჩემს თავს ვეტყვი ხოლმე: თამაზ, მოდი, დაეშვი!

ძალიან უნდა გიყვარდეს სილამაზე, მოდა... ხელოვნებას ძალიან სენსიტიურად უნდა აღიქვამდე.

– სარკეში რომ ვიყურები, ხანდახან ჩემი თავი არ მომწონს და ვფიქრობ: ვაიმე, ალბათ, ყველა ნაკვთი ცალ-ცალკე მაქვს ლამაზი და ერთმანეთს არ უხდება (იცინის). თუ დრო მაქვს და პრანჭვა დავიწყე, შეიძლება, დამაღამდეს. ბოლოს ისეთ რამეს ჩავიცვამ, რაც მაინც არ მიხდება, მაგრამ ახლა ხომ მოდაშია იმის ჩაცმა, რაც არ გიხდება. ხოდა, ბოლოს ვიტყვი, მოდურად ჩამიცვია-მეთქი და ეგაა (იცინის).

რაც შეეხება სილამაზის აღქმას, ეს კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ძალიან დიდი ყურადღება დავუთმე სახლის გარემონტებას. ახლა, ყოველ ჯერზე, როცა სახლს ვალაგებ და ეს სილამაზე უფრო აღქმადი ხდება, ვერ გეტყვი, როგორი ბედნიერი ვარ და როგორ მსიამოვნებს. ვაიმე, გეფიცებით, ისე ვალაგებ, ვინმემ რომ მიყუროს, გაგიჟდება. ვხეხავ და ვწმენდ ყველაფერს. ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს. თუ სხვამ დამილაგა სახლი, შეიძლება წლები გავიდეს და სახლში ნივთი ვერ ვიპოვო. ამიტომ ყველაფერი თვითონ უნდა დავალაგო. და კიდევ, არ მიყვარს სახლში ბევრი ადამიანი რომ დაბოდიალობს. თუ სტუმარი მივიღე და მან დილით სააბაზანოში შესვლა მომასწრო, მერე მე რომ შევდივარ და ორთქლით მხვდება სავსე, სულ რომ ათჯერ გავიქაფო, მგონია, რომ იქიდან ძალიან ბინძური გამოვალ, იმიტომ, რომ მანამდე სხვამ იბანავა. რა ვქნა, ასეთი წიკები მაქვს (იცინის).

– თევზები მიდრეკილები არიან სასმლის, სიგარეტის, ნარკოტიკის მიმართ და საერთოდ, დამოკიდებულების პრობლემა აქვთ...

– ვაიმე, ეს რომ გავიგე, დეპრესიაში ჩავვარდი. დავდექი და ვფიქრობდი, ვაიმე, ახლა მე რომ ნარკოტიკზე „შევჯდე“, ჩემს მშობლებს რა ეშველებათ?! ნეტა დაფინანსება ხომ არ შეწყდება ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე? ვაიმე, ასე რომ მოხდეს, რა მეშველებაა?! ცხოვრებაში ხომ არ გავეკარები ნარკოტიკულ საშუალებებს, მაგრამ მერე იმაზე დავიწყე ნერვიულობა, ნეტავ, ვინმე ხომ არ აპირებს რომ შემაცდინოს? ნეტავ, ვინმე ხომ არ მომმვარდება და ვენაში გამიკეთებს-მეთქი (იცინის).

ამ თემებს ახლოს არ ვეკარები, მაგრამ სიგარეტს ვაფუილებ. იცი რატომ? თავიდან სარკეში ვეწეოდი ხოლმე და ისეთი ლამაზი თხელი ტუჩები მაქვს, ბოლს ისე „სვეწკურად“ ვუშვებდი, რომ შევყევი (იცინის). თან, მე ძალიან მიყვარს თურქული ყავა და უხდება სიგარეტი.

– თევზები, ერთი შეხედვით, სათუთ ადამიანებად ჩანან, მაგრამ ისეთი სირთულეების დაძლევა შეუძლიათ, რისი ძალაც ბევრს არ აქვს. ასეა?

– მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრი სირთულე გამომატარა, ყოველთვის ვცდილობ, გზა განვაგრძო. რთულ პერიოდში მე არავის ნუგეში არ მეხმარება, ეს ვერ მომიყვანს ხასიათზე. ხუთი წუთი მარტო უნდა დავრჩე, მომხდარი უნდა გავაანალიზო და ცხოვრება გავაგრძელო. ჯერ ერთი ძმა გარდამეცვალა, მერე – მეორე. სახლში რომ ვუყურებდი რა მდგომარეობა იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვიგრძნობდი თავს. მეც იმდენი რამ გამოვიარე, მაგრამ მაინც ფეხზე დავდექი, იმიტომ, რომ არ მიყვარს ადამიანი, რომელიც წარსულს მისტირის. გულში ყოველთვის გამოიძებნება ადგილი განცდილი ტკივილისთვის, მას ვერც გონება დაივიწყებს, მაგრამ აუცილებელია, შენი ტკივილი ისე შეფუთო, რომ არც შენ შეგაწუხოს და არც სხვა. არის მომენტები, როცა გინდა, საკუთარი სულის სიღრმეში ჩაიხედო, ის ტკივილი გაიხსენო, ამაზე იფიქრო, განიცადო და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება, ყოველდღე და ყოველწუთას ამით იყოს სავსე შენი ცხოვრება. ზოგს უყვარს საკუთარი მტკივნეული გამოცდილებებით სხვებს თავი შეაცოდონ. ადრე რომ მკითხავდნენ, როგორ ხარო, ვპასუხობდი, ახლა კარგად-მეთქი. ანუ, ხაზს ვუსვამდი, რომ წინათ არ ვიყავი კარგად. ესეც არასწორია, თავს აცოდებ სხვას. ამიტომ ახლა იმავე კითხვაზე ვპასუხობ, რომ კარგად ვარ და მერე მართლა კარგად მიდის ყველაფერი. არც სხვისთვის შენი პრობლემების მოხვევაა კარგი და არც პრობლემებზე ჩაციკვლა. ამიტომ თქვი, რომ კარგად ხარ და ასეც იქნება.

მე მიყვარს კარგი ცხოვრება. ჩემ უკან არის ოჯახი და მე ძლიერი უნდა ვიყო, რომ ოჯახს გვერდით დავუდგე. ამიტომ ჩემი კარგად ყოფნა და ჩემი შემოსავლის წყარო ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსავლისთვის უნდა ვიყო აქტიური, უნდა ვაკეთო რეკლამები, მქონდეს ცნობადობა, რომ ეს რეკლამები შევინარჩუნო და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ, ცოტა დრო რომ გავიდა, თავიდანვე ტაშ-ფანდურით არ დამიწყია, მაგრამ მალევე გავაქტიურდი. თავიდან ვიდეოში არ ვჩანდი, მაგრამ კადრს მიღმა ბევრ საქმეს ვაკეთებდი. დრო რომ გავიდა, კადრშიც დავბრუნდი. მეგონა, ხალხი იტყოდა, რა კარგია, მდგომარეობიდან გამოდისო. ვიღაც ცუდსაც რომ იტყოდა, ამასაც ველოდი, მაგრამ ბევრს არა. რეალურად, რომ დაინახეს, გავიღიმე, იცი, როგორი ნეგატივი წამოვიდა?! მიწერდნენ: ნეტა რა გაცინებს, ორი ძმა გყავს დაღუპული და არ გცხვენია?! აქ სიცილს გირჩევნია, ყოველ საღამოს შენი ძმის სასაფლაოზე იაროო. შენ რა იცი, რომ არ დავდივარ?! ასეთ დროს დედაჩემი მეტყვის ხოლმე: მთავარია, არ გაბოროტდე, აპატიეო. ვიღაცის ნათქვამს პირდაპირ არ უნდა შეხედო. თუ პირში მითხრეს ასეთი რამ, შეიძლება მართლა თავი გადავაჭამო, მაგრამ კომენტარში რომ მიწერენ, სანამ შესაფერის პასუხს ავკრებ, წამებში ათასი ფიქრი მომდის თავში: ნეტა, თვითონ როგორ უჭირს ამ ადამიანს? იქნებ პრობლემები აქვს და ჩემზე ამოანთხია აგრესია, დაიცალა და ახლა კარგად არის... ხშირ შემთხვევაში, მართლა ისეთი ადამიანები იქცევიან ასე, ვისაც მართლა ძალიან უჭირს და ამიტომ თავს ვიკავებ, პასუხს აღარ ვცემ ხოლმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი