თათა ჯაში: მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც არაფრის ფობია არ აქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00
თათა ჯაშის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თათა ჯაში?
თათა ჯაში: თათა არის დედა, ბალერინა, და, შვილი და მეგობარი. თუმცა, საერთოდ, საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი მიჭირს, რადგან ჩემს თავს გვერდიდან არ ვუყურებ.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ძალიან მიყვარს ოცნებებში ჩაძირვა, მაგრამ ამ ბოლო დროს, უფრო კონკრეტული მიზნების დასახვა ვისწავლე. ისე კი, თავს უფლება რომ მივცე, წავიოცნებო, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სტაბილურ, დალაგებულ და პოზიტიურ საქართველოში ცხოვრებას ვინატრებდი. აი, ისეთში, სადაც მოქალაქეებიც იაზრებენ თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ისე უვლიან, როგორც საკუთარ სახლს. მგონია, რომ ასეთ ქვეყანაში ყველა ოცნებისა თუ მიზნის რეალობაში მოყვანა უფრო იოლია.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– კი, მქონია შემთხვევები, როცა ესა თუ ის პროექტი ვალდებულების გამო გამიკეთებია. მგონი, ყველას ჰქონია მომენტი, რომ მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა, რაღაც საქმე უნდა შეესრულებინა. ანალოგიურად – მეც, თან პასუხისმგებლობის განცდა არ მასვენებს ხოლმე და ვერც ვნებდები, როცა რამე არ მომწონს.
– გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?
– გულჩვილი უფრო ადრე ვიყავი, დროსთან და გულის ბევრჯერ ტკენასთან ერთად, ბევრი ემოცია იფილტრება, უფერულდება და შესაბამისად, უფრო გამძლე, სტაბილურად ცივი ხასიათის ხდები. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ყოველ წყენასა და იმედგაცრუებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებად ემოციური ვხდები.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– რამდენიმე დღის წინ ვიტირე – ძალიან მინდოდა ჩემს შვილს წავყოლოდი ერთ – ბავშვთა ღონისძიებაზე, მაგრამ სპექტაკლი მემთხვეოდა. როგორ არ ვეცადე და თეატრის დირექციასთან დიდი თხოვნის შედეგად სპექტაკლის შემადგენლობაში ცვლილება შეიტანეს – სეზონის გახსნის სპექტაკლი დავთმე და მეორე დღის სპექტაკლზე გადავცვალე, რომ ის დღე, ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და... მაგრამ წინა დღეს გეგმები შეიცვალა – ბავშვის ღონისძიება მეორე დღეს გადაიტანეს, იმ დღეს, რომელ დღეზეც სპექტაკლი გადავცვალე და მაინც ვერ მოვხვდი. ძალიან განვიცადე ჯერ ის, რომ მაინც ვერ წავედი ბავშვთან ერთად და მეორე ის, რომ ჩემი მხრივ, ძალიან დიდ დათმობაზე წავედი, ხალხი შევაწუხე და გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი სულ ფუჭად. ამიტომაც კარგად ვიტირე.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი ფული მოიგოთ?
– უძრავ ქონებას ვიყიდი და გავაქირავებ (იცინის). ლატარიაში მოგებაზე, მგონი, ყველას უოცნებია ერთხელ მაინც, გამონაკლისი არც მე ვარ. მანქანას შევცვლიდი, ცალკე სახლს ვიყიდდი... საკუთარი ცეკვის სივრცისთვის ვიყიდდი ფართს, ლამაზად მოვაწყობდი და სხვადასხვა მიმდინარეობის ცეკვების სასწავლებლად მოვიწვევდი პედაგოგებს.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?
– ადრე მინდოდა, თან, ძალიან. მაგრამ პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა სულაც არ მინდა, ცნობილი ვიყო, გავლენიანი – არ ვიცი. არა ეგ ჯერ კიდევ მინდა, მაგრამ ცნობადობა ჩემი სურვილების სიაში ნამდვილად აღარ შედის.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– წლების განმავლობაში ბევრ ნაბიჯს ვნანობდი ცხოვრებაში. მერე განვიხილავდი სხვა გზებს, თუ როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ჩვენ მხოლოდ იმ ნაბიჯებს ვნანობთ, რომელიც არ გადაგვიდგამს და არ ვიცით, რა შედეგი გველოდა და აპრიორში, ვთვლით, რომ უფრო სწორი იქნებოდა, გადაგვედგა, რადგან ახლანდელმა შედეგმა არ გაამართლა. რეალურად კი, სხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, ადამიანს მაინც გრჩება კითხვა, რა იქნებოდა, სხვაგვარად რომ წამეყვანა ცხოვრება?! ამიტომ ჩემთვის სინანული უაზრო, არაფრის მომცემი ემოცია გახდა და გადავეჩვიე.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– კი, თუ გახსოვთ, ბავშვობაში ჟელიბონებს რომ ყიდდნენ ცალობით, ხურდას რომ აძლევდი და მერე თავად იღებდი რამდენისაც გადაიხადე. 2 მეკუთვნოდა და 3 ცალი ჟელიბონის მატლი ავიღე და დღემდე ნათლად მახსოვს ის უცნაური გრძნობა. მერე თავს შევპირდი, რომ ასეთი უხერხული განცდების მორევში ჩემს თავს აღარ ჩავაგდებდი.
– სახალისო შემთხვევა, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ…
– სახალისო არაფერი მახსენდება, მაგრამ ერთხელ პაემანზე წასასვლელად გავემზადე. როცა მომაკითხა, ჩავედი და დაბლა უკუნი სიბნელე დამხვდა, დავინახე მანქანა ეზოში, რომელიც ჩავთვალე, რომ მისი იქნებოდა. გამოვაღე კარი, მაგრამ სალონში შუქი არ აინთო და გაღებისას უკუნ სიბნელეში ვარკვევდი, ნამდვილად ის ბიჭი იყო, ვისაც უნდა შევხვედროდი თუ არა. აღმოჩნდა, რომ არა, მაგრამ არ ვიჯერებდი, მეგონა, უბრალოდ; მეხუმრებოდა და ვბრაზობდი, მორჩი ხუმრობას-მეთქი. ბოლოს ტელეფონი გაანათა, არ ვარ, გოგონი, მართლა გეშლებითო (იცინის). ისე შემრცხვა, სახლში ავბრუნდი და იმ დღეს აღარც გავსულვარ პაემანზე. ვინც უნდა მენახა, ვეჩხუბე: ეზოში რომ შემოგეყვანა მანქანა, ასე არ შევრცხვებოდი-მეთქი (იცინის).
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, გააღვიძოს თქვენში ეს თვისება?
– ჩემს ოჯახს თუ ეხება საქმე, მაგ დროს ვერ ვაანალიზებ ხოლმე, მაგრამ შემდეგ, როცა ვიაზრებ, რაზე ვიყავი წამსვლელი იმ წუთებში, მაგ ადამიანის მეშინია.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– გამარჯვებაა ყოველი პოზიტიური, წარმატებული დღე. მარცხი კი ის დღეებია, როცა არაფრის ხალისი მაქვს და გონება – ნეგატიური, დეპრესიული ფიქრებით სავსე. სხვა ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და არასასიამოვნოც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ბევრი ჭორი მსმენია, ბევრ ადამიანთან დამაწყვილეს, მათ შორის, ზოგს არც კი ვიცნობდი. ერთხელ ჩემმა სტილისტმა მომიყვა, რომ ერთი ბიჭი დადიოდა მასთან და უყვებოდა, რომ ვხვდებოდით ერთმანეთს, თავის ურთიერთობის გარჩევებით, თან, თურმე, წუწუნებდა, რა რთული ხასიათი მაქვსო (იცინის). სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ ის ქალბატონი ჩემი სტილისტიც იყო. საბოლოოდ გავარკვიე, რომ ეს მამაკაცი არა თუ ნანახი არ მყავდა, მანამდე მისი სახელიც კი არასდროს გამეგო (იცინის).
– პროფესიის მიღმა, რის კეთება გიყვართ ან არ გიყვართ ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემს შვილთან ერთად დროის გატარება, მეგობრებთან ყოფნა. ბევრი ჰობი მქონდა, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკის ფონზე, თანდათან შევამცირე სამსახურს გარეთ აქტივობები, რადგან პრიორიტეტი, უპირობოდ, ბავშვთან ყოფნაა.
არ მიყვარს ისეთ ღონისძიებებზე სიარული, სადაც დადებითი ემოციებით ვერ ვიმუხტები, ვერც ინფორმაციულ რესურსს ვივსებ და ერთი სიტყვით, დროს ვკარგავ.
– რას ამბობენ მეგობრები და ახლობლები თქვენზე – რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?
– ოჯახი მაკრიტიკებს ჩემი უხეში, ცივი ხასიათის გამო. მაგალითად, ჩემი და ძალიან ყურადღებიანი, თბილი და ზრდილობიანია. მე კი სრული საპირისპირო მხარე ვარ (იცინის). არ მიყვარს კომუნიკაციაში შესვლა, მხოლოდ აქეთ თუ გამომელაპარაკებიან.
– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად? რამის ფობია გაქვთ?
– მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც არაფრის ფობია არ აქვს. არის რაღაცები, რაც არ მომწონს ან ნაკლებად მსიამოვნებს, მაგრამ ისე არაფერი, რომ ფობია დავარქვა. ადრე მეგონა, ზვიგენის პანიკური შიში მქონდა, მაგრამ პატარა ზვიგენებთან კი ვიყავი ინდოეთის ოკეანეში, თან საკმაოდ ახლოს მოდიოდნენ. მომავალში, შედარებით უსაფრთხო ტურის ფარგლებში, მათთან ერთად გაცურვასაც ვგეგმავ.
– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეჯახებიხართ?
– ცხოვრება, ზოგადად, უსამართლოა ნამდვილად ვერ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ შემთხვევას. ადრე რთულად ვიტანდი უსამართლობას, ახლა კი ღიმილით ვხვდები.
– ძალა რაშია?
– საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნასა და ყველაფერში ბედნიერების პოვნაში
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი ცხოვრება მეამაყება, რადგან ეს ჩემი გზაა, ჩემი წარმატება, ჩემი უიღბლობა, ჩემი წინსვლა, ბედნიერება თუ ტკივილი. რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი საამაყო ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ საკუთარი თავი შევქმენი ისეთი, როგორიც დღეს ვარ, ვფიქრობ, უნდა მეამაყებოდეს, ისევე, როგორც ყველა ინდივიდმა უნდა დააფასოს ყოველი წუთი და იცხოვროს ისე, რომ განვლილი გზის გახსენება მასში სასიამოვნო ემოციებს აღვიძებდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





