თათა ჯაში: ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადამიანი ვარ მთელ საახლობლოში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 16.04

ვინ არის ზოდიაქოთი ბალერინა თათა ჯაში, როგორი ხასიათი აქვს მას, რა მოსწონს საკუთარ ზოდიაქოში და რის გამოსწორებას ისურვებდა, ამას მისგან გავიგებთ.
თათა ჯაში: 20 მარტს დავიბადე, შესაბამისად, ზოდიაქოთი თევზები ვარ. ვერ გეტყვით, რომ სულ ვკითხულობ, რა გველოდება ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, მაგრამ რაც თევზების თვისებების შესახებ წამიკითხავს, ჩემს თავშიც აღმომიჩენია. ცოტა მეოცნებე ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხელოვნებასთან ახლო კავშირში და როგორც ვიცი, ეს თევზებს ახასიათებს. ხანდახან, როცა ცოტა პესიმისტურ განწყობაზე ვარ, შეიძლება, ასტროლოგიური პროგნოზები წავიკითხო, თითქოს, მამშვიდებს და იმედს მაძლევს. როცა ჩემი ცხოვრება სტაბილურად მიდის, მაშინ არ ვკითხულობ (იცინის).
– თევზები მუდმივად თავგადასავლების ძიებაში არიან, მშვიდი ცხოვრება მათთვის შესაფერისი არ არის.
– ვეთანხმები. მეტსაც გეტყვი, მშვიდი ცხოვრება ძალიან დამღლელიც არის და ჩემს ცხოვრებაში სიახლეების შემოტანა ხშირად მჭირდება. ახალი ემოციები, ახალ ქვეყანაში მოგზაურობა, ახალი ჰობი – ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. თუმცა, ყოფილა მომენტი, როცა მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, მონოტონური და სტაბილური ცხოვრებით სიამოვნების მიღება რომ შემეძლოს-მეთქი. სამწუხაროდ, ყველაფერს მალე ვიბეზრებ და მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ.
– არ უყვართ წესრიგი. სახლის დალაგება შეუძლიათ, მაგრამ წესრიგს დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ. უამრავი წვრილმანის შენახვა სჩვევიათ, ზედმეტ ნივთებს თავიდან ვერ იშორებენ.
– ვერ დავეთანხმები (იცინის). მე ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ იმ კუთხით, რომ ჩემს სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს და მე ზუსტად ვიცი, სად რა დევს. არც ზედმეტი ნივთების შენახვა მახასიათებს. ასე ადრე უფრო ვიქცეოდი, მაგრამ როცა დავაფიქსირე, რომ ეს მიჯაჭვულობას იწვევდა და არ იყო კარგი, გადავეჩვიე. შეიძლება, იმიტომ არ ვემთხვევი, რომ არასტანდარტული თევზები ვარ. ცოტა ვერძის გავლენას ვგრძნობ.
– ძალიან მეგობრულები არიან და ყველასთან გამოსდით საერთო ენის გამონახვა...
– მეგობრული ვარ, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თვითონ გადმოდგამს პირველ ნაბიჯს. კომუნიკაციაში თუ შემოვა ჩემთან, მეც გახსნილი ვხდები. ინიციატივას ჩემს თავზე ვერ ვიღებ. განა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, უფრო შებოჭილი და ჩაკეტილი ვარ. ხომ არიან ადამიანები, ვისაც მუდმივად სჭირდებათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და დიდი სამეგობრო წრეც ჰყავთ, მე არ მივეკუთვნები მათ რიცხვს. მარტოობაც ძალიან მიყვარს და ჩემს თავთან ყოფნა ძალიან მეკომფორტულება.
– თევზებს მავნე ჩვევები ახასიათებთ...
– სხვათა შორის, ადრე დედაჩემს წაუკითხავს, ძალიან მიდრეკილები არიან ალკოჰოლისკენო და სულ ეშინოდა (იცინის). თან, ხელოვანი, თან – ეს მიდრეკილება და არ გალოთდეო (იცინის). ჯერჯერობით მსგავსი პრობლემები არ მაქვს (იცინის). ასე რომ, ესეც მცდარია.
– ამ ზოდიაქოს ახასიათებს ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილება.
– აი, ეგ – კი. ნეგატიური ფიქრებისკენაც მაქვს მიდრეკილება და თან, ძალიან მიყვარს ჩემს გონებაში რაღაცების წარმოსახვა და მერე ჩემს ფანტაზიებსა და ფიქრებში ვიძირები. მაგ კუთხით ზედმიწევნით თევზები ვარ. ვცდილობ, ამ ფიქრებს გავექცე და რეალობაში დავბრუნდე, გავაცნობიერო, რომ რეალობა ბევრად უკეთესია. მეტ-ნაკლებად გამომდის, ვერევი ხოლმე საკუთარ თავს. ამინდიც ძალიან მოქმედებს ჩემზე. ზამთრის პერიოდში უფრო მიტევს ნეგატიური ფიქრები, პიროვნულადაც უფრო ვიკეტები და ამ პერიოდში, თითქოს, უფრო რთული ვარ. ვარ მეოცნებე, მაგრამ აქაც ასაკი მოქმედებს. მქონდა პერიოდი, როცა შემეძლო, ჩემს გონებაში ცალკე სამყაროში მეცხოვრა (იცინის). ამან ცოტა დამხია უკან. ხშირ შემთხვევაში, იმდენად კომფორტულად ვიყავი ხოლმე ჩემს გონებაში შექმნილ სამყაროში, რომ მერე რეალობაში აღარ ვდგამდი იმ ნაბიჯებს, რაც უკეთესობას მომიტანდა. ამიტომ ყოველთვის სჯობს, რეალობას გაუსწორო თვალი და შესაბამისად იმოქმედო, რომ ოცნებები რეალობად ვაქციოთ. ასაკთან ერთად, უფრო რეალისტი ხდები და ჩემს შემთხვევაშიც ასეა.
– უყვარს ხუმრობა და ნებისმიერი კამპანიის გამხიარულება შეუძლია.
– მგონია, ასეთი არ ვარ. ჩემი იუმორი არ გამიგია (იცინის). ვაფასებ ასეთ ადამიანებს, მაგრამ მე თვითონ რამდენად გამომდის, არ ვიცი. ჩემი დაქალებისგან როგორც ვიცი, თუ კი კარგ ხასიათზე ვარ, გიჟდებიან ჩემთან ყოფნაზე, მაგრამ თუ ცოტა ვერ ვარ განწყობაზე, მაშინ ძალიან რთულია ჩემთან ერთად ერთ ოთახში ყოფნაც კი (იცინის). ასეთ დროს ხმას არ ვიღებ, ჩემთვის ვარ, მაგრამ მძიმე აურა დამყვება (იცინის). საერთოდ, რაც უფრო ცუდად ვგრძნობ თავს, მით უფრო ვიკეტები საკუთარ თავში. არავინ არის ვალდებული, შენი ცუდი ხასიათი აიტანოს.
– ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანია.
– არა (იცინის). ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადამიანი ვარ ოჯახში, მთელ საახლობლოში. ჩემს ოჯახში ძალიან თბილები და მოსიყვარულე ადამიანები არიან. რასაც ვხედავ, სულ თბილი სიტყვები, ჩახუტება, კოცნა... მეც მიყვარს, როცა სითბოს ვიღებ, მაგრამ გაცემა მიჭირს. ალბათ, ჩემი შვილია ერთადერთი, ვისზეც თავს ვერ ვთოკავ და სულ ვესიყვარულები. სხვებიც ძალიან მიყვარან, ვაფასებ და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა მიჭირს. ვიცი, რა ადგილი აქვთ მათ ჩემს გულში, მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ.
– ზედმეტად პატიოსანი და ხათრიანია.
– კი, მაგრამ ვებრძვი ჩემს თავში ამ თვისებებს. ცხოვრებაში მათ ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია (იცინის). ძალიან ხშირად დამიჭერია ჩემს თავში, რომ ისეთ რამეს დავთანხმებულვარ ან ისეთი ნაბიჯი გადამიდგამს, რაც რეალურად საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ რადგან სხვა კონკრეტულ ადამიანს სურდა, უარი ვერ მითქვამს. ამას რომ ვაფიქსირებ, ძალიან ვღიზიანდები, რადგან ეს არ მგონია დადებითი თვისება. ასეთ დროს, ხშირად წავსულვარ ჩემი ნების წინააღმდეგ და ეს ცუდია. თუმცა, მიჭირს, ადამიანს ვაწყენინო ჩემი უარით. ამ კუთხითაც ცოტა გავიზარდე და ნელ-ნელა ვცდილობ, ჩემი სურვილები პირველ ადგილზე დავაყენო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან