თამუნა მუსერიძე: საკუთარი თავი გავიღე ამის მისაღწევად, ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე წართმეული მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 18.06
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის თამუნა მუსერიძის წარმატებაში, ამას მისგან შვიტყობთ.
თამუნა მუსერიძე: უფრო შრომისმოყვარე ადამიანი ვარ, ვიდრე იღბლიანი. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს არ მუშაობენ, არც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ იმ ადამიანებზე მეტს იღებენ ცხოვრებისგან, ვინც გაცილებით მეტს შრომობს. ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, ის, რაც მაქვს, მხოლოდ შრომისმოყვარეობის დამსახურებაა და არა იღბლის.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდიო, არასდროს გიფიქრია?
– არა. საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოვხვდი მხოლოდ 1984 წელს, როდესაც ჩემს გამზრდელ ოჯახში აღმოვჩნდი. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, იმის დამსახურებაა, რომ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს რომ არა, მე არ მექნებოდა ეს ყველაფერი. ესეც გამართლებაა, მაგრამ მე რომ ფეხი ფეხზე გადამედო, არაფერი გამეკეთებინა და მარტო იღბალს მივნდობოდი, ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი.
– შეუპოვარი ხარ?
– ზედმეტად. არასდროს ვიხევ უკან. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ საქმეს რამის გაკეთება დავაკელი. იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე საჭიროა. იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე საჭიროა, იმიტომ, რომ ვიცი, ჰაერზე არაფერი მომივა. უფრო მარტივი და კარგი იქნებოდა, რომ ამდენი მუშაობის გარეშე, იღბლის წყალობით მიმეღწია ბევრი რამისთვის, მაგრამ ასე არ არის. რამდენი გაშვილებული ბავშვი არსებობს, რომელმაც მაშინვე იპოვა მშობლები, როგორც კი მათი ძებნა დაიწყო და პირიქით. უამრავი ასეთი შემთხვევა გვქონდა – ადამიანმა ტესტი გაიკეთა და პირდაპირ გაიგო მშობლის ვინაობა. ჩემს შემთხვევაში საქმე რთულადაა. რა თქმა უნდა, მეც გავიკეთე ტესტი, მაგრამ მშობლის შესახებ ვერაფერი გავიგე. ნათესაობის შესახებ შევიტყვე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამას ახლა იღბალი ჰქვია?! ხომ შეიძლებოდა, მეც გამმართლებოდა, მაგრამ – არა (იცინის).
– სანამ სასურველ შედეგამდე არ მიხვალ, არ ისვენებ?
– არა, არასდროს. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ მე ოდესმე დავნებდი, რომ რაღაც არ გავაკეთე. სწავლას ეხება საქმე, ჩემი თუ სხვისი მშობლის ძებნას თუ ნებისმიერ სხვა საკითხს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
– როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?
– არასდროს. ახლა მომიწია ცოტა გაზარმაცება. ისიც იმიტომ, რომ ჩეხეთში ვიყავი და ძალიან ცუდად გავხდი. ორი დღე ვიწექი, მესიჯებსაც ვერ ვპასუხობდი, ფიზიკურად ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. სხვა შემთხვევაში დასვენება და მოშვება არ შემიძლია, სულ მოჭიმული და სულ პროცესში ვარ.
– ამ დროს ადამიანი არ იფიტება?
– არ ვიცი, მე ჯერ არ გამოვფიტულვარ. შეიძლება, ვიღაცები იფიტებიან, მაგრამ მე სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ, სანამ იმას არ მივიღებ, რაც უნდა მივიღო, მანამდე არ ვჩერდები.
– ყოველთვის ასეთი იყავი?
– ასეთი არასდროს ვყოფილვარ. 20 წლის შემდეგ, შეიძლება, ცოტა მერეც, შევიცვალე. პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, თან ძალიან მაღალ ხარისხში. მაგალითად, დედა თუ დამავალებდა რამეს, სანამ არ გავაკეთებდი, მანამდე არ მოვისვენებდი, ასე იყო ყველაფერთან მიმართებით, მაგრამ როგორი ბრძოლისუნარიანიც ახლა ვარ, ასეთი არ ვყოფილვარ. არ ვიცი, რატომ, როგორ ან საიდან მოვიდა ეს თვისება, მაგრამ ბუნებრივად ასე მოხდა, თავისთავად შევიცვალე.
– გქონია განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა?
– არა, იმიტომ, რომ თუ გარკვეულ შედეგს ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა და არა იმას, რომ შრომა წყალში ჩამეყარა, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად მივაღწევ.
– რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში წარუმატებელ და რთულ პერიოდებში?
– დაბლა არასდროს ვვარდები, რომ ფეხზე წამოდგომა დამჭირდეს. თუ ცუდი პერიოდია, ესე იგი, ასე უნდა იყოს. არ ვგულისხმობ ტრაგედიებს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა, არა უშავს, ცუდს აუცილებლად კარგი მოჰყვება და ეს არასდროს მავიწყდება. ასეთ დროს შემიძლია, ემოციები გვერდზე გადავდო და კარგის მისაღებად ყველაფერი გავაკეთო.
– ხარ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?
– არა. ალბათ, არცერთს. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ იმ კუთხით, რომ არ ვიცი ჩემი გენეტიკური დაავადებები და ცოტა შიში მაქვს. აკვიატებული მაქვს მკერდის სიმსივნე და მუდმივად ექოსკოპიას ვიკეთებ. სხვა მხრივ, ვერ დავიტრაბახებ, რომ რამით ვზრუნავ ჩემს ჯანმრთელობაზე. როცა ხედავენ, რა ტემპით ვშრომობ, ყველა მეუბნება, დავარდები, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავარდებიო. ახლა კარგად ვგრძნობ თავს და როცა დავვარდები, მერე ვილაპარაკოთ ამაზე (იცინის).
– ენერგიის ნაკლებობას არ უჩივი?
– არ ვუჩივი კი არა, ჩემი ქმარი მეკითხება, მითხარი, რამეს თუ იღებ ჩუმადო (იცინის). დილიდან ასეთი „მოხოდილი“ რანაირად ხარო (იცინის). ოჯახში 24 საათი რაღაცას ვაკეთებ. თან საქმეს ვაკეთებ, თან ვლაპარაკობ, თან ვფიქრობ და ოჯახს მიღმა რაც ხდება, ამას სხვებიც ხედავენ.
– კარგი ინტუიცია გაქვს?
– არა, საშინელი ინტუიცია მაქვს, საშინელზე საშინელი. ვერასდროს ვერაფერს ვიცნობ. ჩემს ქმარს აქვს ფანტასტიკური ინტუიცია. ვინმეზე რომ იტყვის ასეთი და ასეთიაო, შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მისი სიტყვები აუცილებლად გამართლდება. მე – არა, მე შტერულად მიმნდობი ვარ. ვერასდროს ვხვდები, რომ შეიძლება, ადამიანი მიყენებდეს ან ცუდად იყოს ჩემ მიმართ განწყობილი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ცუდი თვისებაა, მე ასე არ მგონია. კონკრეტულ ადამიანზე რომც ვიცოდე, ცუდია, მაინც გამოვუძებნი კარგს და ამ კარგის გამო ვიურთიერთებ.
– წარმატებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება შეგიძლია?
– კი, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა შემიძლია. საქმეს, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ჩემი თავი შევწირე. ალბათ, რაღაც უნდა გაიღო, რომ შედეგი მიიღო. მე ჩემი თავი გავიღე ამის მისაღწევად. მთლად სასიამოვნო არ არის ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე წართმეული მაქვს. ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც მანამდე ვცხოვრობდი და რა ცხოვრებითაც მინდა, რომ ვიცხოვრო. რეალურად, კი, მე ვიპოვე ჩემი ადგილი, მაგრამ ეს ძალიან რთული გზით მივიღე. ამისთვის ბევრი რამის გაღება მომიწია და ახლაც ასე გრძელდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან