თამუნა ამონაშვილი: მე და რეზიკო გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, ასე სჭირდებოდა ჩვენს ოჯახს
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:14
სამი თვის წინ ყველასთვის საყვარელ მომღერალს, თამუნა ამონაშვილს, დიდი ხნის ნატვრა აუხდა და დედა გახდა. მისი ტყუპები პირველ სექტემბერს მოევლინენ სამყაროს, თუმცა, ეს სასიხარულო ამბავი საჯარო მხოლოდ ახლახან გახდა. როგორც თავად მომღერალი ამბობს, მას დედობის სასიხარულო ამბავი არ დაუმალავს, მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ მისი შვილების დაბადების შესახებ. მისი მეუღლე, პროდიუსერი რეზიკო არჩვაძე და თამუნა მარტო ზრდიან ჩვილებს და ამბობენ, რომ ნანატრი შვილების გვერდით გათენებული ღამეებიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ. ჟურნალი „თბილისელები“ წყვილს ულოცავს პატარების დაბადებას, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალსა და იღბალს ცხოვრებაში.
თამუნა ამონაშვილი: პატარები 1 სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვის არიან და მათი მოვლენით სრულიად ამოყირავდა ჩემი ცხოვრება – კარგი გაგებით. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ამხელა ძალა მომცა, ასეთი დიდი საჩუქარი გამიკეთა. ქალისთვის მშობლობა, დედობა და შვილი უდიდესი საჩუქარია მიწიერ ცხოვრებაში. უფალი ყოველთვის მიგზავნიდა საჩუქრებს და ვგრძნობდი მის თანადგომას ყველა საქმეში. ახლა კი ეს უდიდესი საჩუქარი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი შვილები ჩემთვის სამყაროს მთავარი საჩუქრები არიან. ბევრი წლის ლოდინი ნამდვილად ღირდა იმ განცდად, რასაც ახლა ვგრძნობ, შვილებს რომ ვუყურებ. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კი ძალიან კარგი მეოჯახეები და დედები არიან. იმდენად მიყვარდა ბავშვები, ჩემი მეგობრები სულ მეხუმრებოდნენ, შენ საბავშვო ბაღის გამგე უნდა იყოო (იცინის). დისშვილების გაზრდაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის. რაღაცნაირად, გაჩენის შიში მქონდა და ამიტომ ბევრი წელი მომიწია ლოდინი. მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობდი, ძალისხმევა არ დამიკლია, მაგრამ არ გამოდიოდა. მაშინ მომწიფდა და მოხდა ეს ყველაფერი, როცა დრო იყო და სამყარომ ამხელა საჩუქარი გამომიგზავნა.
– სამყარომ დედობის სიხარული გაგიორმაგა და ნანატრი ტყუპი ქალ-ვაჟით დაგაჯილდოვა. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
– ტყუპები ცოტა ადრე გაჩნდნენ, რვა თვიანები არიან. ის განცდა, რაც მათ პირველ დანახვას მოჰყვა, უბრალოდ, ენით ვერ გადმოიცემა. ბიჭის და გოგოს ერთდროულად დაბადების სიხარული ერთად გამოვცადე და საოცრება იყო მათი პირველად დანახვა. რთულია იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი.
– სახელები როგორ შეურჩიეთ და რა დაარქვით?
– პატარებს წმიდანების სახელები დავარქვით – მელანია და იონა. ნათლისღებას მოინათლებიან. ბავშვები ჩემი და რეზიკოს ბიოლოგიური შვილები არიან, უბრალოდ, ისინი სუროგაციის დახმარებით გაჩნდნენ და ამაში კარგი ადამიანი დაგვეხმარა. დედა რომ გავხდი, ახლახან გაჟღერდა ფართო საზოგადოებაში. საჯაროდ ვმალავდი თუმცა, ეს სასიხარულო ამბავი ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ.
ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა. ადამიანი როგორც ცხოვრობ და რასაც თესავ, იმას იმკი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ დიდი საჩუქრით უფალმა დამაჯილდოვა. ამ უდიდესი ჯილდოსთვის კი უდიდეს მადლობას ვწირავ მას.
– ტყუპების გაზრდა საკმაოდ რთულია. ვინ გეხმარება ჩვილების გაზრდაში?
– არავინ. მე და რეზიკომ გადავწყვიტეთ, თავად გავზარდოთ და ჩვენი შვილები ბოლომდე შევიგრძნოთ. ასე რომ, დამხმარე არ გვყავს გარდა მეგობრებისა, რომლებიც როცა დრო აქვთ, გვეხმარებიან. გვიჭირს, მაგრამ ეს არის უდიდესი სიამოვნება. ამდენი ხნის ნანატრი შვილები ჩვენ გვერდით არიან და მათ სხვას ნამდვილად ვერ გავაზრდევინებ. მირჩევნია, რომ მე ვაჭამო, დავაძინო, ვიგრძნო მათი სითბო და ენერგეტიკა. ეს იმხელა სიამოვნებაა, ნამდვილად ვერავის დავუთმობ და ვერც მოვიკლებ. ის ღამეების თენებაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მეც და რეზიკოსაც.
– ფიზიკურად ვის ჰგვანან ბავშვები?
– ბიჭი რეზიკოს ასლია, მამას ჰგავს, გოგო კი ნაკვთებით უფრო ჩემსკენაა. ჯერ პატარები არიან, მერე შეიცვლებიან, მაგრამ კიდევ ვამბობ, ასე ჰგავდეს ახალდაბადებული ბიჭი მამას, პირველად ვნახე (იცინის).
პატარებმა სიხალისე, სიბრჭყვიალე და სიხარული შემოიტანეს სახლში. ყველამ რომ გაიგო მათი დაბადების ამბავი, ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი ზარი შემოდის და უამრავი მესიჯი მოდის.
– რაც შენი დედობის ამბავი ფართო საზოგადოებაში გამჟღავნდა, სოციალური ქსელი აჭრელდა. თუ ადევნებ თვალს და კითხულობ კომენტარებს?
– საერთოდ არ შევდივარ სოციალურ ქსელში. თუ რაიმე ნეგატიურს დაწერს ვინმე, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ვინც პოზიტიურ კომენტარს დაწერს, მათ ყველას მადლობას ვუხდი. მე და რეზიკო გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მე აქ ვმუშაობდი და რეზიკო – უცხოეთში. ასე სჭირდებოდა ჩვენს ოჯახს. ჩვენ არ დავშორებულვართ. ფაქტია, ერთად ვართ და ვზრდით ორ არაჩვეულებრივ შვილს.
– რადგან დამხმარეს გარეშე გადაწყვიტე შვილების გაზრდა, ალბათ, სასიმღერო კარიერას დროებით ჩამოშორდები.
– არავითარ შემთხვევაში. პირიქით, უნდა გავაქტიურდე და ახალი ენერგიითა და ხალისით გავაგრძელო ჩემი საქმე. უკვე ჩავწერე ახალი სიმღერა და ჩემი მსმენელი საახალწლოდ მოუსმენს. ძალიან ბევრ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და საახალწლო კონცერტებზეც ვაპირებ გამოსვლას. ამ ბავშვებთან ერთად, თითქოს მეც ხელმეორედ დავიბადე. როცა ოდნავ წამოიზრდებიან, ყველგან ვატარებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





