თამთა ჭელიძე: ხელის მოწერა სიყვარულს ნამდვილად არ სჭირდება, ამის გარეშეც ბედნიერი ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 25.11
მომღერალ თამთა ჭელიძის ოცნება, კინოინდუსტრიაში ფეხის შედგმა იყო, რაც ჯერ ვერ აისრულა. მართალია, სერიალებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, კინო სულ სხვა განზომილებაა. გარდა სასიმღერო კარიერისა, ტელესივრცეში საკმაოდ რეიტინგული გადაცემა აქვს, სახელწოდებით – „რა გვსურს ქალებს“, რომლის ავტორი და მთავარი პროდიუსერიც თავად გახლავთ. ერიდება სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ცდილობს, წინასწარ დაგეგმოს ყველაფერი. ოჯახის დანგრევის შემდეგ ახალი ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია. თუმცა, გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი და, რაც მთავარია, შვილი, რომელიც მისი მესაიდუმლე და ყველაზე ახლო მეგობარია.
თამთა ჭელიძე: რაც დრო გავიდა და წლები მომემატა, მივხვდი, რომ ძალიან რომ განვიცდიდი და მეტად ვნერვიულობდი ისეთ საკითხებსა და მოვლენებზე, რომლებსაც შეიძლება, მარტივად შეხედო, აზრი არ ჰქონდა. თუმცა, ვერ შევიცვლები, სულ ვინერვიულებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა.
– როგორ ფიქრობ, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ რა შეგმატა და დაგანახვა?
– წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ თითქმის არაფერი შემმატა (იცინის). ზოგადად, ბედისწერის არ მჯერა, უფრო სწორად – ნაკლებად და მგონია, ადამიანი თავისი ცხოვრების ისტორიას თავად წერს. არის რაღაცები, რაც გარდაუვალია, მაგრამ თუ ჭკვიანი ხარ და შეგიძლია სხვის შეცდომებზე სწავლა, სირთულეებს ადვილად დააღწევ თავს. შეუცდომელი არავინაა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც სხვებს უჯერებენ, სხვის შეცდომაზე სწავლობენ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. მე არასდროს არავის ვუჯერებდი და შეცდომას რომ დავუშვებდი, იგივე შეცდომა ბევრჯერ გამიმეორებია. ასე რომ, მე ნაკლებად ვსწავლობ შეცდომებზე, ხასიათს ვერ ვიცვლი. რასაკვირველია, ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები შევცვალე, მაგრამ იმ ფუნდამენტურ ხასიათს, რაც გაქვს, ვერ იცვლი და ასე ვარ მეც. ამ გამოცდილებით იმავე გზას ნამდვილად არ გავივლიდი, ბევრ რამეს შევცვლიდი და ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს დავტოვებდი, მათ შორის, მშობლებს, შვილს, მეგობრებს... პროფესიაში კი უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, რაღაც მიზეზების გამო ვფერხდებოდი და ამ გადასახედიდან, იქაც შევცვლიდი ბევრ რამეს. რისკზეც წავიდოდი და რაზეც ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრი რეაგირება მქონდა, თვალს დავხუჭავდი – ვიღაცებისთვის უნდა დამეთმო. მოვლენებისთვის ცოტა მარტივად რომ შემეხედა, დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა.
– რომელია შენი ზოდიაქო?
– ზოდიაქოთი მორიელი ვარ, მორიელივით კბენაც შემიძლია და თუ წყენა გულში ჩავიდე, ასი წლის მერეც გამახსენდება. ზოგადად, ამბობენ, სამი ტიპის მორიელი არსებობს და მათ შორის მე ყველაზე მსუბუქი ვარ. ვინც უსამართლოდ და არასწორად მექცევა, წლების მერე თავად იმკის არასასურველ შედეგს. თუმცა, თუ მომეცა საშუალება, მეც პირდაპირ, ღიად ვამბობ და სიამოვნებით „ვუკბენ“ მწარედ. მაგრამ, ამ სიტუაციას ხელოვნურად და შეგნებულად არ შევქმნი.
– თეატრის სცენა, მიკროფონით ხელში საკონცერტო დარბაზში დგომა თუ ტელევიზია, სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს და როგორ გგონია, ამ სამიდან რომელია უფრო შენი?
– პროფესიით თეატრისა და კინოს მსახიობი ვარ. 11 წლის ვიყავი, სცენაზე რომ დავდექი. 5 წლიდან ვმღერი და ცეკვაზეც დავდიოდი, რვა წელი ვცეკვავდი. თერთმეტი წლიდან, სერიოზულად რომ დავიწყე სიმღერა, ცეკვისთვის დრო არ მრჩებოდა, პრიორიტეტი სიმღერა გახდა და ამიტომ ცეკვას თავი დავანებე. სხვათა შორის, გული არ მწყდება, ცეკვას რომ არ გავყევი. გარკვეულწილად, ალბათ, ჩემი ბრალიცაა, რომ ვერ ავიხდინე ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი – სულ მინდოდა კინოს სამყაროში ფეხის შედგმა. მინდოდა, კინოს შექმნის პროცესის მონაწილე გავმხდარიყავი. როლზეც არ მქონდა პრეტენზია, ოღონდ კინოსთან ვყოფილიყავი დაკავშირებული. დღემდე ვოცნებობ და ვნანობ, რომ სარეჟისოროზე არ ჩავაბარე. უცებ თუ დამარტყა თავში, წავედი „ჰოლივუდში“ და იქ ვისწავლე კინოპროდიუსინგი ან სარეჟისოროზე ჩავაბარე, არ გაგიკვირდეთ (იცინის). ეს – ხუმრობით, მაგრამ ჩამონათვალიდან, სად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს – თეატრი, სიმღერა თუ ტელევიზია, გიპასუხებთ: სიმღერა ჩემი პროფესიაა. დიდი ხანია, თეატრთან აღარაფერი მაკავშირებს, გარდა იმისა, რომ ხშირად დავდივარ საყურებლად. წლების წინ კი თავადაც მითამაშია საკმაოდ კარგ სპექტაკლებში. ამიტომ ვამბობ, სიმღერა უფრო ჩემია. ზოგადად, არაერთ რამეს ვნანობ და ეს უფრო პროფესიას უკავშირდება. ვნანობ, რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე. ამაზე დღემდე ვწუხვარ. ხშირად, საჭირო დროს, საჭირო ადგილასაც მოვმხდარვარ, მაგრამ, ჟარგონულად რომ ვთქვა, „გამიმაზია“.
– გადაცემის – „რა გვსურს ქალებს“ – იდეის ავტორი და მთავარი პროდიუსერი ხარ. თავად რა გსურს, როგორც ქალს?
– შეიძლება, ბანალური პასუხია, მაგრამ მეც იმავე აზრზე ვარ. ვინც კი გადაცემაში სტუმრად მომიყვანია, უმეტესობას აქვს პასუხი, რომ სურს შვილის ჯანმრთელობა, წარმატება და ოჯახის წევრებისა და მეგობრების დიდხანს სიცოცხლე. ვფიქრობ, ქალისთვის პირველ ადგილზე შვილია და რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ შემდგარი უნდა იყო, გაღიარებდეს საზოგადოება და შენს სიტყვას ფასი ჰქონდეს. ასევე, თავისუფლად გამოხატო შენი აზრი.
– თამთა, რამხელაა ახლა ლიზა და რამდენად აქტიურად ერევი შვილის პირად ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში?
– ლიზა უკვე 20 წლისაა და მის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში, მაქსიმალურად ვერევი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ და ყველაზე დიდი მეგობრები ვართ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მადლობელი ვარ ასეთი შვილი რომაა და არაფერს მიმალავს. ის ჩემს რჩევებს ითვალისწინებს და მე – მისას. ახლა რომ ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი დედა ვიყავი, თუმცა, რაც გაიზარდა, უფრო მეგობრები ვართ და მესაიდუმლეები. ჩემ გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ იღებს.
– ცხოვრებაში, წარმატებული და იღბლიანი დღეების მიღმა არის წარუმატებელი და უიღბლო პერიოდები. რომელი იყო შენთვის ასეთი, რომელიც მძიმედ გადაიტანე?
– ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა, როცა ლიზა ძალიან პატარა იყო. ოჯახი დამენგრა, ვიყავით მარტო და რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 6 წელი დამჭირდა, რა თქმა უნდა, იყო დეპრესიაც. ეს მხოლოდ ოჯახის დანგრევას არ უკავშირდებოდა, ორსულობის პერიოდიც რთული მქონდა. თითქმის შვიდი თვე ვიწექი, ყველაფრიდან ამოვვარდი – თეატრში სპექტაკლი ვერ ვითამაშე, სიმღერების ჩაწერაზე ზედმეტი იყო საუბარი, ანუ პროფესიულად ძალიან უკან დავიხიე, ამან შემარყია და დეპრესიაში აღმოვჩნდი. თუმცა, იმ რთულ პერიოდში გამოჩნდა მაიკო კაჭკაჭიშვილი და სამი კარგი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც გამოსვლისთანავე გაჰიტდა. ლევან ლაზარაშვილთან დუეტში ჩაწერილ სიმღერაზე კი ვიდეორგოლიც გადავიღე. მოკლედ, ის ექვსი წელი საკუთარი თავის ძებნაში ვიყავი, განვითარება მინდოდა და ამის საშუალება არ მქონდა, რაც ყველაზე მეტად მრთგუნავდა.
– ოჯახის შექმნა აღარ გიფიქრია?
– მყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც უკვე ექვსი წელია, ვცხოვრობ. ოფიციალურობა, დაკანონება და ხელის მოწერა სიყვარულს ნამდვილად არ სჭირდება. ამის გარეშეც ჯანსაღად და მშვიდად ვგრძნობ თავს. ასე რომ, როგორც ქალი ბედნიერი ვარ, როგორც დედა – უბედნიერესი, შემოქმედებითი კუთხით – აქტიური და იმავდროულად, მაქვს გადაცემა ტელევიზიაში. როგორ შეიძლება, რამეზე დავიწუწუნო და უმადური ვიყო? მიმაჩნია, რომ შემდგარი ქალი ვარ, თუმცა, მაინც მინდა, კიდევ ბევრი კარგი რამ გავაკეთო. ბუნებით ზარმაცი არ ვარ, შრომა არ მეზარება და იმედია, ყველაფერს შევძლებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





