შოუბიზნესი

თამრიკო ჭოხონელიძე: თავი იმდენად დაკარგული მქონდა, ქართულიც კი აღარ მესმოდა

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.05, 2021 წელი

თამრიკო ჭოხეონელიძე
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა ქევყანაში მოგზაურობა საკმაოდ ხშირად უწევს, ძალიან ეშინია ფრენის და მისი მთავარი შიში აეროპორტთან ასოცირდება. თუმცა ამ განცდას ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ჰქონდა ფობია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხა.

თამრიკო ჭოხონელიძე: ფობია, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ძაღლის საშინელი შიშია. ისე გადავცდი 50 წელს, ვერაფრით წარმომედგინა თუ ამ ფობიის დაძლევას შევძლებდი, მაგრამ მე ეს მოვახერხე. მანამდე ვიარე ფსიქოლოგთან, ძალიან ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შიშის მიუხედავად, ძაღლები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მათ შორიდან ვუყურებდი და ვტკბებოდი. საკმარისი იყო ახლოს მოსულიყო, რომ შეიძლება, ისე ცუდად გავმხდარიყავი, გული წამსვლოდა. გამორიცხული იყო, ხელით შევხებოდი, თუნდაც პატარა ლეკვს. იგივე მჭირს კატებსა და ჩიტებზე – ეს საშინელი შეგრძნებაა.

– არადა, კოკოს ჰყავს ძაღლი, მას როგორ უმკლავდებით?

– მეცინება ამის თქმისას, მაგრამ ძაღლი ჩემზე გონიერი აღმოჩნდა. როცა მას ეუბნებიან, რომ თამრიკო მოვიდა, ოთახიდან გადის და ახლოსაც არ მოდის. ამიტომ, როცა საგურამოში ვართ, მე და კოკოს ძაღლი ერთ სახლში ვცხოვრობთ და მე არ მეშინია, რადგან ძაღლის იმედი მაქვს. მეორე პრობლემაა ის, რომ ძაღლს არ აქვს ჩემი იმედი (იცინის).

– ახლა რატომ გადაწყვიტეთ, ძაღლი გყოლოდათ?

– ახლა პატარა იორკი მყავს. დიდი თავგანწირვა შემძლებია – ელენეს ძალიან დიდ სურვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჩემი ინიციატივით შევიძინე ძაღლი. ძალიან პატარა იყო, 700 გრამს იწონიდა და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეხება, ბოლოს ხელშიც ავიყვანე და ამის ამსახველი ფოტო რომ გამოვაქვეყნე, მთელი საახლობლო შოკირებული მირეკავდა (იცინის). ნახევარი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა. ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა (იცინის).

მთელი ცხოვრებაა ამ ფობიის მიზეზს ვიკვლევ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ალბათ, წინა ცხოვრებიდან მოდის, თორემ, ჩემთვის ძაღლს არასდროს უკბენია, არც უსიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია შემმთხვევია, რის შემდეგაც ეს შიში დამეწყო. არადა, მახსოვს, მოსკოვში კინაღამ დაძრულ ტროლეიბუსს ჩავუვარდი ბორბლებში, იმის გამო, რომ მე პატარა ძაღლი გამომიხტა ეზოდან. თუ ქუჩაში დიდი ძაღლი შემხვდებოდა, აუცილებლად მეორე მხარეს გადავიდოდი. ახლა უკვე შემიძლია თავი ხელში ავიყვანო და გვერდით მშვიდად გავუარო. ეს 50 წლის შემდეგ მოვახერხე.

– კიდევ ერთი უცნაური ფობია გქონიათ, ეს რაში მდგომარეობს?

– მრცხვენია კიდეც ამის თქმა – მარტო ვერაფრით ვმგზავრობ თვითმფრინავით. ფრენის ფობია ხომ მაქვს, შესაძლოა, ვინმემ დამცინოს, მაგრამ მას ათმაგად აჭარბებს აეროპორტის ფობია. ბავშვობიდან მოყოლებული, მიკროფონში გამოცხადების ხმას რომ ვუსმენდი, თავი იმდენად დაკარგული მქონდა, ქართულიც კი აღარ მესმოდა. აეროპორტში იმდენად უმოქმედო ვხდები, ხელი უნდა მომკიდო და მატარო. ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია. მარტო არასდროს მიმგზავრია. რეგისტრაციას ვერ გავივლი, ბარგსაც ვერ ჩავაბარებ, ვერ ვაგნებ, სად უნდა წავიდე, აბსოლუტურად ვითიშები. იძულებული ვარ, ყოველთვის ვიღაც შევაწუხო, რომ იქამდე მიმიყვანოს და ვიდრე თვითმფრინავში შევალ, ჩემთან ერთად იყოს. ჩაფრენის შემდეგაც ვიღაცას ვარ „აკიდებული“, მთავარია, აეროპორტიდან გამოვიდე. უკვე აღარ მერიდება – ვიპოვი ქართველს, ვეუბნები, რომ ფობია მაქვს და ვთხოვ, გაგნებაში დამეხმაროს. ბავშვობაში რომ დავყავდით სხვადასხვა ქვეყანაში, არც მაშინ მსიამოვნებდა ეს პროცესი, მაგრამ მაშინ სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და ამაზე არ ჩავციკლულვარ. რომ გავიზარდე და მარტო მომიწია გამგზავრება, ფაქტის წინაშე დავდექი და მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს, უბრალოდ, არასასიამოვნო გრძნობა კი არა, ჩემი ფობიაა.

– უცხო ენის ფობია? სხვა ქვეყანაში ქართულად რომ არავინ საუბრობს?

– საშინელებაა. ისეთი დაუცველი და უსუსრი ვხდები, ვერ წარმოიდგენთ. რაღაც პერიოდი რომში გავატარე და ქუჩაში პირველად ქართული ლაპარაკი რომ მოვისმინე, ცრემლები წამომივიდა, დავდექი და ვუსმენდი. რამდენჯერმე ისე მოხდა, ქართულად მოლაპარაკეებს რომ გავყევი, ჩემი გზიდანაც გადავუხვიე, ტაძარში მივდიოდი ხოლმე, სადაც ქართველები იკრიბებოდნენ და ქართულ საუბარს ვისმენდი. ქართული თუ არ მესმის, თავს დაკარგულად ვგრძნობ. ამიტომ, საზღვარგარეთ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ადამიანი ვარ. საბედნიეროდ, მარიამი და კოკო ჩემგან რადიკალურად განსხვავდებიან, ძალიან კარგი ორიენტაცია აქვთ. პანდემიამდე იძულებული გავხდი, მარტო გავფრენილიყავი და ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი – გიამ ერთ ქართველ გოგონას მიმაბარა აქედან, ჩემი ფობიის შესახებ უთხრა და სთხოვა, სანამ რომში არ ჩახვალთ და იქ არ დახვდებიან, თუ შეიძლება, არ მიატოვოთო. იმ გოგონას გაეცინა და დამამშვიდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ერთად მგზავრობაო, მაგრამ ვფრიქრობდი, ნეტავ რას იფიქრებს-მეთქი?! (იცინის) რაღაც მომენტში მოსაწევად გავიდა და ჩემებს ფოტო გამოვუგზავნე, რა საცოდავად ვიდექი გარეთ და როგორ ველოდი ამ გოგოს, რომ სანამ მოწევას დაასრულებდა, თვალიდან არ დამკარგვოდა (იცინის). სამაგიეროდ, საკმარისია, საქართველოს მიწაზე დავადგა ფეხი და ქვესკნელში ჩავალ. მით უმეტეს, თუ ჩემი მანქანით ვმგზავრობ, სადაც გინდა, წავალ და რამდენი ხანიც გინდა, ვიმგზავრებ. აქ ფრთაგაშლილი ვარ და არანაირი შიში არ მაქვს.

– როცა ოჯახი დაგენგრათ, მაშინ თუ გქონდათ შიში, ერთი – ოჯახის დანგრევის და მეორე – რას იტყვის ხალხი, ამ დამოკიდებულების გამო?

– რას იტყვის ხალხი, ამ შემთხვევაში, არ მაინტერესებს, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემთვის ის ფაქტი იყო დამანგრეველი, რასაც ოჯახის დანგრევა ჰქვია. ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ესაა სიყვარულის, ბედნიერებისა თუ პრობლემების გაზიარება, ერთმანეთით ცხოვრება და როცა ერთი აგური გეცლება, ძალიან დიდ ტკივილს განიცდი. თუმცა, ძლიერი აღმოვჩნდი და ბევრი რამ შევძელი. მათ შორის, პატიებაც, დავიწყებაც და იმის აღიარებაც, რომ დანგრეულის აშენებაც შეიძლება, თუ ბოლომდე მიწასთან გასწორებული არ არის. მე მიწასთან არაფერი გამისწორებია. ჩემი შვილები მამისადმი დიდი სიყვარულით იზრდებოდნენ. ვცდილობდი, მათ აგურის გამოცლა არ ეგრძნოთ. ჩვენი ოჯახის დანგრევა ბევრისთვის იყო ძალიან მტკივნეული. არის ოჯახები, რომელიც ინგრევა, მაგრამ ამის გამო გული არავის სტკივა. პირიქით, ერთგვარი შვებაცაა ოჯახის წევრებისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. ჩვენ ეს არ გვქონია და როგორც ჩანს, ძაფები ბოლომდე არც გაწყვეტილა, ამიტომაც მოვახერხეთ ხელმეორედ აშენება. ამიტომ მინდა, ყველას ვუთხრა: თუ ფიქრობენ, რომ მათი ოჯახის გადარჩენა შესაძლებელია, ხელს ნუ ჩაიქნევენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავის დროზე გაუხარდათ ჩვენი ოჯახის დანგრევა. ასეთები დღესაც ცდილობენ, ქილიკით რაღაც თქვან ჩვენზე. მათ გასაგონად მინდა, ვთქვა, ნუთუ ასეთი ბედნიერი ხართ იმით, რომ ოჯახი ინგრევა, ნუთუ სხვა საქმე არ გავთ?! სხვისი ცუდად ყოფნით როგორ უნდა გაიხარო და კარგად მყოფის ბედნიერების ჩაშხამებას რატომ უნდა ეცადო?! მაგრამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მაკვირვებს. საინტერესო ის არის, რომ ჩემში ამით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია. პარალელურად, იგივეს აკეთებდა გიაც. ასე რომ, ვერ გეტყვით, რომ სულ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით ვიგებდი ხოლმე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. ბოლომდე ვერც მე დავკარგე გია და ვერც გიამ დამკარგა მე. ამიტომ ბოლომდე არ დაშლილა ჩვენი ოჯახი და საბოლოოდ ისევ გამთლიანდა. ახლა კიდევ უფრო დავაფასეთ ერთმანეთის პროფესიებიც, განსაკუთრებით ძვირფასი გახდა ერთმანეთის შეფასებები ჩვენს საქმიანობაზე. აღარ ვბრაზობთ იმაზე, რაზეც ადრე და ძველებურად აღარ ვბობოქრობთ.

– თქვენი ოჯახი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთანაც ასოცირდება, თუმცა ახლა აგიკრძალეს სამებაში გალობა. რადგან სადღესასწაულო დღეები გვაქვს, ალბათ, ახლა განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამთ ამ ამბავს...

– პირველ რიგში, მინდა, იმ ხალხს, ვინც ჩემთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვუსურვო: ღირსეულად შეხვედრილიყვნენ ამ დღეს და მომავალში მსგავს ავადმყოფობას აღარ შეეპყროთ. მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ მე მათ რაღაცებში არ დავეთანხმე. თუ ვინმემ არ გადაუხვია უფლის მიერ ნაკარნახები სიტყვებიდან: „არა კაც კლა“, „არ დაჩაგრო“– ეს მე ვიყავი. მე, რომელმაც მხარი არ დავუჭირე ადამიანის ჩაგვრას. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს შენთვის სხვისი სექსუალური ორიენტაცია თუ რელიგიური მრწამსი, მისი ჩაგვრის უფლება არ გაქვს. შენ ვინც არ მოგწონს, იმის დაჩაგვრა, ჩემთვის აუტანელია და სანამ იქ ის „სადამსჯელო რაზმი“ იქნება, მე არავინ შემომთავაზებს გალობას. არ იფიქროთ, რომ ამაზე ვბრაზობ. თავიდან გული მტკიოდა, მაგრამ ახლა მეცინება. ვიღაცები წერენ, შენ შეუცვლელი ხომ არ გგონია თავიო და ვუპასუხებ ამ ადამიანებს, რომ მე ამაზე არ ვდარდობ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, არავის არაფერი ავიწყდება, ეს შავ ლაქად დარჩება, არა როგორც თამრიკო ჭოხონელიძისთვის სამაგიეროს გადახდის მცდელობა, არამედ, როგორც ადამიანის ჩაგვრისკენ მიმართული უგუნური ნაბიჯები, რაც აუცილებლად ემახსოვრება ხალხს. ყველა საკუთარ თავზე აგებს პასუხს და მათ შორის, მეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი