თამაზა ლოხიშვილი: მე და ნაზღომ ვიცით, რა „გაისვრის“ და გაიყიდება
ავტორი: ნონა დათეშიძე 12:00
გიორგი ნაზღაიძე და თამაზა ლოხიშვილი ახლახან გამოჩნდნენ „იუთუბ“ არხზე გადაცემა „სარკასტიკის“ თანაწამყვანებად და უკვე საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვთ – უამრავმა ადამიანმა გამოიწერა მათი არხი და გადაცემებს ნახვა ყოველწუთს ემატება.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
თამაზა: მე და გიორგიმ ერთმანეთი „პრაიმ ჰაუსში“ გავიცანით. გიორგის მეგობრებს ვიცნობდი, მაგრამ თავად გიორგი პროექტში გავიცანი და მას მერე 3-4 წელი კი გავიდა.
გიორგი: თავიდანვე ძალიან პოზიტიურად განვეწყვე თამაზას მიმართ. იუმორით სავსე, პოზიტიური ადამიანია.
– საიდან გაჩნდა იდეა, გაგეკეთებინათ „იუთუბ“ არხზე გადაცემა და თანაწამყვანები ყოფილიყავით?
- გადაცემის იდეა ჩემია. დაახლოებით, 6 წელია, ეს პროექტი მაქვს და ახლა განვახორციელე. ბევრს შევთავაზე თანაწამყვანობა, მაგრამ ალბათ, ვერ ჩასწვდნენ გადაცემის შინაარსს და უარი მითხრეს. თამაზა კი უფრო მისმა მეგობარმა დაითანხმა, ვიდრე მე (იცინის). უთხრა: რა მაგარია, ერთად კარგი გადაცემა გამოგივათო და ისიც დათანხმდა. ალბათ, ეგონა, აღარ დავურეკავდი და რომ დავურეკე და ვუთხარი, აბა, როდის ვიგეგმებით-მეთქი, სხვა გზა აღარ ჰქონდა, კედელთან მოვაყენე (იცინის).
თამაზა: მეც ყოველთვის მინდოდა, „იუთუბზე“ მქონოდა გადაცემა. ადრე გადაცემის ფორმატი დავიწყე, მაგრამ მერე გავჩერდი, რადგან მეზარებოდა, მერთულებოდა, ვფიქრობდი, დრო არ მქონდა. გიორგიმ რომ გადაწყვიტა გადაცემის გაკეთება, როგორც ვიცი, ბევრს შესთავაზა მეწყვილეობა, მაგრამ ზოგს არ ეცალა, ზოგმა უარი უთხრა. ერთ დღესაც, სამი-ოთხი თვის წინ, გადაღებაზე მოვხვდით ერთად და გამიზიარა, როგორი ფორმატის გადაცემის გაკეთება უნდოდა. იდეა მომეწონა, მაგრამ დავთანხმებულიყავი თუ არა, ვორჭოფობდი. კი ვუთხარი, მინდა, კარგია-მეთქი, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი და კიდევ რომ მითხრა, ხომ არ დავიწყოთო, დავთანხმდი. მეგონა, დროში გაიწელებოდა, მაგრამ ისე უცებ შევიკრიბეთ, ისე უცბად მოვიფიქრეთ, როგორი თანმიმდევრობა უნდა ჰქონოდა გადაცემას, სტუმრები, ღლიცინი, თამაში და ასე შემდეგ, რომ უცებ ავაწყვეთ და კი გადავიღეთ. თავიდან გვინდოდა, სახლში ჩაგვეწერა, ხან ჩემთან, ხან გიორგისთან, მაგრამ მერე სტუდიაში ჩაწერა მოვიფიქრეთ და დავიწყეთ, დავიწყეთ და კი შევქმენით წარმატებული პროექტი.
– რამდენი ხანია, რაც გადაცემა გადის და რამდენი გამომწერი გყავთ?
- მეორე თვეა, რაც გადაცემა „სარკასტიკა“ დაიწყო და ერთ თვეში „იუთუბზე“ 25 ათასი გამომწერი გვყავს, „ფეისბუქზე“ – 70 ათასი და 14 მილიონი ვიზიტორი თვეში.
– როცა იწყებდით, ფიქრობდით, რომ ასეთი რეიტინგული იქნებოდა?
- როცა ვიწყებდით, არც მიფიქრია, რომ რეიტინგული არ იქნებოდა. სოციალურ ქსელებში ჩვენ ისედაც გვყავს მაგდენი მაყურებელი, მე – „თამაზას სამყაროში“ და გიორგის – თავის სოციალურ ქსელებში. ეს ხალხი გადმოვიყვანეთ ჩვენს ახალ პლატფორმაზე. ადამიანები, ვინც გვიყურებენ, მოვწონვართ და აინტერესებთ ჩვენი ცხოვრება, ამ პლატფორმაზე გადმოვიდნენ და აქაც ჩვენი აქტიური მაყურებლები გახდნენ. დავიმატეთ ახალი გულშემატკივრებიც, რომლებსაც არ აქვთ „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ტიკ-ტოკი“, მაგრამ აქვთ „იუთუბი“ და ის მოსწონთ.
გიორგი: შედეგს რომ დავდებდით, ამის გარანტია ორივეს გვქონდა და დარწმუნებულები ვიყავით, თუმცა, ასე მცირე დროში ასეთი მასშტაბის შედეგს თუ დავდებდით, ეს მართლა არ მეგონა. სხვათა შორის, სტუმართან თემებს წინასწარ არ გავდივართ. თამაზა კი ჩემთვის უნაკლო თანაწამყვანია, რომელსაც იუმორიც აქვს, თავისი წაყვანის სტილიც და როგორც ადამიანი, მეგობარი, საქმის მიმართ დამოკიდებულების მხრივაც, ფანტასტიკურია. ერთი სიტყვით, ჩემთვის თამაზა უნაკლო ადამიანია. უცებ ისეთ რაღაცას „მოთხრის“, აზრად რომ არ მოგივა (იცინის).
– თავიდან სკეტჩები არ გქონდათ, ახლა დაამატეთ. ამ იდეის ავტორი ვინ არის?
თამაზა: მე და ნაზღო ერთად ვაკეთებთ გადაცემას და ჩვენ ვიცით, რა „გაისვრის“, რა გაიყიდება, რითი უნდა დავიწყოთ და რა ელემენტები შევიტანოთ, რა უფრო იმუშვებს. იმიტომ გამოგვდის კარგად, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიღაცის დაკრულზე – არა. სულ მსჯელობაში ვართ, ვცდილობთ, ხალხს ისეთი გადაცემები შევთავაზოთ, რომ არ მოსწყინდეთ.
გიორგი: სკეტჩები არ იქნება მუდმივი, გააჩნია, როდის და რა მოგვივა თავში. ასე რომ, ხან იქნება ხან – არა. იქნება თემატური და რაც აქტუალურია, იმაზე ვიხალისებთ.
– დასისხლიანებული და გაბანტულები რატომ იჯექით ეთერში?
თამაზა: ჩვენი მაყურებლის კომენტარები იყო: ვინმეს ხომ არ ეწყინება თქვენი იუმორი, არ დაგხვდნენ სადმეო. ბევრი წერდა, შეიძლება, ვინმე დაგხვდეთ და გცემოთო. ჰოდა, ჩვენც გაგვიჩნდა იდეა, ეს ყველაფერი იუმორში გადაგვეტანა. თუ ვინმეს ჩემი ხუმრობა ეწყინა, მაპატიოს. თუ შენზეა ხუმრობა და ოდნავ არ გეწყინა, მაშინ ხუმრობა არ გამოგვივიდა (იცინის). ასე რომ, შეიძლება, სწყინთ, მაგრამ იღიმებიან. თუმცა, ვინმეს ჩვენს ხუმრობაზე პრეტენზია გამოეთქვა ან სწყენოდა, არ მახსენდება. სტუმართან კი წინასწარ არანაირ თემას არ გავდივართ, კამერა შეთანხმების გარეშე ირთვება და იწყება საუბარი.
გიორგი: გრიმიც და ბინტიც, ერთმანეთს თავად გავუკეთეთ და სისხლად წითელი საღებავი გამოვიყენეთ. ხალხი რომ წერდა: ვაიმე, ვინმემ არ გცემოთო, ჩვენი თავი ჩვენ თვითონ „ვიცემეთ“ და „ნაცემები“ გამოვეცხადეთ გადაცემაში. ყველას მოსწონს ეს გადაცემა და ვინმე რომ დაგვემუქროს, ხალხი დაგვიდგება გვერდით.
– თამაზა, გიორგის იუმორი მოგწონს? რომელიმე გადაცემაში ცოტა ხომ არ გადაუმეტებ-გადაუმლაშებია?
თამაზა: გიორგის იუმორზე ჭკუა მეკეტება. პირადად მე ისეთი იუმორი მომწონს, რომელიც ქართველი აუდიტორიისთვის არ არის მისაღები, რადგან ძალიან თამამი ვარ. ეს ბევრჯერ დავტესტე ჩემს სოციალურ ქსელებში. „სარკასტიკაში“ კი ორი წამყვანის აზრების თანხვედრა უნდა იყოს. არ შეიძლება, რაღაცები გარისკო. თუმცა, კიდევ ვამბობ, მე მიყვარს „შავი იუმორი“, რაზეც ბევრს არ ეცინება, ქართველი ხალხი „შავ იუმორს“ ვერ იგებს ან იგებს, მაგრამ არ იღებს. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩემი საყვარელი მიმდინარეობა – „შავი იუმორი“, თაროზე მაქვს შემოდებული.
გიორგი: ალბათ, სწყენია ვინმეს ჩვენი იუმორი და ხუმრობა, მაგრამ ჩვენი გადაცემის აზრი ის არის, რომ ჩვენ არ გამოგვაქვს სააშკარაოზე არავის პირადი ცხოვრება, ის, რაც დამალულია და არ ვეხებით ადამიანების შეფასებებს პოლიტიკურად. გამოგვაქვს მხოლოდ ის სიახლეები, რაც არის კვირის აქტუალური თემა, რომელიც დაიწერა და რომელზეც საუბრობენ, ასე რომ, პირველწყაროები ჩვენ არ ვართ. ჩემზეც უხუმრიათ, მაგრამ არ მწყენია. ხუმრობა, რომელიც არ მომიტანს ზიანს, რა პრობლემაა, მაგრამ თუ ზიანი მოაქვს, მაშინ სხვა საქმეა. ჩვენი გადაცემა კი არ არის იმ ფორმატის, ვინმეს ზიანი მოუტანოს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მეუბნება, თქვენს ხუმრობაზე გული მოვიფხანეო. ამას წინათ, ძაღლს ვასეირნებდი, მომიახლოვდა ტიპი და მეუბნება, რა მაგრები ხართ, რა მაგრად ღადაობთო (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, ერთმანეთს რით ჰგავხართ და რით განსხვავდებით?
თამაზა: მე და გიორგი ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ. ჩვენი ერთადერთი საერთო თვისებაა, ორივეს ძალიან გვიყვარს სისუფთავე და ორივე ვართ პეწენიკი. გიორგი არის მაღალი, სიმპათიური, გემოვნებიანი, მე მასავით „დავარცხნილი“ არ ვარ. მოსწრებაზე ვარ – უცებ ჩავიცვა, გავიქცე, ბევრი რამე მოვასწრო. მაცვია ყველაფერი დიდი, „ოვერსაიზი“, რამე რამეს ძალიან რომ უხდება, არ მომწონს. მირჩევნია, არ უხდებოდეს და მირჩევნია, ისეთი მეცვას, რაც სხვას არ აცვია და ამიტომ, შეიძლება, ტანაცმელს ღილი მოვაგლიჯო ან ჯიბე ჩამოვახიო. გიორგი სულ გამოწკეპილია, სულ ბრენდები აცვია. მე არ შემიძლია, პიჯაკში გადავიხადო 400 ევრო, მირჩევნია, 40 ლარად ვიყიდო. გიორგის კი შეუძლია, ძვირის გადახდა და ლამაზად გამოწკეპა. ამაში განვსხვავდებით, მაგრამ იუმორის გრძნობა ორივეს ფანტასტიკური გვაქვს, ამიტომ გავუგეთ ერთმანეთს. თან მე ქართლელი ვარ, გიორგი – მთიული და ქართლურ-მთიულური იუმორი ცოტა მწარეა, ცოტა ტკბილი. ზოგადად, პირში მთქმელი ვარ და თუ ასე არ ვიქცევი, მგონია, დამჩაგრეს და ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ. ადამიანს პირდაპირ უნდა ვუთხრა, რასაც ვფიქრობ, ეწყინება და ეწყინოს, დამკარგოს და გავქრე იმის ცხოვრებიდან. გიორგიც ასეთია, ამაშიც ვგავართ.
გიორგი: ის, რომ ჩასაცმელში ძვირის გადახდა არ მენანება, ვიღაცისთვის ეს მინუსი მაქვს. მართალია თამაზა, მიყვარს კარგი ჩაცმა. თამაზას თავისი სტილი აქვს ნაპოვნი, მასში კომფორტულადაა და მომწონს მისი ასეთი ჩაცმულობა. ყველამ უნდა იპოვოს თავისი სტილი. როგორც ავთანდილ ცქვიტინიძემაც აღნიშნა, მე ჩემი სტილი ნაპოვნი მაქვს. ჩემი აზრით, მე და თამაზა ერთმანეთს ვგავართ იმაში, რომ ორივეს გვიყვარს იუმორი და ღადაობა. განვსხვავდებით იმით, რომ მე ვარ უფრო ემოციური და ფეთქებადი, თამაზა კი – დინჯი და გაწონასწორებული. თუმცა, ხანდახან იფეთქებს ხოლმე (იცინის).
– ღამის 2 საათზე რომ ურეკავთ ადამიანებს, როცა ზოგს სძინავს და ზოგიც ისვენებს, არ ბრაზობენ? თქვენ რომ დაგირეკონ ამ დროს და გაგაღვიძონ, რას ეტყვით?
თამაზა: დამირეკონ! მირეკავენ კიდეც, რა პრობლემაა?! შეიძლება, ღამის 2-ზე კი არა 3-ზეც დავურეკოთ და უნდა აიღონ ყურმილი და გვიპასუხონ (იცინის). შეურაცხყოფა არავის მოუყენებია, მაგრამ უთქვამს: მეძინაო. ჰოდა, ჩვენ ვპასუხობთ: ხომ გაიღვიძე და ახლა გვიპასუხეო (იცინის).
გიორგი: საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, როცა გვიან გირეკავენ. მეც რომ დამირეკონ, ავიღებ ყურმილს და ვუპასუხებ... თუ ზარის ხმა გავიგე. როცა ხუმრობა უწყინარია, არავინ გაყენებს შეურაცხყოფას, რა პრობლემაა ადამიანს გასცე პასუხი და აჰყვე ხუმრობაში. არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე სერიოზულად გაბრაზებულიყო, თუმცა, არიან გამონაკლისი გოიმებიც. ძირითადად კი, ყველა ხალისობს, ერთობა, იცინის, გვიყურებს და ბევრს უნდა გადაცემაში სტუმრობა, რითიც მე და თამაზა ბედნიერები ვართ.
– როგორ ფიქრობთ, ერთი წლის მერე „სარკასტიკა“ რა დონეზე იქნება?
თამაზა: „სარკასტიკა“, ამ ეტაპზეც იმხელა „ლეველზეა“, ფაქტობრივად, ყველა სხვა იუთუბ-პლატფორმა, ვერ ვიტყვი გადაფარა, მაგრამ ტოპ-ხუთეულში მოხვდა და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ტოპ-ხუთეულში იყო, ერთი თვის დაწყებული გადაცემით, ეს მარტივი არ არის და ბევრს ნიშნავს. ყველაფერს წინასწარ ვგეგმავთ – ვიცით, როგორი იქნება ახალი სტუდია, როგორ დავიწყებთ ახალ სეზონს, უკვე გათვლილი გვაქვს მომავალი თვეების ჩაწერები... ისე გვაქვს ყველაფერი დავარცხნილი, ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი იუთუბ-გადაცემა იქნება ყველაზე მეტი ნახვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





