შოუბიზნესი

თამარ მაყაშვილი: მოვყვე მთელი ჩემი ისტორია? პირდაპირ გეტყვით, გასკდებით ტირილით

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:44 06.03, 2022 წელი

თამარ მაყაშვილი
დაკოპირებულია

თამარ მაყაშვილი წლებია, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის და მას გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს და ქალბატონი თამარი დაგროვებულ ცოდნას ყველას უზიარებს.

თამარ მაყაშვილი: ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს, მაგრამ ბევრი უარყოფს. რამეს რომ ეტყვი, გიპასუხებს, მე არაფერი მჭირს, შენ შენს თავს მიხედეო. რეალურად, ამ პრობლემაზე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, მე მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება შემიძლია. ისიც ვიცი, რომ კვლევა და ექიმებში სიარული მარტივი არ არის, მათ შორის არც ფინანსურად, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს, არსებობს სხვადასხვა პროგრამა, სახელმწიფო დაზღვევა და გზები, რომელსაც შეგვიძლია, მივმართოთ. მთავარია, შევიგნოთ, რომ ეს პრობლემაა და ნაბიჯი გადავდგათ ექიმისკენ. ისიც მსმენია, რომ ვიღაცები შელოცვებს აკეთებენ, ექიმთან რა გინდაო, გეუბნებიან. ადამიანების ნაწილს ეს სიბნელე უფრო მოსწონს ან მამაოებთან მიდიან. არადა, თუ თავს მედიკამენტები არ მიახმარე, სამწუხაროდ, არაფერი გიშველის, ამიტომ ამ დროს პროფესიონალს უნდა მიმართოთ. დედა ფსიქიატრი?! გვეშინია მისი ხსენების, სხვა ექიმის რატომ არ გეშინია? კი არ უნდა გეშინოდეს, აუცილებლად უნდა მიმართო, რომ მერე ფსიქიატრიულ კლინიკამდე არ მიხვიდე.

– ხშირად აღიარებისაც გვრცხვენია, თქვენ გქონდათ ეს მომენტი?

– არანაირი სირცხვილი, უბრალოდ, როცა ავად ვარ, შეიძლება, საჯაროდ არ გამოვიდე, რომ შენ ჩემი დაზეთილი სახე არ დაინახო. მე იმ წუთას არ ვარ კარგად და შეიძლება, ტელეფონზეც არ გიპასუხო, მაგრამ აუცილებლად „მოვიქოქები“ და დავუბრუნდები ჩვეულ ფორმას. არანაირი სირცხვილი, არ მრცხვენია ჩემი მდგომარეობის, არც მე და არც ჩემს შვილს შერცხვენია ამის, როცა გადაცემაში საკუთარი პრობლემის შესახებ მოყვა. რა არის სასირცხვილო? მთავარია, თავი იქამდე არ მიიყვანო, რომ საავადმყოფო დაგჭირდეს, თავის დროზე უნდა მიხედო პრობლემას. მსმენია, თავს ხელში ავიყვანო... ვერ აიყვან, გამორიცხულია. რაღაც მომენტამდე კი, მაგრამ რაღაც მდგომარეობაში უკვე აუცილებლად მედიკამენტები უნდა დაგეხმაროს. მე ჩემი მეგობრებისთვის ძალიან დელიკატურად მითქვამს, ხომ არ წავიდეთ სპეციალისტთან? გადაუდგამთ ეს ნაბიჯი და ძალიან კმაყოფილები ყოფილან. რუსოს არაერთ მეგობარს დაურეკავს და უკითხავს, ვისთან წავიდე, კარგად ვერ ვარო და ჩემი გამოცდილება გამიზიარებია. არიან ადამიანები, ვისაც ეუბნები, მაგრამ სანამ თვითონ არ მივა უკიდურეს მომენტამდე, რჩევას არ იღებს. სამწუხაროდ, არ გვაქვს თვითშეგნება და განათლება იმ დონეზე, რომ ეს პრობლემა ვაღიაროთ. ხალხო, ეს პრობლემა მარტო ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს აწუხებს და არაფერია სასირცხვილო, თუ მასთან ბრძოლას დააპირებთ.

მოდი, სპეციალისტსაც მივმართოთ და ჩვენს განწყობაზეც ვიზრუნოთ. საშინელებებს კი ნუ ვუყურებთ ტელევიზორში, რამე პოზიტიური ან შემეცნებითი ჩავრთოთ, ნუ ვუყურებთ იმას, რამდენი კაცი მოკლეს, ეს ძალიან გვრთგუნავს. ნუ დავიბოღმებით სისულელეების გამო. მაგალითად, ვიღაც გიჟდება – რატომ უნდა დავდიოდე მე ავტობუსით? ვითომ, რატომ არ უნდა დავდიოდე? საერთოდ არ მეთაკილება, გადასარევად დავდივარ ავტობუსითაც და მეტროთიც. ვაიმე, თქვენ მეტროთი დადიხართ? – გაოცებულებს უკითხავთ ჩემთვის და რა არის გასაკვირი? აბა, რით ვიარო, ვიფრინო?

– როგორ დაიწყო ეს პრობლემები?

– წლების წინ, როცა გოგონები აბარებდნენ, ძალიან განვიცდიდი, საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. თვითონაც არაერთხელ მოუყოლიათ, სახეს გვახევდა დედა, ერთი წელი ნაყინი არ გვიჭამია და გარეთ არ გავსულვართო. რა თქმა უნდა, მინდოდა, თეატრალურში საუკეთესოდ ჩაებარებინათ. ჩემთვის ეს ეტაპი დიდი სტრესი იყო. ეტყობა, მაშინ დამეწყო საშინელი ნევრასთენიული მდგომარეობა. თან, სამ სამსახურში ვმუშაობდი. ერთი თეატრიდან მეორეში დავრბოდი, უამრავი როლი მქონდა და საშინლად გადატვირთული ვიყავი. მერე დაემატა ხერხემლის ტკივილიც. იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი პრობლემები. ქუჩაში უცებ ცუდად ვხდებოდი, გული მიმდიოდა. წყლებითა და სველი პირსახოცით დავდიოდი. თან, საოცრად დავიკელი წონაში. მერე მივაკითხე ნევროლოგებს. დავიწყეთ კვლევა, ერთ კვირაში 18 კილოგრამის დაკლება კატასტროფაა და ფეხის თითიდან თხემამდე გამომიკვლიეს. თავიდანვე მიხვდნენ, რაც იყო, მაგრამ მაინც გადაამოწმეს, რომ რამე არ გამორჩენოდათ. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არის ნევრასთენიული მდგომარეობა, თან, ძალიან ძლიერად ფესვგადგმული. დავიწყეთ მკურნალობა და შედეგიც მივიღეთ, მაგრამ ეს მდგომარეობა მაინც რჩება ორგანიზმში და არ იცი, როდის გაგიხსენებს. ბოლომდე ვერ იკურნები. თან, ასაკში რომ შედიხარ, ორგანიზმში მილიონი ცვლილება ხდება, პრობლემები ემოციების პროვოცირებას იწვევს, პრობლემა კი ძალიან ბევრი გვაქვს, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად ემატება და ბოლოს რაღაცაში გადაიზრდება.

– ნინუცამ ხმამაღლა ისაუბრა თავის პრობლემებზე, რუსკამაც და დედისთვის ცხადია, რთულია შვილის პრობლემებთან შეგუება. ამ დროს გყავთ კიდევ ერთი შვილი და შვილიშვილი იმ ასაკში, როცა ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდებათ. საკუთარ პრობლემებთან ერთად, ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებოდით და უმკალავდებით?

– როცა ვგრძნობ, რომ მე ეს მეწყება, ექიმთან მივდივარ და შეიძლება, ორი კვირით ჩავწვე კიდეც. სახლში ვარ, ვწევარ და ჩემს თავს ვუვლი. ამ დროს ყველა ხელს მიწყობს და ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. ორი კვირის მერე წამოვხტები და საქმეს ვაკეთებ გიჟივით. რობოტს ვეძახი ჩემს თავს. მეგობარმა მოტორიანი თხა დამარქვა, მაგრამ მე ვამბობ, რომ რობოტი ვარ. ხანდახან ელემენტები დამიჯდება და სანამ ახალ ელემენტებს ჩავისვამ, ვისვენებ, მერე რომ მოვიქოქები, ვეღარ ვჩერდები. ამიტომ ჩემი შვილების თავზე არ გადადის ეს მდგომარეობა. რომ მკითხავენ, დედა, რა გჭირსო, ვეტყვი ხოლმე, ცოტა ხანი მაცადეთ და ამათაც იციან, რომ მაქვს ასეთი პერიოდები, რომელიც მალე გადამივლის. არის დღეები, როცა არ ვდგები და სულ ძილად ვარ ქცეული, არც ეს არის პრობლემა, ეს დროებითია. ამ დროს ფიზიკურად ხარ სუსტად, უენერგიოდ, არაფრის კეთება არ გინდა. ჩემმა მეგობრებმაც იციან ამის შესახებ და როცა ეს მდგომარეობა მაქვს, მაქსიმალურად ცდილობენ, არ დამირეკონ, არ მოვიდნენ, მაგრამ ჩემს ამბავს კითხულობენ. იმ მომენტში მირჩევნია, სახლში მარტო ვიყო, ჩემთვის და განვიტვირთო. ამასობაში წამლებიც იწყებს მოქმედებას და ნელ-ნელა გამოდიხარ მდგომარეობიდან. მერე რომ მოვიქოქები, ჩვეული ცხოვრება გრძელდება. ვამბობ ხოლმე, რომ არა ბავშვები, შეიძლება, ფეხზე არც ავდგე-მეთქი.

გარემო, პასუხისმგებლობები, შენთვის ძვირფასი ადამიანები დიდი სტიმულია ფეხზე წამოსადგომად. ამდენი წელი რატომ არ იყავი თეატრშიო, მეკითხებიან. იმიტომ, რომ ორი ბიჭი გვყავს სახლში და მათ ფეხზე დაყენება სჭირდებოდათ. ელიზბარს არაჩვეულებრივი მამა ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვი ნოდარიკოს მამაზე, გოგოები სულ მუშაობდნენ და მარტო გია ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ მერჩივნა, მეც მათ გვერდით ვყოფილიყავი.

მე ბევრი რამ გადავიტანე, იგივე ნინუცას ამბავი, ეს ასე იოლად არ გადის. ვინმეს თუ ჰგონია ამ ამბავმა ჩემთვის ძალიან მარტივად ჩაიარა, ძალიან ცდება. ამიტომ, მე სულ გავდივარ კონსულტაციებს მეგობარ ექიმებთან და ძალიან მსუბუქი, მაგრამ ანტიდეპრესანტით ვცხოვრობ. დოზებს ვაკონტროლებ, ხან საერთოდ ვხსნი და ვიცი, როგორ ვმართო ჩემი მდგომარეობა. ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი შემოდგომა და განსაკუთრებით ზამთარია. სამაგიეროდ, ზაფხულში ვარ ძალიან ლაღად, წყალში ვარ ძალიან ლაღად და შემიძლია, ზამთარ-ზაფხულ ვიცურო. ზღვაზე რომ ვარ, ეს პრობლემა საერთოდ არ მაქვს. ასე, რომ ვიცი, რაც მშველის.

– უიმედო მდგომარეობა გქონიათ?

– არასდროს. ასე არავინ მომადუნებდა, ჩემი გარემო არ მომცემდა ამის საშუალებას და მე თვითონაც თავში მქონდა ჩადებული, რომ კი, დღეს ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ მე ამ მდგომარეობიდან გამოვალ. ეს დროებითია და აუცილებლად გაივლის. ჩემი ექიმი, რომელთანაც უკვე ვმეგობრობ, შემომიძახებს ხოლმე: თამარა, შენ ეს შეგიძლია, აბა ჰე, აბა ჰო და გონება აქეთ უნდა მომართო. ამ მდგომარეობას უამრავი სიმპტომი აქვს, შეიძლება, აბაზანაში შესვლა არ გინდოდეს და პირის დაბანა. არც უნდა აიძულო თავი, როცა მოგინდება, მაშინ შეხვალ. ყოფილა პერიოდი, აივანზეც არ გავსულვარ, მაგრამ ეს პერიოდი გადის და აივანზეც გახვალ და ეზოშიც ჩახვალ. არ უნდა დაივიწყო, რომ ეს დროებითია და აუცილებლად გაივლის. ყველას შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მე ძალიან შეძლებული მეგობრები მყავს, რომელთაც არაფრის პრობლემა არ აქვთ. მე შეიძლება, პური ვერ ვიყიდო და დღეს სხვა მნიშვნელოვანი რამის ფულიც არ მქონდეს, მაგრამ შეიძლება, იმათ უფრო მეტად აწუხებდეთ ნერვები. ვეუბნები, ადექი და დაარიგე ორ-ორი კაპიკი და შენც ბედნიერი იქნები და სხვაც. ხომ ხედავ, აღარ იცი, რა ჩაიცვა და დაიხურო, ან ახლობელს მიუტანე წამლები, ან სხვა გაჭირვებულს დაეხმარე. ვისაც არ აქვს, ის უფრო მეტად მებრძოლია და ამ პროცესში თან იხარჯება, შესაბამისად, ნაკლებად იხვევს თავს რაღაც სისულელეებს.

– გამოცდილებამ ერთგვარი ჯავშანი გამოგამუშავებინათ? როცა გარშემო უამრავი პრობლემაა, როგორ უფრთხილდებით ფსიქიკას?

– ვცდილობ, ყველაფერი ყურებს შორის გავატარო, ერთში შევუშვებ, მეორედან გავუშვებ. ძალიან რთულია ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ მაინც ვცდილობ, საკუთარ თავს შევუძახო ან მეგობართან დავიცალო ემოციებისგან. ამას წინათ ძალიან მაწყენინა ბავშვობის მეგობარმა, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, დღემდე დავდივარ და ამაზე ვფიქრობ. მერე მეგობარმა მითხრა: თამრი, ყველაფერი სასიკეთოდ ხდება, ესე იგი, ეგ ადამიანი შენს ოჯახში აღარ უნდა შემოსულიყო, ასე სჯობს და მოდი, ამ კუთხით შეხედეო. მთრგუნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ვცდილობ, მართლა კარგი კუთხით შევხედო და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, რომ ნეგატივი როგორმე ავიცილო. უშეცდომო მეც არ ვარ, უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ პატიებაც უნდა შეგეძლოს და აღიარება და პატიების თხოვნაც. წამსვლელი უნდა წავიდეს და შენც გაუშვა, ისე, რომ გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანო. ადამიანებს შვილები უკვდებათ, ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს, მაგრამ ისინი ამ ტკივილით განაგრძობენ ცხოვრებას. აგერ ჩემი და და შესაბამისად, მეც. ჩემი დისშვილი სულ ჩემთან ერთად არის და ის მუდმივად იმხელაა, რამხელაც მაშინ იყო. როცა ასეთი ტკივილით ახერხებ ცხოვრებას, სხვა რამეზე ნამდვილად არ უნდა ჩაიციკლო და უნდა ეცადო, გულთან ახლოს არ მიიტანო. შემოუძახე საკუთარ თავს და ნუ დაიბოღმები სხვისი მაგარი სახლისა და მდიდრული ჭაღის გამო. გახსოვდეს, რომ მთავარი ჯანმრთელობაა, მეტი არაფერი. არ ვიცი ეს ხალხი რის გამო იბოღმება. გადასარევად დადიან ჩემი ბავშვები საჯარო სკოლაში და როგორ შეიძლება, დავიბოღმო იმის გამო, რომ ვიღაცის შვილები კერძო სკოლაში სწავლობენ? მერე რა, თუ ცხრა ფეხსაცმელი არ მაქვს და ერთი მაქვს? შენ რა გენაღვლება, შენი შვილები მილიონებს ქაფავენო, უთქვამთ ჩემთვის. თქვენც მოქაფეთ ასეთი მილიონები, დავჯდე და ტირილი დავიწყო? მაგას რა ენაღვლება, სულ იცინისო – რა ვქნა, მოვყვე მთელი ჩემი ისტორია? პირდაპირ გეტყვით, გასკდებით ტირილით. იმის მაგივრად, რომ სხვის ცხოვრებაზე იფიქროთ, თქვენს პრობლემებზე მიაკითხეთ ექიმს, ეს ნამდვილად არ არის სასირცხვილო. პირიქით, მისასალმებელია. ვისაც უჭირს, ხელი მოვკიდოთ და წავიყვანოთ ექიმთან. ერთმა ქალბატონმა რჩევისთვის რომ მომწერა და ვუპასუხე, მითხრა: ძალიან დიდი მადლობა, არ ველოდი, რომ მიპასუხებდითო. რას ჰქვია, პასუხი არ გამეცა? რას ჰქვია ცნობილი და არაცნობილი? ვინმეს თუ რამე დასჭირდება, მომწეროს, რას ჰქვია, არ ვუპასუხო?! ნინუცამ რომ თავისი ისტორია მოყვა, ვიღაცებმა კუბოში ჩადეს, 11 წლის შემდეგ როგორ ყვება ამასო, მაგრამ უამრავი მადლობას უხდიდა. გვირეკავდნენ, რომ არა ნინუცა, ჩვენ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით. ფსიქოლოგმა დამირეკა, გაიხარე ასეთი შვილების გაზრდისთვის, გოგომ, რომელიც მშობლებს ამერიკაში გაექცა და რომელსაც სამი წელია ვმკურნალობ, მომწერა, ნინუცას რომ ვუსმინე, მეც ამოვისუნთქე, თითქოს ჩემი სათქმელი თქვაო. დღეს მართლა ცუდი დროა. ვიღაცას კი ჰგონია, რომ ჩვენ მილიონებს ვქაფავთ, მაგრამ რომ ვთქვა, ხშირად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არ მაქვს, სასაცილოდ არ ეყოფა. ან რატომ უნდა მოვყვე, ვეგონო მილიონერი. ამას წინათ ტელევიზორის ხელოსანი მოვიდა ჩვენთან, უყურებს ჩვენს სარემონტო სახლს და ამბობს, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ თქვენ თუ ასე ცხოვრობდით, ამას – ვერაო. რა არ მოგეწონათ, უნიკალური ნახატები მიკიდია კედლებზე-მეთქი და ეს კი, მაგრამ მაინც ურემონტო რომ არისო... ყველას ჰგონია თქვენს სახლში ყველაფერი ბრჭყვიალებსო და ეგონოთ, ბატონო. ჩემთვის ეს არ არის მთავარი, მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ და ირგვლივ ყველა კარგად მყავდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა