შოუბიზნესი

თაკო ვადაჭკორია: საერთოდ რომ არაფერი ხდებოდეს, წინასწარ ვგრძნობ, რა მოხდება

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 29.09, 2021 წელი

თაკო ვადაჭკორია
დაკოპირებულია

მომღერალი თაკო ვადაჭკორია, სასწაულ ფორმაშია. როგორც თავად ამბობს, ეს მისი ნებისყოფისა და შრომის შედეგია. მართალია, პირად ცხოვრებაში სიახლე არა აქვს და არც რომანტიკული ურთიერთობა გადაზრდია სიყვარულში, თუმცა არ ნანობს, რადგან ამ მხრივ, პრობლემებს აარიდა თავი.

თაკო ვადაჭკორია: ძალიან პრანჭია ბავშვი ვიყავი. დედიკოს კოსმეტიკას, მართალია, უნებართვოდ არ ვიღებდი, მაგრამ საჩემოდ ცალკე იყო გამოყოფილი სუნამოებიცა და კოსმეტიკაც. „ვაზელინს“ თუ არ წავისვამდი ტუჩზე, ისე გარეთ არ გავდიოდი (იცინის). დედიკოს არ უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელი, სამაგიეროდ, ბებოს ჰქონდა ბევრი „შპილკა ბასანოშკები“. ჩუმად ავიპარებოდი და ვიცვამდი ბებოს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ერთხელაც ჩავედი ეზოში ქუსლიანი ფეხსაცმლით, წამოვკარი ფეხი და ცუდად წავიქეცი, თუმცა ამან ქუსლებზე სიარული ვერ გადამაყვარა (იცინის).

– თავის მოვლა რა ასაკიდან დაიწყე?

– სერიოზულად თავის მოვლა და გაპრანჭვა თინეიჯერობის ასაკიდან დავიწყე. მაშინ უფრო მეტად მიყვარდა და მინდოდა მაკიაჟის კეთება, ვიდრე ახლა. სიმართლე გითხრათ, ახლა, თუ გამოკვეთილი მაკიაჟი მიკეთია, „მიტყდება“, მირჩევნია, რაც შეიძლება ბუნებრივად და „მსუბუქად“ გამოვიყურებოდე. თუმცა, წითელი პომადა, ყველა ასაკში ჩემი სისუსტე იყო და არის. თუ გადაღება არ მაქვს, ვცდილობ, უმაკიაჟოდ ვიარო და კანს მოვუარო. ვაღიარებ, რომ გაწმენდის გარდა სახეზე არასდროს არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია. მხოლოდ სახლის პირობებში ვუვლი ჩემს კანს კრემებით, სკრაბებითა და აპარატურებით. ასე რომ, ზედმეტი არასდროს არაფერი მაქვს გაკეთებული, მათ შორის არც ბოტოქსი და არც ფილერი. წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, ვფიქრობ, თუ საჭიროა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ადამიანმა, რომ თავი გაახაროს დილით სარკეში ჩახედვისას, მაგრამ მე ჯერ არ მჭირდება. თუ დამჭირდა და მივხვდი, დროა, აუცილებლად წავალ და გავიკეთებ, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრ ინფორმაციას მოვიძიებ და მკვეთრად არც ბუნებრიობას დავშორდები. ბევრჯერ უკითხავთ: ტუჩი და ცხვირი გაკეთებული გაქვს? და ვპასუხობ: არა, გენეტიკურად დამყვა ასეთი ნაკვთები. თუმცა, გაკეთებული რომ მქონდეს, არ დავმალავ.

– სარკეში რომ იყურები, როგორი თაკო გიყურებს იქიდან? მოგწონს შენი გარეგნობა თუ თვითკრიტიკული ხარ?

– მიმაჩნია, რომ ახლა, 33 წლის ასაკში, საუკეთესოდ გამოვიყურები, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი სხეულითაც, სახითაც და ყველაფრით. იმ იდეალთან მივედი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

– ამის გამო დაგჭირდა შიმშილი, დიეტები, კვების რაციონის შეზღუდვა?

– ამის გამო შიმშილი და ექსპერიმენტები კი არა, პირველ რიგში, ნებისყოფა დამჭირდა. როცა სხეულზე პრობლემა გაქვს, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, აუცილებელია სწორი კვება, ძილის მოწესრიგება, წყლის სმა, ვარჯიში და იმის გააზრება, რომ სამ თვეში ვერ იქნები იდეალური. პირადად მე წელიწად-ნახევარი დამჭირდა, იქამდე მოვსულიყავი, სადაც ახლა ვარ და როგორც გამოვიყურები. ვფიქრობ, კიდევ ერთი წელი მინდა, მივიდე იმ იდეალურობამდე, რაც მინდა. ამაში კი ნებისყოფა და შრომა მშველის. ჩემი არანორმალური რეჟიმის გამო ჯერ ათი კილო დავიკელი, მერე ისევ მოვიმატე და მივუშვი თავი. ახლა ვამაყობ, რომ ჩემი მიშვებული თავი, აქამდე მოვიყვანე, ბევრი ვიშრომე, ნებისყოფაც ჩავრთე და დღეს როგორც გამოვიყურები, მომწონს. კვირაში 5-6 დღე ვვარჯიშობ, დავდივარ სუფთა ჰაერზე, ვაკონტროლებ კვებას, არ ვჭამ გვიან, წყალს ვსვამ დიდი რაოდენობით, ჯანსაღად ვცხოვრობ და 16 კილო დავიკელი. სხვათა შორის, ვარჯიშით სხეულის ფორმებიც შევიცვალე.

– როცა საქმე იმიჯს ეხება, ექსპერიმენტების მოყვარული თუ ხარ?

- არა, არ მიყვარს ექსპერიმენტები. ერთხელ მქონდა ვარდისფრად თმა, ერთ კვრაში მომბეზრდა და ქერა გავხდი. ერთადერთხელ კი შოკოლადის ფერი მქონდა, სამი თვე გავიჩერე, მივხვდი, ჩემი არ იყო და ნელ-ნელა ისევ ქერაზე გადავედი. აწი ექსპერიმენტების ჩატარებას აღარ ვაპირებ. 17 წლიდან რომ გადავწყვიტე, ქერა ვყოფილიყავი, მას შემდეგ ვარ ქერა. ბუნებრივად მონაცრისფრო ფერის თმა მაქვს, მაგრამ რაც ახლა მაქვს, ეს ფერი უფრო მომწონს, და ალბათ, ვერც ვერასდროს შეველევი. ექსპერიმენტი რაც ჩავატარე, მაქსიმუმ, ის იყო, რომ მოკლე კარე შევიჭერი და ძალიან მალე მომბეზრდა. მიყვარს, ყოველდღე სხვადასხვანაირი ვარცხნილობა რომ მაქვს და ამისთვის გრძელი თმაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ თმის ფერს რადიკალურად არ ვიცვლი და ხშირად არ ვიჭრი, თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვანაირი ვარ. მიყვარს იმიჯის ცვლა.

– ეს შენს ცვალებად ხასიათს ხომ არ უკავშირდება?

– რასაკვირველია. ზოდიაქოთი „კირჩხიბი“ ვარ და ვამართლებ – ხასიათის მიხედვით ვიცვლი იმიჯს და ეს ჩემთვის ერთგვარი კომფორტია.

– საკმაოდ ქალური, სექსუალური, აკადემიური ჩაცმულობა გაქვს. ეს შენი ყოველდღიური სტილია თუ სპორტულიც გიყვარს?

– სამსახურიდან გამომდინარე, სულ სცენაზე და ტელევიზიაში მიწევდა ყოფნა, ამიტომ მორგებული მქონდა კლასიკურ-ქალურ-სექსუალური სტილი. თუმცა, ბოლო პერიოდია, ძირითადად სპორტული ტანსაცმლით ვარ და ბოტასით, რომელიც ჩემს გარდერობში არ არსებობდა (იცინის). დღისით, ძირითადად, ასე ვარ. დაბალზე ძალიან მაღალი ფეხსაცმლიდან ჩამოვედი. სექსუალური იმიჯი არ მიმიტოვებია, რადგან ტელევიზია მოითხოვს. ასე რომ, 70 პროცენტი სექსუალური იმიჯით ვარ, 30 პროცენტი კი სპორტულიც შემომერია (იცინის). მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალს კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და წითელი პომადა უსვია, ანუ როცა სექსუალურად გამოიყურება. კაბა, ყველა კაცს მოსწონს, ეს ზუსტად ვიცი და კაბის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია (იცინის).

– და, მამაკაცის გარეშე?

– (იცინის) თუ საყვარელ მამაკაცს გულისხმობთ, ამ მხრივ სიახლე არ არის. არ დაგიმალავთ, იყო საწყისი რომანტიკული პერიოდი, მაგრამ სიყვარულში არ გადაიზარდა. ზოგადად, რასაც არ უნდა მივაღწიო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირადი დალაგებული მქონდეს. სიყვარული დამატებით მოტივაციას მაძლევს. მაგრამ, თუ ეს პირადი მთრგუნავს, დისკომფორტს მიქმნის და პრობლემები მოაქვს, არ მინდა. ასე რომ, თუ სიყვარულში დისკომფორტი მაქვს და პრობლემაზე ვფიქრობ, მირჩევნია, სულ არ იყოს. საყვარელი მამაკაცი უნდა მაბედნიერებდეს და არა პრობლემას მიქმნიდეს.

– როგორც ვიცი, ახალ სიმღერაზე მუშაობ და კლიპის გადაღებასაც გეგმავ. ამაზე რას მეტყვი?

– დაიწერა ახალი სიმღერა, რომლის ავტორიც მე გახლავართ. რომანტიკულ განწყობაზე ვიყავი და წავირომანტიკულე (იცინის). სიმღერა პოზიტიურ რომანტიზმზეა, არანჟირება უცხოელმა გამიკეთა, აქ კი ახალო მეგობარი მიკეთებს ჩაწერისა და ბალანსის ბოლო ვარიანტს. სიმღერა ქართულ ენაზეა და სამომავლოდ კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. სხვათა შორის, ეს სიმღერა მაშინ დავწერე, როცა ჩემს ცხოვრებაში ის რომანტიკული პერიოდი იდგა, რაზედაც ზემოთ გესაუბრეთ და მაშინ ვთქვი, თითქოს ინტუიციამ მიკარნახა მომავალი: სხვა თუ არაფერი გამოვიდა ამ ურთიერთობისგან, სიმღერა მაინც დამრჩება-მეთქი და კი ახდა (იცინის). სასწაული ინტუიცია მაქვს, ხანდახან მეშინია კიდეც. საერთოდ რომ არაფერი იყოს, წინასწარ ვგრძნობ რა მოხდება.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია ბაჩო ბულო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა