თაკო ვადაჭკორია: ძალიან დიდი გარდასახვა მოხდა ჩემში - პრინცესული გოგო ჟანა დარკად იქცა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 11.09

თაკო ვადაჭკორიასთვის საკუთარი დაბადების დღე გამორჩეულად საყვარელი თარიღია, რომელსაც შესაბამისი მოგონებები უკავშირდება. ასაკის მატება კი დიდი ცოდნისა და გამოცდილების წყაროა, რასაც მადლიერებით ხვდება.
თაკო ვადაჭკორია: დაბადების დღე 18 ივლისს მაქვს. ახლახან 37 წლის გავხდი და ეს დღე მშვიდად აღვნიშნე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, იმიტომ რომ, ძალიან დიდი სამეგობრო მყავს და არ მიყვარს ადამიანების გამოტოვება, თუ დაბადების დღეს ვიხდი. იმდენად გრანდიოზული და დიდი გამოდის, რომ ერთ ნათლობასა და ქორწილს უდრის (იცინის). წელს სხვა გეგმები მაქვს და შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ მშვიდად და წყნარად გამეტარებინა ოჯახის წევრებთან ერთად. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.
– რამდენად გიყვარს შენი დაბადების დღე?
– რატომაც არა, ჩემი დაბადების დღეც მიყვარს და საყვარელი ადამიანებისაც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მე მთლად ასეთი არ ვარ, მაგრამ სიხარულითა და მადლიერებით ნამდვილად ვხვდები. როცა კიდევ ერთი წელი მემატება, ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გავიზარდე, რა ვისწავლე ახალი და რა არის შესაცვლელი ან გამოსასწორებელი. წინა წლის ერთგვარ შეჯამებას ვაკეთებ. ვცდილობ, კარგს კარგი დავარქვა, ცუდს – ცუდი და მომავლის გეგმები დავსახო.
– კარგის დანახვა უფრო შეგიძლია თუ საკუთარ თავს, ძირითადად, საყვადურობ?
– მაქსიმალისტი და პერფექციონისტი ვარ, ყველგან და ყველაფერში, საკუთარ თავთან – ყველაზე მეტად. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, უფრო ვთხოვ საკუთარ თავს, ვიდრე ვაქებ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ფსიქოლოგსა და ქოუჩს ვუსმენდი და აღნიშნა, რომ როცა რაღაცას გააკეთებ, დასახულ მიზანს მიაღწევ, გააკეთებ რაღაც ისეთს, რაც გეძნელებოდა ან, თუნდაც, ყოველდღე, როცა ადგები და თავს აწევ, ვარჯიშობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამის ხასიათზე არ იყო, უნდა შეაქო საკუთარი თავი. ეს იმდენად კარგად მოქმედებს შენს სხეულზე, ტვინსა და სულზე, რომ არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა. ჰოდა, მეც ვსინჯე, მომეწონა და დავიწყე ასე მოქცევა. როცა რაღაცას გავაკეთებ და გამომივა, ხმამაღლა ვაქებ საკუთარ თავს. კარგად მუშაობს თურმე. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გავაქრობ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და როცა რაღაცას მოვკიდებ ხელს, ბოლომდე და იდეალურად უნდა გავაკეთო.
– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდება?
– საჩუქრების მიღება-გაჩუქების პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. სიმართლე გითხრა, ჩემთვის არ არსებობს საუკეთესო და ცუდი საჩუქარი. ნებისმიერი ფასისა და ღირებულების საჩუქარი ჩემთვის ერთნაირი ბედნიერებაა. ეს, უბრალოდ, ყურადღებაა, რასაც ადამიანები შენ მიმართ გამოხატავენ. შესაბამისად, ვერ გამოვყოფ. თუმცა, განსაკუთრებული დაბადების დღე ნამდვილად მახსენდება. დაახლოებით, ოთხი წლის წინ, 17 ივლისს ერთ-ერთ ახალგახსნილ რესტორანში მოვხვდი და მეპატრონემ რომ გაიგო, დაბადების დღე მითენდებოდა, ძალიან დიდი ამბები მომიწყო, თავის შამპანურებითა და ფოიერვერკებით. მეორე დღესაც ძალიან კარგმა ადამიანმა შეგვკრიბა ყველა ერთად და გრანდიოზული დაბადების დღე გადამიხადა. სასწაულად მახსენდება ჩემი ეს, ორდღიანი დაბადების დღე. ყვავილებით სავსე ოთახები და ასე შემდეგ. საოცარი დაბადების დღე იყო, რომელიც ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად დაიგეგმა. ამიტომაც განსაკუთრებულად მიყვარს და მახსოვს.
– ფაქტია, ასაკს არ მალავ.
– მე თავისუფლად და ამაყად ვამბობ, რომ 37 წლის ვარ და როგორც მეუბნებიან, არ მეტყობა (იცინის). მართალია ის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. არაფერში არ გავცვლიდი არც ჩემს ასაკს და არც იმ აზროვნებას, რომელიც ახლა მაქვს. რაც მთავარია, არც იმ პიროვნებას, რომელიც ახლა ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი ადრე შემძლებოდა, აქამდე ცოტა ადრე მოვსულიყავი, მაგრამ ვფიქრობ, იშვიათად ხდება ასე. იმას ვგულისხმობ, რომ გაიზარდო, ცხოვრებაში რაღაც ეტაპები უნდა გაიარო, სირთულეები გამოსცადო და ასე შემდეგ. ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. ზოგი ისე კვდება, რომ სამწუხაროდ, ვერ იზრდება. ასეც არის. შეიძლება, ასაკში იყოს, მაგრამ გააზრებული არ ჰქონდეს ცხოვრების არსი.
მე დიდი ხანია, ვამბობ, რომ 33 წლიდან დავიწყე ცხოვრება. ამ ასაკში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, მივხვდი, ვინ ვარ და გავიგე, რა მინდა. მივხვდი, რომ დრო ყველაზე ძვირფასია ჩემთვის და აღარ ვკარგავ იმაში და იმისთვის, ვინც და რაც ამას არ იმსახურებს.
37 წლის ასაკში მართლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც უნდა მეგრძნო 20-22 წლის ასაკში – ჯანსაღად, ჯანმრთელად, ენერგიულად, მოტივირებულად. ახლა სულ სხვანაირი ვარ. მე ეს ძალიან მომწონს და საერთოდ არ ვითვლი წლებს. ცხოვრებას სწავლა უნდა და ეს დროს მოაქვს, ცხოვრებას გამოცდებით სწავლობ და ამასაც დრო სჭირდება.
მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების ყველა იმ უარყოფითი და ცუდი ნაწილის, რომელიც გამოვიარე, რომ არა ისინი, თავს ვერ ვიპოვიდი. შეიძლება, ისე დავბერებულიყავი, ვერ გამეგო ვინ ვიყავი.
– ბავშვობის დაბადების დღე…
– ბავშვობის დაბადების დღე, ალბათ, დაახლოებით, ისეთი იყო, როგორიც ჰქონდა ჩემი ასაკის ხალხს – უფროსები რომ უფრო აღნიშნავენ. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა ისე, რომ ბავშვებისთვის ეთქვათ, თქვენ გადით და არ შემოხვიდეთო. პირველი შვილიშვილი ვიყავი და ყოველთვის ყველგან ცენტრში მაყენებდნენ. ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ ვიყავი. ამ მხრივ არ ვიჩაგრებოდი, მაგრამ ჩემი ბავშვობის დროს ეგრე ხდებოდა, უფროსები მოდიოდნენ ხოლმე და თუ ბავშვები მოჰყავდათ, მათთან ერთად ვთამაშობდი. მახსოვს სახლში გამომცხვარი მარწყვის ტორტი, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. საჩუქრები კი არ მაკლდა. ჩემი მშობლები რასაც მჩუქნიდნენ ის იყო, რაც მინდოდა. სხვა საჩუქრები ჩემამდე არ მოსულა და ალბათ, ოჯახისთვის იყო.
– წლების მატებასთან ერთად, გარეგნობაზე ზრუნვას თუ მოუმატე?
– ჯერ ერთი, პროფესია მაქვს ისეთი, რომ მინდა თუ არ მინდა, სულ ფორმაში უნდა ვიყო. როგორც აღვნიშნე, ძალიან პერფექციონისტი ვარ, მაქსიმალისტი და მომთხოვნი, შესაბამისად, მე ვუწესებ ჩემს თავს სტანდარტებს, როგორი უნდა ვიდგე სცენაზე. ეს ერთი, მეორე – არასდროს ვუვლი თავს, არ ვიკლებ წონაში და არ ვვარჯიშობ იმიტომ, რომ ვიღაცას მოვეწონო. ამას ვაკეთებ მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის, იმიტომ რომ მე მაწუხებს. 4 და 5 კილოც მაწუხებს და ზოგადად, მოუვლელობა. ასე, უბრალოდ, არ შემიძლია. შესაბამისად, თავი რომ უფრო თავდაჯერებულად, ბედნიერად და ხალისიანად ვიგრძნო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გენეტიკას – ჩემი გენეტიკის ქალები საკმაოდ გვიან ბერდებიან და ნაოჭებიც დიდხანს არ უჩნდებათ. ამ მხრივ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ინიექციური ჩარევა არ დამჭირვებია და იმედი მაქვს, ცოტა ხანი კიდევ არ დამჭირდება. ჩემი თავის მაქსიმალური მოვლა ხარისხიანი კრემებით დატენიანებაა, ოღონდ არ არის აუცილებელი არაამქვეყნიური ფასების იყოს, უბრალოდ, შემადგენლობა უნდა მოირგო. ეს კი ინდივიდუალურია. ჩემი სახის მოვლის პროცედურები დილისა და საღამოს რუტინისგან შედგება. სახლის პირობებში ცივი წყლითა და ყინულით ვცდილობ, მის გამკვრივებას. ასევე, არ მავიწყდება ვარჯიში. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც წლებთან ერთად აღმოვაჩინე, ეს არის სწორი კვების რაციონი. ამიტომაც, სამსახურში კონტეინერებით დამაქვს საჭმელი. ეს ცოტა სასაცილო ამბავია, იმიტომ რომ ძირითადად, კვების ობიექტებში, ანუ, რესტორნებში დავდივარ საკუთარი საკვებით (იცინის). იმდენად მაწუხებდა კუჭ-ნაწლავი და ისეთი ცუდი შეგრძნებები მქონდა, რომ რაღაც ზომა უნდა მიმეღო. იმასაც აღვნიშნავ, რომ ვარჯიშისა და სწორი კვების დაწყების წინ აუცილებლად უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. მე მხოლოდ ამის შემდეგ მომცა შედეგი ვარჯიშმა და სწორმა კვებამ.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩემთვის თმა და მისი მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თმის ფერი კარგად არ მაქვს, ეს ჩემთვის ტრაგედიაა. საბედნიეროდ, ჩემი სტილისტი არაჩვეულებრივი გოგოა და შესაბამისად, ამ მხრივ, მშვიდად ვარ (იცინის).
– როგორია დღევანდელი თაკო?
– დღევანდელი თაკო იმდენად განსხვავდება ბავშვობისა და სტუდენტობის თაკოსგან, ვიტყოდი, რომ ორი სხვადასხვა ადამიანია. ახლა მგონია, რომ მთებს გადავდგამ. რაც არ უნდა დავისახო მიზნად, ყველაფერს გავაკეთებ. იმდროინდელ თაკოსთან რომ შემახვედრა, ვეტყოდი: ვაუ, ყოჩაღ! ჩემში ძალიან დიდი გარდასახვა მოხდა. რომ წარმოიდგინოთ, პრინცესული გოგო ჟანა დარკად იქცა. ამ ასაკში კიდევ უფრო დიდ ცვლილებას ვგეგმავ, რაზეც ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამომივა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან