თაკო ცქვიტინიძე: დედოფალი ვიყავი და ახლა ქალღმერთი გავხდი, ნელ-ნელა მაღლა, ცისკენ მივიწევ
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 24.05, 2021 წელი

„მოზარდ მაყურებელთა თეატრის“ მსახიობი თაკო ცქვიტინიძე წლების წინ მაყურებელმა ტელეეკრანიდან გაიცნო – მას მუსიკალური გადაცემა მიჰყავდა. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. შემდეგ მიიღო შემოთავაზებები სხვადასხვა ტელევიზიიდან, თუმცა თაკომ ყველას უარი უთხრა და თავისი შემოქმედებითი ცხოვრება მთლიანად თეატრს მიუძღვნა. ახლა კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ გადაწყვიტა წამყვანის ამპლუის მორგება და სპექტაკლების პარალელურად, გადაცემაში – „ლაბორატორია“ – ცნობილ ადამიანებთან ერთად, საინტერესო სიუჟეტებს გვპირდება.
თაკო ცქვიტინიძე: ჩემს ცხოვრებაში გამოწვევები ძალიან ხშირია და ყოველთვის მზად ვხვდები. ეს საინტერესო და ბუნებრივია. გამოწვევბის გარეშე და სულ კარგ ტალღაზე ვერ იქნები. ეს ერთგვარი გამოცდილებაა და ამას კი არ უნდა დახვდე, არამედ პრაგმატულად უნდა შეხვდე. გამოწვევები ძალიან საჭიროა შემდგომი ნაბიჯებისთვის. ჩემი ტერმინოლოგიიდან ამოვიღე სიტყვა – „შეცდომა მომივიდა“, რაც ჩემს თავს ხდება, ყველაფერს, უფრო გამოცდილებასა და გამოწვევებს ვაბრალებ.
– შენს შემთხვევაში, გამოწვევის შედეგი უფრო ხშირად დადებითია თუ უარყოფოთი?
– ვერ ვიტყვი, გამოწვევების შედეგები უფრო ხშირად უარყოფითია ან დადებითია-მეთქი, უფრო თანაბრადაა. თუმცა, ორივეს მოაქვს ემოცია და ემოციების გარეშე ადამიანი წარმოუდგენელია. ასე რომ, ცხოვრებაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოცია აუცილებელია.
– ახლახან წამყვანი გახდი. ესეც ერთგვარი გამოწვევაა?
– დიახ, ასეა. ჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ დაიწყო ტელემაუწყებლობა და შუადღის შოუს – „ლაბორატორიის“, ერთ-ერთი თანაწამყვანი ვარ. მე მაქვს ჩემი დღე და ამ დღეს დიდი დოზით ვაშუქებ თეატრს, ანუ ჩემს სფეროს და მაქვს რეპორტაჟები ცნობილ მსახიობებზე, როგორები არიან ისინი სცენის მიღმა. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა, ეკრანზე პირველი გამოჩენა – არა. „პირველი სტერეოს“ შემდეგ 14-წლიანი პაუზა მქონდა. ამ პერიოდში ტელევიზიებიდან იყო შემოთავაზებები, მაგრამ თეატრს უფრო მეტი დრო დავუთმე. ახლა ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ საოცარ გუნდში მოვხვდი და ერთ საქმეს ვაკეთებთ. მიყვარს სიახლეები, თვითგანვითარება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ემოციების ადამიანი ვარ, შევდგი თუ არა სტუდიაში ფეხი, ვიგრძენი, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ. ზოგადად, სადაც ჩემი ადგილი არ არის, განწყობა არ მოაქვს და კომფორტსაც ვერ ვგრძნობ, იქ ვერ გავჩერდები. ასე რომ, მიხარია, ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი (იცინის). ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – რამდენი წლისაც უნდა იყოს ადამიანი, ახლის სწავლა, გაგება და შემეცნება არასოდესაა გვიან. მიხარია ახალი ადამიანების გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ახალი საქმე და საინტერესო გარემოში მუშაობა. ასე რომ, 14 წლის შემდეგ, არ გამჭირვებია ახალ ამპლუაში გამოჩენა. თან, მსახიობი ვარ, ვდგავარ სცენაზე, იმავდროულად ვარ ჟუნრალისტი, ვწერ და ვამზადებ გადაცემას, თან, სხეულის ენის სპეციალისტიც გახლავართ, რის გამოც ხშირად მიწვევნ სხვადასხვა გადაცემაში და ასე რომ, კამერის წინ ჯდომა ჩემთვის უცხო არ არის (იცინის). მართალია, სტუმრის აპლუიდან მასპინძლის როლში გადავედი, მაგრამ შიშისა და ნერვიულობის განცდა ნამდვილად არ მქონია. მე თეატრით ვცხოვრობ და ბოლო ერთი წელია, პანდემიის გამო, თეატრალური ცხოვრება რომ შენელდა, დაპაუზდა, ამას განვიცდიდი. ძალიან მძიმე წელი იყო. მომიწია იმ პირობებთან ადაპტაცია, რასაც მიჩვეული არ ვიყავი. უცბად არანორმალური გრაფიკიდან, როცა ჭამისა და ყავის დალევის დრო არ გაქვს, სპექტაკლიდან რეპეტიციაზე გარბიხარ, რეპეტიციიდან – ჩაწერაზე, ჩაწერიდან – ფოტოსესიაზე, იქიდან – გადაღებაზე და უცებ სახლში იკეტები, სიჩუმეში ხვდები, საშინელებაა.
თუმცა, არ ვარ წუწუნა ადამიანი და ეს დრო ჟურნალისტიკას დავუთმე. საბედნიეროდ, თეატრალური ცხოვრებაც გამოცოცხლდა და სულ რამდენიმე დღის წინ სვანეთში გვქონდა პრემიერა – სანდრო ნიკოლაძის მუსიკით აწყობილი, კახა ბაკურაძის სპექტაკლი „ბეთქილი“ – ასე ჰქვია ამ სპექტაკლს. ქალღმერთის როლს ვასრულებ და ვხუმრობ ხოლმე: დედოფალი ვიყავი და ახლა ქალღმერთი გავხდი, ნელ-ნელა მაღლა, ცისკენ მივიწევ, მიწას ავცდი-მეთქი (იცინის).
– ამბობ, თეატრს დავუთმე მთელი დრო – გადარბენები, რეპეტიციები, ჩაწერებიო. ახლა, ამ ყველაფერს წამყვანობაც დაემატა და პირადი ცხოვრებისთვის როდისღა იცლი?
– ყველა ამას მეკითხება (იცინის). არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი და სულ ვცდილობ, ამ თემას თავი ავარიდო. ერთს გეტყვით, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, უფლებაც არ მაქვს სხვაგვარად იყოს და ამაში ყველაფერი იგულისხმება. ხშირად, ბედნიერება სიამოვნებაში ერევათ. სიამოვნება წამიერია, ბედნიერება კი უფრო დიდი და ფართო მცნებაა. მე როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ვარ.
– თაკო, მართალია, პირად ცხოვრებაზე არ ყვები, თუმცა არსებობს ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების მთავარი მამაკაცია...
– ეს არის სანდრო – ჩემი შვილი, რომელიც 17 წლისაა. სხვათა შორის, ახლახან აიღო მართვის მოწმობა. მეც, ჩემი მხრიდან, საჩუქარი გავუკეთე, ჩემი მანქანა ვაჩუქე, მე კი ფეხით დავდივარ (იცინის). სანდრო ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლეა. ეს ადამიანი, ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, სტიმული და ბედნიერებაა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ცოტა „გაფრენილი“ და გაფანატებული დედა ვარ (იცინის). ჩემი მესაიდუმლეა და მასთან დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ შორის არანაირი ბარიერი არ არსებობს. ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ გენეტიკურად „მიბმული“ ვარ მასზე. დამოუკიდებული ადამიანი კი ვარ, მაგრამ ენერგეტიკულად ვარ სანდროზე მიჯაჭვულ-დამოკიდებული. თუმცა, უკვე ვნერვიულობ, რადგან წინ ცხელი ზაფხული გველოდება მეც და სანდროსაც – აბიტურიენტია, კომპიუტერულ მეცნიერებაზე აბარებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან