შოუბიზნესი

თაკო კორინთელი: ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემს მარცხს დავარქმევდი

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 31.10

თაკო კორინთელი
დაკოპირებულია

თაკო კორინთელის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის თაკო კორინთელი?

თაკო კორინთელი: ერთი ჩვეულებრივი, უბოროტო გოგო. ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ რადგან ეს კითხვა ამას მოითხოვს, ერთადერთი, რაც ზუსტად შემიძლია, ვთქვა ისაა, რომ ვცდილობ, კარგი ადამიანი ვიყო.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– დღეს სადაც ვარ და როგორც ვარ, ალბათ, ოდესღაც ამაზე ვოცნებობდი. დღეს განსაკუთრებით არაფერზე ვოცნებობ, ყველა ის ადამიანი მყავს გვერდით, ვინც მინდოდა, რომ მყოლოდა და მაქვს ყველაფერი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ პატარა წვრილმანებს არ ჩავთვლით. ბედნიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია.

– გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა, მაგრამ საჭირო იყო?

– კი, ვმუშაობდი ისეთ სამსახურში, რომელიც არ მიყვარდა, ოფისის საქმეებს ვაკეთებდი, რაც ჩემი სფერო არ არის, მაგრამ შემოსავლისთვის, პარალელურად, მეორე სამსახურიც მჭირდებოდა. საბუთების მოწესრიგება და გარკვეულწილად ბუღალტერიაც მევალებოდა. ამაზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ეტყობა, როცა გჭირდება, ადამიანი ყველაფერში ერკვევი. მას მერე ვამბობ ხოლმე, არ მოვინდომო, თორემ ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი – სადაც ბუღალტერიაში გავერკვიე, რამ უნდა შემაშინოს (იცინის).

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?

– კატასტროფულად ემოციური და გულჩვილი ვარ, სულ ამის გამო მსაყვედურობენ ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლე, დედა და საერთოდ ყველა. მეუღლე სულ იმაზე ჩხუბობს, ყველაფერზე რატომ ტირიო. ფილმებზე, მგონი, ყველა ქალბატონს გვეტირება, მაგრამ მე მართლა ყველაფერზე ცრემლები მომდის. ამ ბოლო დროს ცოტა ვისწავლე ემოციების კონტროლი. რაღაცებს, რაზეც ადრე მაშინვე ცრემლები მადგებოდა, ახლა შემიძლია, ცივი გონებითაც შევხედო. ეს, ალბათ, ცხოვრებისეული გამოცდილებების დამსახურებაა.

– როდის იტირე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენის გამო სიხარულის ან ბედნიერების ცრემლებით, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა?

– ეს იმდენად ჩემი ყოველდღიურობაა, გამიჭირდება რამის გამოყოფა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქუჩაში რომ გახვალ და ხედავ ამდენ მიუსაფარ ცხოველს, უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვს, როგორ უნდა გაუძლო?! ამას გარდა, ბოლო პერიოდში, ძალიან მომრავლდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალიან მხვდება გულზე. ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი მოხუცებულები და მიუსაფარი ცხოველები არიან, ამიტომ ქუჩაში რომ გავდივარ, თვალს და გულს ვერ ვხუჭავ. სახლში თუ შემიძლია სირაქლემას პოზა მივიღო, გარეთ ამას ვერ მოვახერხებ. ვერ გაექცევი რეალობას, ცხვირწინ ხდება ყველაფერი და როგორ გინდა, გულთან არ მიიტანო?! არის რაღაც საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც შეიძლება, სირაქლემას პოზიცია მივიღო, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მოვუფრთხილდე და ემოციებისგან არ გავგიჟდე, რადგან სამწუხაროდ, შველა არ შემიძლია. თუმცა, ახლა რაც ვთქვი ის საკითხია, რომელსაც გვერდს ვერაფრით ავუვლი და ძალიან მაწუხებს.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი გარშემო მყოფებია, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, მეგობრები და გულშემატკივრები. მადლობა ღმერთს მათთვის. ჩემი დიდი ოჯახის, ანუ, ერთი დიდი მთლიანობის წყალობით, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

რაც შეეხება მარცხს, ესეც ადამიანებს უკავშირდება. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემს მარცხს დავარქმევდი, რადგან მათში შევცდი. რამდენიმე მეგობარს ვგულისხმობ. მე მარცხსაც ჭკუის სასწავლებლად ვიყენებ. რა თქმა უნდა, გული გეტკინება, როცა ადამიანში შეცდები და ის სულ სხვანაირი აღმოჩნდება. მაგრამ გამოცდილება გვასწავლის, რაც სამომავლოდ გვეხმარება.

– რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– არაფერს. ის ყველაფერი რომ არ გამევლო, ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ამიტომ არაფერს შევცვლიდი, ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი. შეცდომებსაც დავუშვებდი, რომლის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი დამიზიანებია, რადგან ამან გამომძერწა.

– რა გსმენია საკუთარ თავზე კარგი და არასასიამოვნოც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა?

– კარგიც ძალიან ბევრი ყოფილა, გულზე რომ მალამოდ მოგედება და საკუთარი თავით რომ იამაყებ. პირიქით – ძალიან ცოტა, მაგრამ ესეც მსმენია. გარკვეული ვიწრო წრიდან მსმენია რაღაც უსიამოვნებები, კონკრეტული მიზეზის გამო, მაგრამ ერთ ყურში შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და ასეთი ხასიათი მაქვს, უნდა გავანიავო ხოლმე სარკმელები (იცინის).

– პროფესიის მიღმა რისი კეთება გიყვარს და რისი არა?

– ადრე სულ ვიძახდი: „იქ წავიდეთ, აქ წავიდეთ“. ახლაც მიყვარს აქეთ-იქით სიარული, მაგრამ მხოლოდ ჩემს ვიწრო წრეში. მირჩევნია, რამდენიმე მეგობართან და მეუღლესთან ერთად ვიყო ოჯახში და რაღაცები ვაკეთო, ვიდრე სადმე წავიდე. ჩემი ოჯახი, სახლი, სიმყუდროვე უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა – კიდევ უფრო მეტად. ყველაზე ძალიან სახლში ყოფნა მიყვარს. ან მეგობრები მოდიან, ან მე მივდივარ მათთან. მიყვარს მეუღლესთან ერთად სიარული, ძირითადად, მხოლოდ ჩვენ ორნი დავდივართ ხოლმე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი განტვირთვაა. შეიძლება, მარტოებმა მთა-მთა ვიაროთ (იცინის).

ასევე, მიყვარს სახლში ფუსფუსი, დალაგება. ის, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, საჭმელების კეთებაა. რატომღაც ბოლო პერიოდში ასეა. ადრე ასე არ ვიყავი. სადილის მერე აუცილებლად ვახშამი უნდა მომემზადებინა, მერე – დესერტი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მეზარება. მიწევს კეთება, მაგრამ მეზარება (იცინის).

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– პირველი ყველაზე დიდი შიში ბაბუის გარდაცვალებისას განვიცადე, დაახლოებით, 8 წლის წინ. მას შემდეგ ყველაზე მეტად ჩემი გარშემო მყოფების ცუდად ყოფნის მეშინია. მინდა, ჩემზე კარგად იყვნენ. ბაბუას გარდაცვალებამ დიდი დაღი დამასვა. თითქოს, საყრდენი გამომეცალა. ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო. მერე ბებია გარდაიცვალა. მერე – კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვის გამოც დიდი ნერვიულობა და ტკივილი გადავიტანე, მაგრამ ბაბუა იყო პირველი, ვინც უკვდავი მეგონა და უცებ რომ მივხვდი, აღარ მეყოლებოდა, ძალიან განვიცადე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა