თაკო დოლაბერიძე: მარტოს არ მიყვარს კარგად ყოფნა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.10

თაკო დოლაბერიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თაკო დოლაბერიძე?
თაკო დოლაბერიძე: საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ რადგან ინტერვიუს ფორმატი ამას მოითხოვს, გეტყვით, რასაც ვფიქრობ, როცა სარკეში ვიყურები, ბუნებრივია, დადებითი თვისებებიც გამაჩნია და უარყოფითიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი პერსონით. მიმაჩნია, რომ მეტი დადებითი და ნაკლები უარყოფითი მაქვს. რაც ყველაზე მთავარი მგონია, ვარ ძალიან ლაღი, ადამიანური, შემიძლია, ყველას მდგომარეობაში შევიდე, მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– როგორც ყველა, ალბათ, მეც ასე ვცხოვრობ: კარგი ამბები, გადალახვადი პრობლემები, ფეხის დადებები, ხელის შეშლები... საოცნებოა ცხოვრება, სადაც ჩემს ქვეყანაში ყველა ადამიანი ბედნიერია და გაბრაზებულები არ დადიან. ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია და ყველას ვუსურვებ, თავს კარგად გრძნობდეს.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?
– ბავშვობიდანვე ძალიან ემოციური ვიყავი. წლების მატებასთან ერთად, ჩემი ემოციების მართვაც ვისწავლე. წარსულიდან ბევრ რამეს ვნანობ. ემოციების ფონზე ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ, როდის გიტირიათ სიხარულის და ტკივილიანი ცრემლით?
– ბოლოს შარშან ვიტირე, როცა მოულოდნელად ძალიან ახლო მეგობარი გარდამეცვალა – დეა მაჭავარიანი. მთელი გულითა და სულით ვიტირე. ზოგადად, მტკივნეულ მომენტებში მიჭირს ტირილი, მაგრამ მისი დასაფლავებიდან კარგა ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე, ძილის წინ ჩუმად ვტიროდი ხოლმე, რომ ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. ბევრი მეგობარი გამიცილებია ამქვეყნიდან, მაგრამ ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იყო.
რაც შეეხება სიხარულის ცრემლებს, ვხუმრობ კიდეც ამაზე, რადგან დავბერდი, მაგრამ რამე სასიხარულოს თუ გავიგებ, დღემდე მეტირება. მაგალითად, ჩემი მეგობრების შვილების ქორწილებში სულ სიხარულის ცრემლებით ვტირი.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?
– მოგებულ ფულს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაში დავხარჯავდი. ვერ მოვიტყუები, მთელ თანხას სხვებს ვაჩუქებდი-მეთქი, თუმცა არც ამას დავაკლებდი. საკმაოდ ხელგაშლილი ადამიანი ვარ და კარგად ყოფნა მარტოს არასდროს მყვარებია.
– რას უთვლით საკუთარ თავს მცდარ ნაბიჯად?
– ძალიან ბევრ არასწორ ადამიანთან მქონია კომუნიკაცია. ალბათ, ამას მხოლოდ ჩემს თავსაც ვერ დავაბრალებ. ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და თან, მე საოცრად კომუნიკაბელური ვარ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ძალიან ვენდობოდი ადამიანებს. ამის მიუხედავად, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცხოვრების განმავლობაში ბევრი ადამიანი დამიკარგავს. ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს, ბევრი რამის პატიება შემიძლია. თუმცა, განვლილ ცხოვრებას რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან. კიდევ ერთი კარგი თვისება მაქვს – თუ ძალიან ცუდად მომექცევიან, თუ მეწყინება და უკვე პიკზე ვარ, იქ ისე ვამთავრებ ურთიერთობას, რომ არაფრის გარჩევას არ ვიწყებ. უბრალოდ, აღარ ვიცნობ ამ ადამიანს. ასე ვცდილობ, ჩემი ძალიან ცუდი თვისება დავაბალანსო, კონკრეტულად ის, რომ ძალიან ვენდობი ადამიანებს, რადგან მე თვითონ ცუდს არავის ვუკეთებ, მგონია, რომ ყველა ასეთია, არადა, ასე არ არის. გავიზარდე და ვფიქრობდი, რომ შევიცვალე, რომ გამოცდილებებმა ჭკუა მასწვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტად ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ ახლა ჩემს წრეში. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, ვფიქრობ, სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ იმდენი ნამდვილად ვისწავლე, რომ ეს ადამიანები თავის ადგილზე „მომესვა“. თუმცა, მაინც ვნანობ, რომ თავის დროზე ჩემი დრო მათზე დავხარჯე.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდენიათ...
– პაემანი არ ვიცი, მაგრამ ერთხელ, ჩემმა ძველმა მეგობარმა დამირეკა. შემომთავაზა, მოდი, ვისადილოთო. წავედით, ბევრი ვისაუბრეთ, მერე მასთან სტუმრები მოვიდნენ, მათთან ერთადაც სადღაც წავედით, ვისადილეთ, გავისეირნეთ, თეატრში ვიყავით. მერე ქუთაისში წავიყვანეთ ეს ხალხი, კახეთში, უფლისციხეში – მოკლედ, მოვიარეთ საქართველო. დაახლოებით, სამი თვე გავიდა და მერე მივხვდი, რომ ეს ადამიანი საერთოდ სხვა იყო და ის, ვინც მე ის მეგონა, გარდაცვლილი იყო.
– სახელი და გვარი ხომ სხვადასხვა ჰქონდათ?
– საქმეც ესაა, მე არავის სახელი და გვარი არ მახსოვს (იცინის). მაგ მხრივ, ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე. ამ ამბიდან კარგა ხანი იყო გასული და იმ ჩემი ძველი მეგობრის ცოლმა დამირეკა, ვინც ეს ადამიანი მეგონა და ვეკითხები ქმარზე, რას შვება-მეთქი?! მპასუხობს – შენ ნორმალური ხარ? პანაშვიდზე ხომ იყავიო?!
რა ვქნა, ასეთი რამეები მჭირს. გავიგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, პანაშვიდზეც მივდივარ, მაგრამ დრო რომ გადის, მავიწყდება, რომ აღარ არის. თან ასეთი ისტორია მხოლოდ ერთხელ კი არ გადამხდა... (იცინის)
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი საერთოდ არ ვარ. შეიძლება, გავბრაზდე, მაგრამ ნახევარ საათზე მეტხანს არ მიმყვება ბრაზი. ერთი მეგობარი მყავს ბათუმში, მის დაბადების დღეზე ვერ ჩავედი, რის გამოც მესამე წელია, არ მელაპარაკება. მეც არ ვჩერდები, ვურეკავ, ვწერ, მაგრამ არა და არ მპასუხობს. ალბათ, ოდესმე დამელაპარაკება. მე ეს არ შემიძლია. რომ ვიცოდე, ადამიანი არ მელაპარაკება, მივალ, გადავკოცნი. გულში ჩადება არ მახასიათებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს თავს არ ვატკინო.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– მინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც მერჩის და მებრძვის, ცოტა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ როცა მშვიდად ცხოვრობ და არავის ერჩი, უფრო კარგად გრძნობ თავს. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა მათდამი. არ შეიძლება, ადამიანებს უმიზეზოდ ვერჩოდეთ. თუნდაც მიზეზი გქონდეს, ხომ უნდა დაამთავრო ოდესმე. მუდმივად ასე ცხოვრება როგორ შეიძლება?! მე ასეთ ადამიანებს სულ ღიმილით ვხვდები. იქნებ, ამის დანახვისას მაინც ისწავლონ სიკეთე და სიყვარული. ჩემი გამარჯვებაც მათდამი ასეთი დამოკიდებულება მგონია.
რაც შეეხება მარცხს, თუ თავი ვერ შევიკავე, შეიძლება, ადამიანს ყველაფერი „დავახურო თავზე“. ხანდახან ასეთი რამეც მომდის, ძალიან თუ გამამწარა ადამიანმა. ყოველთვის არ გამომდის ემოციების მართვა, თუმცა, ძირითად შემთხვევებში მაინც ვიმარჯვებ ხოლმე ჩემს ემოციებზე – ეს ვისწავლე. ოცი წლის წინ რომ იგივე შემძლებოდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ადამიანები ყველაფერს საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და მე არც ბოდიშის მოხდისა და შეცდომის აღიარების მრცხვენია.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგი თუ არასასიამოვნო, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ბევრი კარგი მსმენია ჩემზე. ცუდი რომ ელაპარაკათ, ასეთი რამ არ გამიგია, სიმართლე გითხრათ. ერთადერთხელ იყო, მეგობარი მეგონა და ცნობილი ენის მიმტან-მომტანი აღმოჩნდა. ჩემთანაც მოიტანა, სხვასთანაც მიიტანა, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ზედმეტობებისა და ჩხუბის გარეშე დავამთავრე ეს ურთიერთობა. მერე ბევრი ვიფიქრე, რატომ მოიქცა ასე და მივხვდი, რომ მასთან ზედმეტად ვმეგობრობდი, ზედმეტად დავუდექი გვერდით, ზედმეტად გადავყევი, ზედმეტად შემოვიყვანე ჩემს ცხოვრებაში და მაშინვე აღვკვეთე ეს ყველაფერი. ხანდახან ადამიანებს სწყენთ ძალიან კარგად მოქცევა. ეს ჩემთვის სიბოროტეა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ დღეს უკვე აღარ მიყვარს ადამიანებთან ზედმეტი ურთიერთობები.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– 15 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება მის გარეშე. ეს იყო ჩემთვის პირველი ყველაზე დიდი დარტყმა და შიში, რომლის გადალახვის შემდეგ, მგონი, შიში საერთოდ აღარ მქონია. მაშინ ვიპოვე საკუთარ თავში დიდი ძალა.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ იმით, რომ არასდროს არავისთვის ცუდი არ მდომებია. რომც ვიცოდე, მერჩიან, მე ცუდს იმითაც არ ვუსურვებ – არასდროს გამჩენია ადამიანისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი.
ვამაყობ იმით, რომ ჩემი მეგობრები პირველს მე მირეკავენ ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან იციან, რომ შემიძლია, ყველაფერი „თავით გავიტანო“, ოღონდ ჩემს მეგობრებს არ გაუჭირდეთ. გაჭირვების ტალკვესი ვარ და ნამდვილად ვამაყობ იმის გამო, რომ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეიმედები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან