თაკო ჭანუყვაძე: არასდროს არაფრით არ ვარ კმაყოფილი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 21.02, 2023 წელი
![თაკო ჭანუყვაძე თაკო ჭანუყვაძე](/files/2023/02/15/6891/tako-chanukvadze_w_h.jpeg)
„გვიანი დილა“ – „პოსტივის“ ახალი გადაცემაა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი თაკო ჭანუყვაძე გახლავთ. თაკოსთვის ეს პირველი გამოცდილებაა ამ ამპლუაში და ახლა საკუთარ განცდებს გაგვიზიარებს.
თაკო ჭანუყვაძე: ძალიან მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება. რეპეტიციაზე ვიყავი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა. როგორც წესი, ამ დროს ტელეფონი თან არ მაქვს, მაგრამ იმ მომენტში ჩემს სცენას არ გავდიოდით და ვუპასუხე. თამარა მაჭავარიანი, ახლა უკვე ჩვენი პროდიუსერი, მირეკავდა. მითხრა, რომ შემოთავაზება ჰქონდა და დიდი სიხარულით დავთანხმდი. წამყვანის ამპლუა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე ყოველთვის სიხარულით ვიღებ სიახლეებს.
– სიხარულს, ალბათ, ნერვიულობაც მოჰყვა.
– კი, როდესაც ამდენი ადამიანის წინაშე ახალი ამპლუით უნდა წარსდგე და საკუთარი თავი წარმოაჩინო, ძალიან ნერვიულობ. თან, მე ვარ ადამიანი, რომელიც მიუხედავად გამოცდილებისა, ყოველი სპექტაკლის წინ ძალიან ნერვიულობს და მით უმეტეს, პრემიერის დღეს. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი ეთერი ძალიან დიდ ღელვასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როდესაც სურვილი გაქვს და შანსი გეძლევა, მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგე, ეს მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მეც ვეცადე, მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი თავი.
– წამყვანის ამპლუა პირველად მოირგეთ, თან, პირდაპირ ეთერში, როგორი ემოციები ასოცირდება ამ დღესთან?
– საკმაოდ მძაფრი ემოციები მქონდა (იცინის). მერე, როცა მაყურებლის შეფასებები ვნახე, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ძალიან გამიხარდა. რეიტინგიც მაღალი იყო და მეორე დღეს უკვე დიდი სიხარულით ველოდით ჩვენს დროს. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიზიარებდა სითბოსა და სიყვარულს.
– საკუთარ თავთან თუ გქონდათ შენიშვნები?
– ზოგადად, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. არასდროს არაფრით არ ვარ კმაყოფილი (იცინის). შენიშვნები ყოველთვის მაქვს, ზუსტად ვიცი, რას აღარ გავაკეთებ, რას დამავატებ თუ მოვაკლებ. ახლაც ასეა. თუმცა, მარტო ჩემსას არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების კრიტიკასაც აუცილებლად ვითვალისწინებ. ზოგადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კრიტიკას მიჩვეულიც ვარ. ოღონდ კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს, რომ მისაღები გახდეს და რატომაც არა?! პირიქით, ჩემი მიზანია, ამ კრიტიკის დამსახურებით უკეთესი გავხდე და სიამოვნებითაც კი ვიღებ.
– მტკივნეული არ არის?
– საბედნიეროდ, როცა სულ პირველად გამოვჩნდი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, რეჟისორმა გამაფრთხილა, რომ არასდროს წამეკითხა კომენტარები. თუმცა, რა თქმა უნდა, წავიკითხე (იცინის). ძალიან გამიმართლა იმ კუთხით, რომ საკუთარ თავზე არცერთი ცუდი კომენტარი არ შემხვედრია. თუმცა, მე ამისთვის მზად ვიყავი. ჩემთვის მისაღებია ის აზრი, რომ ყველას ნამდვილად ვერ მოვეწონები.
– ახლა, როცა კიდევ ერთი ახალი პროფესია დაიმატეთ, დროის ნაკლებობას არ განიცდით?
– ყოველთვის ვამბობ, თუ იმის სურვილი გაქვს, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდე, წარმატებისთვის იშრომო და სასურველ შედეგს მიაღწიო, ამას შეძლებ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დროის სიმცირეს განვიცდი, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ: მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ, სადაც დღის განმავლობაში 2-3 სპექტაკლი გვაქვს, პარალელურად, რეპეტიციები, ასევე, ვარ მოძრაობის თეატრში და კიდევ მაქვს გადაღებები და უამრავი დამატებითი საქმე. ამის მიუხედავად, თუ მე მაინტერესებს საქმე, რომელსაც მთავაზობენ, ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, კიდევ ერთხელ გამოვცადო საკუთარი თავი. სურვილი, მონდომება, შრომა და თითქოს, ყველაფერი ლაგდება. ამის გაკეთება წარმოუდგენელია, თუ ოჯახის მხრიდან ხელშეწყობა არ გაქვს. ამდენს კი არა, ალბათ, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების თანადგომა და დახმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წარმატებული და შემდგარი იყო. როდესაც შენი მეორე ნახევარი და ოჯახის სხვა წევრები ძალიან გგულშემატკივრობენ, შინაგანად ძალიან ძლიერი ხარ. იცი, რომ ამ ადამიანებს შენი იმედი აქვთ, შენი წარმატების სჯერათ და ეს დიდი მოტივაციაა.
– როგორი აღმოჩნდა ტელეწამყვანობა და თუ იყო ეს ის პროფესია, რომელზედაც გიოცნებიათ?
– ძალიან მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი და საბედნიეროდ, ვარ. მაქვს იმის ფუფუნება, ვიყო ორ არაჩვეულებრივ თეატრში. რაც შეეხება ტელეწამყვანობას, კი, ნამდვილად მხიბლავდა, მაგრამ დიდად ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი გარკვეული გადაცემების წამყვანად. ფორმატი, რომელიც „გვიან დილას“ აქვს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ამიტომაც იყო, რომ ამ ამბავს დიდი სიხარულით შევხვდი.
– ვინც ეკრანიდან გიცნობთ, ალბათ, ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ვიზუალური მხარე, განსაკუთრებით ჩაცმის სტილი. გადაცემაშიც ჩვეულ ფერად-ფერად და ხალისიან გარდერობს ვიხილავთ?
– კი, ნამდვილად ასე იქნება (იცინის). ამ მხრივ, ყოველთვის მენდობიან, გადაცემა იქნება, სერიალი თუ რეკლამა, ყველგან სრულ თავისუფლებას მაძლევენ. ამ გადაცემაშიც ისეთი ფერადი ვიქნები, როგორიც რეალურ ცხოვრებაში ვარ, ეს ძალიან მიხარია, რადგან მაყურებელი ასეთად მიცნობს.
– ისეთი სამოსია, ორჯერ ჩაცმა არ გამოვა, რთულია ადამიანს დაავიწყდეს. სულ სიახლე კი ბევრ ზრუნვას მოითხოვს და ალბათ, ესეც საფიქრალი იყო.
– ზოგადად, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს საყიდლებზე სიარული. ჩემი განტვირთვა და ჰობი ნაჭრებთან ურთიერთობა და მათგან სხვადასხვა სამოსის შეკერვაა, რომლის მორგებაც, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მიყვარს. ალბათ, 18 წელია, რაც სამოსს თვითონ ვიკერავ და ამიტომ ჩემთვის არც თუ ისე რთულია. ძალიან ესთეტი ადამიანი ვარ და ჩაცმასთან დაკავშირებით ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევ. იმედი მაქვს, ჩვენი მაყურებელი კმაყოფილი იქნება. ჩემს დამატებით საქმეებში ესეც შედის. სერიალში გამოჩენის შემდეგ, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ჩემს სამოსზე, რომ ვკერავ, მაღაზიაშიც მაქვს და ონლაინშეკვეთებსაც ვიღებ. კი, ამასაც დიდი დრო სჭირდება. ჯერ ნაჭრები უნდა აარჩიო, მერე მკერავთან რამდენჯერმე გაიარო დეტალები, რომ სასურველი შედეგი მიიღო. თუმცა, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– ერთია კომერციული დანიშნულება, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები არ გთხოვენ სამოსის შეკერვას?
– ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია, სამოსს თვითონ იკერავს. მას თავისი შეკვეთები აქვს (იცინის). თავისუფლებას ვაძლევ, შეუძლია, თვითონ აარჩიოს ნაჭერი. გადაცემაშიც მყავდა სტუმრად და იქაც თავისი სურვილით შეკერილი სამოსი ეცვა. განსაკუთრებით უყვარს სადღესასწაულო ტანსაცმლის შეკერვა. ეს დამოკიდებულება ჩემგან გამოჰყვა. სხვათა შორის, მკერავთან რომ მიმყავს, ისე კარგად იცის ყველა დეტალი, რომ მკერავი გაოცებული უსმენს ხოლმე (იცინის). ამას ვერ ასწავლი, ეს ან გაქვს, ან – არა. დედაჩემსაც ძალიან უყვარს კერვა. ერთ დროს თვითონაც ძალიან მაგრად კერავდა და ყოველთვის განსაკუთრებულად იცვამდა, მაგრამ მე უკვე დამოკიდებული ვარ ამაზე. არ შემიძლია, რომ არ შევიკერო. ეს ფერები და თითოეული კოსტიუმი ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანთან ასოცირდება, უბრალოდ არაფერს ვიკერავ.
– მეუღლე განებივრებული უნდა იყოს – ულამაზესი გოგონები ჰყავს, თან, ასეთი ფერადები. მით უმეტეს, მამაკაცებს ძალიან არ უყვართ „მოლებში“ სიარული და ეს პრობლემაც არ აქვს.
– ჩემი ქმარი ძალიან კომფორტული და საყვარელია. ის არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ჩვენს ბედნიერებაზე ფიქრობს და ჩვენთვის არასდროს არაფერი ეზარება. დარწმუნებული ვარ, არც „მოლებში“ სიარული დაეზარებოდა, თუ ამით გაღიმებული და გაბრწყინებული ვიქნებოდით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან